გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სესარ აირა რომანი პოლინომიალი

მზერის დაბრუნების მაგია სესარ აირას რომანებში | ქეთი ჩართოლანი

სესარ აირას შემოქმედებაზე წერა რთულია, რადგან ვერაფერს იტყვი გადაჭრით, დარწმუნებით. ამ სირთულის შექმნა თითქოს მისი თვითმიზანიც კია, ფურცლებზე თითქოს განგებაა დატოვებული ცარიელი სივრცეები, ამოსავსები და დაუსრულებელი პასაჟები. მის აზრთა ნაკადში ორჯერ ვერ გაივლი. ეს ტექსტები მკითხველთა თანამონაწილეობით იქმნება, ყოველ წაკითხვაზე ხელახლა, ყოველ წაკითხვაზე სხვანაირად. ერთადერთი, რაც უცვლელი რჩება, ტექსტსა და მკითხველს შორის ცოცხალი კომუნიკაცია - მზერის გაცვლა-გამოცვლაა.

სესარ აირას ისიც ახასიათებს, რომ მისი შემოქმედების მეტანარატიული თვისებები ტექსტთა გენომშიც აღწევს და ყველა სიბრტყეზე განლაგებულ ყველა სამყაროს შორის საზღვრებს აქრობს. ამიტომაც გასაკვირი არაა, რომ მზერის დაჭერისა და დაბრუნების პრობლემატიკა იმ სამი რომანის თემატურ ხერხემალსაც წარმოადგენს, რომლებიც ქართულ ენაზე ერთ წიგნად ითარგმნა.

კლასობრივი მზერა („მოჩვენებები“)

სესარ აირას სოციალური სატირა, „მოჩვენებები“, კონკიას ისტორიაა შავბნელი დასასრულით.

ბუენოს-აირესში მდიდრებისთვის განკუთვნილი ნახევრადაშენებული კორპუსის სხვენში დარაჯად მომუშავე ჩილელი მიგრანტის ოჯახი დროებითაა შესახლებული. მაგრამ ისინი ამ დაუსრულებელი ნაგებობის ერთადერთი მკვიდრები არ არიან. შენობა ლიმინალური სივრცეა, სადაც სანახევროდ სახლობენ: მდიდრები ამ სივრცეს ფურცელზე და მომავალში ფლობენ; ჩილელი მიგრანტები - სხეულებრივად და აწმყოში; ხოლო მოჩვენებები — ეფემერულად და უდროობაში.

ამ ჯგუფთაგან თითოეული ცალკე სამყაროცაა. ნაწარმოების პირველივე გვერდებზე, როცა ეს სამი ჯგუფი ერთ გეოგრაფიულ სივრცეში იკრიბება, ცხადი ხდება, რომ სხვადასხვა სამყაროს შორის კომუნიკაცია მოშლილია. ისინი ერთმანეთში მზერას ვერ ცვლიან.

მდიდრები ამჩნევენ ღარიბთა სხეულებს იმ სივრცეში, რომელსაც იურიდიულად ფლობენ, თუმცა მათ, ამოუშენებელი კედლებივით, დროებით მოვლენად აღიქვამენ.

ღარიბებიც ხედავენ თავიანთი დაუმთავრებელი ბინების მოსანახულებლად მოსულ მდიდრებს და მათში საცხოვრებელ სივრცეთა დაგეგმარებისას დაშვებულ შეცდომებსა და დაუდევრობებს ხედავენ. ღარიბები ხედავენ მოჩვენებებსაც, თუმცა მოჩვენებები მათ არ უყურებენ. ხოლო მდიდრები ხედავენ მოჩვენებების მხილველ ღარიბებს, თუმცა არა - თავად მოჩვენებებს.

ასე დაუსრულებლად ისხლიტება მზერა მზერისგან, სანამ ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე რაღაც უჩვეულო, საბედისწერო არ ხდება. დარაჯის ცოლი, ჩილელი მიგრანტი ქალი ელისა, მოჩვენებებისგან დაბრუნებულ მზერას გრძნობს. მათ მისთვის „ბრიყვულ სახეებზე დასკუპული დაჭყეტილი თვალები მიეშტერებინათ. თითქოს რაღაცის თქმას ან შეთავაზებას აპირებენო. …[რაც] უცნაურად ეჩვენა, წესით, ადამიანებს უნდა დაენახათ მოჩვენებები და არა პირიქით“.

სამყაროს კანონთა ეს ტრანსგრესია რაღაც ცუდს მოასწავებს, რასაც ელისასთან ერთად ჩვენც ვხვდებით და გაფაციცებით ვავლებთ მზერას რომანის პერსონაჟებს, რომ მათ შორის სამიზნეში ამოღებული მსხვერპლი ამოვიცნოთ. აირა ამ სასტიკ თამაშში გამიზნულად გვითრევს. ის თავგზის ასაბნევად რამდენიმე პერსონაჟზე ყოვნდება, მერე კი თავისი ტრაგედიის გმირს ისე  სასხვათაშორისოდ გვაპარებს, რომ გაოცების მეტი აღარაფერი დაგვრჩენია. ელისას თხუთმეტი წლის ქალიშვილი პატრი ხომ ქარაფშუტაა, დაუფიქრებელია, უმნიშვნელოა. ამას ყველა ეუბნება გოგოს, რომელიც, სინამდვილეში, ამ ეპითეტთა საპირისპიროა - მუდამ იყო და იქნება. ამ დროს აირა, თითქოს ზრდილობის გულისთვის და მხოლოდ იმის გამო, რომ ტყუილში არ ვამხილოთ, გვარწმუნებს, რომ გოგოს ფიქრთა ფილოსოფიურობა პარადოქსულია, სიზმრისეულია, წამიერია. ჩვენ კი უკვე ვიცით, რომ აირას სამყაროში წამი მარადისობაა.

ამგვარად, მოჩვენებები ყველაზე ხანგრძლივ მზერას სწორედ პატრიზე აჩერებენ. ის თავისი სოციალური სტატუსით, თავისი ასაკით, თავისი უმამობით, ერთადერთია ელისაზე მეტად მიუსაფარი. და ის მოჩვენებებისგან საახალწლო მეჯლისზე მიწვევას იღებს, რაც თავის თავში უკვე გულისხმობს მისგან თანხმობასაც.

ძვირფასი და გონიერი პატრი ჩვენთვის, მკითხველისთვის, იმის გაგებინებას ეწირება, რომ სოციალურ ფენათა შორის პირდაპირი კომუნიკაცია ვერ მიიღწევა, უფსკრული ვერ ამოივსება და ვინმე თუ მასზე გადახტომას შეძლებს, ამას მხოლოდ ზედმეტი წონის, ძველი არსის მოკვეთით შეძლებს.

„განა სახელმწიფო მაინც დაცვა არ არის, ერთგვარი გარანტია, რომელიც საშუალებას გვაძლევს, მთლიანად არ გავქრეთ, თუნდაც იერარქიული კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზეც მიგვიჩინოს ადგილი?“ - სვამს კითხვას პატრის დედა, ელისა და საპასუხოდ აირა მას ქალიშვილს უქრობს.

სოციალური მზერა („როგორ  გავხდი მონაზონი“)

სესარ აირასეული დრო ციკლურია. ზუსტად ისე, როგორც მისი მოჩვენებები დამრეცად ადი-ჩამოდიან დაუსრულებელ შენობაში, დროც ორივე მიმართულებით, სპირალზე მოძრაობს. და რაც ჯერ არ ყოფილა, უკვე იყო და რაც იყო, ჯერ კიდევ უნდა მოხდეს და რაც ჯერ არ ყოფილა, უკვე იყო.

ამიტომაა, რომ მისი მცირე რომანის, „როგორ  გავხდი მონაზონი“, მთხრობელი იმ პერიოდიდან გვიყვება თავისი ცხოვრების ამბავს, რომელიც ქრონოლოგიური დროის ფორმატში არასოდეს დგება. რომანის გმირი, უბრალოდ, ვერ აღწევს იმ აწმყოს, საიდანაც თავის ისტორიას მოგვითხრობს.

ნაწარმოები ტრაგიკომიკური სცენით იწყება, როცა პატარა გოგო/ბიჭ სესარს მამა პირველად ასინჯებს ნაყინს. მამის მოლოდინს, რომ ის ახლა სამყაროში ყველაზე გემრიელ ნუგბარს გაუგებს გემოს, ბიჭი/გოგო ვერ ამართლებს, რადგან მარწყვის ნაყინი ამჟავებულია. მამა მხოლოდ მას მერე იჯერებს, რომ ნაყინი გაფუჭებულია, რაც შვილს მოზრდილ ულუფას ძალით აჭმევს და ბოლო ლუკმას სასხვათაშორისოდ თავად ჩაიდებს პირში. ამ აღმოჩენით გახელებული, ის მენაყინეს მიუვარდება და მომწამვლელ ვარდისფერ ნაყინში ჩაახრჩობს.

აქაც, როგორც „მოჩვენებებში“, მზერის ასხლეტათა მთელ სერიას ტრაგიკულ დასასრულამდე მივყავართ: მამა ვერ ხედავს, რამდენად სჭირდება შვილს მისგან იმის აღიარება, რომ მართალი იყო; მამას, სანაცვლოდ, მენაყინისგან სჭირდება საბოდიშო მზერა, რომლის ვერმიღებაც ცხოვრების ამომყირავებელ რისხვას ატეხს თავს. გოგო/ბიჭი კი ავად ხდება — როგორც იმ გაფუჭებული ნაყინის გამო, რომელსაც მამა ძალით აჭმევს, ისე იმ სცენის ყურების გამოც, რომელშიც მამა მომაკვდინებელ ცოდვას სჩადის - და ის სრულ ტრანსფორმაციას განიცდის.

მას მშობლებისადმი, სამყაროსადმი, ენისადმი სრული უნდობლობა უვითარდება, რისი მიზეზიც საკუთარ გენდერულ თვითაღქმასა და საზოგადოებრივ თუ ენობრივ ნორმებს შორის კომუნიკაციის საბოლოო მოშლაა. 

რომანი ცხოვრებისეული მოწოდების მძებნელი მონაზვნის ისტორიის კი არა, იდენტობისა და ენაში შესაღწევი კარის მძებნელი მწერლის ავტობიოგრაფიის პაროდია არისო, წერია ერთგან ამ ტექსტზე. და მართლაც, ეს ავტობიოგრაფიული ფარსი იმ ადამიანის ტრაგედიას აღწერს, რომელიც საკუთარი თავის აღქმისთვის ხორცშესასხმელად სამყაროსთან პირდაპირ კომუნიკაციას, მის სხეულზე დაბრუნებულ იმ მზერას ეძებს, მას რომ დაინახავს - უშუალოდ მას, და არა - საზოგადოებისგან აკრულ მოლოდინებს. და როცა ამ მზერას ვერ პოულობს, ის აუტანლად ლამაზ და მბრწყინავ ვარდისფერში იძირება და ქრება. 

კოლონიური მზერა („ერთი ეპიზოდი მოგზაური მხატვრის ცხოვრებიდან“)

დასავლური სამყაროს მიერ აღმოსავლეთ და სამხრეთ ტერიტორიების კოლონიზების პროცესში პოლიტიკოსებსა და სამხედრო პირებზე არანაკლებ მნიშვნელოვან როლს მეცნიერები და ხელოვანები თამაშობდნენ. სწორედ ანთროპოლოგების, ზოოლოგების, ბოტანიკოსების, მხატვრებისა თუ მწერლების ნაშრომებით იქმნებოდა ხალხთა და მათი მიწების კოლონიზების გამამართლებელი და დასავლეთის განმანათლებლად წარმომჩენი მითები.

აირა რომანში, „ერთი ეპიზოდი მოგზაური მხატვრის ცხოვრებიდან“, სწორედ ამ მისიის მქონე ხელოვანის, გერმანელი მხატვრის, იოჰან მორიც რუგენდასის სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობისა და მის მიერ იქაური პეიზაჟებისა თუ ცხოვრების წესის ამსახველი სცენების ტილოზე გადატანის ამბავს გვიყვება. მაგრამ ეს მოგზაურობის მხოლოდ ფიზიკური განზომილებაა, რომელზე მეტადაც აირას მეტაფიზიკური გარდასახვის ამბავი აინტერესებს.

ის შთამბეჭდავ პოსტკოლონიურ ამბავს ქმნის, რომელშიც ცენტრი და პერიფერია ადგილებს ცვლის და დამკვირვებელი დაკვირვების ობიექტად იქცევა.

მაგრამ სანამ ეს გარდასახვა მოხდებოდეს, არგენტინის ქალაქ მენდოსაში მოხვედრილ მწერალს ორი სანუკვარი სურვილი აქვს: მას უნდა, დახატოს მიწისძვრა და ინდიელების თავდასხმა. მოგზაურობის ამ ეტაპზე მისთვის ეს ორი ტრაგიკული მოვლენა მხოლოდ სანახაობაა, რადგან ის იმ გარემოსთვის არაენდემურია სხეულია. ის გარე დამკვირვებელია სივრცის, რომელიც მის თვალში სრულად ეგზოტიზირებულია, განძარცვულია ემპათიის გამოწვევის უნარისგან. რუგენდასი ქვეცნობიერად ხვდება კიდეც თავის ამ სურვილის ამორალურობას, მაგრამ უხერხულობის გამომწვევ განცდებს ჩაუძიებლად უკუაგდებს. მისთვის მიწისძვრაც და ინდიელებიც სტიქიაა, რაზე გვერდიდან დაკვირვებისა და აღწერის უფლებაც მემკვიდრეობით მისცემია.

ამ ორიენტალისტურ ხედვას ისიც უსვამს ხაზს, რომ მის აღქმაში სამხრეთ ამერიკა სტატიკური სივრცეა, რომელიც მხოლოდ მაშინ ცოცხლდება - აგრძელებს ცხოვრებას - როცა მასში თავად აბიჯებს. ამიტომ ჰგონია რუგენდასს, რომ როცა მონახულებულ ქალაქებში ხელახლა დაბრუნდება, ყველა ნაცნობს უცვლელად იხილავს, „არც გაახალგაზრდავებულებს და არც დაბერებულებს, არამედ სწორედ ისეთებს, როგორებიც ახლა იყვნენ“.

ამგვარი ეგოცენტრული მოლოდინი საკუთარი თავის, როგორც დამკვირვებლის, მონოლითურობას, სიმყარეს მოიაზრებს. ამიტომაა, რომ ნაწარმოებში ყველაფერი თავდაყირა მაშინ დგება, როცა კოლონიური ცენტრის განმასახიერებელი რუგენდასი სხეულებრივად და სულიერად იშლება. როცა ბიბლიური სასჯელით, კალიების შემოსევით განადგურებულ მიწაზე მეხი ორჯერ დაეცემა და, თავისი ცხენის უზანგში ფეხგაჭედილი, მთელი ღამე მიწაზე იხოხიალებს, რუგენდასი თავად განიცდის ტრაგედიას, რომელიც სხვების თვალში სანახაობად იქცევა. 

გროტესკულად დამახინჯებული მისი სახე ეგზოტიზირებული ხდება: „როგორც კი დაინახავდნენ, გლეხები მაშინვე მის ახლობლად გროვდებოდნენ და ცნობისმოყვარეობით შეჰყურებდნენ“. და თითქოს ეს არ კმარაო, თავად რუგენდასიც უერთდება მიშტერების ამგვარ ორიენტალისტურ აქტს და თავს ძლივს იკავებს, რომ ავტოპორტრეტის ხატვას არ შეუდგეს.

რუგენდასის სანახაობად ტრანსფორმირება პიკს ნაწარმოების ბოლო გვერდზე აღწევს, როცა ის ინდიელების გვერდით, ცეცხლის პირას ჯდება და მათ ხატვას იწყებს. სინამდვილეში კი ის თავად ქცეულა იმგვარი დაკვირვების ობიექტად, როგორიც დამკვირვებლის თვითშემეცნებას ემსახურება:

„[ინდიელების] მზერა მაინც რუგენდასის გულსა და სახეს მისჯაჭვოდა. მასში გაცოცხლებულ კოშმარს ხედავდნენ, გაცხადებულ შიშს, რომელიც გამუდმებით სდევდათ თავდასხმებისას: პირისპირ შერკინებას“.

ჰომი ბაბას მტკიცებით, იმპერიას მანამ შეუძლია განმანათლებლის როლის თამაში, სანამ მის კოლონიებში მცხოვრებთა განუვითარებლობას უსვამს ხაზს. ხოლო როცა დაპყრობილი დამპყრობლის სამოსს ირგებს (ამ შემთხვევაში კი პირიქით, დამპყრობელი იკავებს დაპყრობილის ადგილს), შედეგად კოსტიუმირებული ფარსი იდგმება. მიმიკრიისა და დაცინვას შორის არსებული ამ სივრციდან ემუქრება საფრთხე რეფორმირებისა და ცივილიზაციის შეტანის მისიას, რადგან მას გამოსასწორებელი ორეულის „ადგილნაცვალი მზერა“ უბრუნდება. ეს ის მზერაა, რომელიც იმპერიული ცენტრის უპირატესობას აქრობს.

_______________________________

სესარ აირას შემოქმედებაზე წერა მარტივია, რადგან ვერაფერს იტყვი ისეთს, რაც მის ნაწერს არ მოერგება. ასე იმიტომ არის, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი ესთეტიკური მიზანი დაუსრულებლობის ხიბლის ჩვენებაა. ეს ის სივრცეა, სადაც ყველაფერი უკვე მომხდარა, რადგან „შექმნილი და შეუქმნელი ერთმანეთშია არეული“. ამგვარი ეფემერულობის გამიწიერება, გაქრობისგან თავის დაღწევა კი მხოლოდ ორ წყვილ თვალს შორის გაბმული მზერის მაგიითაა შესაძლებელი.

ავტორი: ქეთი ჩართოლანი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა