გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ილია ჭანტურია

წესის აგება | ილია ჭანტურია

აი, როგორ უნდა თქვა რამე, რა ვიცი. უნდა დაიწყო და მოყვე. არაა ადვილი. სანამ მამაოს გავიცნობდი და სანამ მომიყვანდა ჭკუაზე, როგორ იყო. მე როგორი ვიყავი ახლა. მამაჩემი არ მყავდა და საწყალ დედაჩემს ჩემთვის არ ეცალა, სულ სამუშაოზე იყო და სხვის სახლებს ალაგებდა. ჩვენ კიდევ, პატარები ჰქვია მაგას, მეთერთმეტეკლასელები ვიყავით. აი, პატრონი არ ჰყავს ამასო, რომ იტყვიან, ე, მასე ვიყავი. ახლა ვხვდები ამას, თორემ მაშინ კი არ მიფიქრია ამეებზე. ტოტალიზატორი და კაზინო ახალი გახსნილი იყო ჩვენი ქალაქის ცენტრში და სულ მანდ დავწრიალებდით. დაცვა სულ გვიშვებდა. არ იყო ეგ პრობლემა. სულ მანდ დავძვრებოდით.

მე ახლა სხვას კი არ ვაბრალებ, მარა ზურია იყო, სულ რო გვექაჩებოდა. ზურია იყო, რო წაგვიყვანა პირველად კაზინოში ფულის მოსაგებად და პირველი პლანიც მაგან მოგვაწევინა.

ჩვენც არ ვიყავით მთლა დიდები და დავყვებოდით ამას, ესეც ჩვენხელა იყო, მარა გვეგონა, რო მეტი ესმოდა. არ მოეწონებოდა რამე ზურიას და ჩვენც არ მოგვეწონებოდა, იტყოდა ზურია, პროჭულია ესაო და ჩვენც თავს ვუქნევდით, იასნა პროჭულიაო. აი, ტოტალიზატორის წინ ვიდექით ხოლმე და ველოდებოდით, ვინ რა ფულს იშოვიდა. ვინ რას ჩააბარებდა. ვიდექით მთელი დღე და ვუსაქმურობდით, ჩამოივლიდა მამაო და მე მათვალიერებდა, ვხვდებოდი. ვიცოდი, რომ მიცნობდა. მამაჩემის მეგობარი იყო, მამაჩემი სულ მასთან დადიოდა. მეც ერთ დღეს დამავლო ხელი და გამომიყვანა იმ ბიჭებიდან. შენო, ჩემთან უნდა იაროო, მამაშენმა დამაბარა ესაო. თავიდან კი გამიკვირდა, რასაა ეს კაცი, რომ ბოდიალობს-მეთქი, მარა მერე მივხვდი, წუმპიდან რომ ამომათრია. ყველგან დავყავდი. სულ თან ვყავდი, ოღონდ იმ კაზინოებში და ტოტალიზატორებში არ ვენახე და ათას რამეს მავალებდა. ბიბლია უნდა წაიკითხოო, დიდი ბიჭი ხარო. არ მაძალებდა, მარა მე რაღაცნაირი რიდი მქონდა და ვერ ვეტყოდი უარს, ვკითხულობდი. არ მაინტერესებდა, მარა მერე უფრო დავიწყე მთელი დღეები კითხვა. დამისვამდა და გამომკითხავდა ძველი აღთქმიდან, მეც ვპასუხობდი, მომწონდა. მერე სტიქაროსნობა შემომთავაზა, ძალიან კი გამიხარდა, მაშინ იმ პერიოდში ვიყავი, რო რაღაცას მივხვდი, მარა მთლა ყველაფერს არა. დავთანხმდი. ამის მერე დავყავდი ქორწილებში და პანაშვიდებზეც. ეკლესიაშიც არ ვაცდენდი დღეებს, ლოცვებსაც მაკითხებდა წირვაზე.

თავიდან ბიჭებს არც მოსწონდათ, მათთან რო არ ვიყავი, ბევრჯერ უღადავიათ კიდე, რო რაშვები და შეჩემა, ბერობას ხო არ აპირებო, მარა ზურიამ უთხრა ამათ, რო მე ეკლესიური ბიჭი ვარ უკვე და კაი გზას დავადექი და ამათაც ხმა არ ამოუღიათ.

ასე იყო. მაგის მერე კი გავიდა წლები, ბიჭებთან თანდათან გავწყვიტე კონტაქტი, არც მომიკითხავს, არც აქეთ მოვუკითხივარ ვინმეს, იცოდნენ, რო ეკლესიურ გზას ვადექი უკვე და მათთვის არც ვიცლიდი. ასე გავიდა წლები, ერთ დღესაც, ერთ დღესაც რა, გუშინდელი ამბავია ეს, სახლში როცა ვიყავი, დამირეკა მამაომ, წესის აგებაზე მივდივარ და გცალიაო? მე ვთქვი, თქვენთვის როგორ არ მოვიცლი მამაო-მეთქი. და გამოვყევი. ტაძართან შევხვდი. მეზობელ სოფელში გვაქვს წასასვლელიო, ეგ სოფელი ცოტა ხნის სავალზე იყო, ჩემი ძველი ძმაკაცებიდან რამდენიმე მანდ ცხოვრობდა, იქ ბევრჯერ არც ვიყავი ნამყოფი, მარტო მდინარეზე წავსულვართ ორჯერ. ჩანთა გამოვართვი და ტრასაზე გავედით. მარშუტკა უნდა გაგვეჩერებინა. მანქანამ მალე გამოიარა და ათ წუთში იმ სოფელში ჩავედით. მამაო წინ მიდიოდა, მე უკან მოვყვებოდი, ჩემი ფეხსაცმლის თასმა კიდევ სულ მეხსნებოდა, ფეხებში მედებოდა და ვბორძიკობდი, ვიფიქრე, შევიკრავ-მეთქი, მარა რო დავხედე, ვნახე, სულ ტალახში იყო ამოვლებული. ვიღაც კაცები გვიყურებდნენ ეზოებიდან, უცნაურად გვაკვირდებოდნენ. ე, იმასთან მიდიან ესენი, იმ საცოდავთანო, ერთმა ქალმა უთხრა მეორეს. მე ამათ შევხედე, რაღაც კაი თვალით არ გვიყურებდნენ, ეტყობოდათ. გავცდით ამათ და სახლს მივადექით, კარი ღია იყო, ეზო – ცარიელი. ერთი მანქანა ეყენა. ოდა სახლი იყო, ისეთი, ჩვენს სოფლებში რომ არის, მარა ძველი, ძალიან ძველი. უკან ბოსელი იყო. აქ რატომ მოვედით-მეთქი, გავიფიქრე. ალბათ, ვინმე მოხუცი გარდაიცვალა-მეთქი. ავედით კიბეზე. მამაო შევიდა ოთახში. შიგნით ვიღაც გოგო-ბიჭები იყვნენ, ზოგს უცნაურად ეცვა, ზოგს კიდევ ფერადად ჰქონდა თმები შეღებილი, ბიჭებსაც, აი, საყურეებიც. ასეთი არ მინახავს აქამდე, დედას ვფიცავარ. ბიჭები იყვნენ საყურეებით და თმები კიდევ სხვა ფერში. მე ვთქვი, მამაო როგორ მოიყვანეს-მეთქი აქ. ოთახის ცენტრში კუბო ესვენა. ჭირისუფლად მარტო ერთი ქალი იჯდა. შავებში გამოწყობილი. პერანგზე კიდევ ორი პატარა სურათი ეკიდა ქინძისთავით მიმაგრებული. ტიროდა საწყალი და ეს გოგო-ბიჭებიც ქვითინებდნენ. მამაო მიესალმა. მე გამგზავნა ეზოში. ერთი მუჭა მიწა მომიტანეო. მე გავედი და ხელით ამოვიტანე ერთი მუჭა მიწა. თეფშზე დადო და თეფში კიდევ – მაგიდაზე. უცბად ტახტისკენ გავიხედე და გავშტერდი, არ ვიცოდი, რა მექნა.

ტახტს ვუყურებდი და ვხედავდი, ტახტზე ზურია ესვენა, ზურია, ჩემი ძველი ძმაკაცი, ზურია, პირველად პლანი რო მოგვაწევინა და ყველა რაზბორკაზე რო დაგვყავდა, ეგ ზურია.

მარა სულ სხვანაირ ფორმაში. კაბა ეცვა, ფერადი კაბა და ისე იწვა, თმებიც მოგრძელებული ჰქონდა, ტუჩებზეც პომადა ესვა წითელი. რა უნდა მეთქვა. ჰო არ გვამასხარავებენ ესენი-მეთქი, ვიფიქრე. გაშტერებული ვიდექი. მამაოს შევხედე, თვალით ვანიშნებ-მეთქი, მარა მამაომ ხმამაღლა მითხრა, რას უყურებ, ნახშირი გაამზადეო. მე ჯერ კიდევ აზრზე ვერ ვიყავი მოსული, ზურია ქალის ფორმაში გამოწყობილი იწვა ტახტზე, გარშემო კიდევ ფერად-ფერადი გოგო-ბიჭები იდგნენ, პირველად რო ვხედავდი, ისეთები. ავიღე ნახშირი, ასანთი ავანთე და ცეცხლზე გავახურე. საკმეველიც დავადე ზედ და მამაოს საცეცხლურში ჩავდე. დაიწყო წესის აგება. ყველაფერმა ისე ჩაიარა, როგორც არის ხოლმე. მარა მე არ მახსოვს ასეთი ზურია და არც მიცვალებული მინახავს ასეთი. მამაომაც შეხედა, არაფერი უთქვამს. არც ლოცვა შეუწყვეტია. მერე, ყველაფერი რომ მორჩა, ის მოხუცი ქალი მოვიდა მამაოსთან და ჯიბეში ფულს უდებდა, მამაომ, არაო, თქვენგან ამას ვერ ავიღებო, არაფრით გამოართვა. ძლივს გამოვედით იმ სახლიდან, მე არ ვიცი, ასეთი რამე პირველად ვნახე. გზაზე, როცა მოვდიოდით, ის კაცები ისევ ისე გვათვალიერებდნენ. ქალებიც ჩურჩულებდნენ რაღაცას.

ქუჩას რომ გავცდით, მამაოს ვკითხე, კი მარა, ჰო ნახეთ მიცვალებული, მამაო, ჰო ნახეთ რას ჰგავდა-მეთქი, არც ქალი იყო მაგი, არც ბიჭი იყო, ზურია იყო ეგ, ჩემი ძველი ძმაკაცი, ზურია-მეთქი. ბიჭი იყო ეგა, რო ვძმაკაცობდით-მეთქი.

არაფერი მიპასუხა, გზა გააგრძელა. მე გავბრაზდი და ვუთხარი, კი, მარა, იმ ავადმყოფებთან რამ მიგიყვანათ, იმ გიჟებთან, ან იმისთვის რამ აგაგებინათ წესი-მეთქი. ეს ვთქვი თუ არა, ამომხედა თავისი მკაცრი სახით, არც არაფერი მითხრა, შემომხედა და წავიდა. მიდის წინ და მივჩანჩალებ მე უკან, დავეწევი-მეთქი, ვიფიქრე, მარა ჩქარა მიდის, თან თასმა ფეხებში მედება და ვბორძიკობ, მამაო კიდევ მიდის ჩქარა და არ მელოდება, მე კიდევ ვცდილობ, მარა ვერაფრით ვეწევი.



ავტორი: ილია ჭანტურია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა