გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
სერგო ფარაჯანოვი
თეგები: #კინო

უსახლკარო | შეხვედრები სერგო ფარაჯანოვთან

1989 წლის შემოდგომაზე სტუმრები ჩამომივიდნენ უნგრეთიდან. თბილისში სულ 2 დღე რჩებოდნენ – გაგრაში უნდა წამეყვანა. დიდი ამბით დავუგეგმე გასეირნება მცხეთაში, სალობიე, ხელოვნების მუზეუმი... ლასლო ფილოლოგია და ვიფიქრე, მთაწმინდაზე ავიყვან-მეთქი. „ცისფერი გალერეაც“ გამახსენდა. აქ საშემოდგომო გამოფენა მოაწყვეს (მგონი მას მერე არც გამართულა), ბუნებრივია, „პატრიოტულ“ თემაზე შესრულებული ნამუშევრებით. ბუნებრივია იმიტომ, რომ ეს 1989 წლის შემოდგომაა. საქართველოს ჯერ აპრილის ტრავმა მოშუშებული არ ჰქონდა და ახალი ბრძოლებისთვის ემზადებოდა.

ლასლომ მთელი ეს გეგმა გადამიხაზა.

„ამდენი დრო არა გვაქვს. ზღვაზე გვინდა. ერთადერთი, რაც მართლა არ უნდა გამოგვრჩეს, ეს ფარაჯანოვის სახლია. გვითხრეს, თბილისის მთავარი ღირსშესანიშნაობა ეგააო“.

უნგრელი მეგობრები არ აჭარბებდნენ – „პერესტროიკის“ ეპოქაში სერგო ფარაჯანოვის სახლზე მთაწმინდაზე, კოტე მესხის ქუჩაზე, ლეგენდები დადიოდა. კინოსტუდიის თანამშრომლებს, რომლებიც უცხოელი სტუმრების ვიზიტებს გეგმავდნენ (სავარაუდოდ, კაგებესთან ერთად), სერგო არასდროს ავიწყდებოდათ – ერთი წლით ადრე, 1988 წლის მარტში, თბილისში მარჩელო მასტროიანი ჩამოვიდა. იმან, ჩემი ლასლოსი არ იყოს, პირველ რიგში ფარაჯანოვთან ვიზიტი მოითხოვა. „მასტროიანი ვინღაა? დამანებეთ თავი. ავად ვარ!“ – უთქვამს სერჟიკას ირაკლი კვირიკაძისთვის, რომელსაც მარჩელოს მასპინძლობა დაევალა.

მჯერა, რომ ზუსტად ასე იტყოდა. იმავე 88 წლის ნოემბერში, როცა ფარაჯანოვთან ერთად რამდენიმე კვირა გავატარე საფრანგეთში, პომპიდუს ცენტრში გამართულ ქართული ფილმების ფესტივალზე (მაშინ გავიცანი კიდეც) არაერთხელ გამოუხატავს გაღიზიანება ასეთი ფრაზებით: „ვინაა ფრანსუაზა საგანი. დამანებეთ თავი, ავად ვარ!“, „ვინაა ივ სენ ლორანი, დამანებეთ თავი, ავად ვარ!“... ამაზე სულ გვეცინებოდა ხოლმე. არა, ვიცოდით, რომ ავად იყო. ვიცოდით, რომ დიაბეტი ჰქონდა და ინსულინის ინექციას თავად იკეთებდა, მაგრამ მაინც გვეცინებოდა. სერგოს სამყაროში ხომ სიტყვას, საერთოდ ენას, არა აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. ფარაჯანოვი არ მიეკუთვნება იმ ხალხს, ვინც „ჩვენს დროში“, ე.ი. ენობრივი კომუნიკაციის დროში, კომფორტულად გრძნობს თავს. ფარაჯანოვი აზროვნებს არა სიტყვით, არამედ გამოსახულებით, თანაც ძალიან უცნაური გამოსახულებით – დროში რომ იხატება, მაგრამ თითქმის არ მოძრაობს. ფარაჯანოვი ამბობს ერთს, მაგრამ მისი მზერა, მისი პლასტიკა აბსოლუტურად განსხვავებულია. ამაში ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი. მაშინაც კი, როცა არ ვიცნობდი.

ფარაჯანოვის ნომერი პარიზის სასტუმრო „კლოდ ბერნარში“, სადაც ქართველები შეგვასახლეს, გამოუყენებელი და გამოყენებული შპრიცებით იყო სავსე. არ ვიცი, დამლაგებელს არ უშვებდა ნომერში თუ მომენტალურად ურევდა ყველაფერს, მაგრამ ამ დანაგვიანებულ ოთახში დიდხანს დარჩენა შეუძლებელი იყო. არადა, ეს იყო მისი მეორე ვიზიტი უცხოეთში (მანამდე რამდენიმე დღით ამსტერდამის კინოფესტივალზე გაუშვეს) და საფრანგეთის სახელოვნებო სამყაროში მგონი კაცი არ იყო დარჩენილი, „ცოცხალი ფარაჯანოვის“ ნახვის სურვილი რომ არ გამოეთქვა. თავად ეზარებოდა წოწიალი. ცუდ ხასიათზე იყო – „აშიქ ქერიბში“ (ამ ფილმის პრემიერით გაიხსნა ფესტივალი), მთავარი როლის შემსრულებელს, მის მეზობელს კოტე მესხის ქუჩაზე, იური მგოიანს კაგებემ საზღვარგარეთის პასპორტზე უარი უთხრა და პარიზში არ გამოუშვა. იურის ხსენებაზე თვალები უბრწყინავდა. ოღონდ, ვერ ვიტყვი, რომ შეყვარებული იყო და იმიტომ. არა, ეს იეზიდი ბიჭი კოტე მესხის ქუჩიდან, იმ სამყაროს გამოხატავდა, სადაც განსაკუთრებით კომფორტულად გრძნობდა თავს. ამ სამყაროში დიდად არ აინტერესებდათ, რამ გახადა ფარაჯანოვი სახელოვანი – მისმა ფილმებმა თუ მისმა ბიოგრაფიამ? კიტჩის საზღვარს მიახლოებულმა ესთეტიკამ თუ ექსცენტრიკულმა ქცევამ? შემოქმედებამ თუ ცხოვრებამ? აქ არ კითხულობდნენ, ფარაჯანოვს სადმე საფრანგეთში ან იტალიაში რომ ეცხოვრა, ანდა ჰეტეროსექსუალი რომ ყოფილიყო, ასევე დაფასებული იქნებოდა? ასევე დაეწყობოდნენ მის სანახავად ჟურნალისტები? ასევე დაეწყობოდნენ მარჩელო მასტროიანი, რობერტ დე ნირო, რობერტ რედფორდი... ყველა, ვისთვისაც ფარაჯანოვის სახლი კოტე მესხის ქუჩაზე საქართველოს დედაქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობა გახდა? კი, რა თქმა უნდა, „ცოცხალი ფარაჯანოვის“ ხილვა მხოლოდ ლეგენდასთან ზიარებას არ ნიშნავდა, საბჭოთა სისტემის მიერ არაერთხელ შეურაცხყოფილ, დაჩაგრულ, დამცირებულ ლეგენდასთან, რომელიც ამ სისტემამ ციხეში გამოამწყვდია, მერე, დასავლეთის ზეწოლის გამო, ციხიდან გამოუშვა, მაგრამ გააგრძელა მისი დევნა და დამცირება. „პერესტროიკის“ ეპოქის საბჭოთა კავშირში, როცა ამ სისტემამ ნგრევა დაიწყო, ფარაჯანოვს, შესაძლებელია, თავიდან სიამოვნებდა კიდეც „ტურისტული ექსპონატის“ თუ ეგზოტიკური არტისტის როლში ყოფნა. აცინებდა ამ ხალხს. მაიმუნობდა... აი, მართლა მაიმუნობდა. მაგრამ უკვე იქ, პარიზში იგრძნობოდა მისი გადაღლა ამ მაიმუნობით. ივ სენ ლორანზე გაბრაზებული იყო, „ნაცვამი ტანსაცმელი გამომიგზავნაო“, მერე „ლ’უმანიტეს“ რედაქციაში (საფრანგეთის კომუნისტური პარტიის გაზეთი) პირდაპირი მნიშვნელობით ჩხუბი დაუწყო მასპინძლებს, რას მიკრავთ ტაშს, რას მაქებთ და მადიდებთ, რა გიხარიათ, ვერ ხედავთ, დედა ეტირა კომუნიზმსო. რატომღაც რაისა გორბაჩოვას ქება დაიწყო. ათასჯერ გაიმეორა, რომ უყვარს ის ქალი.

არა, ეს არ იყო სამყარო, რომელიც მას მარტოობას დაავიწყებდა. არც მასტროიანი, არც ივ სენ ლორანი... მარტოობას ვერ დაავიწყებდა ვერც თბილისური ელიტა, თავის თავს „სერჟიკას ახლობლად“ რომ აცხადებდა. მერე კი, როცა უკვე ძალიან გაუჭირდა, ზურგი შეაქცია, მისი ნაჩუქარი კოლაჟები, ნივთები გაყიდა, გადაცვალა. არა, ეს არ იყო მისი სამყარო, რადგან ფარაჯანოვმა მშვენივრად იცოდა,

აქ მას ყოველთვის მხოლოდ და მხოლოდ... მაიმუნობას სთხოვდნენ. ხოლო როცა რაღაც სერიოზულს მოინდომებდა, ზურგს შეაქცევდნენ, მარტო დატოვებდნენ.

ეს ორი სურათი ღრმად აღიბეჭდა ჩემს ცნობიერებაში.

სასტუმრო „კლოდ ბერნარის“ ჰოლი, სადაც ფრანგი ჟურნალისტები, მწერლები, კინოკრიტიკოსები, რეჟისორები დილით ადრე გროვდებოდნენ და ელოდნენ, როდის გამოვიდოდა თავისი ნომრიდან ფარაჯანოვი, როდის დაელაპარაკებოდა. და იქვე შეგროვილი ქართველი კინემატოგრაფისტები, რომლებიც ერთმანეთს არწმუნებდნენ, რომ ფარაჯანოვმა „გუშინ ნორკის შუბა გაყიდა“, „ვალუტა გადმოიტანა“, „მთელი დღე საეჭვო ტიპებს მასპინძლობდა“.

მეორე სურათი კიდევ უფრო მძიმეა; 1986 წელი. თბილისის კინოს სახლი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა ყრილობა და სოფიკო ჭიაურელის სიტყვა: „ფარაჯანოვი მუშაობს “შუშანიკის წამების” სცენარზე. მთავარი როლი მე უნდა შევასრულო. მაგრამ სტუდიაში წინააღმდეგები არიან ამ ფილმის. გთხოვთ, დაუჭირეთ მხარი“, – ეს თქვა და დარბაზში სტვენა დაიწყეს. რატომღაც მახსოვს, რომ ყველა, მთელი დარბაზი უსტვენდა და ფეხებს აბაკუნებდა. ვიღაცები ყვიროდნენ „არავითარ შემთხვევაში!“, „გაასომხებს, გაასომხებს!“... ამ ყრილობიდან 15 წლის შემდეგ სოფიკო ჭიაურელთან ინტერვიუ ჩავწერე და მისი ეს გამოსვლა გავახსენე. „არა, დარბაზში თუ იჯექი, კარგად ვერ დაინახავდი, როგორ იქცეოდა ხალხი. ტრიბუნაზე ვიდექი და ვხედავდი ბრბოს, რომელიც მზად იყო შუაზე გავეგლიჯე“.

არაა გამორიცხული, იმ დარბაზში მსხდომთა უმრავლესობას ყრილობის დასრულების შემდეგ უცხოელი სტუმრები წაეყვანა ფარაჯანოვთან, სტუმრად, კოტე მესხის ქუჩაზე. გასართობად. არ არის გამორიცხული, კინემატოგრაფისტთა ყრილობის დელეგატები ზუსტად ისე მოქცეულიყვნენ, როგორც საქართველოს დელეგაციის წევრები პარიზში. ტაშს უკრავდნენ, იმ ფოტოზე მოხვედრას ცდილობდნენ, რომელსაც ფარაჯანოვს „ფიგაროს“ და „ლიბერასიონის“ ფოტოგრაფები უღებდნენ, ერთმანეთთან საუბარში კი აღშფოთებას ვერ მალავდნენ, რომ ქართული კინოს სამთვიანი რეტროსპექტივა ფარაჯანოვის „აშიქ ქერიბით“ გაიხსნა... ერთსა და იმავეს იმეორებდნენ – რომ „ნორკის შუბა გაყიდა“, რომ „მის ნომერში საშინელი სუნია“, რომ „პედერასტია“!

შეიძლება ამიტომ იყო ცუდ ხასიათზე პარიზში. მიუხედავად ტრიუმფისა, მას თავისი აშიქ ქერიბი ენატრებოდა და ის ხალხი, ვისაც, შესაძლებელია, წარმოდგენა არ ჰქონდა, რამხელა ფიგურაა სერგო ფარაჯანოვი. ვინც იცნობდა მხოლოდ როგორც მხიარულ, თბილისელ სომეხს, ძველმანების ყიდვა-გაყიდვა რომ უყვარდა და ფულზე მუდმივი წუწუნი.

„ყოველი ფილმი, რომელიც იმ წლებშია გადაღებული (არამარტო ჩემი ფილმები), არის შიშის კარდიოგრამა... კარდიოგრამა შფოთვისა, რომელსაც განაპირობებს მუშაობის აკრძალვისა და შიმშილით სიკვდილის მოლოდინი“, – თქვა ერთხელ ფარაჯანოვმა.

საბჭოთა კავშირში უმუშევრად დარჩენა საშიში იყო. მოქმედებდა კანონი მუქთახორობის წინააღმდეგ (რომლისთვისაც თავის დროზე, მაგალითად, იოსიფ ბროდსკი გაასამართლეს). მაშინდელ კინოცენზურას თუ არ დაემორჩილებოდა, კინოს აღარ გადააღებინებდნენ, მერე კი მუქთახორობისთვისაც დააპატიმრებდნენ („მამათმავლობისთვის“ და „სპეკულაციისთვის“ უკვე იჯდა ციხეში). ეს იცოდა და ამის ეშინოდა. ამიტომაც სჭირდებოდა რაღაც „სოციალური საყრდენი“ უსაფრთხოებისთვის, ამიტომაც მოირგო როლი ჯერ უკრაინულ ელიტაში (60-იანი წლების ბოლოს), მერე კი თბილისში – ართობდა ქართულ ინტელიგენციას, დროდადრო კოლაჟებს აჩუქებდა, მაგრამ დროდადრო „ტროლავდა“ კიდეც, თავის ბუტაფორულ სამყაროში შეჰყავდა და დეკორაციის როლს აკუთვნებდა. ისინი ამაზე თანახმანი იყვნენ. იცოდნენ, რომ ფარაჯანოვს თავის დროზე „მთელი დასავლეთი გამოექომაგა“, ამიტომ სიამოვნებით შეშდებოდნენ მისი ფილმების სტატიკურ კადრებში. მერე კი, სტუმრები მიჰყავდათ მასთან და იცინოდნენ მის ხუმრობებზე, რომლებიც დროთა განმავლობაში გაიცვითა, რაღაცნაირი, ნაძალადევი გახდა. თან ავად იყო, ავიწყდებოდა, რომ ამაზე უკვე იხუმრა და ასე, ჰყვებოდა ერთსა და იმავეს, თუნდაც რაისა გორბაჩოვაზე.

არა, ეს არ იყო ფარაჯანოვის სამყარო. თუმცა ქართული-საბჭოთა სისტემა მას არ მისცემდა საშუალებას, პროტესტი გამოეხატა, დაპირისპირებოდა ამ დაწინაურებულ წრეებს, როგორც ეს ფარაჯანოვისთვის ალბათ მაინც ყველაზე ახლობელმა ხელოვანმა, პიერ-პაოლო პაზოლინიმ გააკეთა იტალიაში. პაზოლინისთვის შემოქმედება პოლიტიკური განაცხადიც იყო, შეიძლება ითქვას, „პოლიტიკური პოეზია“, რომლითაც ყველა ჯურის მჩაგვრელს ეომებოდა. მერე რა, რომ საყრდენი, რომელიც ამ ბრძოლაში ზურგს უმაგრებდა, რათა არ წაქცეულიყო, ლუმპენების ის ერთობა, რომელსაც აიდეალებდა, საბოლოო ჯამში, მის მკვლელად გადაიქცა. დამკვეთად თუ არა, შემსრულებლად მაინც. ეს საყრდენი მაინც უკეთესი იყო, ვიდრე დაწინაურებულ ბურჟუათა ფარისევლობა. აკი, თავად წერდა: „ესაა ჩამორჩენილი და სასტიკი სამყარო, მაგრამ მას თავისი საფუძველი მაინც აქვს, თავისი ენა. რა მივიღეთ მის ნაცვლად? არაფერი, არარაობა. გარეუბნებში მცხოვრები ბიჭები აღრიალებენ თავიანთი მოტოციკლების ძრავას და უყურებენ ტელევიზორს. მაგრამ ლაპარაკს გადაეჩვივნენ. მხოლოდ ჩაცინება იციან“.

დღეს შეიძლება დეტალურად გავეცნოთ სერგო ფარაჯანოვის პირველი დაპატიმრების და სასამართლოს ოქმებს. „მამათმავლობის მუხლი“ არა მარტო კარიერის, არამედ ფაქტობრივად ცხოვრების დასრულებას ნიშნავდა. იმაზე რომ არაფერი ვთქვათ, რამდენად საშიში იყო ადამიანის სიცოცხლისთვის ასეთი მუხლით ციხეში ჩაჯდომა. მაგრამ ხელისუფლებისთვის არ იყო საკმარისი ის, რომ სერგომ სასამართლოზე აღიარა თავისი ორიენტაცია. კარგად იცოდნენ, რა მოჰყვებოდა დასავლეთში „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილების“ რეჟისორის დაპატიმრებას. ამიტომ „მამათმავლობა“ არ იკმარეს – ფარაჯანოვისგან მოძალადის სახე შექმნეს, სახე გარყვნილი კაცისა, რომელსაც მოტყუებით მიჰყავს ახალგაზრდები სახლში და ძალადობს მათზე. მაგრამ ეს არავინ დაიჯერა. ხალხმა იცოდა, რომ არაძალადობა მისი ცხოვრების და მისი შემოქმედების მთავარი პრინციპი იყო.

სერგო ფარაჯანოვის ანტიმონტაჟური კინო, მთლიანად აწყობილი სიბრტყობრივი, დეკორატიული კადრების შეხებაზე და არა შეჭრაზე, მისი ხასიათის, მისი ნამდვილი სახის (და არა კლოუნის, რომელიც „დაწინაურებულ“ ხალხს ართობს თავის ნახევრად დანგრეულ სახლში, კოტე მესხის ქუჩაზე) ანარეკლია. ფარაჯანოვი მაქსიმალურად ცდილობს, თანაბარი როლი მიანიჭოს ყველაფერს, რაც მისი ფილმების კადრში ხვდება, ფაქტობრივად გაათანაბროს სულიერი და უსულო, ადამიანი და საგანი, იმასაც კი ბედავს, რომ ორად ყოფს, შლის სოფიკო ჭიაურელის სახეს ქალად და მამაკაცად, ყოფს და არასდროს აერთიანებს განსხვავებულს. ეს ანდროგენული სამყაროა, რომელიც ძალიან უყვართ პოსტმოდერნისტებს. სინთეზი და მით უმეტეს შეჭრა, შეერთება, შერევა მისი აზროვნებისთვის, მისი ესთეტიკისთვის აბსოლუტურად მიუღებელია. განსხვავებული კულტურები მის ფილმებში ერთმანეთის გვერდით არსებობენ, ეხებიან ერთმანეთს, ისე, როგორც ხალიჩაზე. ამ ხალიჩისებური კადრების „დეტალიზაცია“ მხოლოდ სიბრტყეში ხდება, მაგრამ არასდროს მოძრაობაში.

ფარაჯანოვის ფრონტალურ-ეკლექტიკური კომპოზიციები თითქოს გამოხატავენ სამყაროს საწყის მდგომარეობას, ადრეისტორიულ ხანას, როცა ჯერ არაფერი გაერთიანებულა და ჩამოყალიბებულა, როცა ჯერ კიდევ არ არსებობს მთავარის და მეორეხარისხოვნის გაგება, ჩვენიანის და უცხოს გაგება, სამშობლოს, ენის გაგება. სწორედ აქ არის სერგო ფარაჯანოვი. აქაა ბედნიერი. აქ აქვს სახლი. თანამედროვე ცივილიზაციაში მას სახლი არა აქვს. ამიტომაც ყველანაირი ცდა ფარაჯანოვის მუზეუმის აშენებისა, მისი სახლის აღდგენისა კოტე მესხის ქუჩაზე, მე პირადად ნეკროფილიის და კერპთაყვანისმცემლობის იმ გამოვლინებად მიმაჩნია, რომელსაც მთელი ცხოვრება ებრძოდა სერგო. ერთი ასეთი მუზეუმი უკვე გვაქვს – უფრო სწორად, კუბო, რომელშიც წევს ფარაჯანოვი, მისი ფოტოებით, მის მიერ შექმნილი კოლაჟებით და თოჯინებით, ერევანში. რაც შეეხება თბილისს, აქედან თითქმის ყველაფერი წაიღეს, გაყიდეს და გაინაწილეს. კინოსტუდია „ქართულ ფილმში“ გადაღებული მისი ფილმების საავტორო უფლებებიც კი აღარ გვაქვს.

– ვინ უნგრელები? უნგრელი ვიცი მარტო მიკლოშ კადარი, ვგიკში სწავლობდა, მრგვალი ტრაკი ქონდა. თავი ჩამოიხრჩო საწყალმა.

ძალიან მეზარებოდა მასთან ვაჭრობა, მაგრამ სხვა გზა არ იყო.

– კაი, მოიყვანე. ოღონდ ერთი პირობით. მარწყვის კომპოტი იყიდება დიდ ბანკაში, ჩემი ქუჩის კუთხეში რომ გასტრონომია, ხო იცი? მაგის გარეშე არ მოხვიდე. აღარ მოაქვთ მეზობლებს. დიაბეტი გაქვსო და ეშინიათ.

მეც მეშინია-მეთქი. მაშინ არ დამანახო შენი უნგრელებიო. სხვა რა გზა იყო. ვუყიდე, მართალია დამიწუნა, ეს ის არ არისო. წესიერად არც მიესალმა სტუმრებს, ეგრევე გახსნა და შესანსლა. როგორც ჩანს, შაქარი ჰქონდა დაწეული. მერე ფერი მოუვიდა და დაიწყო – პაზოლინიზე; დედა დაიფიცა, რომ „ოიდიპოს მეფე“ ნანახი არ ჰქონდა, რადგან როცა ეგ ფილმი პირველად უჩვენეს, მაშინ ციხეში იჯდა… რომ კიდევ საკითხავია, ვინ ვის მოპარა კინო. მეც მაშაყირა ლასლოსთან და ჩაბასთან, ამას ვაფშე რა აინტერესებს, ვერ გავიგე, შმოტკა ამას არ აინტერესებს, კოლაჟებს ვერ იტანს, კუკლებს ვერ იტანს, ჩემს „სურამის ციხეს“ სამიანი დაუწერა, თან ისეთი ნაგლია, რომ სტუმრები მოჰყავს ჩემთანო.

ამას წამოწოლილი ამბობდა. შიგადაშიგ მზერა ეცვლებოდა, თითქოს რაღაც წამოსტკივდებოდა ხოლმე. რაისა გორბაჩოვაზე რომ გადავიდა, მივხვდი, რომ წასვლის დრო იყო.

– სად მიგყავს ეს კარგი ხალხი, რას უპირებ, რა უნდა ანახო?

ლასლოს ბავშვობაში პოლიომიელიტი ჰქონდა. მას მერე დაინვალიდდა. თუმცა ავადმყოფობამ სწავლაში ხელი არ შეუშალა, ბუდაპეშტის უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. ჩაბა მეგობარი იყო, რომელიც მოგზაურობის დროს ეხმარებოდა. სერგოს შევატყვე, რომ ლასლოს დანახვაზე გული აუჩუყდა. მაშინაც კი ათვალიერებდა, როცა კომპოტს შეექცეოდა.

მე ზუსტად ვიცოდი მისი რეაქცია – ფარაჯანოვი ბუტაფორიად იმას გადააქცევდა ხოლმე, ვისაც სახელი და გავლენა ჰქონდა, იმას ატყუებდა და ტროლავდა. თორემ ლაცი, ფარაჯანოვის სახლის კიბეზე ძლივს რომ ავიყვანეთ, არც მარჩელო მასტროიანი იყო, არც ივ სენ ლორანი და არც სოფიკო ჭიაურელი. ერთი უბრალო პროფესორი იყო, რომელსაც სხეულის ერთი ნაწილი წართმეული ჰქონდა. არა, ასეთ ხალხს ფარაჯანოვი არ ერჩოდა. მხოლოდ ათვალიერებდა. პატარა ბავშვივით.

– რა ვიცი. ზეგ გაგრაში მივდივართ. დღეს მცხეთაში ვიყავით. ხელოვნების მუზეუმი ნახეს. გალერეაში საშემოდგომო გამოფენაა, ხვალ დავათვალიერებინებ.

 – რა უნდა ანახო იქ? „არ გავცვლი ჩემსა სამშობლოს სხვა ქვეყნის სამოთხეზედა?“

ამ წინადადების თქმას დიდი დრო მოუნდა. არ ვიცი, სიტყვებს იხსენებდა თუ უბრალოდ ღადაობდა. თუმცა, აკი ვამბობ, ფარაჯანოვისთვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა სიტყვებს. მთავარი იყო, ამას როგორ ამბობდა. წამოწოლილი. კომპოტის თითქმის ცარიელი ქილით ხელში. სიტყვებს შორის, პაუზებში, ისევ ეცვლებოდა მზერა, თითქოს რაღაც წამოსტკივდებოდა ხოლმე.

«Грузия сошла с ума. Впрочем, Армения тоже».

ამ სიტყვებით გამოგვაცილა.

ფარაჯანოვს რომ მოესწრო და იმ არეულ დროში ფილმი გადაეღო, ეს იქნებოდა ისევ „შიშის კარდიოგრამა“, „კარდიოგრამა შფოთვისა“. „შუშანიკს“ არ მიაკარეს, მაგრამ მისცეს თავისი ბიოგრაფიის გადაღების უფლება. ერთი სცენა დაასრულა მხოლოდ – გარდაცვლილი დედის გამოსვენება მშობლიური სახლიდან, სოლოლაკში. ეს სცენა აღმოჩნდა უკანასკნელი მის შემოქმედებაში. თითქოს მოასწრო და გადაუღო სახლს, რომელიც აღარ არსებობს.

მძიმედ ავადმყოფი, აქედან გადაიყვანეს სწორედ ერევანში, სადაც გარდაცვალების შემდეგ მუზეუმი აუშენეს. ახლა ეს მუზეუმი გახდა სომხეთის დედაქალაქის ლამის მთავარი ღირსშესანიშნაობა. იქ მიჰყავთ სტუმრები მისი კოლაჟების, მისი თოჯინების, ქუდების – მისი მაიმუნობის სანახავად. ექსპონატი ბევრია. თუმცა არაა ერთი ექსპონატიც კი, რომელიც სერგო ფარაჯანოვის ნამდვილ სახეს წარმოაჩენს, გაგვახსენებს სიტყვებს, რომლებსაც ყველაზე ხშირად იმეორებდა სიცოცხლის ბოლოს: „რას მაქებთ და მადიდებთ, რა გიხარიათ, დამანებეთ თავი!“

ტექსტი: გოგი გვახარია (რადიო თავისუფლება, სპეციალურად ინდიგოსთვის)
ფოტო: იური მეჩითოვი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა