გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

თორნიკე მიგინეიშვილი | სინდისის ადვოკატი

ხუთში დააკავეს ანდრო. სიმართლე გითხრათ, როგორც რიგითი ნიუსი, ისე გავატარე იმ მომენტში, როცა ვნახე, რომ ანდრო ჭიჭინაძე დააკავეს. ერთი იმიტომ, რომ მეგონა, რომ ისევ რიგითი ადმინისტრაციულით იყო ვიღაც დაკავებული და მეორე ის, რომ, სამწუხაროდ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო ანდრო. რომ გადავხედეთ რამდენიმე საათის განმავლობაში ამ საქმეს, იქაც კი აღმოჩნდა, რომ იმდენად აბსურდი იყო, სიღრმისეული შესწავლაც არ სჭირდებოდა ამ საქმეს, რომ ჩვენ რაღაც შეფასება გაგვეკეთებინა. ამიტომ მაშინ, როცა უკვე გამთენიისას სახლში დავბრუნდით და დილიდან უკვე ჟურნალისტები მუდმივად გვირეკავდნენ, ახლობლები გვეკითხებოდნენ, ცოტა რთული მდგომარეობა იყო იმიტომ, რომ იმდენად აბსურდი იყო საქმე და იმდენად არაფერ კავშირში არ იყო ანდრო ჭიჭინაძე ან ამ პიროვნებებთან, ვისთან ერთადაც საქმე იყო, ან ათეულობით ტომთან, რომელიც იმ დღეს გადმოგვცეს, ან იმ სიტუაციასთან ზოგადად, რის გამოც მას ბრალს დებდნენ, რომ რა გვეთქვა, ცოტა ნაკლებად ვიცოდით.

და მერე უკვე, როცა პირველ სხდომაზე მივედით სასამართლოში და იქ ამ ყველაფრის მიუხედავად, პატიმრობა მოითხოვეს და ეს ყველაფერი სასამართლომ მაშინვე დააკმაყოფილა, მანდ უკვე გაჩნდა რაღაცნაირი გრძნობა, რომ საქმე მარტივად არ იყო და აქ გაცილებით რთულად იყო საქმე იმის გამო, რომ ალბათ უკან უფრო დიდი რამ იმალებოდა, ვიდრე უბრალოდ სამართლებრივი შეფასება. როგორც უნდა იყო მიჩვეული თუნდაც ან კამერებს, ან საზოგადოების ყურადღებას, ან მედიას, ან ყველაფერს, რაც უნდა იყო მიჩვეული, განსაკუთრებით რთული არის, როცა ამ მასშტაბის საქმეში ხარ და ამას ზრდის ის, რომ ეს არ იყო მხოლოდ იმის გამო მნიშვნელოვანი, რომ მას ბევრი ადამიანი აკვირდებოდა. არა, ეს იყო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ჩვენ რომ გვესმოდა ყველას და მათ შორის მეც, რომ ანდრო იყო უბრალოდ ადამიანი, რომელსაც არ გაუმართლა იმ მომენტში. შეიძლება მის ადგილას მე ვყოფილიყავი, მის ადგილას შეიძლება თქვენ ყოფილიყავით, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ყოფილიყო მის ადგილას, ვინც რუსთაველზე იდგა, თავისუფლებაზე იდგა და უბრალოდ იდგა სწორ მხარეს. ამიტომ ამ პროცესს კიდევ უფრო მეტად საკუთარ პროცესად აღვიქვამდით და იმას, რომ მე შეიძლება იმ დღეს გამოვდიოდე სასამართლოდან თავისუფლებაში, მაგრამ შეგრძნება იყო ისიც, რომ თითქოს საკანში მივყვებოდი ამ ბიჭებს, იმიტომ, რომ რეალურად უბრალოდ იღბლის ამბავი იყო, რომ ის არ გამოდიოდა გარეთ და მივდიოდი ციხეში. მხოლოდ ეს არის განსხვავება, თორემ სხვა მხრივ მეც ისევე უდანაშაულო ვარ მაგ საქმეში ისევე, როგორც ანდრო, ლუკა, ონისე და ა.შ.

ექვსი დეკემბრიდან მე არ მახსენდება, თუნდაც დღემდე, როცა უკვე დასრულდა პროცესები, დღე ანდროს გარეშე. ან ვიყავი ანდროსთან ციხეში, ან ვიყავი ინტერვიუზე ანდროს საკითხთან დაკავშირებით, ან მქონდა სტუმრობა სისხლის სამართლის ამ საქმესთან დაკავშირებით, ან გვქონდა სამუშაო შეხვედრები ადვოკატებს ამ საქმის ირგვლივ. იმდენად დაგვაახლოვა ამ პროცესებმა, როგორც ადვოკატები, ასევე სინდისის პატიმრები, რომ ხშირად აღვნიშნე მეც და ჩემმა კოლეგებმაც რამდენჯერმე, რომ საერთოდ წაშლილი იყო ზღვარი, ვინ ვის იცავდა. იმიტომ, რომ იყო არაერთი შემთხვევა, როცა საერთოდ გავიწყდება, რომ შენ ორდერი გიდევს საქმეში, სადაც გიწერია, რომ იცავ ანდრო ჭიჭინაძეს. იმიტომ, რომ თუ მოსამართლე ან უხეშად მიმართავდა ვინმეს, ან რომელიმე ადვოკატი ორი წუთით გასული იყო გარეთ და მის დაცვის ქვეშ მყოფს ესაუბრებოდა ვინმე, გეგონა, რომ ამ ადამიანსაც იცავდი. რეალურად მართლაც ეგრე იყო, თუნდაც სასამართლოს შემდგომ, მიუხედავად იმისა, რომ მე ვიცავდი მხოლოდ ანდროს, ასევე ვხვდებოდი ონისეს, ასევე ვხვდებოდი ჯანო არჩაიას. განა ეს შეხვედრა იყო, რომ მე ამეხსნა რამე მაგალითად ონისესთვის, რომ იურიდიულად შენ ესე უნდა ქნა - საერთოდ არ იყო საჭირო, მაგრამ ვხვდებოდით უბრალოდ სასაუბროდ, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს სჭირდებოდათ გამხნევება, ამ ადამიანებს სჭირდებოდათ მხარდაჭერა, იმის ჩვენება, რომ ჩვენ მარტო პროცესებზე არ ვართ, მათ გვერდით ვართ ისედაც. ოღონდ ამ თვეების განმავლობაში, რომელი რომელს უფრო ამხნევებდა და ეს ბიჭები ხალხს თუ ხალხი ამ ბიჭებს, ეგ არ ვიცი უკვე.

იყო რაღაცები შიგადაშიგ, რომელიც ცოტა რთულად გასახსენებელი არის. რთულად შეიძლება გაიხსენო, როცა აღმკვეთი ღონისძიება უნდა გადაიხედოს, ანუ პატიმრობაში დატოვებენ თუ არა და მთელი საათი ვსაუბრობ ამაზე, რომ ასე, ასე, ასე და როდესაც სიტყვას მორჩები და ვიდრე სხვა ადვოკატი საუბრობს, როცა ბრალდებული გეძახის და იცი, რა, ხვალ ხომ შემოხვალ... ამას რომ გეტყვის, ეგ ძალიან რთულია. ანუ გადაწყვეტილება აქვს მისაღები მოსამართლეს, გაუშვებს თუ არა, ისევ პატიმრობაში და თუ დააბრუნებს სახლში, და ამ დროს ხვალინდელი ციხის ჯავშანზე რომ ფიქრობ, ეგ ძალიან რთულია პროფესიულად. ნებისმიერი რამ, რაც შეიძლება იმედგაცრუება ყოფილიყო, იმედგაცრუებად აღიქმებოდა დაახლოებით ნახევარი ან ერთი საათის განმავლობაში, იმიტომ, რომ მერე გახსენდება, რომ შენ თუ ახლა იმედგაცრუებული იქნები, წარმოიდგინე ის ადამიანი, რომელსაც შენი იმედი აქვს, რა მდგომარეობაში იქნება. ამიტომ ალბათ რა დროც შეიძლება სჭირდებოდეს სასამართლო დარბაზიდან გამოსვლას და სასამართლოს ეზოში ინტერვიუზე დადგომას, იმ დრომდე ეგ იმედგაცრუება ქრებოდა და პირიქით, იმას ეუბნებოდი საკუთარ თავს, რომ იცი, თუ ხარ უსამართლობაში, ჯობს ამ დონის უსამართლობა იყოს, იმიტომ, რომ მერე ამას უფრო უკეთ გასცემ შენ პასუხს სამართლიანად, ვიდრე ის, რომ თითქოს უსამართლობა ჩანდეს, მაგრამ ამას ხალხი ვერ აღიქვამდეს, მარტო იურისტი აფასებდეს და ა.შ.

ხალხისგან, სხვათა შორის, ძალიან დიდ ყურადღებას ვგრძნობდი ყოველთვის. ბოლო ეტაპი იყო უკვე, თითქმის განაჩენი უნდა გამოცხადებულიყო და სარემონტო სამუშაოების გამო ვიყავი ლილოში და ისეთ ადგილას დავდივარ, ალბათ ეს ადამიანი მომყვებოდა უკან და სადღაც მაჩერებს და „მე პერანგების სექციაში ვმუშაობ იქითო, მე გიცნობთ ტელევიზორიდანო და ძალიან ძვირიანი პერანგები მაქვსო, 150-200 ლარი ღირს თითოო, მაგრამ ის ბიჭი რომ გამოვა, მომიყვანეო, მე უნდა ვაჩუქო ჩემი პერანგიო“. ეგეთი რაღაცები მერე ჯამში ამ რაღაც ყოველდღიურ მოტივაციას გმატებს რა, რომ ესე იგი სწორ რაღაცას აკეთებ.

ეს არის ის ცნობილი ფურცლები, სადაც ანდრო წერდა ხოლმე წერილებს. პირველი რაც შემხვდა, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. თეატრს ეხება და ეს იყო მაშინ, როცა პერფორმანსი მოაწყვეს პირველად აბაშიძის დასის წარმომადგენლებმა თეატრის წინ და არ ვიცი, ეს ისეთი ემოცია იყო, ძალიან რთულად შესატანი ციხეში იმიტომ, რომ ეს რომ ანდროს არ ენახა ტელევიზიით და საკუთარი თვალებით, ალბათ მაგ ემოციას ვერასდროს ვერ გადავცემდი მე, იმიტომ, რომ ეგ ძალიან რთული იქნებოდა. ყოველთვის მაბარებდა, თუ ვეუბნები, აბა, გავდივარ ახლა და რა გინდა, რომ გადავცე ხალხს, და ვუთხრათ, მიყვარხარ, რაღაც, რაღაც, რაღაც და ბოლოს დასზე, აი, დასზე გაჩერდებოდა, არ იცოდა, რა ეთქვა, იმიტომ, რომ იმდენად მადლიერი იყო და არის ამ ადამიანების, რომ მაგათთან არ იცის, რა უნდა თქვას. თუნდაც დოისთან არ იცის, რა უნდა თქვას და იყო თვეები, როცა დოისთან კომუნიკაცია არ ჰქონდა, ეტყობოდა საუბარში ყოველთვის, რომ ეს იყო უდიდესი მადლიერების გრძნობა, ოღონდ თან ცოტა მორიდებულად.

სოლიდარობა და გვერდში დგომა მინდა გამოვხატო თითოეული მოშიმშილე პატიმრის მიმართ. მზია ამაღლობელზე საუბრობს, ასევე ლაშაზე საუბრობს, რომელიც შიმშილობდა მანქანაში დღეების განმავლობაში, ეს არის სამი თებერვალი. ჩვენ მუდმივად ვსაუბრობდით პროტესტის ამ ფორმაზე. ზოგადად, მე, როგორც ადვოკატი არ ვარ მომხრე, რომ ადამიანი პროტესტს გამოხატავდეს ამ ფორმით - შიმშილობით და ყოველთვის, მათ შორის ანდროსაც ვეუბნებოდი, რომ, ანდრო, მე გირჩევ, რომ ეს პროტესტი არ აირჩიო შენ. რატომ - იმიტომ არა, რომ მე პატივს არ ვცემ იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფორმით პროტესტის გამოხატვას ირჩევენ, უბრალოდ მე გვერდით მჭირდება ფიზიკურად ძლიერი ადამიანიც, იმისთვის, რომ სამართლებრივად კარგად ვიბრძოლოთ. ყველაფერი გავაკეთოთ იმიტომ, რომ მე მქონია გამოცდილება, როცა ჩემს ბრალდებულს უშიმშილია და ერთი კვირის შემდგომ უკვე შეხვედრას ვერ ახერხებდა ჩემთან. თუმცა არ უთქვამს მას [ანდრო ჭიჭინაძე], რომ უნდოდა შიმშილობა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ ამაზე ფიქრობდა, იმიტომ, რომ იქ სიტუაციაც იყო ეგეთი, მდგომარეობა იყო ეგეთი, რომ მზია ძალიან დიდხანს შიმშილობდა და რაღაცნაირად სინდისის ქენჯნა ჰქონდა ყველას, რომ ქალი შიმშილობს და პროტესტს ამ ფორმით გამოხატავს და ონისემაც მათ შორის ბოლო პროცესებზე თქვა, რომ მეც ვცადეო რამდენიმე დღეში შიმშილობა, ოღონდ სამი დღის მერე უკვე ძალიან ცუდად ვიყავიო. ამ პროცესებში შენ მარტო საკუთარი თავი არ გჭირდება ძლიერი, გჭირდება აუცილებლად შენი დაცვის ქვეშ მყოფიც, იმიტომ, რომ ის არის შენი ნახევარი გონებაც, გრძნობაც და ყველაფერი.

დაბადების დღის ამბავი ძალიან მნიშვნელოვანი იყო, უბრალოდ დავწერე, დავდე ფოტო და ხუთი დღით ადრე გავაკეთე ეს იმიტომ, რომ მინდოდა, დაგროვებულიყო და ანდროსთან შევალ და თქვენს მილოცვებს შევუტან, თუ დაწერთ. თუ დაწერთ კი არა, ბოლოს ვფიქრობდი, რომ რამ მომაფიქრა, რომ ეს გამეკეთებინა, იმიტომ, რომ უბრალოდ ჩემი ტელეფონი, დაახლოებით, ოთხი-ხუთი დღის განმავლობაში იყო სრულიად უფუნქციო, საერთოდ ვერცერთი ადამიანის შეტყობინებას ვერ ვხედავდი, ვინც ყოველდღიურ კომუნიკაციაზე შეიძლებოდა მყოლოდა, იმდენი უცხო ადამიანის შეტყობინება შემოდიოდა და ჯამში უხეშად რომ დავთვალეთ, 1800-ზე მეტი ადამიანის შეტყობინება შევიტანე, რაც შეიძლება რომ ითქვას საჯაროდ.

შეიძლება გავიხსენო ის მომენტები, როცა ჩემი ლეპტოპის საშუალებით ანდრო უყურებდა თავის შვილს, უყურებდა თავის გამოსულ ახალ ფილმს. ასევე შემიძლია გავიხსენო პროცესი, როცა სტრასბურგში გავაგზავნეთ საქმე, წინა დღით ვიყავი ანდროსთან შესული და მუდმივად მეკითხებოდა, რომ რამე სიახლე ხომ არ არის სტრასბურგიდან და ვეუბნებოდი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჯერ ძალიან მოკლე პერიოდია გასული, ჯერ პასუხი არ არის და უეცრად ციხიდან გამოსულზე მხვდება შეტყობინება სტრასბურგიდან, რომ საქმე მივიღეთ წარმოებაში, ძალიან მალე, ოთხ დღეში მიიღეს საქმე წარმოებაში და ეს რომ არ იცოდა ანდრომ და იქ პროცესზე როცა შევხვდი, მაშინ რომ ვაჩვენე და მაშინ ვანახე, ეს სიხარულის განცდა და თან ის განცდა - არ უნდოდა არასდროს, რომ „ჭიჭინაძე საქართველოს წინააღმდეგ“ - ყოფილიყო ასეთი დასახელებით, მაგრამ ეგეც დასამახსოვრებელი იყო. მერე მაგიტომ იყო, რომ მინდია გაბაძე, „პუბლიკას” ფოტოგრაფი, ძალიან კარგად აღბეჭდავდა ხოლმე ამ ყველაფერს.

ერთი პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. მოულოდნელი რამ მოხდა და გიორგი ახობაძე, უდანაშაულო ადამიანი გათავისუფლდა დარბაზიდან. მაშინ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი, ჩვენ პირველ დარბაზში ვიყავით, სავსე იყო მთლიანი დარბაზი და უეცრად მხვდება პოსტი, რომ ახობაძე გათავისუფლდა და მაშინვე შევბრუნდი და ვეუბნები, რომ ბიჭებო, ახობაძე გათავისუფლდა და იქ საერთოდ პროცესი დაიკარგა, ჩვენი პროცესი საერთოდ გაქრა, და ჩავრთე კომპიუტერში ეს ლაივი და ბიჭებს ვეუბნები, რომ უყურეთ და როგორც კი პირდაპირ ჩავრთე ლაივი და ახობაძე დგას კიბეებთან, ამ ყველაფერს ვუყურებ და რაღაც მომენტში გადასვლა მინდოდა და უცებ გავხედე ბიჭებს და ის სურათი იყო მერე რომ გადავიღე. როცა გავხედე ბიჭებს, მგონია, რომ ერთი-ორი ადამიანი შეიძლება უყურებდეს, არა, თერთმეტივე, უფრო სწორად ათი, იმიტომ, რომ კიკნაძე არ იყო მაშინ, ათივე მხოლოდ ჩემს ეკრანს ხედავს და არ ვიცი, იმ გახედვის დროს ნანახი ამ ბიჭების სახე და თვალები და ეს ბედნიერი გამომეტყველება ალბათ არ დამავიწყდება არასდროს.

მგონია, რომ უკეთესი ადამიანიც გამოვა იქიდან და უკეთესი მსახიობიც, იმიტომ, რომ ამ ყველაფერს უფრო სხვანაირად გამოიყენებს, იმიტომ, რომ თვითონ ამას არ ეძახის სასჯელს და ეს არის გამოცდილება, რომლისთვისაც რაღაც მხრივ სადღაც შეიძლება მადლობელიც იყოს, იმიტომ, რომ სხვანაირად განვითარდება, სავარაუდოდ, როგორც ყველა ცუდს რაღაც, სადღაც კარგიც აქვს.

______________________________

სინდისის ადვოკატები - ადვოკატების ამბები სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესებიდან და მათ მიღმა, როგორ იქცა პროფესიული ურთიერთობა მეგობრობად.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა