ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

სახლის ჩაცმა

ერთ დღეს, როდესაც შენს ქალაქში ასწლოვან ხეებს მოჭრიან, ერთადერთ პარკში კი უზარმაზარ ორმოს ამოთხრიან და ბეტონის დიდ შენობას ჩადგამენ, ერთ დღეს, როცა შენი ქალაქის ყველაზე მშობლიურ ხედს რუხი კორპუსები გადაფარავს, როცა გაღებულ ფანჯარაში ჰაერის ნაცვლად ავტომობილების გამონაბოლქვი შემოვა და მძიმედ ჩამოდგება, როცა სანდლებით ქუჩაში სასეირნოდ გასული მუხლამდე მტვერში ამოგანგლული დაბრუნდები შინ, როცა ტროტუარზე აღარ იქნება შენი ადგილი, როცა ქალაქი დახრჩობას დაიწყებს, შენ კი მის გადასარჩენად ღამეებს გაათენებ, კარავს დადგამ და უდარაჯებ, მუშტებს უბრახუნებ, კედლებს შეღებავ, წერილებს დაწერ, ხმამაღლა იყვირებ და მაინც არაფერი იცვლება, შეიძლება თვალები დახუჭო და თქვა, რომ საკმარისია. რომ ცვლილება უნდა შენგან დაიწყო. ასეთ დროს, შეიძლება ძალიან მოგინდეს, შენს სახლს სპილო, მთვარე ან ხე მიახატო. მზის ფორმის ფანჯარა გქონდეს და გეომეტრიული ფიგურების პატარა სარკმლები. მოგინდეს, შენი სახლი ისე მოირგო, როგორც საყვარელი ჯინსი ან ქურთუკი და ეს სახლი იდგეს მიწაზე, სადაც სუნთქვა შეგეძლება.

შეიძლება ის დღეც ერთი ასეთი დღე იყო, როდესაც მირო (შენგელაია) და ელენე (აზმაიფარაშვილი) მიწის პატრონები გახდნენ. მიწის ამ ნაკვეთზე ახლა მათი ფერადი წარწერებით და სტიკერებით დაფარული მანქანა-სახლი დგას, ბორბლებზე. ეს მიწის, ნამჯისა და თიხის სახლი, რომელიც იქ უნდა აშენდეს, დაიტევს მიროს, ელენეს, მათ ორ შვილს, ორ ძაღლს, სამ ზღვის გოჭს და ერთ კატას. ეს ყველას დამტევი სახლი უნდა იყოს, რომლის კედლებსაც მათი პატრონები ამოიყვანენ, საკუთარი ხელებით. ამ მშენებლობაზე არ გამოჩნდება მომართული ამწე, რომელზეც ბეტონის დიდი ფილა კონწიალობს. სახლი, რომლის აშენების სურვილი პარტიზანი მებაღეების ამ წყვილს გაუჩნდა, მიწისგან შეიქმნება და ბოლოს ისევ მიწაში წავა. ადამიანივით ცოცხალი იქნება და ბოლოს ადამიანივით შეერევა ნიადაგს.

ასე სურს ელენეს, რომელსაც მუხლებზე იანტო ევანსის წიგნი უდევს. ასე უნდა მიროს, რომელმაც პირველმა გაბერა საპნის უზარმაზარი ბუშტები ერთ-ერთ მშვიდობიან აქციაზე, სადაც ქალაქს იცავდნენ, პირველმა მოხატა ქალაქის მახინჯი კედელი წლების წინ. მირო და ელენე ახლაც, ამ ამბის თხრობისას, ოღონდ უკვე არა პირველად, არამედ ვინ იცის მერამდენედ, მეგობრებთან ერთად თბილისის მერიის წინ გამართულ აქციაზე დგანან. მე ვარ თბილისი. მე ვარ თბილისი, მე ვარ თბილისი. და ელენეს მუხლებზე იანტო ევანსის სქელი წიგნი უდევს, რომელშიც ავტორი ისეთი სახლის აშენებას გვასწავლის, რომელსაც არ ექნება გრანდიოზული გალავანი და უზარმაზარი კედლები.

მირო: სივრცე დაგვჭირდა. ჩვენ, ბავშვები, შინაური ცხოველები. ინტერნეტში ძებნა დავიწყეთ, თვალიერება – თავიდან უბრალოდ დიზაინს ვუყურებდით და ერთ დღესაც ამ ნაგებობის ფორმა მოგვეწონა. მაშინ არც ვიცოდით, რომ ეს მიწის და თიხის სახლი, ე.წ. ქობი, ეკომშენებლობის ნაწილი იყო.

ელენე: თან, ანტონიო გაუდი მიყვარს. მიყვარს მისი ინტერიერები – გაუდი ხომ ბუნებრივი ფორმებით ხელმძღვანელობდა, არასდროს გამხდარა სწორხაზოვანი, მასთან სულ მრუდი ფორმებია, სიმრგვალისკენ მიმავალი. ზუსტად ბუნებრივი ფორმებიდან აღებულ და ეკოარქიტექტურას ახასიათებს ეს ნიშანი, ეს ფორმა. განსაკუთრებით კი თიხნარით აგებულ შენობებს. ძებნაც აქედან დავიწყეთ.

მირო: ხო, მერე ვნახეთ, რომ ინგლისურად ასეთ სახლს ჰქვია Cob, ქართული შესატყვისი შესაძლოა იყოს... ალიზის სახლი?

ელენე: არა, მთლად ალიზის არა, უფრო თიხის?

მირო: მთლად ბოლომდე ეგეც ვერ გამოხატავს არსს. საზღვარგარეთ ამ ტიპის სახლების მშენებლობა ბოლო დროს ძალიან პოპულარული გახდა. ქობი, რისი აშენებაც ჩვენ გვინდა, სამი კომპონენტისგან შედგება – ეს არის თიხნარი, ქვიშა და ნამჯა. პლუს წყალი. აქამდე არანაირი შეხება არ გვქონია არც არქიტექტურასთან, არც ინჟინერიასთან.

უფრო იმიტომ გავბედეთ, რომ ეს სახლი კი არ შენდება, იძერწება. და პრინციპში, ყველა ადამიანს, განურჩევლად ასაკისა, შეუძლია, ამ სახლის მშენებლობაში მონაწილეობა მიიღოს. არ გამოიყენება მძიმე ტექნიკა, არის აბსოლუტურად უვნებელი. და ამის გაკეთება მინიმალური მატერიალური დანახარჯით შეიძლება. თან, ეკოლოგიური და სუფთა მასალით. ენერგოეფექტურობით.

ელენე: აქ, ამ წიგნში ყველაფერი წერია.

მირო: წიგნის კითხვა რომ დავიწყეთ, მალევე მივხვდით, რომ ნახევარი წიგნი ფილოსოფია იყო და არა რაღაც ტექნიკური დეტალები. ასეთი სახლის აშენება დღეს დამოკიდებულების გამოხატვა უფროა, სიტყვის თქმა.

როცა რაღაც ძალიან გიყვარდება და რაღაცის კეთება კარგად გამოგდის, ბუნებრივად უზიარებ სხვებს, არ გეტევა – ისე, როგორც ეს წლების წინ იანტო ევანსმა, ცნობილმა ლანდშაფტის არქიტექტორმა, ეკოლოგმა, მწერალმა და პედაგოგმა გააკეთა – წიგნი დაწერა, სახლის აშენებაზე. თუმცა მანამდე თავისი ხელით აშენებული ქობის (ინგლისურად – Cob – ანუ მიწის, ნამჯის, თიხის, ქვიშის და წყლისგან აშენებული სახლის) კარი შეაღო. 1989 წელი იყო. ჩრდილოეთი ამერიკა. იანტო მარტო არ იყო – გვერდით ლინდა ჰყავდა. მათ ააშენეს სახლი თითქმის უფასო ბუნებრივი მასალით და დამატებით მეორადი მასალა მოიშველიეს. პროცესს შენებასაც ვერ უწოდებ – უფრო მოქანდაკესავით ძერწავ, იზომებ, ირგებ, თითქოს ბუნებრივ ბაღს აშენებ და ამისათვის არატოქსიკურ, ადვილად გადამუშავებად მასალას იყენებ. მარტივი პასუხი აქვს ქობის განმარტებად მოფიქრებული:

„რა არის ეს სახლი? ეს არის მიწა თქვენ ფეხქვეშ, შერეული ნამჯასთან, ხანდახან თიხასთან და ქვიშასთან ერთად. ფუნდამენტისთვის ძველი ქვები ან მეორადი აგურებიც შეგიძლიათ გამოიყენოთ. უბრალოდ, იყავით კრეატიულები. თქვენს სახლს თქვენთვის სასურველი ფორმის მიღება შეუძლია“.

ხანდახან ზღაპრულისაც, ტოლკინის წიგნებში გადამგდების, უცებ ჰობიტის სასტუმრო ოთახში რომ ამოყოფ თავს და ჯადოსნური ამბები გადაგხდება. რომ დაფიქრდე, რა გასაკვირია – ისეთი სახლია, როგორიც სხვებს არა აქვთ. როგორიც ბევრს არ აურჩევია.

მირო: იმაზეც ვფიქრობთ, რომ, რადგან ეს სახლი ბუნებრივი მასალებისგან კეთდება, რომ დაინგრეს, გარემოს ზიანს არ მიაყენებს დაშლის და მიწაში ჩასვლის პროცესში. ასეთ სახლებს, დაახლოებით მსგავსი ტექნიკით, ადრინდელ საქართველოშიც აშენებდნენ. ალიზის სახლებს.

ელენე: აფრიკაშიც სულ ასეთი სახლები ჰქონდათ, სანამ იქ თეთრი ადამიანი არ გამოჩნდა. ზამთარში თბილია, ზაფხულში გრილი... მგონი, შემთხვევითაც არ მივსულვართ ასეთ სახლამდე. ეს ის იყო, რასაც მუდამ შიგნით ვატარებდი და მინდოდა. და რა არის ის, რაც მე მინდა? მინდა, რომ ისე ვიარსებო დედამიწაზე (და დედამიწამ არაერთხელ გვაჩვენა უკვე, რომ ადამიანებმა თავიანთი ამბიციები ცოტა უკან უნდა დახიონ და მარტო საკუთარ თავზე არ უნდა იფიქრონ), რომ ჩემ მერე კარგი რამე თუ არ დარჩება, ცუდი მაინც არ დავტოვო. ამ წიგნში პირდაპირ წერია, რომ ვინც ასეთ სახლს აშენებს, მიდიან ადგილზე და მედიტირებენ, ასეც წერია, მიდით და იმედიტირეთ. წარმოიდგინეთ, თქვენი მომავალი ცხოვრება იმ ნაკვეთზე და განსაზღვრეთ სად რა იქნება თქვენს სახლში. მშენებლობის ეს პრინციპი იმიტომაც არის რადიკალურად განსხვავებული, რომ თუ აქ სახლს ვაშენებთ და მერე ვფიქრობთ, რომელი ოთახი სად იქნება, ან რომელ ნივთს სად მივუჩენთ ადგილს, იქ თითქოს საკუთარი დღის რეპეტიციას გადიხარ – აი, დილით ავდექი, სად მომეწონება, რომ იყოს აბაზანა? საღამოს რომ სახლში დავბრუნდები, სად მინდა, რომ დავჯდე და ვიმუშაო? და ასე იქმნება შიგნიდან სივრცე.

ჩემს ოთხ კედელს ვირგებ ჩემს ცხოვრების წესზე და არა პირიქით. და ისიც მომწონს, რომ მშენებლობის პროცესში ადამიანი ისევ ახლოვდება გარემოსთან.

უკეთ ხედავს მზის ამოსვლას და ჩასვლას, ქარს ითვალისწინებს, რასაც თანამედროვე კორპუსში მცხოვრები ადამიანი ვერ გაითვალისწინებს.

მირო: განსხვავება ისიცაა, რომ ჩვეულებრივ მშენებლობას ფული მეტი სჭირდება, დრო კი ნაკლები. აქ პირიქით – ნაკლები ხარჯია და დიდი დრო უნდა. ალბათ ორი სეზონი დაგვჭირდება. გაზაფხული-ზაფხული ეყოფა.

გადავლენ. იმიტომ, რომ მიროს და ელენეს არჩევანი გაკეთებულია. მიწაზე ჯერ სახელოსნოს გააკეთებენ. და ნელ-ნელა სახელოსნო სახლად გადაიქცევა. წლების წინ შეძენილი სახლი-მანქანა უკვე იქ ცხოვრობს, ახალ მიწაზე. ეს სახლი ბორბლებზეც, ოცნება იყო და მერე, სულ შემთხვევით, გერმანიაში წააწყდნენ იაფად და იყიდეს. ამ მოძრავი სახლით ქვეყანა მოიარეს. ზღვაზე დაისვენეს. ვაკის პარკის საგუშაგოზეც იდგნენ. სატელევიზიო პროექტის სტუდიადაც კი გამოიყენეს. ახლა ის მათი ქობის ბინადარი უნდა გახდეს, ნაწილი. რასაც აქამდე ლოკოკინასავით სულ თან დაატარებდნენ ხოლმე. ოჯახის წევრი ისედაც იყო. დღეს კი, მირო და ელენე მერცხლებივით ეზიდებიან მეორად ფანჯრებს, ბოძებს, ერთი შეხედვით სხვისთვის გამოუსადეგარ ნივთებს – მერცხლებს მირო და ელენე მათმა პატარა გოგონამ შეადარა, როდესაც ამ ზაფხულს სოფლიდან დაბრუნდა. მერცხლებმა იქ ბუდე აიშენეს.

ელენე: შეიძლება, უმეტესობისთვის ეს ნაგავია, რასაც ჩვენ ჩვენი სახლისთვის ვაგროვებთ. მაგრამ როცა ჩვენი სახლი აშენდება, ყველას ვაჩვენებთ როგორ შეიძლება გამოიყენო ის, რაც ყველას ნაგავი ჰგონია. და აჩვენო მაგალითი. მე ვიცი, ეს სახლი საყრდენი იქნება. ამ სახლით უბრალოდ კედლებს კი არ დავუტოვებ ჩემს შვილებს, არამედ იდეას, რომ მე, რომელსაც შეხება არ მქონია არქიტექტურასთან და მშენებლობებთან, შევძელი ეს ისე, რომ ბანკის ვალები არ ამიღია და ცხოვრების არჩევანი არ შემიცვლია. რომ მე შევძელი, ჩემი შრომით და ზომიერი შემოსავლით ამეშენებინა ასეთი სახლი.

მირო: ახლა სადაც ვცხოვრობთ, იქაც ვცდილობთ, ჩვენი ენერგეტიკა შევიტანოთ, ჩვენ გავაფორმოთ. სახლი, ეს არის სივრცე, რომელიც არ იცვლება, სადაც სულ ბრუნდები. რაც მეტ ენერგიას დებ რაღაცის ხელით გაკეთებაში, იგივე ენერგია გიბრუნდება. თუ მეტი არა. ჩვენთვის მაგალითი იყო დავით ჩაჩანიძეც, რომელმაც ნამჯის სახლი უკვე ააშენა ბაკურციხეში.

ელენე: ხო, ჩვენ ჯერ მაინც თეორიულად ვლაპარაკობთ და მან ეს განახორციელა. შეიძლება სწორედ ამ მიზეზით, რომ ჯერ გზის დასაწყისში ვართ, უარიც მეთქვა ამაზე ხმამაღლა მელაპარაკა, მაგრამ მერე ვიფიქრე, რომ მინდა ადამიანებმა დაინახონ, რომ სხვა არჩევანიც არსებობს.

ქალაქიც სახლია. რამდენი კილომეტრითაც არ უნდა მოშორდე შენი ოთხი კედლით და ერთი სახურავით, მთავარ სახლად მაინც ეს ქალაქი რჩება. თავისი რუხი სადარბაზოებით. ზოგს დღემდე არ მოშორებია მიროს სტენსილები – ესეც წლების წინ დაიწყო. მაშინ, არავინ გადიოდა გამთენიისას ქალაქის ქუჩებში საღებავებით. ბიძგიც ეს იყო – სიახლე. დილით დახატავდა ხოლმე, შუადღეს კი სადღაც უკვე ლაპარაკობდნენ, რომ ამა და ამ ადგილას, ესა და ეს კედელი გაცოცხლდა. ზოგან ელენეს მზერით, ზოგან აინშტაინის გამოხედვით, ზოგან პატარა პრინცით... ეს იმას ჰგავდა, საკუთარ ოთახში რომ პოსტერს გაიკრავ და ასე ცდილობ მის მორთვას. ასეთი დიალოგი ჰქონდა მიროს ქალაქთან. მერე, როცა ეს დიალოგი პროტესტსა და პარტიზანულ მებაღეობაში გადაიზარდა, სტენსილების შინაარსიც უფრო მძაფრი გახდა. სტენსილიც ნელ-ნელა მოდური გახდა. სტრიტარტიც სხვა არჩევანი იყო – გალერეიდან გამოსული, არასალონური ხელოვნება, რომელიც ღამით, ჩუმად უნდა შეგექმნა – ეს ვანდალიზმის და შემოქმედების ზღვარია.

მირო: მინდა, რომ ჟანრი საქართველოში უფრო განვავითაროთ და რაღაც პატარა თემივით შევქმნათ, სადაც უფრო მეტი ახალგაზრდა მოვა, ამ ტექნიკას ისწავლის, საღებავები გაიყიდება. მგონია, რომ ამით ცნობიერების განვითარებაც ხდება, იმის გაგება, რომ ეს ქალაქი მათ ეკუთვნით, მათია, მათ უნდა მოაწყონ და გაალამაზონ. ვიღაცამ ხე დარგოს, ვიღაცამ ნახატი დახატოს და ასე.

ელენე: თან ამ ბოლო დროს თითქოს ყველანაირი პირობითობა იხსნება. დღეს უკვე მხატვრობაც და ყველაფერი ქუჩაში გამოდის და გაცილებით ხელმისაწვდომი ხდება. მუსიკაშიც ასეა, ქუჩაში უცხოეთში სულ უფრო ბევრი ადამიანი გადის და უკრავს. თითქოს ესეც ახალი სიტყვაა, რომ ჩემი სათქმელი უსასყიდლოდ ვთქვა. ეს ქმედებაა. როცა შენით აკეთებ რაღაცას. მე ფეხით უნდა მოვიდე ამ საპროტესტო აქციაზე, სადაც ახლა ვდგავარ. მე უნდა ვთქვა ჩემი სათქმელი, მე! სხვა ჩემ მაგივრად ვერ იზამს ამას. გამახსენდა – ამასწინათ, როცა მე და მირო ჩვენს ნაკვეთს ვღობავდით, ერთად ვმუშაობდით იქ და ვინც კი ახლოს ჩაიარა, ჩაილაპარაკა, ესენი უცხოელები იქნებიანო. ესეც მინდა ვთქვა ამ ინტერვიუთი – არა, მე ქართველი ვარ და ეს სხვა, მაგრამ ქართული არჩევანია. და მათაც შეუძლიათ იმავეს გაკეთება, თუ მოინდომებენ.

მირო: შეიძლება რამდენიმეწლიანი წასვლის ამბავიცაა – ჩვენ რამდენიმე წელი ვცხოვრობდით აზიაში. სინგაპურში. და სულ ვადარებდით ამ და იმ ქალაქს ერთმანეთს. მიკვირდა, როგორ შეიძლება ქალაქი იყოს ასეთი ინდუსტრიული და თან ასეთ კავშირში ეკოლოგიასთან, სიმწვანესთან. უცებ ჩაძვრებოდი მეტროში და 24-ე საუკუნეში ამოყოფდი თავს, ამოძვრებოდი და ას მეტრში ხელუხლებელი ჯუნგლები გხვდებოდა.

ელენე: ქალაქგეგმარებაც. აი, დღეს ვლაპარაკობდით ზუსტად, რომ ლისზე ვითარდება ინფრასტრუქტურა, რაც ერთი მხრივ ცუდი არ არის, რადგან ცენტრიდან თუ ცოტათი მაინც გადაინაცვლებს მშენებლობა, უკეთესია. თუმცა, საბოლოოდ, შედეგი იგივეა – მაინც წვრილი ქუჩებით უწევს მოსახლეობას ქალაქში ჩამოსვლა. იქ, სინგაპურში რაც ვნახეთ, როგორც კი აღმშენებლობა დაიწყო, პირველი, რაც გააკეთეს, თურმე, ცალმხრივი ესტაკადები იყო.

მირო: ხო, მაგრამ ამ ქალაქში უკვე ისეთი შეცდომებია დაშვებული, ალბათ, ვერაფრით შეიცვლება. ვერც ის აშენებული კორპუსი დაინგრევა. ვერც ის გზა გაფართოვდება, რომელიც უკვე ვიწროა. არც მოჭრილი ასწლოვანი ხე ამოვა ათ წელიწადში.

ელენე: ზუსტად მაგას გვეუბნებიან, ისეთი შეცდომებია წარსულში დაშვებული, რომ მორჩა, ვეღარ გამოსწორდებაო. არა! არ არის ასე, რომ რაც დარჩა, ბარემ ისიც გავაფუჭოთ. დღესაც შეიძლება ახლიდან დაგეგმვა და გამოსწორება. ეს ქალაქი ჯერ კიდევ აიტანს დაშვებულ შეცდომებს. მაგრამ თუ ისევ ასე გაგრძელდება, ქალაქი აღარ გადარჩება.

მირო: მაგრამ აი, ვაკის პარკის მოვლენები და იქ სასტუმროს მშენებლობის გაჩერება, თუნდაც დროებით, მაინც მგონია, რომ გამარჯვება იყო. იმ ორმოში, სადაც მშენებლობა უნდა დაეწყოთ, დღეს ბალახია ამოსული. თითქოს ბუნება ისევ დაუბრუნდა იმ ადგილს.

ელენე: სულ ვფიქრობ, რომ არ შეიძლება ადამიანი უყურებდეს აბსოლუტურად უსახო ოთხკუთხედ შენობებს და მოსწონდეს. რატომ არ აპროტესტებს ამას უფრო მეტი ადამიანი ჩვენთან? არ იციან, ვერ არქმევენ სახელს, რა მოსწონთ და რა არა.

სხვა ძიებებიც იყო. საყველასო გზიდან გადახვევები – მირო რომ სულ თავიდან აეროგადაღებით დაინტერესდა და ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც ეს საქმე საქართველოში დაიწყო. ვიდეოწარმოებაში ციფრული ფოტოაპარატის გამოყენების პირველი მცდელობაც მისი იყო, საპნის დიდი ბუშტების გაბერვის მხიარული წარმოდგენაც ასე დაიდგა – მაღაზიაში ნაყიდი საპნის სითხით კი არა, ყველაფრის, მათ შორის, ჯოხის და თოკის თავად დამზადებით. და ქალაქში რომ ვიღაცამ პირველად სკუტერით გაიარა, ეგეც მირო იყო. იმიტომ, რომ კომფორტულია. იმიტომ, რომ საინტერესოა. იმიტომ, რომ ახალია. იმიტომ, რომ ცვლილებაა. მარტივი პასუხები აქვს მიროს.

მიროს და ელენეს შეხვედრაც არჩევანი იყო. თითქმის 15 წლის წინ. მარტივი პასუხი აქვს ელენეს ამ არჩევანზე – როდესაც შენი ადამიანი მოდის, ის უბრალოდ უნდა იცნო. მერე სიყვარული გაზარდო და ამ ყველაფერთან ერთად დარჩე თავისუფალი.

თავისუფალ ადამიანებს შეუძლიათ საკუთარი ხელებით სახლის აშენება.  

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა