ტონი მორისონის „სულა“ | რეცენზია
ქალაქის ფსკერი
ქალი ავტორებისთვის მცირე ადგილია გამოყოფილი კლასიკურ ლიტერატურაში. რომ აღარაფერი ვთქვათ შავკანიან ქალებზე, კლასიკური ლიტერატურის თაროები გადავსებული კაცი ავტორებით და როგორც ლიტერატურის, ასევე ისტორიის ფურცლებიდან მხოლოდ კაცების ხმა ისმის – იგულისხმება მაღალი კლასის წარმომადგენელი, დიდგვაროვანი მამაკაცები. მარგინალიზებულთა და მივიწყებულთა ხმები იკარგება, პოლიტიკური წესწყობილების გათვალისწინებით ყველაფერი სავსებით ლოგიკურია. კლასიკური ხანის ლიტერატურას და ისტორიას წერს ის, ვისაც წერა-კითხვის შესწავლის უფლება და საშუალება აქვს; აქ, რა თმა უნდა, არ შედიან ქალები და განსაკუთრებით დაბალი ფენის წარმომადგენელი ქალები. მათი შვილები, ძმები, მამები თუ ქმრებიც გამოთიშულნი არიან ამ პროცესს. თუკი არ ჩავთვლით ერთეულ გამონაკლისებს, მწერალი შემოფარგლულია საკუთარი გარემოცვით და საკუთარი ადგილით ამ გარემოცვაში, შემოფარგლულია საკუთარი გამოცდილებით, რომელიც მას აწერინებს: ის, რაც მამაკაცი ავტორისთვის სხვანაირად აღიწერება, სულ სხვანაირად ჩანს ქალი ავტორისთვის. აქ მთავარი მათი კლასობრივი მხარეა.
დაბალი ფენის წარმომადგენელ ქალს უფრო მეტი საერთო შეიძლება ჰქონდეს საკუთარ მამებთან, ქმრებთან თუ ვაჟიშვილებთან, ვიდრე ძალაუფლების ცენტრში მყოფ, დიდი კაპიტალის მქონე ქალებთან.
როგორც ტონი მორისონის რომანშია, შავკანიან ქალებს, რომლებიც ერთი ქალაქის ერთ-ერთ გეტოში ცხოვრობენ, უფრო მეტ საერთოს პოულობენ საკუთარ უბნელებთან, ვიდრე თეთრკანიან, მდიდარ ქალებთან. ამ საერთოობის და ნუგეშის ძებნით არის სავსე ტონი მორისონის „სულა“. აქ ვხედავთ ერთმანეთისგან თითქოს სრულიად განსხვავებულ ადამიანებს, რომელთა ცხოვრებებიც უხილავი ძაფებით ებმიან ერთმანეთს. ავტორიც ხომ ამას ამბობს წიგნის შესავალში, წიგნის მთავარი იდეაა, რომ ქალებმა ერთმანეთს მეგობრობა უნდა გაუწიონო. მაგრამ ეს ამბავი არ არის ლამაზი ამბავი ორი გოგოს ზღაპრულ მეგობრობაზე, ამ ამბავში რეალობა საკმაოდ უხერხულად იჭრება საკუთარი ტკივილნარევი ძვრებით და ამ ისტორიის რომანტიზების საშუალებას არ გვაძლევს.
* * *
წიგნი ქალაქის ერთი მხარის, მედალიონის ერთ-ერთი ნაწილის, ფსკერის უბნის ამბებს გვიყვება. ავტორი თხრობას ამ უბნის დასასრულით იწყებს, უფრო კონკრეტულად, იმ პერიოდით, როცა ეს უბანი უკვე მიწასთანაა გასწორებული და გოლფის მოედნადაა ქცეული. თუკი მანამდე ამ ადგილას ღარიბი შავები ცხოვრობდნენ, ახლა გოლფის მოედანია თეთრი საშუალო და მაღალი კლასისთვის. თითქოს ავტორი უბნის განადგურების ჩვენებით იმიტომ იწყებს, რომ გვითხრას, რასაც ამის შემდეგ მოვყვები, ათვლაა განაგდურებამდეო, ჩვენი თვალით უნდა ვუყუროთ, როგორ მიაბიჯებს უბანი ნელ-ნელა მიწასთან გასწორებამდე, ან რაღაც მსგავსი:ნუღარ ინაღვლებ, უკვე დასრულდა. ეს უბრალოდ პერიოდია ბოლო ჩასუნთქვიდან ამოსუნთქვამდე.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის მთავარი პერსონაჟი ორი გოგოა, წიგნში პირველად თვალში შედრეკის ამბავი გვხვდება. პირველ მსოფლიო ომში წასულ და იქიდან სულ სხვანაირად დაბრუნებულ ბიჭზე, რომელიც ვერც საკუთარ თავს ცნობს („დაფეთებულმა მთელი ხმით იღრიალა, თვალები საჩქაროდ დახუჭა და ხელის ასე უზომოდ გაზრდილი მტევნები ისევ საბანქვეშ შემალა“) და ვერც სამყარო ხვდება ისეთი, როგორიც ომში წასვლამდე დატოვა. წიგნში მთავარი სწორედ სიკდილთან შეხვედრის პროცესია. შედრეკის სახეც სიკვდილთან შეხვედრის შემდგომი სახეა, მის შემდეგ სახე ცვლილების. ომიდან დაბრუნების შემდეგ გადაწყვეტს, ყოველ წელს თვითმკვლელობის ეროვნული დღესასწაული დანიშნოს და თავადვე აღნიშნოს, თოკი ყელზე გამოიბას და ისე შემოიაროს მთელი უბანი. სიკვდილით შეპყრობილია მთელი წიგნი, მთელ წიგნში სიკვდილი ჩუმად დაიარება, ისე როგორც შედრეკის პერსონაჟი ყელზე თოკგამობმული ფსკერის უბანში. განსხვავება ისაა, რომ ზოგი ახერხებს და სიკვდილს თვალებს უსწორებს, ზოგს კი საშინლად ეშინია მის თვალებში ჩახედვის, მეორე სრულიად ბუნებრივი და ადამინაური შიშია, პირველი კი უკვე ის უცნაურობაა, რომლითაც წიგნის რამდენიმე პერსონაჟი გამოირჩევა, მათ შორის ერთი შედრეკია, სხვას წიგნის კითხვისას შემდეგ შევხვდებით.
წიგნში სიკვდილი პერსონაჟია, რომელიც საზარელი სიჩუმით მოქმედებს და დროგამოშვებით საკუთარ შემზარაობას ამხელს.
* * *
ის ორი გოგო, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, მთავარ პერსონაჟებად სულა და ნელი არიან. ორი შავკანიანი გოგო, რომელთა ბავშვობაც გადაბმულია ერთმანეთზე, რომელთაც თითქოს ერთი ენა გამოუბამთ და ერთ სატკივარს ყვებიან, მაგრამ სრულებით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. აქ მნიშვნელოვანია, ქალაქი და უბანი როგორ უყურებს მათ. ხედვა ქალისადმი მიმართული ყველაზე ზუსტად აქვს ავტორს გამოხატული, ეს ხედვაა საგნისადმი, ობიექტისადმი, რომელიც უნდა გამოიყენო, მიისაკუთრო. „თოთო ხორციო“ – ასე ჩაილაპარაკებს ერთ-ერთი პერსონაჟი ახალგაზრდა კაცი, როდესაც სულა და ნელი ქუჩაში ჩამომსხდრების წინ ჩაივლიან.
ამ ორი პერსონაჟის გზა მუდამ მონაცვლეობს, წიგნის პირველი ნაწილი მათი გზების გადაკვეთა და საერთო ბილიკით გავლაა, სადაც საერთო დარდს დაატარებენ. მიუხედავად ამისა, ეს ორი პერსონაჟი განსხვავდება ერთმანეთისგან, მათი სახეები არ არის მუდმივი და შეუცვლელი, მათი სახე დროის ცვალებადობასთან და გამოცდილებასთან ერთად ფორმას იცვლის, წიგნშიც წლები ძალიან მალე გადის. ერთი მხრივ, სულას გუნება ცვალებადობისკენაა მიმართული, როცა ნელისთვის ცვლილება მეტად რთული მისაღწევია.
სულასთვის ჯოჯოხეთი მუდმივობაა, ხოლო ნელისთვის მუდმივი ცვალებადობაა ჯოჯოხეთური ტანჯვის მიზეზი.
მათი ხედვა სხვადასხვაა, მათი გზები იყოფა. ნელი გადაწყვეტს, დაოჯახდეს, სულა კი უბანს ტოვებს და სასწავლებლად მიდის სხვა, დიდ ქალაქში.
რაც უნდა დაშორდნენ ისინი ერთმანეთს, მათი მიზიდულობა მაინც არ ქრება და ეს საკმაოდ ლოგიკურიცაა, როდესაც ბავშვობის წლებს ერთად ატარებენ, ერთად იზრდებიან და სამყაროს ერთად სწავლობენ, განსაკუთრებით კი იმ სამყაროს, რომელიც უიმედობით, სიღარიბით და ჩაგვრით არის გარემოცული, მაშინ ერთადერთი გრძნობა, რაც უჩნებათ ერთმანეთისადმი, ნუგეშის მიცემა და სიყვარულია იმისთვის, რომ იგრძნონ, მათ გვერდით სხვაც დგას და მარტო არაა. ეს მარტოობა თან დაყვება წიგნის პერსონაჟებს, არამხოლოდ სულასა და ნელის, არამედ თითოეულ მათგანს, მაგრამ ეს მარტოობა უნდა ამოივსოს ნუგეშით ერთმნეთისადმი.
სულას ქალაქში დაბრუნებული სახე მეტად ჩაფლულია ამ მარტოობაში, იმდენად, რომ უიმედობას მშვიდად ეგებება. ის სიმშვიდე, რომელიც გამოწვეულია არსებული გარემოსადმი ნიჰილიზმით, ცვლის პერსონაჟს. მისი სახე, რომელიც ცვლილებებისადმი იყო მიმართული, ქრება და უიმედობას აცხადებს ყოველი ცვლილებისადმი. მაშინ გამოიტანს სულა საკუთარ აზრს ცხოვრებაზე და ეს აზრი ასე საზარლად იჩენს თავს ნელისთან დიალოგში:
– გგონია, შენი ცხოვრება არ ვიცი მარტო იმიტომ, თვითონ ამ ცხოვრებით რომ არ მიცხოვრია? მშვენივრად მომეხსენება ყველა ფერადკანიანი ქალის ავან-ჩავანი ამ ქვეყანაში. იმათი მთავარი საქმე და საკეთებელი.
– და ეგ რაღაა?
– კვდომა. ზუსტად ჩემსავით. თუმცა განსხვავება ისაა, რომ ისინი ჯაგნარივით ხმებიან, მე კი წითელ ხესავით დავენარცხები მიწას. ნამდვილად ჩავატანე გემო ამ ქვეყნად ცხოვრებას.
ეს სიტყვებიც თითქოს გააზრებაა ამ წიგნის ყველა პერსონაჟი ქალის ამბის. ნელის თუ სულასი, მათი დედების თუ ბებიების, რომლებიც ამ ნელი კვდომით და ჭკნობით მიემართებიან დასასრულისკენ იმ გზაზე, რომელიც სავსეა მუხლჩაუხრელი შრომით, სახლში, სამსახურში და სამეზობლოში, შვილებთან, მამებთან, ქმრებთან თუ დამსაქმებლებთან. სავსეა ტანჯვით და დამცირებით, სავსეა მრავალი ზეწოლის ატანით, რომელსაც გარშემო არსებული სისტემა გთავაზობს, და მათი ადგილიც ამ სისტემაში ფსკერზეა, იმ ფსკერზე, სადაც ცხოვრობენ და კვდებიან.
* * *
მიუხედავად ტანჯვანარევი ამბების და სულას საბოლოო ნიჰილისტური სიტყვების, ეს წიგნი იმედზეა, რომელიც ურთიერთდახმარებაში, სოლიდარობასა და ნუგეშშია. გაცემული ულევი სიყვარული არ წყდება, უამრავი დაშვებული შეცდომის მიუხედავად. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ იმედი და მასში მოაზრებული თავდაღწევა ტანჯვისგან ნელისგან მოდის, პერსონაჟისგან, რომლისთვისაც ჯოჯოხეთი ცვალებადობასთან ასოცირდებოდა, რომელმაც ქალაქის დატოვების ნაცვლად, ოჯახის შექმნა არჩია, მერე კი სულ მარტოს უწევდა შვილების გაზრდა. ეს იმედი სულასადმი გაწვდილ ხელში ჩანს და უნაპირო სიყვარულში, რომელიც ორ მეგობარ ქალს შორის ჩნდება; ორ ქალს შორის, რომელთაც ტკივილი აერთიანებთ.