გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ეთნოსოფელი სისა ტურა
თეგები: #სამეგრელო

„სისა, სისა, სისა ტურა“ ანუ სამეგრელო ერთ ეთნოსოფელში 

პირველად გამოქვეყნდა ჟურნალში The Adventurer

ოქოთომეს მუ გოკოდუ,
სი ეშმაკი ჭიჭე ტურა!
ღორონთქ ვაგაჭყორასუ დო,
ქოთომეფი ვაკომჭკუმა.
სისა, სისა, სისა ტურა

შეუძლებელია, ეს ცნობილი მეგრული ჰიტი არ გაგახსენდეს ჩხორიაში, როცა ეთნოსოფელ „სისა ტურას“ ეწვევი.  სანამ  დანიშნულების ადგილამდე მივიდოდი, მეც მთელი გზა ამ სიმღერას ვღიღინებდი. თურმე სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება:

საქათმეში რა გინდოდა, 
შე ეშმაკო პატარა ტურავ,
ღმერთი არ გაგიწყრეს და 
ქათმები არ გადამიჭამო
სისა,სისა,სისა ტურა 
(ანუ იგივე „გადი აქედან, ტურავ“)

ღიღინ-ღიღინით ეთნო-სოფელსაც მივუახლოვდით. ვხედავ - ეზოს ჭიშკართან დგანან ქალი და კაცი. ქალს ხელში წვრილად დაჭრილი ყველი უჭირავს. კაცს - ხის პატარა არყის ჭიქები, რომლებშიც ჭაჭა ასხია. უტლიმატუმი ასეთია: სანამ არ დალევ და არ დაილოცები, ეზოში ვერ შეხვალ!

სხვა რა გზაა - ვსვამთ ჭაჭას, რომელიც მართლა ცეცხლივითაა.  ვაყოლებთ ყველს, ვლოცავთ ჩვენს ჩამოსვლას და მათ დახვედრას და მხოლოდ ამის შემდეგ ვიღებთ „ვიზას“ ეთნო-სოფელში შესასვლელად. 

„ეს, ჭითანავების საგავრეულო  წისქვილია, აქაურობის აკვანს ვეძახი. სულ პირველად აქ მარტო ეს წისქვილი იყო და ამან შთამაგონა, ეთნოგრაფიული სოფელი გამეკეთებინა“, - მეუბნება მარიკა თოდუა, “სისა ტურას” იდეის ავტორი და დიასახლისი.

მარიკამ და მისმა ქმარმა სამი წლის განმავლობაში აგროვეს ფული და საქმე ბოლომდე მიიყვანეს. 

მსგავსი კონცეფციის სახლის ჩამოყალიბების იდეა მარიკას მას მერე გაუჩნდა, რაც ტურისტულ ბიზნესში მიიღო გამოცდილება და ზუგიდიდში ერთ-ერთ პირველ ჰოსტელს უძღვებოდა. 

„ბევრი ტურისტი მეკითხებოდა მაშინ, არ არის სადმე ისეთი სივრცე, სადაც ახლოს გავიცნობთ მეგრულ კულტურას?“ - იხსენებს მასპინძელი. მაშინ გადაწყვიტეს მარიკამ და მისმა ქმარმა, ერმილე ჭითანავამ საქმე ბოლომდე მიეყვანათ. სამი წლის განმავლობაში აგროვეს ფული და მერე “სისა ტურა” გახსნეს - სოფელ ჩხორიაში 3 ჰექტარზე გადაჭიმული 3 სხვადასხვა აგრო-ტურისტული სივრცე. 

ქართული ჩოხა

ამ სამიდან პირველი ეთნოგრაფიული ზონაა, სადაც სამეგრელოსთვის დამახასიათებელი რამდენიმე საცხოვრებელია მოწყობილი. აქ ნახავთ მეგრულ ოდას და პიტაფიცარას. „ პიტაფიცარა“ იგივე გოდორი, მეგრული საცხოვრებელი სახლია, ჯარგვალის გაუმჯობესებული ვარიანტი. როცა გლეხი ჯარგვალიდან გოდორში გადადიოდა, ეს მისთვის დიდ წარმატებად მიიჩნეოდა. 

„სისა ტურას“ ეთნოგრაფიულ სივცრეში უამრავი ნივთია: ძველი, გაყვითლებული გაზეთებით დაწყებული, მეგრული ჩოხებით დამთავრებული. როგორც მარიკა ამბობს, ეს ნივთები მისი მამამთილის, გურიელ ჭითანავას მოუძიებია და შეუნახავს. გურიელს ამ მხარეში ყველა იცნობს. ის ცნობილი ფოლკლორული ანსამბლის „ჩელას“ წევრია. თავად საცხოვრებელი სახლები კი,  მარიკამ და მისმა ქმარმა წალენჯიხის სოფლებში იპოვეს და მათ მიხედვით აღადგინეს. 

„ეს ცოცხალი მუზეუმია. სტუმარს შეუძლია ყველა ნივთს ხელით შეეხოს, მოსინჯოს, მოამზადოს სადილი, ჩაიცვას ჩოხა, დაიძინოს აქაურ საწოლში და კარგადაც მოიხლინოს, მეგრულ სიმღერებს ცოცხლად მოუსმინოს“, - ჰყვება „სისა ტურას“დიასახლისი.

სოფელი სისა ტურა სამეგრელოში



მეორე სივრცე რეკრეაციულია - ხელოვნური ტბით, რომელზეც ჭითანავების საგვარეულო წისქვილიდან უნდა გადახვიდე. აქ მოსულ სტუმარს ტბაზე გასეირნება, თევზის დაჭერა და ბოლოს ყავის დალევაც შეუძლია. ტბა ლამაზია. მარიკა ამბობს, რომ მისმა ქმარმა ტბას საგანგებოდ კუნძული „შეუქმნა“. 

მესამე სივრცე, აგრო-სივრცეა. აქ შეგიძლიათ სამეგრელოსთვის დამახასიათებელი ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები ნახოთ. აქვე შინაური ცხოველები ჰყავთ. მეგრული სოფლის ცხოვრება აქ მთელი სისავსით ყვავის. 

“სისა ტურა” საოჯახო ბიზნესია. მარიკას დისშვილი, თინეიჯერი გოგო, მისი ძმა, მარიკას ბიცოლა და ოჯახის სხვა წევრები მუშაობენ.

„ბევრი სტუმარი მოდის, მაგრამ ხუთი სტუმარიც რომ მოვიდეს, კარგია. მინდა, ხალხს საქართველოს გული ვანახო; ვანახო, როგორი სტუმართმოყვარეობა შეგვიძლია. ფული იმდენი არ მაქვს, მაგრამ ძალიან ბევრი მეგობარი შევიძინე. შვეციარიელები, იტალიელები, პოლონელები. აქ შოუს ვახვედრებთ - ვმღერით და მოსწონთ მეგრული სიმღერა“, - მიყვება ქალბატონი მედეა, მარიკას  ბიცოლა. მას გულზე სისა ტურას წარწერა გაუკრავს და ელარჯს ისეთი მონდომებით ზელს, სულ რომ დაპურებული იყო, მაინც მოგშივდება. 

აქაური მენიუ ჩემთვის შედევრია. თუმცა მეგრული კერძების გასინჯვის გარდა, თავად შეგიძლიათ ელარჯის, გებჟალიას და მეგრული ხაჭაპურის ხელოვნებას დაეუფლოთ. 

ეს სერვისები სხვადასხვა ფასი ღირს, ამიტომ ამ თემაზე “სისა ტურას” თავად მისწერეთ. აქ მოხვედრა ზუგდიდიდან ან მესტიიდან შეგიძლიათ. თუმცა, მარიკას უნდა, რომ “სისა ტურაში” სულ სვანეთში მიმავალი ან უკან დაბრუნებული ტურისტები კი არ მიდიოდნენ, არამედ ისეთები, ვისაც მიზანმიმართულად მეგრული კულტურის გაცნობა უნდა. 

სოფელ ჩხორია ზუგდიდიდან დაახლოებით 11 კილომეტრშია. ზემო ეწერის გასაყარზე, ქვემოთ, ხრეშიან გზაზე უნდა გადაუხვიოთ და იქ დაგხვდებათ ნამდვილი სამეგრელო - “სისა ტურა”.  მარიკა თოდუას თქმით, მას უნდოდა ისეთი მეგრული სიტყვა გამოეყენებინა სახელწოდებაში, რომელიც ყველასთვის ნაცნობი, ახლობელი და ადვილად დასამახსოვრებელი იქნებოდა. თანაც, ესეც რომ არა, თურმე, ამ ადგილას ტურები მართლა კივიან. ჰოდა, აქ ნამდვილი „სისა ტურაა“ პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც. 

ფოტო: დავით ბანცაძე, ნინო კვირიკაშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა