გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ვინდა ფოლიო და ეკო დეისაძე

თავშეკავებაზე თავშეუკავებლად | გია ხადური

Eko & Vinda Folio-ს წინა ალბომზე „თერაპია“ მოზრდილი რეცენზია დავწერე თავის დროზე, მაგრამ რა დავწერე, აღარც მახსოვს, არც ალბომი მახსოვს, შესაბამისად, შედარება „თერაპიისა“ და უახლესი „თავშეკავების“ არ გამომივა, პრინციპში, ეს არცაა საჭირო, თუ ალბომი არ აგრძელებს წინამორბედის კონკრეტულ ნარატივს. მეორე მხრივ, თუ მსმენელს, კომენტატორს, რეცენზენტს აინტერესებს მუსიკოსთა განვითარების დინამიკა, ცხადია, უნდა მივმართოთ მზერა წინა ნამუშევრებისკენაც.  

ჩვენს შემთხვევაში, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეკო-ვინდა დუეტი ევოლუციონირებს - „თავშეკავება“ „თერაპიაზე“  უკეთესია და  თერაპიული გადამეორება ამისთვის არაა საჭირო. ნებისმიერი მხატვრული ნამუშევარი ირეკლავს მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება არტისტი შექმნის მომენტში - მენტალური, ემოციური, მსოფლშეგრძნებითი - აშკარაა, რომ ავტორების  მდგომარეობა და უნარები უფრო ქმედით ნიშნულზეა ახლა, ვიდრე „თერაპიისას“. ზოგად მუსიკალურ აკუსტიკურ ლანდშაფტს თუ „გადავხედავთ“, დუეტი ერთგულია ჟანრული პოსტპანკის. საერთოდ, ამ ჟანრისადმი სამამულო ერთგულება ბოლო 30  წელია, შესაშურია. ფაქტია, პოსტპანკი ჩვენში ჯერ კიდევ ისეთი ეფექტური და ფუნქციონალური  სივრცეა, სადაც ვერავინ  შეგედავება, ვერც გემოვნებისა და ვერც ესთეტიკური პოზიციის გამო - ვერც მუსიკოსს და ვერც მსმენელს.

როცა პოსტპანკი დაკარგავს ჩვენში უპირობო ავტორიტეტის პოზიციას, ეს იქნება სიგნალი იმისა, რომ საქართველო იწყებს გაბრწყინებას, თუ არა და პოსტპანკის პირქუში აჩრდილი კიდევ კაი ხანი იქნება გადაფენილი ქართულ მუსიკალურ ტერიტორიაზე.  

ასე რომ, ყველაფერი ლოგიკურია (ჩემთვის გამაღიზიანებელი), ჯერჯერობით „ქვეყანაშია ფერები მუქი“ (როგორც პოსტპანკში).

„თავშეკავება“ პირველი მოსმენისას დიდად არ მომეწონა, განსაკუთრებით პირველი ნახევარი, თუმცა თავიდანვე შევამჩნიე, რომ „თავშეკავება“ არა მხოლოდ  ტექსტუალურ  შინაარსში, არამედ მუსიკალურ რეზულტატშიც იკვეთება. შეგნებული მცდელობაა, პოსტპანკის  დეპრესიულ, მელანქოლიური ბექგრაუნდი, შეძლებისდაგვარად მოთოკილ და თავშეკავებულად იკვეთებოდეს და არა ღიად, ან გახსნილად. ეს კრეატიული გამოწვევაა მუსიკოსებისთვის - ჟანრული კლიშეებიდან და ჩიხებიდან გამოსვლა ისე, რომ მუსიკალური ატრიბუტიკით დიდად არ დაშორდე საყვარელ ჟანრს. ეკო-ვინდამ ეს მოახერხეს, ყველა ტრეკში ვერა, მაგრამ ნახევარ ალბომში ცალსახად.

აკუსტიკური ვექტორების ასეთი ცვლა, ზეგავლენით მოქმედებს, მოულოდნელადაც კი. თავდაპირველად ეს არც ისე შესამჩნევია, მხოლოდ თანდათანობით ხდება ნათელი მოტივაცია - დარჩნენ პოსტპანკში თავშეკავებულად ისე, რომ სხვაგან არ გადავარდნენ თავშეუკავებლად.  

დღეს, როცა უკვე ყველა არსებული მუსიკა ჟანრულია და არჩევანს აკეთებ, უნდა გააპრავო შენი არჩევანი არტისტულად და კონცეპტუალურად, ეკომ და ვინდამ სწორედ ასე გააპრავეს  საკუთარი „თავშეკავება“.  ასეთი რეზულტატის მიღება რთულია და საკმაო  ძალისხმევასაც მოითხოვს მუსიკოსებისგან, მით უმეტეს, თუ ეს ძალისხმევა მუსიკას დიდად არც ეტყობა და არც ამძიმებს. ალბომის საუკეთესო ტრეკები ლაღად, ძალდაუტანებლად  ისმინება, თითქოს ერთი ამოსუნთქვითაა ჩაწერილი სტუდიაში.გასაგებია, რომ ის მესიჯი, რისი გადმოცემაც უნდათ ავტორებს, პირველ რიგში უნდა იკვეთებოდეს ტექსტებში, ტექსტებში კი სათქმელი ასე მკაფიოდ არაა გამჟღავნებული, თუ არ ჩავთვლით პირველ ტრეკს - „დრო აღებს კარებს“ და სატიტულო ტრეკს - „თავშეკავება“.

კი, მინიშნებები ბევრია, მაგრამ რასთან გვაქვს აქ საქმე, რაზე გვანიშნებენ, ძნელად დაზუსტდებადია. ზოგ სიმღერაში გატარებულია რომანტიკულ-ლირიკული ხაზი („სამალავი“ მაგ.), ზომიერი სოციალურ იდეურიც, იკვეთება რეფლექსირების პროცესიც, რაც მოითხოვს კიდეც თავშეკავებას, ხორციელსაც, ინტელექტუალურსაც. ვექტორები ერთმანეთში მიდი-მოდის ტექსტებში, რაც კიდევ უფრო აბუნდოვანებს გარემოებას.

ნამუშევრის ზოგადი იდეა, მიზანი, კონკრტული და დაწმენდილია, მისასვლელი გზები - ლამის ლაბირინთული.

ძნელი სათქმელია, ეს ხერხი გამართლებულია თუ არა, ვფიქრობ, ერეკლე დეისაძის პოეტური პოზიციაა აქ ასეთი, კონტროვერსიული პირდაპირობა მისთვის განვლილი გზაა, არაკონსტრუქციულიც და აღარ აპირებს, მას მიუბრუნდეს. მეორე მხრივ, კარგი ლექსი, როგორც ასეთი, ხშირად მოუხერხებლად მუშაობს როგორც სასიმღერო ტექსტი; ფრაზირება აკომპანემენტით  შეფუთვისას გამოდის ნაკლებმუსიკალური და წახნაგოვანი. ასეთი წახნაგები ეფექტური ხდება ექსპერიმენტულ მუსიკალურ  ტერიტორიებზე და ვერანაირად ტრადიციულ სასიმღერო ტერიტორიაზე, რომელშიც ვერბალური სეგმენტი კომფორტულად უნდა იჯდეს რიტმულ-მელოდიურ ქსოვილში - ამ მხრივ მთელი რიგი ტრეკები სცოდავს, განსაკუთრებით ალბომის პირველ ნაწილში.

ალბათ, საჭირო იყო ტექსტების დაფორმატება ისეთი სახით, პოსტპანკის მუსიკალური მოთხოვნები და განწყობები სრულად რომ დაეკმაყოფილებინა. შეიძლება ასეთ დროს პოეტურობა დაზარალდეს, მაგრამ მოიგოს სიმღერამ აკუსტიკურად. რამდენად ორგანულად მუშაობს ალბომში ვერბალური ფრაზირება და მისი აკომპანემენტი (ანდაც პირიქით), ჩემი პასუხი იქნება - გარდამავალი წარმატებით. ტექსტების ავკარგიანობის ამბებს ლიტერატორები მიხედავენ  ჩემზე უკეთ, ამიტომ ჯობია მივხედოთ მუსიკალურ ნაწილს, რომლის ორგანული შემადგენელიცაა ამ ტექსტების დეკლარაცია.

1. დრო აღებს კარებს - გამხსნელი სიმბოლური ტრეკი, სადაც გაცხადებულია საავტორო  მიზნები, გაასუფთაონ, გაანიავონ სივრცე დაგროვილი „ნაგვისგან“ და განახლდნენ. აკუსტიკური შემადგენელი კია ტიპური ანგლო პოსტპანკი, მაგრამ სინთეზატორ-მელოდიური ხაზი რაღაც შინაურულ ეთნიკურია; თუ დააკვირდე,ბი გიტარის პასაჟებიც ქართულადაა დაფორმატებული თითქოს. სასურველია, ტექსტი უფრო მოქნილად დააჯდეს მუსიკალურ ქსოვილს. ფრაზები აშკარად დასამუშავებელი იყო.

2. სამალავი - სცილდება პოსტპანკს, სახეზეა რბილი ბას ფანკ პატერნები, გიტარაც უფრო ინდიროკულად  მუშაობს.  კარგია სასიმღერო მელოდია, განსაკუთრებით მისამღერში, როცა გიტარის ახალ ფრაზასთან შედის კოლაბორაციაში.

3. ქარიანებს - დაბრუნდა ტრადიციული პოსტპანკი, მაგრამ თავშეკავებულად, აქ ეს ელეგიურ-მელანქოლიურ ღრმა ემოციური ჟანრული სტერეოტიპი საერთოდ მოცილებული აქვს, პირიქით, აკუსტიკური ნაკადი ხალასი და ლაღია, კარგია აქაც მისამღერი, დეისაძემ იპოვა ის მელოდიური მოსახვევი თემიდან, როცა იგებს სიმღერა და ენაც მოქნილი ხდება.

4. თავშეკავება - საინტერესოა, რომ აკომპანემენტი ტრადიციული პოსტპანკია, მინიმალისტური და თავშეკავებული, როგორც მთელ ალბომში, აი, დეისაძეს  სასიმღერო სტილისტიკა სუფთა სამამულოა, ვოკალურ ნარატივს აკლია ცოტა ელასტიკურობა, ვერ აჯდება მუსიკას, სამაგიეროდ ქმნის შიდა დაძაბულობას, სასპენსის ეფექტს,  განსაკუთრებით დამხმარე შეძახილებში. შედეგად, ნათელი ხდება, რომ მთავარი მოვლენები ალბომში ჯერ წინაა.

5. ვარსკვლავს ნაადრევს - ინსტრუმენტულ შესავალში ძალიან წამოვიდა ოპტიმიზმდაცლილი პოსტპანკ განწყობა, ტექსტი აქ უკვე ზუსტადაა დასმული მელოდიაზე. კუპლეტის ბოლოს, ადრე მიგნებული სასიმღერო სვლა მანერად ყალიბდება, რაც აშკარად აკეთილშობილებს ტრეკს. მეორე კუპლეტი უფრო დრამატულად ისმინება, უფრო პროზაულდება თითქოს. ამ ტრეკში საბოლოოდ ტრანსფორმირდება ლექსი სასიმღერო ტექსტად, ვფიქრობ, ტექსტის სტრუქტურა უფრო ადეკვატურადაა აგებული. მომღერალსაც უფრო მეტი შანსი ეძლევა, თემატური ინტერპრეტირებას მიმართოს. ერთ-ერთი „ჰაილაითია“ ალბომის. 

6. ქვემოდან ზემოთ - არაფერი განსაკუთრებული თითქოს არაა აქ, სამაგიეროდ დაძაბულობის გრადუსი იწევს და თავშეკავებაც ჭირს უკვე, ეს „სიძნელე“ ამ სიმღერის პლუსია ცალსახად. აქ წინა ტრეკების მიგნებების განმეორებებია, მაგრამ დამატებითი საუნდ ხაზები უფრო აქტიურობს, ვიბრაფონის მაგვარი პერკუსიული, თუ სინტეზატორულ ინტენსიური, აკუსტიკური დაძაბულობა მატულობს, საუნდი ხისტდება, მხოლოდ ვოკალი ცდილობს, დაარბილოს მდგომარეობა, ბოლოსკენ შესანიშნავია გიტარები, ერთმანეთზე გადადებული აკორდულ-რიტმული და პასაჟური, იქმნება კონტრაპუნქტის ეფექტი.

7. სიცხადე გავს კომეტის ნასხლეტებს - ალბათ საუკეთესოა ალბომში, თავშეკავებამ აშკარად დაიხია უკან, დრამა გაძლიერდა, კარგად შემოდის „მეორე“ ვოკალი უნისონში. კუპლეტის ბოლოს რეფრენი უკვე აგრესიულია, მოურიდებელი და ღიად რეაქციული, ალბათ, „გარე“ წნეხებზე. ხმაურიანი პერკუსიები ეფექტურია, გიტარის სწორხაზოვანი რიფიც მაგარი. ეს უკვე ნაკლებადაა კლასიკური პოსტანკი, მხოლოდ გიტარის რიფი გვახსენებს ჟანრულად „ბრეიქებში“. იდეაში, ამ ტრეკს გაცილებით უფრო მძიმე და აგრესიული საუნდი მოუხდებოდა,  მაგრამ თავშეკავება მსხვერპლს მოითხოვს.

8. არევადია - ძალიან Cure ჟღერადობა, რაც არ მომწონს; სამაგიეროდ, საკმაოდ მახვილგონივრულია საგიტარო რიფი, რომელიც სულაც არაა პერმანენტული და მოგვიანებით შემოდის დაჟინებულად ტრეკის მსვლელობაში. შემდგომში ორი გიტარა უკრავს განსხვავებულ რიტმულ პატერნს, რაც ისეთივე კონტრაპუნქტის ეფექტს იძლევა,  როგორსაც წინა ტრეკში. ამ აკუსტიკურ მსვლელობას ფარავს სინთეზატორული ხმაური, ვინდა ფოლიოს ძალიან მაგარი ნამუშევარია.

9. უმისამართო ღელვა - საწყის ეტაპზე გიტარა უთმობს ასპარეზს უკვე კლავიშს, რომელსაც მიჰყავს სათავო რიფი, საგიტარო აკორდი გვევლინება, როგორც გამფორმებელი. დეისაძის მელოდეკლამაცია აქ ყველაზე აქცენტირებულია, მხოლოდ „საორღანე“ ფრაზა უშლის ხელს. ტრეკის მეორე ნაწილში კლავიშებიდან გიტარა იღებს ესტაფეტას, რაც ჟღერადობის ინტენსივობის გაზრდას იწვევს, შედეგად, მუსიკის ტრაექტორია და ფაქტურა მოულოდნელი, არაპროგნოზირებადი ხდება, რაც, სავარაუდოდ, ვინდა ფოლიოს დამსახურებაა, ის აქაც მოწოდების სიმაღლეზეა.   

10. წითელი დროშა - მყისვე გვატყობინებს, რომ განსხვავებული იქნება, „ფუზ“ გიტარა, დაძაბული დრამინგი, უკვე პათოსიანი ეკო და ხვდები, რომ მათი სამომავლო მუსიკალური ნაბიჯი არანაირად იქნება თავშეკავებული. გიტარა ყველაზე როკულია აქ, რამდენიმე ფრაზა თუ რიფი, რომელიც ხან მონაცვლეობით შემოდის, ხანაც ერთმანეთზე ედება, ნამდვილი სიურპრიზია. ეს უკვე აღარაა ტრადიციული პოსტპანკი და აშკარაა, რომ სიმძაფრე და ენერგია აქ არანაკლებია, ვიდრე დღეს ჩვენში გაბატონებულ „ოვერდრაივ“ პოსტპანკში.

ალბომი ინტროსპექტული, პირადული, მაგრამ აშკარად ნერვიული (შეფარვით მძაფრი) გამოვიდა; გასაგებია, რომ ესაა რეფლექსირება, პროცესი ვერ იქნება უმტკივნეულო, მით უფრო, ამ ბობოქარ და კონტროვერსიალურ დროში.  

ძნელია, შემხვედრ რეაქციებში იყო დელიკატური, არაგაღიზიანებული და ცინიზმისგანაც სრულიად დაცლილი, მაგრამ როგორც გამოჩნდა - შესაძლებელი. „თავშეკავების“ კონცეფცია, იდეა კარნახობდა მუსიკოსებს, რატომ უნდა გაეკეთებინათ ალბომი ყოველგვარი აგრესიული ვნებების, გადამეტებულად ხისტი ინიექციების გარეშე (პოსტპანკ იდიომში ესეც ლეგიტიმურია სავსებით); თუ ვინმეს ასეთი მიდგომა კომპრომისად მოეჩვენა, დაე, იყოს კომპრომისი, აუცილებელი ურთიერთკომპრომისის დეფიციტია მამულში დღეს ბოლო-ბოლო.

ჩემთვის სწორედ ასეთი მიდგომა აპრავებს იმ მინუსებს, რაც არ მომეწონა ამ ნამუშევარში. ისე კი, მერჩივნა ისეთი ნამუშევარი მიმეღო, რომელიც შიდა მუსიკალურ-აკუსტიკური კონფორნატაციით იქნება გაჯერებული, სადაც უფრო გამოჩნდება არა ის, თუ რა აერთიანებს ერეკლე დეისაძესა და ვინდა ფოლიოს, არამედ ის, თუ რა განასხვავებს მათ, სარისკოა ეს, მაგრამ მე მიყვარს ასეთი რისკები, თუნდაც გარკვეულწილად გაუმართლებელ-წარუმატებელიც. შეიძლება ეს უკვე ჩემი სუბიექტური კაპრიზია, მაგრამ მერე რა, ტექსტი ჩემია, ამიტომ სულაც არ ვარ ვალდებული, ვიყო (არც მინდა, ვიყო) „თავშეკავებული“.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა