ფერნანდა მელჩორის „ქარიშხლების სეზონი“ | ზურა ჯიშკარიანი
ბავშვობაში ჩემს მეზობელ, ჩემხელა გოგონას ბატონები უბრძანდებოდა. მისტიკური ტრადიციის მიხედვით, ბავშვში ჩასახლებულ ბატონებს ყველა სურვილი უნდა აუსრულო, თორემ ბატონები ამ ბავშვს დაახრჩობენ და მოკლავენ. ბავშვიც ამ დროს საოცრად მიზეზიანია. რამდენი უტრიალეს ამ ბავშვს, რა სურვილების ახდენას არ დაჰპირდნენ, მაგრამ გოგონა ყველაფერს უარყოფდა, იბოღმებოდა და ყველას თვალწინ იხრჩობოდა. მახსოვს, როგორ მეშინოდა ამ გოგოსი და კიდევ უფრო - უხილავი ბატონების, რომლებიც ბავშვებს კლავდნენ. ბოლოს მიხვდნენ და თავად გოგონას ჰკითხეს - შენ თქვი, რაც გინდა და ავასრულებთო. მაგ დროს იქ ვიყავით მეზობლები შეკრებილები, თითქოს სიკვდილის სუნზე მისულები და ბავშვმა ბრძანა, რომ დედამისი ყველას თვალწინ, იქვე ოთახში, სკამზე დაებათ ბაწრებით და არ აეშვათ გათენებამდე. ახლაც მახსოვს ის უცნაური წუთები, როცა ტირილწამსკდარ დედამისს სკამზე თოკებით აბამდნენ მდუმარე, წვერებიანი კაცები, ხოლო გოგონას გაუარა ხრჩობამ და ზეიმის თვალებით უყურებდა სცენას.
შეგრძნება მაქვს, თითქოს იმავე ბაწრებით იყო ჩამომხრჩვალი გვამი, რომელიც ჩერდაკზე აღმოვაჩინეთ და სამი დღე ვმალავდით, არავის ვეუბნებოდით და ჩუმად ავდიოდით იქ, რომ დავმსხდარიყავით ჩამოხრჩობილის წინ და გვეცქირა, თუ როგორ არხევდა ბეტონის ნაპრალიდან შემოსული ქარი ჩვენს ნარკომან მეზობელს, რომელსაც მიეღო ისეთი იისფერი, როგორც კორპუსებში იცოდა დაისმა.
ასეთი და გაცილებით მძიმე ამბები გამახსენა ფერნანდა მელჩორის „ქარიშხლების სეზონმა“. ეს ისტორიები შორიდან ჩანს ანომალიად, მაშინ, როცა ეს ხდომილებები დღის განრიგივით იყო უგანრიგო აწმყოში. თუ გაუპატიურებებს, თვითმკვლელობებს და ვნების გამო ჩადენილ დანაშაულებს რომანებიდან, ფილმებიდან ან ახალი ამბებიდან კი არ იცნობთ მხოლოდ, არამედ უშუალო თანადამსწრე, შემთხვევითი მოწმე ან მონაწილე ხართ - თქვენ „ცხოვრების შუაგულში“ იმყოფებით.
ცხოვრების შუაგული ის დოსტოევსკური ზონაა, სადაც ადამიანური ცხოვრება ურეფლექსოდ ჩქეფს და მიედინება და სადაც ზოგადადამიანური გამოცდილება იმდენად ტოტალურია, რომ სუბიექტები უბრალოდ მოდიან და მიდიან, როგორც ბუზები ან ჭიანჭველები, გამოცდილება კი გრძელდება. ბევრი ამას ამ პლანეტის ჯოჯოხეთსაც ეძახის.
ვიცი, რადგან ნამყოფი ვარ. იქ, სადაც ათასობით ადამიანი სრულიად შემთხვევით აღმოჩნდება ერთმანეთის დამსხვრეული ოცნებებისა და არგადახარშული კომპლექსების პირისპირ - ვნებათაღელვები და ეგზისტენციალური დრამები ყოველდღიურობის მაწარმოებელი და განმაპირობებელია - მუდმივ ოფლსა, თესლსა და სისხლში.
როცა დამდგარია სოციეტალური კოლაფსი - ადამიანები კარგავენ ყველაზე მთავარს: ონტოლოგიურ უსაფრთხოებას და ხელოვნური შეგრძნებებით ანაცვლებენ მას. ასეთ დროს ნარკოტიკები ჰაერივით მიმზიდველი ხდება, უეცარი შეყვარებები კი - ნარკოტიკი.
როცა დამდგარია სოციეტალური კოლაფსი - რთულდება მომავლის პროგნოზირება და ხალხს ესაჭიროება გრძნეულები. და გრძნეულები აუცილებლად ჩნდებიან.
როცა დამდგარია სოციეტალური კოლაფსი - სოციალური აქტორები ვერანაირ გავლენას ვერ ახდენენ სოციალურ სტრუქტურებზე, ვერ არეგულირებენ საკუთარ რუტინას, რაც იწვევს უიმედობას, უგრძნობლობას და ასე ღვივდება მათში შინაგანი მხეცი, რომელსაც მინიმუმ ადამიანის მოკვლა სჭირდება, ოდნავი კონტროლი მაინც რომ იგრძნოს საკუთარ ან სხვის ბედისწერაზე.
მელჩორი ჟურნალისტია ცხოვრების შუაგულიდან. ოღონდ ის კი არ მოაქვს ჩვენთან, ჩვენ მივყავართ მასთან სახიფათო ზღვარზე - დამუხტული წინადადებებით, ინტერსუბიექტური თხრობით, სადაც ჩანს ყველა პერსონაჟის სიმართლე, სიცარიელე და ტკივილი და ამას აკეთებს დიდი მწერლობისთვის დამახასიათებელი ოსტატობით. ბევრს ალბათ გაუჩნდება ცდუნება, ეს რომანი ისევ და ისევ სამხრეთ-ამერიკული ტრადიციის ჟანრში განიხილოს, რაც გარკვეულწილად ასეცაა, მაგრამ ეს დრამები ზოგადსაკაცობრიოა და ნაცნობია მსოფლიოს ნებისმიერ ნაწილში, აგერ 90-იანების მაგიური და სასტიკი სამეგრელოც კი გამახსენა მელჩორის მექსიკამ.
აქ, ცხოვრების ამ სასტიკ შუაგულშია მოქცეული კაცობრიობის დაჩაგრული მხარე: ღარიბ-ღატაკები, ტრანსვესტიტი გრძნეულები, უკლასო ელემენტები, კრიმინალი ნარკომანები, კაპიტალიზმისა და პლანეტის ცენტრებისგან გარიყული ნახევრადმოქალაქეები, უიმედონი ან ცრუ იმედებით, ღრმა ფსიქოლოგიური ტრავმებით დადაღული ველური ბავშვები - თერაპიაზე წვდომის გარეშე. ჟორჟ ბატაი იტყოდა, რომ ეს ის ტერიტორიაა, სადაც ყოველდღიურობა ესაზღვრება საკრალურობას და ყველაზე დაბლა მყოფი - ყველაზე მაღლა დგება.
ფერნანდა მელჩორი ამ საკრალურობის რეპორტიორია იმ სივრცეებში, სადაც წიგნებს კითხულობენ - იმ სივრცეებიდან, სადაც წიგნისთვის არავის სცალია და ამიტომ, განწირულები არიან, მოხვდნენ ამ წიგნში პერსონაჟებად.