გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
დონალდ ტრამპი აშშ პრეზიდენტი

ტრამპის საწინააღმდეგო 6 საუკეთესო სიმღერა (თითქმის არცერთი არაფრად ვარგა)

დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტებას ბევრი მუსიკის მოყვარული იმედით შეხვდა. არა იმიტომ, რომ ელიან, თუ როგორ გახდება ამერიკა კვლავაც დიადი, არამედ ახალი კარგი მუსიკის გამოჩენის მოლოდინი აქვთ. ფიქრობენ - მუსიკა მოსაწყენი გახდა და ერთმა კარგმა საპროტესტო მუხტმა ვინძლო ახალი სიცოცხლე შთაბეროსო.

მართლაც, ჯერ კიდევ ინაუგურაციამდ ფე ინტერნეტში ტრამპის საწინააღმდეგო ათობით სიმღერა გამოჩნდა. ლაპარაკია ცნობილ ჯგუფებსა და მომღერლებზე, თორემ „იუტუბის“ და „საუნდკლაუდის“ ბენდებსაც თუ მივამატებთ, მათი რაოდენობა ალბათ ათასამდე ავა. და ეს მხოლოდ დასაწყისია. ამბობენ, ყოველ ჯერზე, როდესაც ტრამპი ტვიტავს, მობი ახალ ტრეკზე იწყებს მუშაობასო.

არცაა გასაკვირი. ტრამპის განცხადებები და პრეზიდენტის რანგში გადადგმული პირველი ნაბიჯები - ჯანდაცვის შეზღუდვა იქნება, მექსიკის საზღვართან კედლის აშენება თუ ქალების მიმართ დამოკიდებულება - ყველაფერი როკენროლურის, სოულურის, ტექნოურის და რეპურის წინააღმდეგ მიდის.  

ამიტომაც იყო, რომ ინაუგურაციის ზეიმზე დაკვრა ქავერ ბენდებმაც კი იუარეს. ტრამპისთვის სიმღერას ამერიკული „ნიჭიერის“ ფინალისტი დათანხმდა მაშინ, როდესაც ობამას ხათრით მისი ინაუგურაციისთვის Fleetwood Mac–ი აღდგა, თეთრი სახლიდან მის გასაცილებლად კი ბრიუს სპრინგსტინმა საიდუმლო კონცერტი ჩაატარა.

მაშ, გვიგულავია? მოვეშვათ და მივიღოთ სიამოვნება ტრამპით შთაგონებული საპროტესტო სიმღერებისგან?

არც მთლად ეგრეა საქმე. ჯერჯერობით საპროტესტო სიმღერები, ძირითადად, სამოციანელების უსუსური გადამღერებაა. მობის კიდევ იმის ავტორიტეტიც აღარა აქვს, საქართველოს ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში თავისი ფავორიტი გაიყვანოს. ვერც დანარჩენმა ჰაიკლას, პრემიუმ ბენდებმა გამოიჩინეს დიდად თავი. აი, გეტყვით, რომელია ტრამპის საწინააღმდეგო 6 საუკეთესო სიმღერა. ამ არსენალით ტრამპს კი არა, ნარმანიასაც ვერაფერს დააკლებ.

#6

Moby and the Homeland Choir - Trump Is on Your Side

მობიმ ტრამპის საწინააღმდეგო რამდენიმე სიმღერა დაწერა. ეს ყველაზე უკეთესია. თუმცა, უკეთესია იმდენად, რამდენადაც „ტექნობუმის“ ესემესი სჯობია მესიჯს „ემას კრედიტისგან“, რომელიც დავალიანების შესახებ გამცნობს. მობი ტრამპის ამომრჩეველს უმღერის – შენ ღარიბი ხარ, სამსახური დაკარგე და იმედი გაქვს დემაგოგი მილიარდერის, რომელსაც არასოდეს უმუშავიაო. სიმღერა სიმღერად არ ვარგა, ტექსტი პრიმიტიული აქვს და, ამასთან, წარმომიდგენია, როგორ გაუხარდება მიდვესტში მცხოვრებ ხელებდაკოჟრილ ფერმერს ვეგანი და ულტრალიბერალი მობის ჭკუის სწავლება.

#5

Franz Ferdinand - Demagogue

უი, ფრანც ფერდინანდი. რა კარგი სიმღერა იყო Take Me Out. შუაში რომ იწყება დუმ დუმ დურურუმ დუმ დუმ დურურუმ. კაი ხანია, მაგათი სახელი აღარ გამიგია. ნეტავ, რატომ? დაიშალნენ? არა. აი, ვიკიპედიას ვუყურებ და რაღაც ალბომებიც გამოუშვიათ. აბა, „იუტუბზეც“ ვნახოთ, როგორებია. აი, რატომ აღარ გამიგია მათი სახელი. ახალი სიმღერები ძველებივითაა, ოღონდ ენერგიის, ორიგინალურობის და მუღამის გარეშე. „დემაგოგიც“ მაგ ოპერიდანაა.

#4

Fiona Apple - Tiny Hands

ეს სიმღერა მაინცდამაინც არაა. უფრო შეძახილია – We don't want your tiny hands anywhere near our underpants. (არ გვინდა შენი ციცქნა ხელები ჩვენი საცვლების ახლოს). ალბათ ჩანაფიქრი ასეთი იყო – ქალები მარშით ივლიდნენ ვაშინგტონის ქუჩებში და ამას შემოსძახებდნენ. ალბათ ზოგმა ასეც გააკეთა. თუმცა, პრობლემა ისაა, რომ ქალების მარშზე გამოტანილი ტრანსპარანტების უმეტესობა ამაზე ბევრად უფრო მახვილგონივრული იყო. ტრამპის ციცქნა ხელებზე ისედაც დღედაღამ ღადაობენ ამერიკული გასართობი გადაცემების წამყვანები. სიტყვა „საცვალი“ კი არცერთ შეძახილს არ უხდება.

#3

Gorillaz feat. Benjamin Clementine - Hallelujah Money 

ეს თითქოს ნაკლებად ნაჯახით მოწოდებული ტექსტია. სხვებისგან განსხვავებით, აქ არ მღერიან - ტრამპი ქიხაა, პატარა ხელები აქვს, მამამისს ბევრი ფული ჰქონდა და საერთოდ, მაგ სექსუალური კაცი, მაგიო. ბენჯამენ კლემენტაინი ძალაუფლებაზე, კუ-კლუქს-კლანსა და კორუფციაზე მღერის თავისი მაზალო და დასამახსოვრებელი ხმით. აი, სიმღერაც რომ კარგი იყოს, სულ გადასარევი იქნებოდა. მაგრამ, არ არის კარგი. სხვა, უკეთესი ტრეკის შესავალს უფრო ჰგავს. ამას ველოდეთ 6 წელი „გორილებისგან“? იმედია, დანარჩენი ალბომი უკეთესი იქნება.

#2

Arcade Fire feat. Mavis Staples - I Give Your Power

„მე გაძლევ ძალაუფლებას და მევე შემიძლია წაგართვა“, – მღერის კანადური ჯგუფი, რომლის წევრებსაც ამერიკის არჩევნებში ხმის მიცემა ნამდვილად არ შეუძლიათ. თავად სიმღერას რაც შეეხება, Reflektor-ისთვის დაწყებულ ტრეკს ჰგავს, რომელიც შუა გზაში მიაგდეს, იმიტომ, რომ ვერაფერი მოუხერხეს და ისედაც, ჩალიჩად არ ღირდა. ისე კი, Arcade Fire ძალიან ცუდს ვერაფერს გააკეთებს. მათი შედარებით სუსტი სიმღერებიც ბევრი არაუშავს ბენდის საუკეთესოებს სჯობია ხოლმე. ეს მაგაზეც ვერ ქაჩავს, მხოლოდ არაუშავს ბენდის არაუშავს სიმღერებს სჯობნის.

#1

YG and Nipsey Hussle - FDT

სათაურში ნახსენები სიტყვა „თითქმის“ ამის ხათრით ჩავამატე. ესეც ნაჯახით მოწოდებული მესიჯია (FDT ნიშნავს Fuck Donald Trump-ს), მაგრამ ხანდახან, თუ სწორად გააკეთე, ნაჯახიც კარგი ინსტრუმენტია. ამერიკელი რომ ვიყო და ტრამპის საწინააღმდეგო დემონსტრაციაში ვიღებდე მონაწილეობას, ერთადერთი ამის ხმამაღლა სიმღერა არ გამიტყდებოდა. 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა