გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თარიღებში დაკარგულები

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან მალევე, ევროპული დოკუმენტური კინო ფაშიზმის გადააზრებას შეუდგა. ალენ რენეთი დაწყებული, კლოდ ლანცმანით გაგრძელებული დღემდე, ავტორები პირად და საჯარო არქივებს ამუშავებენ, დაუსრულებლად იხსენებენ სახლებში თუ კოლექტიურ მეხსიერებაში შემორჩენილ ენით აღუწერელ ისტორიებს, პერსპექტივების შეცვლას და ახალი სადისკუსიო სივრცეების გაჩენას ცდილობენ, თუმცა ჰოლოკოსტი, როგორც უახლესი წარსულის ყველაზე შემზარავი უბედურება,  მათ შორის ამ ავტორების დამსახურებით დღემდე ცოცხალია, რადგან შეუძლებელია დავიწყებული იყოს. აზრი იმის შესახებ, რომ ფაშიზმი და შესაბამისად მასთან დაკავშირებული ყველანაირი ქმედება, ცალსახა და შეუდარებელი “ბანალური ბოროტებაა” თითქოს გამარჯვებულია.

ბოლო პერიოდში საბჭოთა არქივებს განსაკუთრებით ხშირად ვუყურებ, ხანდახან მეცინება ამ ირონიით სავსე ტექსტებისა და გამოსახულებების ჯამზე. წარმოუდგენელია უყურო წარმატებაზე, გამარჯვებაზე და პირველობაზე ორიენტირებულ ამ პათეტიკას და არ გახსენდებოდეს ის, რასაც საბჭოთა კავშირი სჩადიოდა. სამწუხაროდ ჩვენთვის, განსხვავებით ფაშიზმისგან გათავისუფლებული ევროპისგან, მხოლოდ ეს ფიქრი შეიძლებოდა იმედის მომცემი ყოფილიყო; რომ ამ სილაღისკენ შემართული ხმის მიღმა რაღაც სხვა, განსხვავებული აზრი იმალება და არა ზუსტად ის რაც გვესმის. მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმის დამარცხებით და დიდი ბოროტების განადგურებით, დასავლეთში ახალი სააზროვნო სივრცე შეიქმნა, ერთგვარი გადააზრების ველი, რომლის მსგავსი ჩვენთვის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგაც მიუწვდომელი იყო, რადგან გაერთიანების უტოპიური იდეის მსხვრევამ გაგრძელება ნაციონალიზმში, ახალ ეთნიკურ კონფლიქტებში და სამოქალაქო ომებში იპოვა, ისე რომ ვერც ვერაფრის გადააზრება და ლუსტრაცია ვერ მოვახდინეთ, გარდა იმისა, რომ მხატვრულ კინოში რაღაც ეტაპზე საინტერესო იგავურ ფორმას მივეცით დიდი გასაქანი.

2010 წელს “საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია” დაარსდა, ჩემი აზრით, საბჭოთა კავშირის პერიოდის გააზრებისთვის ჩვენს სივრცეში დღემდე არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი პლატფორმა. სხვა უამრავ საქმიანობასთან ერთად, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის: ყოფილი საბჭოთა მოქალაქეების ზეპირი ისტორიების არქივის შემქმნელი. დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობის პროექტის, რასაც კლოდ ლანცმანი თავის მონუმენტურ პანო “შოაში” აკეთებს. როგორც ფილმის მემონტაჟე ქალზე ზივა პოსტეჩზე (რომლის გარეშე “შოა” ვერასოდეს იქნებოდა ის რაც დღეს არის) გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში ისტორიკოსი ანრი რუსო ამბობს: “ეს 9 საათი თავდაპირველად სასჯელს ჰგავს… მაგრამ სასჯელს, რომელსაც ავტორი თავად არ იწვევს, არამედ ჩვენივე რეფლექსია გვაგდებს კომაში იმის მისახვედრად თუ რამდენად მასიური იყო შოა”.

ერთ-ერთი მიზეზი, რომ “სოვლაბის” მიერ შეგროვებული, ფრაგმენტული ამბები ჩვენში უფრო მონუმენტურ ნაშრომებად არ იქცნენ, ზუსტად ამ რეფლექსიური დროის არ არსებობაა - საბჭოთა კავშირის დაშლასა და მაგალითად, აფხაზეთის ომს შორის. “ლუსტრაციის კანონის” შეუძლებლობამ და წარსულის ზედაპირულმა გადააზრებამ  კი 2006 წლის 26 მაისს “ოკუპაციის მუზეუმის” ფორმა მიიღო, 2009 წლის 20 დეკემბერს კი ქუთაისში, „დიდების მემორიალის“ დემონტაჟის  (რომლის აფეთქებას ორი ადამიანი - დედა-შვილი შეეწირა), 2010 წლის 26 მაისს კი, გმირთა მოედნის 48 მეტრიანი მონუმენტის, რომელიც საქართველოს უახლესი წარსულის ომებში დაღუპული ყველა სამხედროს სახელს და გვარს იტევს,  გარდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ჯარისკაცებისა.

9 მაისის 8 მაისით ჩანაცვლების მცდელობაც, ამ ჯაჭვის გაგრძელება მგონია, განსაკუთრებით დღეს, როდესაც გუშინდელ საინფორმაციო ქრონიკებში არ ვიცი, პანდემიის, თუ სხვა სამწუხარო მიზეზების გამო, ვეტერანებისგან დაცლილ ვაკის პარკს ვუყურებდი და შარშანდელი ხელჩართული ბრძოლა მახსენდებოდა სასტვენებით შეიარაღებულ 8 მაისის გამარჯვების დღედ აღიარების მომხრეებსა და გეორგიევსკის ლენტებით აღჭურვილ პუტინისტებს შორის.

ფაშიზმე გამარჯვების ეს მნიშვნელოვანი დღეც ამ დისკუსიაში გავატარეთ, მაგრამ მალე აგვისტო მოდის, მე როგორც მახსოვს 8, მაგრამ ამბობენ, რომ 7.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა