სიმხდალე და სულმოკლეობა სოხუმში
27.09.2022 | 3 წუთიანი საკითხავი1992 წლის ნოემბერს, გაზეთ საქართველოს რესპუბლიკამ გამოაქვეყნა ცნობა მოღალატის დახვრეტის შესახებ. მოგვიანებით, იგივე გადაიცა ტელევიზიით. ბრალდებული 28 წლის თბილისელი ბიჭი, გია ხაჩირაშვილი იყო, რომელიც სოხუმში საძმოსთან ერთად 28 ოქტომბერს ჩავიდა და 102-ე ბატალიონში ჩაირიცხა. საბრალდებო დასკვნის მიხედვით, 1992 წლის ორ ნოემბერს მან და კიდევ ორმა ადამიანმა თვითნებურად მიატოვა საგუშაგო და მოწინააღმდეგის მხარისკენ გაეშურა. საათნახევრიანი სიარულის შემდეგ, მოწინააღმდეგემ ცეცხლი გაუხსნა, რის გამოც ბრალდებული ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში მათ სახელმწიფო საიდუმლოება გასცეს:
„მოწინააღმდეგის შტაბში მათ წარადგინეს აფხაზეთის ტოპოგრაფიული რუკა, სადაც აღნიშნული იყო საქართველოს შეიარაღებული ძალების განლაგება. [...] რუკაზე აჩვენეს სუსტად გამაგრებული ადგილები, საიდანაც მტრის შემოპარვა შეიძლებოდა. მოწინააღმდეგემ მათი სიმხდალე და სულმოკლეობა გამოიყენა და ბრალდებული გამოიყენეს მეგზურად, წამოიყვანეს 600-700 კაცი სოფელ შრომის მიმართულებით სუსტად გამარგებულ ადგილას.[...] ხაჩირაშვილი (სამშობლოს ღალატის მუხლით) ცნობილ იქნა დამნაშავედ და მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - სიკვდილით დასჯა.“
ეს საბრალდებო დასკვნა „საველე სასამართლომ“ გამოიტანა. ბრალდებულს არც ადვოკატი ჰყოლია, საქმეს - არც პროკურორი და არც რეალური მოსამართლე. საველე სასამართლოს გამართვა ეწინააღმდეგებოდა საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევა იყო. განაჩენს ხელი მოაწერა „საველე სასამართლოს“ თავჯდომარემ, გია ებიაშვილმა, გვარდიის პოლკოვნიკმა და სასამართლოს წევრებმა. მეორე დღეს, 10 ნოემბერს, განაჩენი ხალხის თვალწინ მოიყვანეს სისრულეში.
ხუთი დღის შემდეგ იმავე საველე სასამართლომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა რუსეთის მოქალაქეს, ვიტალი გლადკიხს. ისიც დახვრიტეს. თავდაპირველად სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი. მალე კი მიხვდნენ, რომ ეს აბსურდული ბრალდება იქნებოდა, ბრალი ხელახლა წაუყენეს და დივერსანტობა დასწამეს. თითქოს მან 50 ათასი დოლარის ქრთამის სანაცვლოდ ჩრდილო კავკასიიდან აფხაზების სასარგებლოდ ორი დიდი დაჯგუფება გადმოიყვანა. ბრალდება - დივერსია, არ პასუხობს წარდგენილ ბრალეულობას... საველე სასამართლომ მას საკუთარი საფლავი გაათხრევინა და ხალხის თანდასწრებით დახვრიტა.
ოჯახმა შვილის დახვრეტის ამბავი ტელევიზიით შეიტყო, თუმცა იმ დროს ვერაფერი მოიმოქმედეს. გიას მშობლები, როგორც მოღალატის დედ-მამა, სამსახურებიდან გაათავისუფლეს.
მხოლოდ წლების შემდეგ მიიტანეს მშობლებმა საქმე სასამართლომდე. 2002 წელს გია ხაჩირიშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. რეალურად მოვლენები ასე განვითარებულა: 2 ნოემბერს გია სამ ადამიანთან ერთად, მათ შორის ოცეულის მეთაურ ვლადიმერ სელეპანოვთან ერთად, სადაზვერო მისიაზე გავიდა. უკანა გზაზე კი ჩასაფრებაში მოჰყვნენ, მეთაური დაიღუპა. მებრძოლებს ბოლოს ტყვიები გაუთავდათ და ტყვედ ჩავარდნენ. გიამ როგორღაც შეძლო ტყვეობიდან თავის დაღწევა და საკუთარ თანამებრძოლებს შეუერთდა. 9 ნოემბერს უკანონოდ შექმნილმა საველე სასამართლომ, ებიაშვილის თავჯდომარეობით, მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.
სასამართლომ 2002 წელს დაადგინა, რომ გია მეთაურის ბრძანებით სადაზვერო ამოცანით იყო გასული და 11 საათზე ტყვედ ჩავარდა. აფხაზებმა კი შეტევა 5 საათზე დაიწყეს - აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგე ვერ შეძლებდა ასეთ მოკლე დროში 600-700-კაციანი დაჯგუფების მობილიზებას. გია ვერც საკუთარ პოზიციებს ვერ გასცემდა, რადგან მან არ იცოდა რუკის წაკითხვა. აფხაზეთში სულ რამდენიმე დღის ჩასული იყო და არც იქაურ ტერიტორიას იცნობდა კარგად. „ჩემი შვილი წერდა, ვისთან ერთად წავიდა დაზვერვაზე, შემდეგ რომ ტყვედ ჩავარდა და ხელს აწერდა. ღალატზე იქ არაფერი ეწერა. როცა მოვითხოვე, შვილის ცხედარი ეჩვენებინათ, მითხრეს, ნუ გეშინია, ქართული წესით ბაბუშერაშია დასაფლავებულიო, ახლა არეულობაა და ერთ კვირაში ჩამოდიო. დათქმულ დროს მეუღლესთან ერთად ისევ ჩავედი სოხუმში, მაგრამ სასამართლოს თავჯდომარესთან შეხვედრა ვერ მოვახერხე. მთელი თვე იქ ვიყავით. ბოლოს დავადგინეთ ადგილი, სადაც ჩემი შვილი უნდა ყოფილიყო დასაფლავებული. იქაურებმა და ბავშვებმაც მიგვითითეს, აქ დახვრიტესო. ზემოდან მიწა იყო მიყრილი, ცალი ფეხი უჩანდა. ჩემმა მეუღლემ მიწა ამოთხარა, ცხედარი ამოვიღეთ, თავი მოჭრილი ჰქონდა, მუცელი გაფატრული. რატომღაც ვგრძნობდი, ეს ჩემი შვილი არ იყო, მეუღლე მარწმუნებდა, ჩვენი არისო. ჩასაცმელი გავჭერი, მაინტერესებდა, ეცვა თუ არა ის მაისური, რითაც სახლიდან გავუშვი. ამ დროს ხელზე სვირინგი ჰქონდა - „ვიტალი“, მეორე ხელზე კი ციფრები ეწერა, ალბათ, დაბადების წელი. მერე გავიგეთ, რომ სხვაც დაუხვრეტიათ, ცხედარი ღრმად დავმარხეთ და წამოვედით“, ჰყვება ხაჩირაშვილის დედა.
გია ხაჩირაშვილი სასამართლომ რეაბილიტირებულად სცნო, თუმცა ჩადენილი დანაშაულისთვის პასუხი არასდროს არავის უგია.
გამოყენებული მასალები
გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა, უკანონო სტრუქტურის უკანონო გადაწყვეტილება, 10/02/2009;
ჟურნალი არსენალი, აფხაზეთში ღალატისთვის დახვრეტილი, ათი წლის შემდეგ უდანაშაულოდ ცნეს, 21/01/2011;
გაზეთი Коммерсантъ, В Грузии расстрелян гражданин России, 17.11.1992.