ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბავშვები

სპაიდერმენის ყულაბა | 17 წლის ნიკას ამბავი

ამ სეზონზე რთველში რა ფულიც ვიშოვე, არ დამიხარჯავს – მასწავლებლებისთვის გადავინახე, თებერვალში დავიწყე სწავლა. მოვემზადო მინდა, ჩავაბარო და მქონდეს პროფესია. მეღვინეობაზე მინდა და ვნახოთ, აბა. ბაბოს ძალიან გაუკვირდა, რომ გამოვხატე სწავლის სურვილი. თავიდან მრცხვენოდა, რომ მეთქვა. თითქოს რაღაცას ვაშავებდი. მერე ბაბომაც გაიკითხა მასწავლებლები. ჯერ კი ვერ ვეგუები, გადაჩვეული ვარ სწავლას და დამეზარება ხოლმე, მაგრამ თავს შევუძახებ – ვიცი, რომ მასწავლებლებს ახლა ჩემ ნაოფლარს ვუხდი.

თავისით მოხდა ასე, მე რომ დავიწყე მუშაობა. ოჯახიდან გამომდინარე მოხდა.

მეოთხე კლასში, დაბადების დღეზე მეზობელმა 20 ლარი მაჩუქა, იმ ფულით ბაბოს 2 კურდღელი ვაყიდინე და გამოვზარდე. ჩემი სახლის გვერდზე აკაციები დგა, მაგას მოვჭრიდი ხოლმე წალდით და ვაჭმევდი. რომ გაიზარდნენ, გავყიდე, 70 ლარი მომცეს. წავედით მე და ბაბო მაღაზიაში და პროდუქტები ვიყიდეთ. ეგ იყო დიდი ბედნიერება.

სულ გვიჭირდა. ბაბო რომ ლაპარაკობდა ხოლმე, ან მეზობელთან, ან ნათესავთან, ეს აკლიათ ბავშვებს, ის აკლიათ, მაგრად მწყინდა.

9 წლის ვიყავი, მე და ჩემი ძმა ბაბოსთან ერთად რომ დავდიოდით შინდის საკრეფად. ხან მაყვალზე წავიდოდით ხოლმე. ხუთლიტრიანი, პატარა ვედროები გვქონდა და ეგენი მიგვქონდა. ჩემი ძმა მე მეხმარებოდა, ჩემ ვედროში ყრიდა. შუადღისით აუტანლად ჩამოწვებოდა მზე. ბებიაჩემი მეზობელს სთხოვდა და ორლიტრიან ბოთლს მაცივარში შეყინავდა, ასე გაქვავებული ბოთლი მიგვქონდა, შუადღეს უკვე გამდნარი იყო და მაგით ვგრილდებოდით. ვედროებს რომ ავავსებდით შინდით, საღამოს სოფელში ჩამოვატარებდით. წინასწარ გვყავდა შეპირებული ოჯახები, ვიცოდით, ვისთვის უნდა მიგვეტანა, ხანაც უბან-უბან ჩამოვივლიდით და სახლებში ვეძახდით.

პატარა რომ ვიყავი, ხელებში ვუვარდებოდი ბაბოს, პაპას, ყველას. მოხმარება მიყვარდა, არ მეზარებოდა არაფერი.

ერთხელ, ზაფხულის არდადეგებზე ბებიაჩემს ვუთხარი, რამე წიგნი მომეცი, უნდა წავიკითხო-მეთქი. ჩემი კლასელები კითხულობდნენ, მერე მასწავლებლებს ეუბნებოდნენ, რა წაიკითხეს. ბაბომ „ხევისბერი გოჩა“ მომცა, ერთი-ორი ფურცელი კი წავიკითხე და მერე გვერდების თვლა დავიწყე, ვერ დავუდე გული.

ყველა სეზონზე სხვადასხვა საქმე გამომიჩნდებოდა ხოლმე, ზამთარში შეშის საწყობად დავყვებოდი ჩემ მეზობელს, ის ჩეხავდა და მე პირებად ვაწყობდი, საწყალს მერე ფეხი მოაჭრეს და ჩეხვითაც მე ვჩეხავდი და ვაწყობდი. თითო ოჯახში 2-3 პირს მაინც ვჭრიდი და ვაწყობდი ხოლმე, დღიური მუშის ანაზღაურება მქონდა, ხან ასე, ხან ისე.

შეშის დალაგების გამოცდილება სკოლაშიც მაქვს – ვინც ხშირად ვაცდენდით, ან არ ვსწავლობდით კარგად, იმათ გვამუშავებდნენ ხოლმე. სკოლაში შეშას რომ მოგვიტანდნენ, ვიცოდი, რომ მაგ დღით უეჭველი უნდა მივსულიყავი – წინასწარ მაფრთხილებდნენ. პადვალში ვეზიდებოდით და ვაწყობდით, თან ისეთი დაბალი ჭერი აქვს იმ პადვალს, თავს აარტყავ, სულ მოკუზულები დავდიოდით. ისეთი საშინელი ბუღი იდგა, ხველებ-ხველებით ვმუშაობდით. კლასებიდან რამდენიმე ბავშვი ვიყავით, სხვებსაც უნდოდათ გაკვეთილის გაცდენა, მაგრამ მერე მასწავლებელი გამოვიდოდა და იმათ დაუძახებდა და წაიყვანდა, ვინც კარგად სწავლობდა.

სკოლაში იშვიათად ვახერხებდი მისვლას, თუ ამინდი გაფუჭდებოდა და გარეთ ვერ ვისაქმებდი, მაშინ მივიდოდი, ან რამე გაუთვალისწინებელი თუ გამოვარდებოდა. მე-7-მე-8 კლასამდე უფრო ხშირად დავდიოდი, მერე სულ ვეღარ.

ქართულს და ისტორიას ვსწავლობდი, უფრო ეგ მაინტერესებდა, კიდევ ლექსები მიყვარდა. სტროფებს ვყოფდი ხოლმე, პასტით შემოვხაზავდი – აქამდე, მერე აქამდე. ეგ მიადვილებდა სწავლას.

სკოლაში რომც არ მივსულიყავი, ბოლოს ნიშანს მიწერდნენ, იცოდნენ, რომ არ მეცალა. ისე მიყურებდნენ: ამას რა მოვთხოვოთ, თავისი გაჭირვებიაო. ზოგი მასწავლებელი მსაყვედურობდა, ხანდახან გამოჩნდი მაინცო.

ერთხელ მათემატიკის მასწავლებელმა თქვა ჩემზე, ამას კარგი გონება აქვსო, ეგ დამრჩა კარგად.

ადრე სკოლის კარნავალშიც ვიღებდი მონაწილეობას და მეუბნებოდნენ, ცუდად არ გამოგდისო. მაშინ მსახიობობა მინდოდა.

ბავშვობაში უფრო მიჭირდა ფულის შეგროვება – საჭირო იყო, ხან რაზე გვეხარჯებოდა, ხან რაზე. რამდენჯერ მიცდია, ჩემი ნამუშევარი გადამედო ცალკე, მაგრამ ვერა. ყულაბაც მქონდა – სპაიდერმენის თავი იყო, იმაში ვყრიდი ხოლმე ორმოცდაათიანებს, ლარიანებს და ორლარიანებს, მერე რო გვჭირდებოდა, ხან მამა აცლიდა პინცეტით, ხან ბაბო და ხან მე. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ ვერ შევაგროვე.

ერთხელ ჩვენი სოფლის დღეობაზე წავედი, იქ ეკლესიასთან მოდიოდნენ მამალოს გამყიდველები, ლატარიები, მთელი სოფელი იქ იყრიდა თავს. ჩემი ნამუშევარი ფული მქონდა, 18 ლარი. ლატარიის კაცმა დამიძახა, აქეთ მოდი, ითამაშეო, შემიტყუა. სულ წავაგე ის ფული, ნაყინისთვისაც კი აღარ დამრჩა. ჩემს თავზე გავბრაზდი. ბაბოს რომ მოვუყევი, ისიც გამიბრაზდა, რას აყევი იმ აფერისტსო.

მე და ჩემი ძმა ბაბომ გაგვზარდა, პატარები ვიყავით, რომ დაშორდნენ დედა და მამა. ჩვენ მამასთან და ბაბოსთან დავრჩით. სულ ყველგან ბაბოს დავყვებოდით. ბაბო ერთ ქალს უვლიდა, იმ ქალის შვილები ქალაქში ცხოვრობდნენ და იშვიათად ჩამოდიოდნენ, ჩვენც მივყავდით ხოლმე – მე და ჩემი ძმა, იქ ვეჯექით, სანამ თვითონ მუშაობდა. სუნი იდგა რაღაცნაირი, ცუდი. მერე ბებიაჩემი გაწმენდას დაუწყებდა ამ ქალს სველი ტილოებით. მაგ დროს გვეტყოდა, გარეთ გადითო, ჩვენც გამოვდიოდით. მაგრამ ერთხელ შევიხედე ფანჯრიდან, გაწითლებული კანი ქონდა, ხორცი ლამის შეჭმული იყო, ახლაც მახსოვს ცუდად.

დედაჩემთან ურთიერთობა გონებაში მარტო ბუნდოვნად ჩამრჩა. აი, ერთი მომენტი მაგალითად – თბილისში ვიყავით, დედა უნდა გვენახა, ჩვენზე დედას ხელი ეკიდა, მერე რაღაცაზე იჩხუბეს მაგან და მამამ და ხელი გაგვაშვებინეს, ბებიაჩემმა და მამაჩემმა უკან წამოგვიყვანეს მე და ჩემი ძმა. იმის მერე მაინტერესებს, როგორი ურთიერთობა მექნება დედასთან, როცა ეგ იქნება, მაგრამ ამაზე რომ გავიფიქრებ ხოლმე, მერე ის აზრი მოდის, ბაბოს და მამას არ ვაწყენინო-მეთქი – ბაბომ გამზარდა და ეგ რომ გავუკეთო, არ მოეწონება.

მამაჩემი ცუდ წრეში ტრიალებს. ადრე მეშინოდა, ვერაფერს ვეუბნებოდი, ეხლა, რაც გავიზარდე, კამათი მოგვდის. ჩვენ კარგად გვექცევა, ისედაც რამე პრობლემა კი არ გვაქ ერთმანეთთან, თავის თავს აზიანებს უბრალოდ – სვამს. შრომას არ არის მიჩვეული. ბებიაჩემს და პაპაჩემს ეს ერთი შვილი ყავდათ და მე მაგას ვაბრალებ, გაათამამეს. ბაბოც იძახის, სულ ფოფინში ვზრდიდითო.

მე ფულს არ მართმევს, აი, ბებიაჩემი სამუშაოდან რომ მოვა, მისცემს ხოლმე, მაგრამ მეც ვაძლევ, რომ ვიცი, არ აქვს. რამდენჯერ მითქვამს, ამომიდექი გვერდში, უფრო კარგად არ ვიქნებით-მეთქი? მაგრამ ახლა უკვე ჯანმრთელობაც აღარ უწყობს ხელს.

მე რთველშიც დავდივარ, ფულიანში. წელს და შარშან მზიდავად ვიმუშავე, პლანებიდან ვედროები გამომაქ, ბებიაჩემი რომელ ბრიგადაშიც მკრეფავია, მეც იქა ვარ. ერთად დავდივართ. ორი ვედრა აქედან მიჭირავს, ორი იქიდან. ქალები მალე კრეფენ, ზოგჯერ მზიდავი ცოტაა და გატანას ვერ ვასწრებთ მანქანამდე. ბოლოს ფერდები ამტკივდება ხოლმე და ეგ გამაგებინებს, რო დაჯდომის დროა.

ერთი დღე 40 ლარი ღირს, წელს თითქმის თვე-ნახევარი ვიმუშავე, ხოდა ამ ნაშოვნი ფულით ვემზადები ახლა მასწავლებლებთან. მუშაობა და შრომა არ მეზარება, მაგრამ სწავლის სურვილი გამიჩნდა და ერთად ხო შეიძლება ეს ორივე გამომივიდეს, არა?

ჩემი მეზობელი ბაბოს სულ ეუბნება: ამ ბავშვს ადრე მოუწია გაზრდაო. რომ ვფიქრობ, ეგ თან კარგია, თან ცუდი.