გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #შიში

შიშის პეიზაჟები | ინტერვიუ არქიტექტორსა და ქალაქის მკვლევართან ნანო ზაზანაშვილთან

რკინის კარი, რომელსაც ორი კლიტე აქვს, ზედა და ქვედა, ღამით ორივეზე იკეტება.

გისოსები, რომელიც აივანს და ფანჯრებს იცავს და ღამით ბოქლომი ედება. ამობრუნებული ნალი კარის თავზე – როგორც დაცულობის დამატებითი გარანტი.

ჯვრის სტიკერი სადარბაზოში – იმის ნიშნად, რომ ნაკურთხია ბინა.

სქელი ფარდა ფანჯარაზე სავსემთვარეობისას – ახალშობილი რომ მთვარის შუქისგან დავიცვათ.

ადამიანი ათასწლეულებია აწყობს პირად და საზიარო სივრცეს შიშთან გასამკლავებლად. აშენებს ბარიერებს და ღობე-ყორეს თავდასაცავად. რაზეა დამოკიდებული უსაფრთხოების შეგრძნება თანამედროვე ქალაქში, როგორ ამძაფრებს შიშის განცდას ნაპრალი სოციალურ ფენებს შორის, როგორ იყენებენ ძალაუფლების ინსტრუმენტად შიშს ქალაქგეგმარებისას და შესაძლებელია თუ არა ურბანული მოწყობა ისე, რომ განეიტრალდეს შიში, რაც სიმჭიდროვეში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთის მიმართ ოდითგანვე აქვთ?

 

თ.ბ.: შეიძლება თუ არა, მოვხაზოთ შიშის გეოგრაფია ქალაქში – სად ჩნდება საფრთხის შეგრძნება?

ნ.ზ.: გააჩნია, ალბათ, ვინ ჰყვება ქალაქის ამბავს. ამ ბოლო დროს მე სულ იმაზე ვფიქრობ, რომ ქალის და კაცის პერსპექტივიდან დანახული ქალაქი სხვადასხვანაირია. თბილისის ომის შემდგომი ამბები დედაჩემის ბიძას რომ აღვაწერინე, ლაპარაკობდა ვერიდან ნაძალადევში ფეხით სიარულზე (რადგან ტრანსპორტი არ იყო), საქმის გარჩევებზე, შერიგების სუფრებზე, რისთვისაც ერთი უბნიდან მეორეში გადადიოდნენ და ეს იყო საზღვრის გადალახვა ერთი სივრციდან მეორეში. დეიდაჩემის მონათხრობში კი – 1960-70-იან წლებში – ჩანდა სიფრთხილე და ის, თუ როგორი სარისკო იყო წასვლა გადამყიდველებთან ლესელიძის მიდამოებში მაშინ, როცა რაღაც არ იშოვებოდა ჩვეულებრივ მაღაზიაში. „ლესელიძეზე მივდიოდით“ – ეს მისთვის მოიცავდა პატარა და უცნობ შესახვევ-გამოსახვევებს, იქაურობას აღწერდა, როგორც უცხოს და სახიფათოს. საერთოდ, საბჭოთა კავშირის იმ წლებში, სანამ მოწესრიგდებოდა თბილისის ისტორიული ნაწილი, ძველ უბნებს ზუსტად ასე უყურებდნენ – როგორც ჯურღმულებს, ბარაკებს, სადაც ცუდი საცხოვრებელი პირობებია. იქაურობას 1930-იან წლებში დაწერილი ქალაქის განვითარების გენერალური გეგმაც ასე წარმოაჩენდა – ისტორიულ ნაწილს არავითარი ღირებულება არ გააჩნია, უნდა დაინგრეს, მისგან უნდა გაიწმინდოს ქალაქი. დამოკიდებულება მოგვიანებით შეიცვალა, რასაც ძველი უბნების პოპულარიზაციაც მოჰყვა. იქაურობა თანდათან უფრო ტურისტული გახდა, მაშინდელი არქიტექტორები გარკვეულ ნიუანსებსაც იგონებდნენ და ამატებდნენ თბილისის ნარატივსა და ისტორიული ქალაქის იდეას.

თ.ბ.: არქიტექტურას აქვს პოტენციალი, საზოგადოებას საკუთარი განსხვავებულობა და მრავალფეროვნება მიაღებინოს კიდეც, არა? ერთმანეთის მიმართ შიშის მოხსნაში დაეხმაროს. და თბილისსაც აქვს ეს მიმღებლობის ტრადიცია. წეღან რომ თბილისის მთავარი იდეა ახსენე, მისი ცენტრალური მითი, პირველ რიგში, ალბათ, სწორედ ამ პათოსს ეფუძნება – გახსნილობის და მშვიდობიანი თანაცხოვრებისას.

ნ.ზ.: რა თქმა უნდა, და ცდუნებაც კია, რომანტიზება არ დაიწყო იმისა, რასაც იოსებ გრიშაშვილის თუ აკა მორჩილაძის წიგნებში ვკითხულობთ თბილისის შესახებ; რომ თბილისის მოვლა ქუჩაში ფეხის დაუდგმელად, მხოლოდ ერთი მეზობლის ბანიდან მეორე მეზობლის ბანზე გადასვლით შეგეძლო და ბევრი ასეთი დეტალი.

თ.ბ.: ამ ბანიანი ქალაქის საპირწონედ მახსენდება ამას წინათ ჩემთვის აღმოჩენილი ნეოლითის ხანის ნაქალაქარი ანატოლიის მხარეში, ჩათალჰოიუქი, სადაც ტალახით ნაშენი სახლები უფანჯრო და უკაროა – შიგნით სახურავიდან ჩასასვლელებია დატანებული, სხვა მხრივ, აბსოლუტურად დახურულია გარესამყაროსთვის.

ნ.ზ.: პუებლოს ალიზის არქიტექტურაა ასევე დახურული – მასაც საერთოდ არ აქვს ღიობები, ან კიდევ ძალიან პატარა ფანჯრებია და ამის ძირითადი მიზეზი ორია, ორივე – თავდაცვითი. ასე იცავდნენ თავს, ერთი მხრივ, ცხელი კლიმატისგან და, მეორე მხრივ, ბოროტი სულებისგან, რადგან, მათი რწმენა-წარმოდგენით, გარესამყარო ბოროტი სულებით სავსე არეალია, სახლი კი დაცული ადგილი, რომელზე წვდომაც გარეშე თვალს არ უნდა ჰქონდეს.

თბილისი კი, ბანიანიც და აივნიანიც, ძალიან ღია ქალაქია, ბანი საჯარო სივრცეცაა, არა მხოლოდ ერთი ოჯახის – იქ ქორწილები იმართება, მხიარულობენ. და თბილისს აქვს აბანოების კულტურაც, რომელიც, თავისებურად, ასევე, საჯარო სივრცეა და თან სასტუმროს ფუნქციასაც ითავსებს – ვინც ჩამოვიდოდა და ღამის გასათევი არ ჰქონდა, იქვე იძინებდა. და რა არის ამ გვიანი შუა საუკუნეების თბილისში საფრთხის შემცველი? თუ არ ჩავთვლით თავდასხმებს, ალყას, გადაწვას თუ რბევას, რაც ცალკე თემაა, პირველ რიგში, სოციალურ ფენებს შორის განსხვავება ხდება საფრთხის წინაპირობა ყველა ქალაქში – „მაღალ და დაბალ“ სოციალურ ფენებს შორის ზღვრის გამოკვეთა, როცა დაბალი ყოველთვის საფრთხის შემცველია.

თ.ბ.: ყველა ქალაქში მოიაზრებენ ამ პირობით საზღვრებს, რაც ზოგჯერ ქალაქგეგმარებითი გადაწყვეტილებების გამო უნდობლობის საზღვრებადაც კი ინიშნება ხოლმე. ასე მოხდა თბილისშიც მას შემდეგ, რაც მოიშალა მდინარის, როგორც გამაერთიანებლის, როგორც მიმართების ობიექტის ფუნქცია; მას შემდეგ, რაც შეიცვალა მოედნებისა და ბაზრების დატვირთვა და სწორება დიდ ინფრასტრუქტულ პროექტებზე აიღეს. იყო თუ არა ასეთი გარდამტეხი პროექტი თბილისისთვის რკინიგზის გაყვანა?

ნ.ზ.: რკინიგზამ დიდი როლი ითამაშა ამ ქალაქის ფორმირებაში. პირდაპირ განაპირობა ახალი განაშენიანების გაჩენა მარცხენა სანაპიროზე და განაპირობა მისი სოციალური სტრუქტურაც – ნაძალადევი და მისი მიმდებარე მიკროუბნები ძირითადად მუშებით იყო, რკინიგზის სახელოსნო კი – ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მძლავრი საწარმო, რომელიც ამიერკავკასიის რკინიგზას უწევდა მომსახურებას. ამიტომ ეს კონტრასტიც არსებობდა ნაძალადევის დასახლებებს და მტკვრის აქეთ, ვთქვათ, რუსთაველის მიმდებარედ მცხოვრებ ადამიანებს შორის. საერთოდ, რკინიგზას ბევრ სხვა ქალაქშიც უქნია იგივე – ის აკავშირებს ვთქვათ ორ დაშორებულ პუნქტს, მაგრამ თან ჩიხურობას ქმნის მის მომიჯნავე სივრცეებზე – დეგრადირდება უშუალოდ მის სიახლოვეს განვითარებული უბნები. თუმცა, ეს გამოწვევაა, რომლის გადაჭრაც შეიძლება; შეიძლება ისე მოაწყო რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია, რომ სივრცეების გაჯანსაღებაც მოჰყვეს ამ ცვლილებებს.

ჩემი პირადი დაკვირვებით, მიუხედავად იმისა, რომ სულ არსებობდა სოციალური სეგრეგაციის ფორმები თბილისში, ის მაინც იყო ვერტიკალური სეგრეგაციის ქალაქი. ეს სეგრეგაციის ფორმაა, როცა პროცესი, პირობითად, ერთ შენობაში ხდება – სარდაფში ცხოვრობს ღარიბი ოჯახი, კარგ სართულებზე – შედარებით შეძლებული და სხვენში – ისევ ღარიბები. სანამ აშენდებოდა თბილისის მიკრორაიონები, სადაც ბინებს ძირითადად ცუდ საბინაო პირობებში მცხოვრები მოქალაქეები იღებდნენ, გვქონდა სწორედ ვერტიკალური სეგრეგაცია. და ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ერთ ეზოში, ერთ სივრცეში გაქვს შესაძლებლობა, შეხვდე „უცხოს“. ასე ის შენი ხედვის არეალში შემოდის, მის კულტურას ახლოდან აკვირდები. შეიძლება ამას მოჰყვეს მეზობლური კონფლიქტები, მაგრამ კარგი ისაა, რომ „უცხოს“ ადამიანის სახე აქვს, განყენებული და აბსტრაქტული არაა.

თბილისი ყოველთვის იყო მჭიდრო ქალაქი. თუ ეზოებზე გავაგრძელებთ ლაპარაკს, ხშირად იხსენებენ ქურთების ქორწილს, რომლებიც რამდენიმე დღეს გრძელდებოდა და ყველა ერთვებოდა რიტუალში. ესაა უმცირესობის მიერ საჯარო სივრცის დაკავების მაგალითი – დროებით ისინი ავსებდნენ ამ ქუჩას, ქმნიდნენ გაერთიანების განცდას.

პირველი მნიშვნელოვანი ჩარევა ამ ურთიერთობებში „ხრუშჩოვკების“ მშენებლობით დაიწყო 1950-იანების მეორე ნახევარსა და 60-იანების დასაწყისში. შედეგად, ეთნიკური უმცირესობებიც იღებენ ბინებს ამ ახალ კორპუსებში. ალბათ, ამიტომაც, ეს მრავალფეროვნება, რაც ეზოებში, ერთი მიკროსივრცეში იყო თავმოყრილი, მერე თითქოს განეფინა ამ ახალ კვარტალებს. ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნება, რაც მანამდე ჰქონდა ძველ თბილისს, მგონია, რომ ამ მიკრორაიონებმა თავის სივრცეში გაიწოვა. და დღესაც, რაღაც ფორმით, სწორედ იქ არის შემორჩენილი, ოღონდ სხვა ურბანულ მოცემულობაში; მხოლოდ როგორც სოციალური ანარეკლი იმისა, რაც ადრე თბილისურ ეზოს ჰქონდა.

ცვლილების ტალღა უკავშირდება გამჭიდროების პოლიტიკასაც – როცა, თუ დადგენილ ნორმაზე მეტი ფართი ჰქონდა ოჯახს, მათთან უნდა შეესახლებინათ სხვა – უბინაო მდგმური. გარკვეულ უბნებში ვერ მიჰყავდათ ბოლომდე ეს პოლიტიკა, რადგან ისედაც ყოველთვის ძალიან მჭიდროდ დასახლებული ქალაქი იყო თბილისი. ზოგან კი გამოსდიოდათ, სოლოლაკში, მაგალითად, და ერთ ხანს, საბჭოთა თბილისში, ამ გამჭიდროების პოლიტიკამაც შეცვალა უბნების სოციალური სტრუქტურა. მეტიც, უნდობლობის საფრთხეები გააჩინა. მაგალითად, შეიძლებოდა დამსმენი ყოფილიყო შენი კარის მეზობელი, ვისთანაც სამზარეულოს, საპირფარეშოს იყოფდი და ჩვეულებრივი კეთილმეზობლობა გმართებდა.

თ.ბ.: „ტერორი რომ რუტინული ხდება, ამით უფრო ძლიერდება, უფრო ღვივდება. ადამიანები ნორმალურობის ნიღბით იწყებენ ცხოვრებას მაშინ, როცა შიშის ქრონიკული მდგომარეობა აქვთ. ამ დროს ტერორი შიგნიდან იწყებს სოციალური ქსოვილის ფლეთვას… თვითცენზურა ხდება ადამიანის ცხოვრების თანმდევი ბუნება – თითქოს, ბენთჰამის პანოპტიკუმი გაუშინაგნებიათ“, – დამსმენ მეზობლებზე ეს ფრაგმენტი გამახსენდა ლინდა გრინის ნაშრომიდან, რომელსაც ჰქვია „შიში, როგორც ცხოვრების გზა“.

ნ.ზ.: ასეთი ტერორით სავსე და შიშის მეხსიერებით გაჟღენთილი პერიოდი ალბათ თბილისისთვის 1937 წლის რეპრესიების ხანაა. მაგ დროს ხდება ტერორი ყოველდღიურობის ნორმა, ჩვეულებრივდება საფრთხით ცხოვრება და ამის ამსახველი თითო ამბავი ყველას გვაქვს უშუალოდ ჩვენს ოჯახში თუ არა, სანაცნობოში მაინც. ბებია იხსენებდა რეპრესირებული ოჯახების ობლად დარჩენილ შვილებს, თავის მეგობრებს როგორ ჩუმად ეხმარებოდნენ – ღამით, შეუმჩნევლად მიუტანდნენ საჭმელს, დღისით არ იმჩნევდნენ. როცა ამ ამბებს ვისმენ, სულ წარმომიდგენია, რომ ქუჩებში მთელი ეს დრო, მთელი ტერორის პერიოდი, დაძაბულობა იგრძნობა. სიარულის მანერაც ფრთხილია. თითქოს ეს ქცევებზე ასახული შიშებია.

თ.ბ.: და გარკვეულწილად – გარემოზეც, თუნდაც გარემოს ხმებისგან დაცლაზე, რასაც აღწერ. საჯარო სივრცის ფუნქცია უქმდება, მას ამოავსებს საფრთხე.

ნ.ზ.: საჯარო სივრციდან კი სახლების ინტერიერებშიც აღწევს. ადამიანები აქრობენ შუქს სახლებში, რომ არ ჩანდნენ. შუაღამისას კაკუნი კარზე, ასევე, არის ტერორის სიმბოლო. შემდეგ, რაც უკვე ჩვენს საკუთარ გამოცდილებაში ვლინდება, სხვა ტიპის ტერორისადმი შიშია. 1990-იან წლებში, კრიმინალური გარჩევების ფონზე, უფრო დაყაჩაღების შიში ხდება წარმმართველი. საჯარო სივრცეს ამ დროს უკვე კრიმინალი იკავებს და ქცევაც შესაბამისად იცვლება: თავდაცვის ხერხი ხდება ის, რომ ბნელ მოსახვევს მოერიდები, მიწისქვეშაში არ ჩახვალ, გრძელ კაბას ჩაიცვამ, ქუჩის მეორე მხარეს გაივლი.

იყო თავდაცვის სხვა ხერხებიც. ჩვენს ეზოში სროლა რომ დაიწყებოდა, იატაკზე გავწვებოდით, ფანჯრებისგან მოშორებით. გისოსები არ გვქონდა, მაგრამ ჩვევები გვქონდა გამომუშავებული, რომელთაც ვიყენებდით კონკრეტულ სიტუაციაში.

თ.ბ.: თუმცა, გისოსების არქონაც თავდაცვის თავისებური ხერხი იყო. გისოსები არ მაქვს, ესე იგი, დასამალიც არაფერი გაქვს.

ნ.ზ.: რასაკვირველია, შენიღბვის სტრატეგიები არსებობდა და ჯერ კიდევ საბჭოთა წლებიდან მოსდევდათ ეს ადამიანებს. იმ თაობისგან ხშირად გაგვიგია, თუ ვიღაცას მეტი ქონება ჰქონდა და ვერ გამოაჩენდა, ნიღბავდა, თითქოს, არ ჰქონდა.

თუმცა, ჩვენი თაობის ადამიანებისთვის, მაინც უფრო ღია, ხელშესახები საფრთხეებია კოლექტიურ შიშებად დალექილი. ჩემთვის ქუჩაში გაგონილი მამაკაცების ლაპარაკის სპეციფიკური მანერა იწვევს უსიამოვნო განცდას, რომელიც ძალადობასთან ასოცირდება. ანდა გასროლის უეცარი ხმა, ან წითელი შუქის წყვეტილი ციმციმი.

თ.ბ.: და დგება მომენტი, როცა ადამიანები უნდობლობას არქიტექტურასა და გარემოზე თვითონვე ასახავენ; როცა ქალაქგეგმარება კი არ ქმნის დაპირისპირებულ არეალებს და შიშის საზღვრებს არქიტექტურა კი არ აფართოებს, არამედ ადამიანები შიშთან გასამკლავებლად თავად იწყებენ ჩარევას ფიზიკურ გარემოში – თვითნებურ მშენებლობებს, დაშენებებს ვგულისხმობ.

ნ.ზ.: გარაჟებია ამის ყველაზე მეტყველი მაგალითი. შეიძლება ტერორის მძაფრ შინაარსს ისინი არ ატარებდეს, მაგრამ ქონების, ღირებულების დაცვის სურვილი კი ნამდვილად განაპირობებს მათ გაჩენას.

ვისაც ფული ჰქონდა, ცხაურებით იცავდა ამ გარაჟებს, ვიღაცა – ბოქლომით; რომ არ ამოეცალათ მძარცველებს ბენზინი, მაგნიტოფონი, აკუმულატორი, რომ არ წაეყვანათ თვითონ მანქანა.

დროთა განმავლობაში ალტერნატიული ფუნქციით დავტვირთეთ გარაჟები – სასაწყობე სივრცედ გადაიქცა, დღეს ის ზოგჯერ მარანია, ზოგჯერ სამეზობლოს კაცების შეკრების ადგილი. ყველაზე მეტი გავლენა სწორედ გარაჟებმა დატოვა საუბნო სივრცეებზე. ისინია 90-იანების მღელვარების და საფრთხეების ფიზიკური გამოვლინებაა.

თ.ბ.: თითქოს, დაცვის ამ ხერხებმა, ფანჯრებზე გისოსებმაც, რკინის კარებმაც და ცხაურებიანმა გარაჟებმაც, ადგილი სხვა მეთოდებს დაუთმო, არა? ერთი მხრივ, გვაქვს თუნდაც ქუჩის სათვალთვალო კამერები, თავისი ორბუნებოვანი ეფექტით – თან უსაფრთხოების ხერხია და თან უნდობლობის, თვალთვალის ქვეშ ყოფნის გამო – სტრესის წყარო.

და, მეორე მხრივ, გვაქვს ჩაკეტილი სამეზობლოები, სადაც ჰომოგენურ საზოგადოებაში ცხოვრების სიმშვიდეს, კრიმინალისგან და „გარე, უცხო სამყაროსგან“ დაცულობის შეგრძნებას ყიდულობენ ადამიანები, ბინებთან ერთად.

ნ.ზ.: დღეს ახალი ტექნოლოგიები არსებობს დაცვის მექანიზმებად, კამერები, დისტანციური მართვის პანელები. მაღალი მესრით შემოსაზღვრული კერძო სახლები კი ჯერ ინდივიდუალურად ჩნდება ხოლმე და ასე მოხდა ჩვენთანაც. წყნეთის ოთხმეტრიანი ღობეები იყო ამის პირველი მაგალითი 90-იან წლებში, საირმის გორაც და ნელ-ნელა სხვა ჩაკეტილი უბნებიც ასე აღმოცენდა. თან არაა აუცილებელი, მხოლოდ მოშორებით გაჩენილ ახალ დასახლებებზე ვილაპარაკოთ. შიგნით, ქალაქშიც შეიძლება შეხვდე მიკროუბანს, სადაც შეიძლება არ გაგატარონ, შლაგბაუმით გადაგიღობონ გზა, რადგან არ ხარ ამ სამეზობლოს წევრი და ვერ გაივლი. ამით, თითქოს, ანკლავები იქმნება ქალაქის შიგნით და ქალაქის გარეთ, ამოგლეჯილი წერტილები ჩნდება, ისინი არ თავსდება საერთო სოციალურ და ურბანულ ქსოვილში, იზოლაციისკენ მიისწრაფვის და იქ მცხოვრები ადამიანების დაცულობის უზრუნველსაყოფად იქმნება.

კერძო სკოლა არის ამ მხრივ ძალიან მეტყველი სივრცე ჩემთვის – ჩაკეტილი, კონტროლირებადი ტერიტორია, სადაც შევუშვებ ბავშვს, წამოვიყვან და მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ იქიდან ჩემს მისვლამდე არსად გავა. თუ რამე მოხდა, ვიცი, პასუხი ვის მოვთხოვო, რადგან ფულს ვიხდი დაცულობაში. ეს, ალბათ 90-იანებში გაზრდილი ადამიანებისთვისაა განსაკუთრებული სიმშვიდის გარანტი, ვინც დღეს არიან თვითონ მშობლები და კიდევ უფრო განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბიჭი შვილები ჰყავთ. ეს ადამიანური გამოცდილებებია, რომლებიც ჩვენ ყველას მოგვყვება და გარკვეულწილად ჩვენს გადაწყვეტილებებსაც განსაზღვრავს განსაკუთრებით მაშინ, როცა ახალი კრიზისის მოახლოებას ვგრძნობთ. მგონი, პანდემიის პირველივე თვეებში აღმოვაჩინეთ, რომ ლოკდაუნის დროს ბევრ ადამიანში სწორედ 90-იანების დროინდელმა შიშებმა გაიღვიძა და პირველი ინსტინქტები, რაც გაგვიცოცხლდა, ირაციონალურად სწორედ მაშინდელ გამოცდილებას და პრაქტიკას დაუკავშირდა. საკვების მომარაგება თუნდაც. მეც პირველი, რაც გავაკეთე, კომბოსტოს მწნილი ჩავდე – ზუსტად ისე მოვიქეცი, როგორც ბაბუაჩემი აკეთებდა 90-იანების კრიზისში იმ იმედით, რომ ლობიოსთან ერთად ეს მაინც გვექნებოდა. თითქოს, ხელახლა დაბრუნდა საფრთხეები ამ კრიზისთან ერთად და, შესაბამისად, მაშინდელი საყოფაცხოვრებო სივრცეებიც აქტუალიზდა – მნიშვნელობა დაუბრუნდა სარდაფებს, „ჩულანებს“ – მარაგის შესანახ კუთხე-კუნჭულებს.

თ.ბ.: 90-იანების შიშების ფიზიკურ მანიფესტაციაზე როცა ლაპარაკობდი, მაშინ გამახსენდა და არ შეიძლება გვერდი ავუაროთ დევნილთა კომპაქტურ დასახლებებს – ეს ადგილებიც იმ კულტურული საფრთხის თუ მიუღებლობის სიმბოლოებად ხომ არ შეიძლება დავინახოთ, რაც დევნილებში ჩადო თავისი წილი კრიზისებით სავსე თბილისურმა საზოგადოებამ?

ნ.ზ.: ეს დაპირისპირებების გაჩენის ახალ მოტივად იქცა საზოგადოებაში, პირველი საცნაური ნიშანი ლაპარაკის მანერა იყო, რაც „ძალიან ხვდებოდა ყურში“ და ნელ-ნელა სივრცეეების, კონკრეტული შენობების მიმართ დამოკიდებულებაზეც აისახა. სასტუმრო „ივერია“, სადაც დევნილები შეასახლეს, ჩვენი ქვეყნის სახე გახდა, რომლისთვის თვალის გასწორება არავის უნდოდა. ხშირად ისმოდა ქალაქში უკმაყოფილება, რომ რა მდგომარეობაშია „ივერია“, სირცხვილია, სტუმარი ჩამოდის, რას ხედავს – მისი მიჩქმალვის, თვალთახედვიდან მოცილების მოწოდება ისმოდა სულ. და მერე უკვე, სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, პირველი, რაც გადააკეთეს სწორედ რესპუბლიკის მოედანი იყო. თუმცა, მოცილების თუ განდევნის ამ სურვილით, პირიქით, უკეთ გამოიკვეთა მდგომარეობა, რაშიც ვიყავით. ცენტრში მას იმდენად ვეღარ ვხედავდით და ვგრძნობდით, რადგან აღარ იყო „დევნილების “ივერია”“. სამაგიეროდ ვეჩეხებოდით სხვა, პერიფერიულ სივრცეში და ეს შეხვედრა დავიწყებულ რეალობასთან, კიდევ უფრო მოულოდნელი ხდებოდა ცენტრში მცხოვრები ადამიანებისთვის. ახლაც ასეა – კიდევ უფრო შოკის მომგვრელია კომპაქტური ჩასახლებები გალამაზებული ცენტრის მიღმა, რომლებიც დღემდე არსებობს.

თ.ბ.: 90-იანური ჰოლივუდური ფილმის „მაკრატელხელება ედვარდის“ ვარდისფერი ფასადები გაიხსენა ერთ კვლევაში ავტორმა, როცა საუბრობდა იმაზე, რომ პერსონაჟის მარგინალობის გამოსაკვეთად ის დასახლება, სადაც ედვარდი უნდა მიიღონ, სპეციალურად ერთგვაროვანი ფასადით შეამკეს – გარშემო ყველაფერი ნორმალურია, მხოლოდ ედვარდია ამოვარდნილი. ეს ურბანული გარემოს სტანდარტიზება ხშირად, ალბათ, პოლიტიკური აქტია?

ნ.ზ.: ამის მაგალითად ვარდების რევოლუციის პირველ წლებში დაწყებულ ურბანულ ტრანსფორმაციაზე შეგვიძლია ვისაუბროთ. რესპუბლიკის მოედნის შეცვლა ვახსენეთ და „ანდროპოვის ყურების“ დანგრევაც თავდასხმა იყო საბჭოთა წარსულზე. ეს ამაზრზენი შესახედაობის კორპუსები უნდა გავალამაზოთ, გაჩნდა ასეთი ლოზუნგები. ფერადი, მანათობელი აივნები, კიჩი, რომელიც მკაცრი და კატეგორიული პრინციპებით მართლდებოდა. დაიწყო პოლიციის შენობების ტრანსფორმაციაც. პოლიციის განყოფილებები ხომ ძალადობის სივრცეები იყო, სადაც ძალიან მძიმე და სასტიკი დანაშაულები ხდებოდა. მათი გადაკეთება, გამჭვირვალე შუშის კედლებით შემოსვა იყო განაცხადი, ქვეყნის მოდერნიზაციის არქიტექტურაში ფიზიკური ასახვის მცდელობა და შეტყობინება – პოლიციის ახალი სისტემაც იცვლება. თუმცა, სწორედ ამ გამჭვირვალე შენობების მაგალითზე ვნახეთ, რომ არქიტექტურაში ხშირადაა სიმბოლური ნიშნები, რაც თავისთავად ვერ უზრუნველყოფს ნამდვილ შინაარსს, ამ შემთხვევაში – უსაფრთხოების განცდას, ნდობას სისტემის მიმართ.

თ.ბ.: დღეს რა არის შიშის მომგვრელი ამ ქალაქში?

ნ.ზ.: დღეს თბილისის ისტორიული ნაწილია შიშის მომგვრელი იმ თვალსაზრისით, რომ შენობების მდგომარეობაა ძალიან მძიმე. ბევრი ადამიანი ცხოვრობს ამ შიშის ქვეშ, რომ შეიძლება სახლი ჩამოენგრეს. ეს აიძულებს მოსახლეობას, წავიდეს და ვინც რჩება, ხელმოკლე მოსახლეობაა და შიშობს, რომ თუ გავლენ ამ სივრციდან, დაკარგავენ საცხოვრებელს. საბინაო ფონდის საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია დევნილებთან და უსახლკაროდ დარჩენილ სხვა ჯგუფებთან მიმართებითაც. ტურისტიფიკაციაა კიდევ ისტორიული ნაწილისთვის საფრთხე, რაც სოციალურ სტრუქტურას ამ უბნებში მკვეთრად ცვლის.

კიდევ რჩება თბილისში არეალები, რომლებზეც არ ვფიქრობთ ხოლმე, როცა ქალაქზე ვიწყებთ საუბარს. შიშის საზღვრებზე რომ ვლაპარაკობდით, ისეთი სიმძაფრით არა, როგორც ამერიკულ ქალაქებში იყო, მაგრამ ჩვენთანაცაა ურბანული ანკლავები, სადაც თავს უცხოდ, დაუცველად ვგრძნობთ და წასვლას ვერიდებით. გვაქვს უბნები, სადაც ვიცით, რომ ნარკოტიკული საშუალებებით ვაჭრობენ, ვთქვათ. ცენტრალური რკინიგზის სადგურისა და ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიებია ჩემთვის კიდევ თვალშისაცემი უთანასწორობის, შესაბამისად, საფრთხის შემცველი არეალები. განსაკუთრებით საღამოობით, როცა ვაჭრობა მთავრდება და როცა იქაურობას სიცარიელე ავსებს. ამ დროს იქ გავლა არ არის თითქოს უსაფრთხო. თანაც ბევრი ჯგუფისთვის რჩება იქაურობა ბრძოლის სივრცედ და სულ სხვადასხვანაირი შიშის წყაროებს აჩენს – ვინც იქ გარევაჭრობაშია ჩართული, სხვანაირად განიცდება მათთვის საფრთხე, ვინც სექსმუშაკია – სხვანაირად გრძნობს ამას. ამ სივრცეების მოწესრიგება ყველა მერისთვის, თითქოს, იმიჯის ნაწილია. იმ ადამიანების განდევნა ხდება ხოლმე თვითმიზანი, ვინც ამ საჯარო სივრცით ირჩენს თავს.

თ.ბ.: რას გაურბიან ამ ქალაქიდან დღეს?

ნ.ზ.: თბილისიდან გაქცევა გარკვეული ფენისთვის საკუთარ პრივილეგირებულებაზე ხაზგასმაა, ურბანული გარემოდან გაქცევის სურვილი აშკარად საგრძნობია ჩვენთან. და ისიც მკაფიოდ ჩანს, რომ შეხების წერტილები სოციალურ ჯგუფებს შორის სულ უფრო იზღუდება.

2009 წლიდან მოყოლებული მიდის ჩვენთან ველური ურბანიზაციის პროცესი, რამაც შედეგად მოიტანა საჯარო სივრცეების პრივატიზაცია და ურბანული სივრცის ტოტალური დეგრადაცია. ვგულისხმობ იმას, რომ კატასტროფულად შემცირდა სივრცეები ქალაქში, სადაც ადამიანები ერთმანეთს ხვდებიან, სადაც სიმწვანე და სარეკრეაციო არეალებია. და ასეთ გარემოში ეკოლოგიური საკითხი ხდება გადამწყვეტი – პრივილეგირებული ფენა როცა არჩევანს აკეთებს ქალაქიდან გასვლის სასარგებლოდ, ხშირად ამას უსვამს ხაზს: ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობა ისეთია, მირჩევნია სიმშვიდეში და სიწყნარეში, საცობებისგან მოშორებულ სივრცეში გავზარდო შვილები.

საგულისხმოა ისიც, რომ ხშირად ის ჯგუფები, რომლებიც თვითონ მონაწილეობენ ურბანული სივრცის დეგრადაციაში, რომლებიც იღებენ მატერიალურ სარგებელს ამ სივრცეებიდან, თვითონვე გაურბიან თავისივე შექმნილ სივრცეებს. ჩვენ გვიტოვებენ ამ სივრცეებს ამოწურული რესურსივით, გამოწოვილი პოტენციალით, კულტივაცია რომ ხელახლა სჭირდება და სადაც გადიან, იმ ადგილებსაც, სავარაუდოდ, იგივე ბედი ელის.

HBH
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა