სპაიდერმენის ყულაბა | 17 წლის ნიკას ამბავი
17.06.2021ამ სეზონზე რთველში რა ფულიც ვიშოვე, არ დამიხარჯავს – მასწავლებლებისთვის გადავინახე, თებერვალში დავიწყე სწავლა. მოვემზადო მინდა, ჩავაბარო და მქონდეს პროფესია. მეღვინეობაზე მინდა და ვნახოთ, აბა. ბაბოს ძალიან გაუკვირდა, რომ გამოვხატე სწავლის სურვილი. თავიდან მრცხვენოდა, რომ მეთქვა. თითქოს რაღაცას ვაშავებდი. მერე ბაბომაც გაიკითხა მასწავლებლები. ჯერ კი ვერ ვეგუები, გადაჩვეული ვარ სწავლას და დამეზარება ხოლმე, მაგრამ თავს შევუძახებ – ვიცი, რომ მასწავლებლებს ახლა ჩემ ნაოფლარს ვუხდი.
თავისით მოხდა ასე, მე რომ დავიწყე მუშაობა. ოჯახიდან გამომდინარე მოხდა.
მეოთხე კლასში, დაბადების დღეზე მეზობელმა 20 ლარი მაჩუქა, იმ ფულით ბაბოს 2 კურდღელი ვაყიდინე და გამოვზარდე. ჩემი სახლის გვერდზე აკაციები დგა, მაგას მოვჭრიდი ხოლმე წალდით და ვაჭმევდი. რომ გაიზარდნენ, გავყიდე, 70 ლარი მომცეს. წავედით მე და ბაბო მაღაზიაში და პროდუქტები ვიყიდეთ. ეგ იყო დიდი ბედნიერება.
სულ გვიჭირდა. ბაბო რომ ლაპარაკობდა ხოლმე, ან მეზობელთან, ან ნათესავთან, ეს აკლიათ ბავშვებს, ის აკლიათ, მაგრად მწყინდა.