
სიყვარული მომავალში
07.07.2016ქალების ემანსიპაცია, ერუდიციის განსხვავებული დონე ქალსა და მამაკაცს შორს და ონლაინ სასიყვარულო საიტები – ამ ფაქტორების ერთობლიობა ბოლო წლებია მთლიანად ცვლის სიყვარულის ჩვენთვის კარგად ნაცნობ მოტივებს. მეტიც, მათ გამო მთლიანად იცვლება ჩვენი სასიყვარულო და ეროტიკული მისწრაფებები; სურვილი გვიჩნდება, შევქმნათ ეთიკის ახალი წესები და, ვინ იცის, ჩამოვაყალიბოთ სიყვარულის ახალი პოლიტიკაც კი.
აბა, დაფიქრდით, თქვენს სამეგობროშიც მოიძებნება თუ არა განათლებული, კარგსამსახურიანი და ეშხიანი გოგო, რომელიც, თქვენდა გასაოცრად და მისდა სამწუხაროდ, ვერა და ვერ პოულობს შეყვარებულს? ან, თუ მამაკაცი ხართ, მიპასუხეთ, ვიდრე ბოლოს და ბოლოს შეყვარებულს იპოვიდით, მიეწყო თუ არა ერთმანეთს ხანმოკლე, ხელმოცარული ურთიერთობების ვრცელი რიგი? ნუთუ ყოველდღე ტინდერის თვალიერებისას, არ ოცნებობთ მარადიულ სიყვარულზე? საინტერესოა, გრანდიოზულ ცვლილებად გეჩვენებათ თუ არა თქვენი ოროთახიანი, მყუდრო ბინის გადაცვლა ქალაქგარეთ აგებულ კერძო სახლზე, რომლის ეზოშიც ბავშვები ბატუტზე ხტუნაობენ? თუ ასეა, იცოდეთ, მარტო არ ხართ. უფრო მეტიც, თქვენ უკვე პირისპირ დგახართ აშკარა სოციალური ტენდენციის წინაშე: ჰეტეროსექსუალური ურთიერთობის მოდელი, რომლის მიხედვითაც ვხვდებით, გვიყვარდება, ერთად გადავდივართ საცხოვრებლად, ვქმნით ოჯახს – თვალსა და ხელს შუა იცვლება და ამ ცვლილებას სერიოზული ეთიკური, შესაძლოა ეკონომიკური და პოლიტიკური შედეგებიც მოსდევს.
ქორწინების ნაცვლად დღეს უკვე ერთ განსაკუთრებულ ადამიანს ვეძებთ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, „მონათესავე სულს“,
– „სცენარიოსთან“ საუბარში ამბობს ერიკ ლინენბერგი, რომელიც ნიუ იორკის უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროფესორია. „შესაფერისი მეუღლის პოვნა არც ადრე იყო ადვილი საქმე, – დასძენს ლინენბერგი, – თუმცა, სადმე წაუსვლელად, იქვე, საახლობლოში ეს მაინც შესაძლებელი იყო. დღეს კი, მზად ვართ, სასურველი მეწყვილის გამოჩენას წლების განმავლობაში ველოდოთ, ანდა ვიმოგზაუროთ, შორს, უცხო მხარეებში. ისტორიული თვალსაზრისით, ეს ძალიან დიდი კულტურული ძვრაა“.

ერიკ კლინენბერგის წიგნს მოგვიანებით დავუბრუნდებით („სიყვარული ჩვენს დროში“ კლინენბერგმა შარშან გამოსცა კომედიანტ-პერფორმერ აზიზ ანსარისთან ერთად). ახლა, ჯონ ბირგერს გაგაცნობთ – ნიუ იორკში მცხოვრებ ჟურნალისტს და ავტორს წიგნისა, რომელსაც თავად ასე უწოდებს: ყველაზე არარომანტიკული წიგნი სასიყვარულო შეხვედრების შესახებ. ესაა „პაემნების ეკონომიკა: როგორ გადაიქცა პაემანი არათანაბარი რიცხვების თამაშად“.
როგორც ხშირად ხდება, ამ წიგნს საფუძვლად ავტორის გაოცება დაედო. ის დაქორწინდა, შეეძინა შვილები და ცოლთან ერთად, გასართობი მოიგონა – მეგობარ-ნაცნობებს ერთმანეთს ურიგებდა. თუმცა მალე გააკვირვა ერთმა გარემოებამ – მამაკაცების პოვნა ძალიან უჭირდათ. მეტიც, მალე საერთოდ გამოელიათ კაცები მაშინ, როცა მარტოხელა ქალები კიდევ საკმაოდ დარჩათ და ეს ქალები სულ უფრო მეტ სასოწარკვეთილებაში ვარდებოდნენ, რადგან ვერა და ვერ პოულობდნენ მეწყვილეს. ბირგერმა იგივე ტენდენცია შენიშნა რედაქციებში, სადაც თვითონ მუშაობდა. კაცებს, რომლებიც ისედაც უმცირესობაში იყვნენ, თან ოჯახებიც ჰყავდათ. ქალები კი, თავიანთი საოცნებო სიყვარულის საპოვნელად მოთმინებით დადიოდნენ პაემნიდან პაემანზე, თუმცა პარტნიორები ხან აბუჩად იგდებდნენ, ხან ღალატობდნენ, ხან კი სულ ვერავის ხედავდნენ ჰორიზონტზე; ყოველ შემთხვევაში, ვერავის ისეთს, ვინც ამ ქალებივით განათლებული და წარმატებული იყო.
დასავლური ქვეყნების მონაცემების კვლევისას, ბირგერმა ერთ საგულისხმო ტენდენციას მიაგნო: მამაკაცებზე გაცილებით მეტი ქალი იღებს უმაღლეს განათლებას.
OECD-ის 2012 წლის კვლევამაც ეს დაადასტურა – უმაღლესი განათლების ხარისხის მფლობელთა შორის 60 პროცენტი ქალია.
ბირგერი მსჯელობისას სწორედ ამ სტატისტიკას ეყრდნობა. როდესაც ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მქონე ქალები პარტნიორის ძებნას თავიანთ სოციო-ეკონომიკურ გარემოში ცდილობენ, იქ გაცილებით მეტი ქალი ხვდებათ.
„ასეთი გენდერული თანაფარდობა თან ამცირებს ჰეტეროქალების შანსს, იპოვონ პარტნიორი და თან ცვლის მათ სასიყვარულო ქცევასაც“, – ამბობს ბირგერი.
რატომ რჩება სულ უფრო მეტი ქალი კენტად, რატომ ქორწინდებიან უფრო გვიან, ანდა რატომ იწყებენ ხანგრძლივ ურთიერთობებს უფრო დიდ ასაკში? ამ კითხვებს ბევრი რამ უნდა ჰქონდეს საერთო ხანმოკლე, ზოგჯერ ერთღამიანი რომანების კულტურასთან, რომელსაც ამერიკაში „მხოლოდ ლოგინის კულტურასაც“ ეძახიან. ვინც ამ თამაშს იწყებს, უფრო სექსუალური პარტნიორის პოვნა სურს, ვიდრე – ხანგრძლივი სიყვარულის.
მეცნიერულად მტკიცდება, რომ როდესაც კაცები ჭარბობენ, კულტურა გაცილებით რომანტიკული და მონოგამიურია, მამაკაცები თავს ევლებიან ქალებს; მაგრამ როდესაც ქალია მეტი, სასიყვარულო შეხვედრებიც ნაკლებად მონოგამიური, უფრო ღია და აღვირახსნილი ხდება
– ამბობს ბირგერი.
„პაემნების ეკონომიკაში“ ის სასიყვარულო ურთიერთობის რამდენიმე თავისებურებას აღწერს და უმეტესწილად ამერიკულ კოლეჯებს აკვირდება, რადგან ოთხწლიანი სასწავლო პროცესის დროს სტუდენტები სულ ერთსა და იმავე სტუდქალაქში ცხოვრობენ და ამიტომ სასიყვარულო ქცევებსა და სქესთა გადანაწილებას შორის კავშირიც უფრო მკაფიოდ იკვეთება.
„ყურადღებით შევისწავლე კალტეკის (კალიფორნიის ტექნოლოგიების ინსტიტუტის) მდგომარეობა, სადაც ორ ქალზე სამი მამაკაცი მოდის და სასიყვარულო ურთიერთობები ხშირად მყარი და ხანგრძლივია. კალტეკს ვალენტინობის შემდეგ ვესტუმრე და მოვისმინე ისტორიები იმის შესახებ, რომ სავალენტინო ბარათებს ბიჭები გოგონებს საკუთარი ხელით უმზადებდნენ, უშუალოდ ვალენტინობის დღეს კი დილაადრიან დგებოდნენ, შეყვარებულებისთვის თბილ-თბილი ბლინები რომ დაეხვედრებინათ. თუმცა მსგავსი არაფერი ხდება ნიუ იორკის უნივერსიტეტისთანა სასწავლებლებში, ანუ იქ, სადაც ქალების სიჭარბეა. ცხადია, ასეთ ინსტიტუტებში ერთღამიანი ურთიერთობების ტენდენციაა“, – ამბობს ბერგერი.

გარწმუნებთ, ბევრს იხალისებთ, თუ მაგისტრის წოდებაგანაღდებული მამაკაცი ბრძანდებით, რადგან თავად ბერგერიც კი იმოწმებს კვლევებს, რომელთა მიხედვითაც ადამიანებს უკეთესი სექსი აქვთ, როცა სქესთა თანაფარდობა ქალების სიჭარბისკენ იხრება. თუმცა, ამ კარგ სქესს ერთი ნეგატივიც ახლავს, დასძენს ბერგერი:
აშკარად იკვეთება, რომ როცა ქალები არიან უმრავლესობაში, კაცებს უფრო მეტად უჩნდებოდათ სურვილი, მათ მხოლოდ როგორც სექსის ობიექტებს, ისე მოექცნენ
ამ ტენდენციას აშშ-ში ცხარე დებატები მოჰყვა, კონსერვატორებმა პაემნების აპლიკაციები, მათ შორის Tinder-ი, საშინლად გააკრიტიკეს იმ მოტივით, რომ ეს აპლიკაციები სექსუალიზებული პაემნების კულტურას უწევენ პროპაგანდას და მყარი ურთიერთობის ჩამოყალიბებას აფერხებენ. ბირგერის აზრით კი, საპირისპირო ხდება. Tinder-ი ასეთი პოპულარული მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ ქალებსა და მამაკაცებს შორის რაოდენობრივი შეუთავსებლობა უკვე სახეზეა, რაც სიყვარულისა და ურთიერთობების კულტურას უფრო უმსუბუქებს მორალს. მისი აზრით, ამავე შეუსაბამო თანაფარდობის გამო ვხვდებით სულ უფრო და უფრო მეტ მარტოხელა ქალს, და ქორწინების თუ ხანგრძლივი ურთიერთობების ასაკიც სწორედ ამიტომ იწევა.
„სიტუაცია ძალიან ჰგავს თამაშს „მუსიკა და სკამი“, – ამბობს ბირგერი, – წარმოიდგინეთ, რომ თავიდან 30 კაცი და 40 ქალი გვყავს. 20 ქალი 20 კაცზე მაშინვე ქორწინდება, შესაბამისად, 10 კაცი 20 ქალთან გვრჩება, ანუ პარტნიორის პოვნის შანსი 75-დან 50 პროცენტზე ეცემა. კიდევ ხუთი კაცი და ქალი იქორწინებს და თანაფარდობა უკვე 5:15-ზეა, ანუ კაცის პოვნის 3-დან მხოლოდ ერთი შანსი რჩება. ქალებისთვის ეს რიცხვების უსამართლო და სასტიკი თამაშია. რაც უფრო დიდხანს ელოდებიან რჩეულს და არავის ხვდებიან, სულ უფრო ნაკლები შანსი რჩებათ, რომ ოდესმე გაუმართლებთ. ჩვენ გარშემო, ახლა, სწორედ ეს ხდება“.
ხოლო ნიუ იორკის უნივერსიტეტელ ერიკ კლინენბერგსაც რომ ვკითხოთ, გვეტყვის, რომ ხანგრძლივი, მყარი სასიყვარულო ურთიერთობის კულტურაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს ის ფაქტი, რომ ახალგაზრდებს ქორწინება საკუთარი მშობლებისგან გამოსაყოფად, დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად უკვე აღარ სჭირდებათ.
„60 წლის წინ, თუ საკუთარ ოჯახს არ შექმნიდი, როგორც წესი, შინ რჩებოდი, მშობლებთან ერთად, შესაბამისად, ბოლომდე გიწევდა მათი წესებით ცხოვრება. ამიტომაც ახალგაზრდები დაქორწინებას ჩქარობდნენ – საამისოდ, მყარი საფუძველი ჰქონდათ. თუმცა დღეს ასე აღარ ხდება და წარმოიდგინეთ, აღარც ქალების შემთხვევაში –
ქალს მშობლების სახლისგან თავდასახსნელად კაცი უკვე აღარაფერში სჭირდება. გამოდის, რომ ადამიანის ცხოვრების ფაზებს ერთი, სრულიად ახალი ხანა დაემატა; ხანა, რომელსაც მეცნიერები გახანგრძლივებულ ახალგაზრდობას არქმევენ“, – ამბობს კლინენბერგი.
როგორ იქცა პაემანი თამაშად
„თანამედროვე რომანში“ კლინენბერგმა აზიზ ანსარისთან ერთად მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ფოკუსჯგუფების კვლევა დაიწყო. მათ სურდათ, ენახათ, როგორ იყენებენ ადამიანები ამ თავიანთ „გახანგრძლივებული ახალგაზრდობის“ წლებში სიყვარულის ნაირ-ნაირ შანსებს. ინტერნეტპაემნების და ტინდერის თემა იქაც წამოიჭრა.

„აშშ-ში ონლაინშეხვედრების საიტები პოტენციური მეწყვილის პოვნის ძირითადი სივრცეა და ეს საიტები კიდევ უფრო პოპულარული ხდება, რადგან ახალგაზრდებმა ტინდერსა და მსგავს აპლიკაციებს წინა წლებში მიკერებული სტიგმა ჩამოაშორეს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უფრო მსუბუქ თამაშად გადააქციეს. ასე რომ, თუ წინათ ონლაინშეხვედრების საიტებზე მხოლოდ სერიოზული ურთიერთობის საპოვნელად შედიოდნენ, ახლა ონლაინპაემნებს ათასგვარი მიზნით ნიშნავენ – ზოგს ახალი მეგობრების გაჩენა უნდა, ზოგს – სექსი და დიდად არ აქვს მნიშვნელობა, ვისთან, ზოგს კი – ისევ მონათესავე სულის პოვნა.
მიუხედავად ამისა, ბოლომდე მაინც არ ამართლებს მოსაზრება, რომ ციფრული თაობა ამ ახალ წლებში თავს თევზივით ლაღად გრძნობს. კლინენბერგის თქმით, იმედგაცრუება, დაბნეულობა და ყოყმანი ხელიხელჩაკიდებულები მიაბიჯებენ ახალი, შთამაგონებელი და სახალისო შეხვედრების გვერდით.
„ადამიანთა მოდგმას შეხვედრების, ჟიმაობის, ოჯახის შექმნის ათასწლოვანი გამოცდილება აქვს, მაგრამ ამ ახალ ტერიტორიაზე ნიადაგს ჯერ სულ რამდენიმე წელია, ვსინჯავთ, და კიდევ უფრო ახალბედები ვართ ახალ ტექნოლოგიებში, რომელსაც უკვე აღარასდროს ვიშორებთ გვერდიდან. არადა, ჯერ არ გამოგვდის კარგად. ამიტომაც დაბნეულობა და სტრესი ადვილად გვერევა“.
სურვილის ასრულება თუ გადარჩენა
და მაინც, გაუგებარია, რატომ ებღაუჭებიან ადამიანები მარადიული სიყვარულის იდეას. იმიტომ, რომ ამ აკვიატებას ევოლუციის ლოგიკა მართავს, – ამბობს ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ასგერ ნოიმანი.
„ის {სიყვარული} თავიდანვე ადამიანთა მოდგმის გადარჩენის საშუალება იყო. გადარჩა ის ადამიანი, ანუ ყველაზე მეტად სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა მისი გენი, ვინც უერთგულა პარტნიორს და შვილებისა და საერთოდ მომავალი თაობის გაზრდასა და გადარჩენაზეც იზრუნა, – ამბობს ნოიმანი, – ეს რომ ნამდვილად ასე მომხდარიყო, ბუნებამ შექმნა მექანიზმი, რომელსაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით და ამიტომაცაა, რომ ერთგულებაზე დაფუძნებული, ხანგრძლივი სიყვარულის მაგალითებს თითქმის ყველა კულტურაში ვხვდებით“.
ნოიმანის ანალიზის მიხედვით, რომლის საფუძველიც ევოლუციური ფსიქოლოგიაა, მთავარი სიახლე ჯერ კონტრაცეპციის გამოგონება, შემდეგ კი მისი დემოკრატიზაცია გახლავთ – ჩვენ სექსი გავმიჯნეთ გამრავლებისგან. შედეგად, ჩვენი გენების გადარჩენაზე ზრუნვის სიმძიმე ორ სხვადასხვა სტრატეგიაზე გადავანაწილეთ.
ერთია გრძელვადიანი სტრატეგია, ანუ ისეთი პარტნიორის პოვნა, ვინც მოსიყვარულე მშობელიც იქნება; და მეორე – მოკლევადიანი გათვლა, რაც კაცების შემთხვევაში ნიშნავს მაქსიმალურად ბევრი ქალის განაყოფიერებას, ქალებისთვის კი – ოვულაციის დროს – საჩქაროდ დაორსულებას.
მაშინ, როცა დღეს სექსს მხოლოდ გააზრებული არჩევანის შედეგად მოჰყვება ბავშვის გაჩენა, კაცებს ხელი მაინც არ ეშლებათ მოკლევადიან სტრატეგიას გაჰყვნენ. პარალელურად, ისიც აშკარაა, რომ გრძელვადიან ურთიერთობაზე გადასვლა ეჭვებით სავსე პროცესია და ხშირად ასიმეტრიულიც ხდება – ერთს მეორესთან ყოფნა უფრო მეტად სურს, ვიდრე პირიქით.

ხანგრძლივი ურთიერთობების გადადება და მარტოხელების რიცხვის ზრდა გახლავთ მთელ განვითარებულ მსოფლიოში შობადობის მაჩვენებლის კლების მნიშვნელოვანი მიზეზი. დემოგრაფებისა და ეკონომისტების გათვლებით, არსებული პოპულაციის პირობებში, ქალები საშუალოდ 2.1 შვილს უნდა აჩენდნენ, დემოგრაფიული სტატუსკვოს შესანარჩუნებლად. ევროკავშირის ქვეყნებში, ევროსტატის მიხედვით, ეს რიცხვი 1.5-ია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 1960 წელს ქალები დასავლეთ ევროპის ქვეყნებში საშუალოდ 2.5 და 2.8 ბავშვს აჩენდნენ. ისევ ევროსტატის მიხედვით, ეს ნიშნავს იმას, რომ 2014 წელს 2.5 მილიონით ნაკლები ბავშვი გაჩნდა, ვიდრე – 50 წლის წინ.
„ეს ევროპის ერთ-ერთი უსერიოზულესი ეკონომიკური გამოწვევაა“, – ამბობს არჰუსის უნივერსიტეტის ეკონომიკის პროფესორი ტორბენ მ. ანდერსენი.
„მოსახლეობის კლებას ქვეყნებისთვის, რომელთაც შედარებით გამართული საყოველთაო კეთილდღეობის სისტემა აქვთ, დრამატული შედეგები მოაქვს. ასეთ ქვეყნებში, დასაქმებულები ინახავენ მათ, ვისაც არ სურს, ან არა აქვს მუშაობის საშუალება. ვიდრე მოსახლეობა მრავლდებოდა სისტემის ჩამოყალიბების პარალელურად, ყველაფერი რიგზე იყო, რადგან პროპორციულად იზრდებოდა მათი რიცხვი, ვინც სისტემის განვითარებაში მონაწილეობდა, და მათიც, ვინც სისტემის სარჩენი იყო. როდესაც პირიქით ხდება, ირღვევა ბალანსი – მრავლდებიან დაუსაქმებელი ადამიანები და ამ შემთხვევაში, დაზოგვა გარდაუვალია“.
დღეს მთავარი კითხვაა, მოვესწრებით თუ არა ისეთი სიყვარულის პოლიტიკას, რომელიც ბავშვის გაჩენის ცდუნებასაც გაზრდის. აქ, ტორბენ მ. ანდერსენი დემოგრაფიის პრობლემის გადაჭრას მშობლებისთვის სოციალური პროგრამების და ბავშვებზე ზრუნვის სქემების შექმნით ხედავს. „ეს სქემები ოჯახის შრომითი ბაზრის მოთხოვნებთან შეთავსების საშუალებას იძლევა. ამიტომაცაა, რომ სკანდინავიურ ქვეყნებში შობადობა ისე არ შემცირებულა, როგორც მაგალითად გერმანიაში. ამ თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ სკანდინავიურმა მოდელმა შექმნა სიყვარულის პოლიტიკის მაგალითი – ან თუნდაც ოჯახზე მიმართული პოლიტიკა“.
ისევ ნიუ იორკში ვბრუნდებით, ჯონ ბირგერი მომავალს იმედიანად უყურებს. დროთა განმავლობაში, მოთხოვნა და მიწოდება დაბალანსდება, ფიქრობს ის, ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქალების რომანტიკულ-ეროტიკული გემოვნება შეცვლის მომავალს.
„შობადობის შემცირებაზე დარდი ლეგიტიმურია, თუკი გჯერათ, რომ ახალი მუდმივობის მიხედვით, უმაღლესი განათლების მქონე ჰეტეროქალების 30 პროცენტი არასდროს ქორწინდება. თუმცა, მე არ მჯერა ამის. მალე ვნახავთ, რომ ქალები მათზე ნაკლებად განათლებულ კაცებთანაც დაიჭერენ საქმეს. პრინციპში, ამას უკვე ვხედავთ ამერიკაში აფროამერიკელებს შორის, სადაც განათლების მხრივ სქესთა შორის დისბალანსი საშუალოზე დაბალია“, – ამბობს ბირგერი.
თუმცა ის სიყვარულის პოლიტიკაზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ ქალებსა და კაცებს შორის განათლების დისბალანსი შეიძლება შემცირდეს, თუ ბიჭები გოგოებზე გვიან შევლენ სკოლაში.
ნეიროფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ „გოგონების ტვინი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე ბიჭების“. გოგონები ამზადებენ დავალებებს, წესიერად იქცევიან და უსმენენ მასწავლებელს. ამიტომაც არიან უფრო მზად უნივერსიტეტისთვის. კვლევებმა კი გვაჩვენა, რომ ბიჭებმა, ვინც ერთი წლით გვიან შევიდა სკოლაში, ეს განსხვავება დაძლიეს და მათმა უმეტესობამ სწავლა უნივერსიტეტში განაგრძო. დიდი იმედი მაქვს, რომ ამას ყველანი კარგად გავიაზრებთ.
ერიკ კლინენბერგს არ ჰგონია, რომ ამჟამად ურთიერთობების ორ დიდ ეპოქას შორის, გარდამავალ ეტაპზე ვიმყოფებით. ეს უფრო ექსპერიმენტების ეპოქაა, სადაც მხოლოდ ერთი რამაა ცხადი: კენტად ცხოვრების კულტურა ტენდენციაა, რომელიც ჩვენ თვალწინ გაჩნდა და დიდხანს დარჩება კიდეც.
„საოცრად მომხიბვლელია საკუთარ ნებაზე ცხოვრება, და ამას ბევრი მიზეზი აქვს. პირველი: ადამიანები, რომლებიც მარტო ცხოვრობენ, უფრო სოციალურები არიან, ვიდრე დაქორწინებული წყვილები: მეტ დროს ატარებენ მეგობრებთან, მეზობლებთან კომუნიკაციაში, მოხალისეობენ სხვადასხვა ორგანიზაციაში. მარტო ცხოვრება არ ნიშნავს იზოლაციაში, მარტოსულობაში ყოფნას“.
ასგერ ნოიმანი სექსის ორსულობისგან გამოცალკევების ტენდენციას ასე აფასებს: „მალე ვნახავთ, რომ რომანტიკული კავშირები და სექსი ცალ-ცალკე ცნებებად დამკვიდრდება. ხანგრძლივი ურთიერთობები თავისი კლასიკური სახით კვლავ იარსებებს, მაგრამ უფრო ცოტა ადამიანი აირჩევს ამგვარ ცხოვრებას, ვიდრე 50 წლის წინ და კიდევ უფრო ცოტა – ვიდრე დღეს. ასეთი სასიყვარულო კავშირების ნაცვლად, უფრო ხშირად შევხვდებით სამუდამოდ მარტოხელად დარჩენილ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა ურთიერთობა ექნებათ. შევხვდებით პოლიამორუსებსაც – ერთდროულად რამდენიმე პარტნიორით; და კიდევ ხალხს ქორწინების მსგავსი, ფაქიზი, ინტიმური კავშირით ძვირფას მეგობართან, ოღონდ თან სხვა სექსპარტნიორები რომ ჰყავთ“, – ვარაუდობს ნოიმანი.
ინდივიდუალიზაციისა და პიროვნული მეს აქტუალიზაციის შედეგი იქნება ის, რომ ადამიანის სქესზე მეტად, მისი პიროვნება უფრო მიგვიზიდავს. ამიტომ უფრო გახშირდება თამაში გენდერული იდენტობებით – გვეყოლება უფრო მეტი ჰიბრიდი.
თუმცა ეს ყველაფერი კიდევ უფრო დააზარალებს ბავშვებს, – ამბობს ნოიმანი. „უკვე სახეზეა ეს ზიანი თუნდაც ძალიან მტკივნეულად გადასატანი განქორწინებების შემთხვევაში. თან მზარდი პრობლემაა. და დიახ, ბავშვების რიცხვი მართლა იკლებს. თუმცა, ამ ყველაფრის პარალელურად, ისიც აშკარაა, რომ იმატებს მარტოხელა ქალების რიცხვი, რომლებიც დამოუკიდებლად ზრდიან შვილებს და ასეთი ქალების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო მეტი იქნება. ასევე მჯერა იმის, რაც უკვე ჩანს – გვერდზე გამდგარი კაცები ამ ბავშვებისთვის მამობის როლს გარკვეულწილად მაინც ასრულებენ. ეს ტენდენციაც გაძლიერდება“, – ასკვნის ნოიმანი და დასძენს: „მოგვიწევს შევეგუოთ სრულიად ახალ ეთიკასა და კანონებს“.
ილუსტრაცია: მუსია ქებურია
სტატია პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „სცენარიოში“. მარტი, 2016