გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თბილისი გასტრო ვიქი

Tbilisi Gastro Week | ინტერვიუ ირაკლი ნადარეიშვილთან



კულინარიული ინდუსტრიის წარმომადგენლებისთვის და უბრალოდ განსაკუთრებული კერძების მოყვარულთათვის გამორჩეული კვირა იწყება. 26 სექტემბრიდან 2 ოქტომბრის ჩათვლით,
Tbilisi Gastro Week-ის ფარგლებში მიშლენის ვარსკვლავების მფლობელი შეფები ჩამოდიან, თბილისში პირველად ჩნდება მათ მიერ ქართველ შეფებთან ერთად მომზადებული კერძების დაგემოვნების შესაძლებლობა.


ფესტივალის ორგანიზატორი და იდეის ავტორი ირაკლი ნადარეიშვილი:

ერთი წინადადებით რომ აღვწეროთ, ესაა საერთაშორისო ფორუმი, სადაც გასტრონომიულ ინდუსტრიაში ყველაზე მაღალი კლასის გავლენიანი ადამიანები  ჩამოდიან საქართველოში ადგილობრივ შეფებთან კოლაბორაციისთვის. ეს ფესტივალი არის გასტრონომიულ რუკაზე საქართველოს გაჩენის შესაძლებლობა - გვინდა ვანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ არ ვართ მხოლოდ ხინკლისა და ხაჭაპურის ქვეყანა, რომ აქაური გასტრონომია ბევრად მრავალფეროვანია, რომ ჩვენ გვაქვს გემოვნება, რაც არ ისწავლება, რასაც ვერ იყიდი.

ინდიგო: „ჩვენ გვაქვს გემოვნება“ ეს ფესტივალის შთაგონებაა, თუ იდეის შემდგომი შეფასებაა, რომელმაც გაზარდა თქვენი ენთუზიაზმი?

ჩემთვის არსებობს ჯერ იდეა და შემდეგ ვცდილობ, რომ ამ იდეას ხორცი შევასხა, ვიპოვო ბევრი შესაძლებლობა - რასაც ჩავიფიქრებ, ის გაჩნდეს. პროცესში ვსვამ კითხვებს, ამ პროცესში კი უცხო ქვეყნების ფოკუსი განსაკუთრებით საინტერესოა.

ინდიგო: იდეა, ფაქტობრივად, ხორციელდება. რა იქნება ფესტივალის შემდეგ, რა დარჩება? რა გაგრძელება მოჰყვება?

ფესტივალს უწოდებენ ეკონომიკურ ჩახმახს. ინდუსტრიისთვის ეს დღეები უნდა იყოს ბიძგი. მართალია, ფესტივალი მხოლოდ ერთი კვირა გრძელდება, მაგრამ მერე და მერე რჩება ბიძგი და ახალი სივრცეების ათვისების სურვილი.

ინდიგო:  მსოფლიო კულინარიულ წრეებში საქართველო ითვლება ასე თუ ისე ეგზოტიკურ ქვეყანად, აუთვისებელ კულინარიულ კულტურად. იქნება ეს ფესტივალი მათთვის მოსალოდნელი და მოულოდნელი აღმოჩენების კვირა?

ჩვენ არ გვაქვს ასეთი მიდგომა, რომ რასაც ნახავენ, ყველაფერი იქნება მათთვის განსაკუთრებული ემოციის გამომწვევი. ჩამოდიან შეფები, მსოფლიო კულინარიული მედიის წარმომადგენლები, სხვადასხვა ფესტივალის ორგანიზატორები. გასტრონომია არის ეროვნული იდენტობის ნაწილი, მოგზაურობისას გვამახსოვრდება გემოები, გვახსოვს, რა და სად მივირთვით, ეს მნიშვნელოვანია. თუმცა მთავარი მაინც განვითარებაა, ამ ფესტივალსაც შემდგომი პროგრესისთვის ვაკეთებთ, ახალი თანამშრომლობის შესაძლებლობების გასაჩენად. ამისთვის კი აუცილებელია უცხოელი პროფესიონალების ჩართვა და კავშირები.

ინდიგო: კულინარიას ხშირად მიაკუთვნებენ ხოლმე ხელოვნებას - თანამედროვე სახელოვნებო ტენდენციების გათვალისწინებით, უკვე აღმოჩენილი და ათვისებული კულტურების მიღმა, იზრდება ახლის ძიების მოთხოვნილება. კულინარიასთანაც შეგვიძლია ამ პარალელის გავლება?

რა თქმა უნდა. მე ვადარებ ხოლმე 90-იან წლებში მოდის განვითარებას, როცა გაჩნდნენ სუპერმოდელები და ინდუსტრია დაეყრდნო მათ პოპულარობას. დღეს გასტრონომიაა სუპერპოპულარული სფერო, სატელევიზიო შოუები, სახეები, მაღალი რეიტინგები პროცესს აჩქარებს. ვინ იცის, 2-3 წელიწადში მიშლენმა გვითხრას, რომ შემოსვლა უნდა ჩვენს ქვეყანაში. თუკი ხორვატიაშია შესული, რატომაც არა საქართველოში?

ინდიგო: Tbilisi Gastro Week-ზე ავთენტური კულინარიული ღირებულებები, ქართული გემოები მიშლენის სტანდარტებს დაუკავშირდება?

მხოლოდ ერთ კვირიანი ფესტივალით მსგავსი სტანდარტის მიღწევა ურთულესია, ასეთი სტანდარტი უბრალოდ არ არსებობს ჩვენს ქვეყანაში. ეს ღონისძიება უფრო იქნება გაცვლა ემოციების, აზრების. გვინდა იმის ჩვენება, რომ ავთენტურ გემოებზე დაყრდნობით ჩვენი სამზარეულო, ქართული კულტურული სივრცე ვითარდება.

ინდიგო: ამ კონცეფციის ფაქტობრივი განხორციელებაა სადილები 4-6 ხელში - ვახშამს უცხოელი მაღალი დონის შეფები ადგილობრივ მაღალი დონის შეფებთან ერთად მოამზადებენ. საინტერესო მიგნებაა.

ჩვენ არ გვინდოდა შეფებისა თუ ვახშმების კოპირება, კოლაბორაცია ყველაზე უკეთ გამოხატავს იდეას, უკეთ კრავს პროცესს. მართალია, შეფებს არ უყვართ ასეთი „ექსპერიმენტები“, თუმცა მგონია, რომ კულინარიული ეგოების ჭიდილში საინტერესო შედეგებზე გავალთ. მნიშვნელოვანია, რომ ყველა კერძთან შეხამებულია ქართული ღვინო, სადილებს ახლავს თანამედროვე ქართული მუსიკალური ნომრები.

ინდიგო: ფესტივალი ითვალისწინებს თანამედროვე კონტექსტს, ღიად უჭერს მხარს უკრაინას, ჩამოდიან კიდეც შეფები უკრაინიდან...

30 სექტემბერს საქველმოქმედო ვახშამი გვაქვს, ჩამოდის ძალიან ცნობილი უკრაინელი შეფი, ვოლოდიმირ იაროსლავსკი, რომელიც მიშა ავსაჯანიშვილთან ერთად გააკეთებს ვახშამს 4 ხელში. ასევე ჩამოდის საგარეო საქმეთა მინისტრის მეუღლე ევგენია კულება, რომელიც ამ დღის მასპინძელი იქნება.

თავს მოვალედ ვთვლით, რომ ფესტივალის მიმდინარეობისას წინა პლანზე იყოს ქვეყანა, რომელიც ომშია და რომელიც, ფაქტობრივად, ჩვენ გვიცავს.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა