სხეული ორგანოების გარეშე | ზურა ჯიშკარიანი
− ჩემი მფარველი ანგელოზი მოვტყან ეგრე თუ არ ეთქვას – ვახალე ვანოს იმის იმედად, რომ ასეთი გინება მაინც გაჭრიდა, აღძრავდა მასში ემპათიის მინიმუმს, მაგრამ იქვე დავფიქრდი: «იქნებ მფარველი ანგელოზიც არ მყავს?»
ისე სიმართლე ითქვას, ისეთი კარაკულებით დამიწერა დიაგნოზი ნოდარ ექიმმა: «პაციენტის სხეულს არ გაჩნია ორგანოები», რომ წამით ვიფიქრე ეს წარწერა ტატუდ ხო არ დამერტყა.
ამასობაში ორივეს მოგვბეზრდა ამერიკულ თრეშში ჯდომა და ალიგატორის გამოკვება და გარეთ გამოვედით. მზე ისე აჭერდა, როგორც მხოლოდ თბილისში იცის, ასფალტიდან ამოსულ ოხშივარში რომ მირაჟებს ხედავ, თითქოს უდაბნოში ოაზისებს, რომელსაც უცებ მავანი მანქანა მოგიჭრის შუაში, ამიტომ სასწრაფოდ ჩრდილის ძებნა დავიწყეთ, მაგრამ ყველა ჩრდილი დაკავებული იყო. ერთ-ერთში ბომჟი იჯდა, რომელსაც 10 ლარი მივეცით, რომ ქალაქის მერიის ესთეტიკა არ დაერღვია და სადმე ჯანდაბაში გადამალულიყო რაც შეიძლება მალე და მისი ადგილი დავიკავეთ.
სახლში მისულმა ჯერ მედიტირება დავიწყე დიდ აფეთქებაზე, წარმოვიდგენდი 13 მილიარდი წლის მდინარებას, შემდეგ, ამ წლების წინ როგორ შეიქმნა სამყარო საოცარი აფეთქებით და ჩემი ფიქრები იმ პატარა წერტილს დაემსგავსა, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. მედიტაციიდან გამორკვეული, მაინც დილით ექიმთან ვიზიტის მსხვერპლი აღმოვჩნდი და პურის საჭრელი დანით ჰარაკირი გავიკეთე, რათა საკუთარი ნაწლავების არსებობა-არარსებობაში დავრწმუნებულიყავი, მუცლიდან მხოლოდ ბლანტმა სითხემ და ჟელიბონმა გამოჟონა. «ნუთუ მთლიანად ჟელიბონი ვარ?» - გამიელვა ტვინში, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი ტვინი მქონდა თუ არა, აკი ექიმმა თქვა ორგანოები არ გაგაჩნიაო და ხელები გაასავსავა. არა, სიმართლე რომ ითქვას, ყოველთვის ვგრძნობდი რომ უგულო ნაბიჭვარი ვიყავი, მაგრამ ფილტვებიც თუ არ მქონდა, თირკმელიც, ტვინიც და ა.შ. ვერასოდეს წარმომედგინა. თუმცა რას ცვლიდა ეს ჩემს ცხოვრებაში?
ერთადერთი ვანოს ვერ მივასაღებდი რამე ორგანოს შავ ბაზარზე გასაყიდად (არადა ფული სასწრაფოდ მჭირდებოდა ჩემი უძღები ადიქციის დასანაყრებლად), დანარჩენი არაფერი შეცვლილიყო: პარასკევი საღამო მოდიოდა და უკვე მზად ვიყავი ექსტაზების საღეჭად აპოკალიფსის მოლოდინში რომელიმე კლუბის დარქ რუმში. არავინ იცის, როდის დაიწყება აპოკალიფსი, მაგრამ მე მაინც სულ მზად ვარ, პლანეტა უკვე რა ხანია აბრახუნებს ჩვენს კარებზე, ჩვენ კი თითქოს არ ვიმჩნევთ ისე ვაგრძელებთ სადილს. ამ დროს გამახსენდა მამა ზაზა (ყველას უნდა ჰქონდეს ერთი მამაოს, ერთი განგსტერის და ერთი ქლაბერის ნომერი, რა იცი რაში გამოგადგება).
მიწაზე ისე დავეშვი, თითქოს კატა ვყოფილიყავი, არცერთი მოტეხილობა, არანაირი ტკივილი, ახლა იმაზე დავფიქრდი საერთოდ ძვლებიც მქონდა თუ არა.
მამა ზაზას ვანოც იცნობდა და ენდობოდა, ასე რომ მისი ხსენება კოზირი იყო ჩემს ხელში.