გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
რეცენზია მარის კონდეს  წიგნზე „მე, ტიტუბა... შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან“

იდეა, რომელსაც არა აქვს დასასრული

თუ სეილემის პროცესზე გსმენიათ, ამ წიგნის სათაურს რომ დახედავთ, იფიქრებთ, ალბათ, მორიგი უდანაშაულოდ დასჯილი ქალის ამბავია, რომელიც კანის ფერის გამოც მოიძულეს და ჯადოქრობა დააბრალესო. ალბათ, მცდელობაა, ლიტერატურა იქცეს იმათ ხმად, ვისი ხმაც საუკუნეთა განმავლობაში ჩახშობილი იყო და არ ისმოდაო.

მერე კი, თუ გადაწყვეტთ, რომ მორიგი ბანალური, გულის გამტეხი წიგნის წაკითხვა გსურთ, გადაშლით.

და პირველსავე გვერდზე მიხვდებით, რომ შეცდით:

„მე და ტიტუბას ერთი წლის განმავლობაში ძალიან ახლო ურთიერთობა გვქონდა. სწორედ მაშინ, ჩვენი უსასრულო საუბრების დროს, მიამბო ის, რაც არასოდეს არავისთვის გაუნდვია.“

- მარის კონდე

აი, ამ მინაწერით იხსნება წიგნი, მინაწერით, რომელშიც იშლება ონტოლოგიური ზღვარი ტექსტის ფიქციურ სამყაროსა და ჩვენს ნამდვილ სამყაროს შორის. გამოცდილი მკითხველისთვის ეს ცხადყოფს, რომ მის წინაშე პოსტმოდერნისტული ექსპერიმენტია, რაც შემთხვევითი არაა - „ტიტუბა“ 1986 წელს გამოიცა, პოსტმოდერნიზმის ხანაში, როცა მეტაფიქციურობა (ლიტერატურის თვისება, ჰყვებოდეს თავის თავზე) და ინტერტექსტუალობა განსაკუთრებულად ინტენსიური იყო. პოსტმოდერნიზმმა მოიტანა იერარქიული სტრუქტურების რღვევაც - თხრობის ცენტრში მარგინალი პერსონაჟები მოექცნენ, გაუქმდა მარტივი მორალი კეთილი/ბოროტი, კარგი/ცუდი. მარის კონდეს ამ რომანის პროტაგონისტიც ასეთივე მარგინალია - შავკანიანი ქალი, რომლის შესახებაც ისტორიას, ფაქტობრივად, არაფერი შემოუნახავს. ოღონდ იმის ნაცვლად, რომ კონდემ დაწეროს უდანაშაულო მსხვერპლის ამბავი, ის საერთოდ სხვა გზას ირჩევს - ცნება „ალქაჯის“ დეკონსტრუქციის გზას.

„- ნუ ამბობთ სიტყვებს, რომელთა მნიშვნელობაც არ გესმით. იცით, საერთოდ, რა არის „ალქაჯი“?“ - ეკითხება ტიტუბა თეთრკანიან ბავშვებს და ეს კითხვა ტექსტში სხვადასხვა ფორმით ძალიან ხშირად დაისმის.

რა არის ალქაჯი? ის, ვინც ადამიანებს კურნავს? ის, ვისაც მიცვალებულებთან ლაპარაკი შეუძლია? ის, ვინც სატანასთანაა გარიგებული?

ტიტუბას სიცილად არ ჰყოფნის თეთრკანიანთა გულუბრყვილო წარმოდგენა ალქაჯებსა და ბოროტებაზე, ხან ცოცხით ფრენას რომ უკავშირდება და ხან - შავ კატებს:

„- რა სისულელეს ამბობთ? ცოცხით რა უნდა ქნას ადამიანმა?“

„- საიდან მოიტანეთ? ცხოველია და მეტი არაფერი, რომელიც ჩვენმა მოსვლამ შეაწუხა. ამ სატანას განუწყვეტლივ რატომ ეძებთ?“

მაშ, ვინ არის ტიტუბა? თავის თავზე თხრობას ის იმის მოყოლით იწყებს, რომ დედამისი აბენა გემზე თეთრკანიანს გაუუპატიურებია: „ამ ძალადობის შედეგად დავიბადე მე. ამ სიძულვილისა და ზიზღის შედეგად.“ აქ კიდევ ერთხელ შეიძლება, გაგისწროთ წინ მოლოდინმა, ალბათ, გაბრაზებული ქალის ამბავია, მიზნად რომ შურისძიება დაუსახავსო. და კვლავაც შეცდებით - ტიტუბა თავის ძალას მხოლოდ საკურნებლად იყენებს და თუ ვინმეს დასჯას გადაწყვეტს, მისი ეს გადაწყვეტილებაც ყოველგვარი მორალური კატეგორიების მიღმაა, რადგან თავად ტიტუბაა მორალური კატეგორიების მიღმა. იგი ბუნების შვილია - მიცვალებულებთან საუბარი, ზებუნებრივი ნიჭები, მამაკაცის სიყვარული - ეს ყველაფერი მისი ბუნებრივი თვისებებია. ამიტომაც თეთრკანიანთა კულტურა/ცივილიზაცია მისთვის ბოლომდე უცხო და გაუგებარი რჩება. ტიტუბას ამბავი - ეს, ამავდროულად, ბუნებისა და კულტურის/ცივილიზაციის ჯახის ამბავია.

ამასობაში, თემად შემოდის ჩაგვრაც, მთელი თავისი სისავსით - ტიტუბას ქმარი, ინდიელი ჯონი, სულ ადვილად დაუძვრება სეილემის ალქაჯთა პროცესის სიგიჟეს. ის არც ტიტუბას მსგავს სიმამაცესა და პრინციპულობას გამოიჩენს. ტიტუბას შემთხვევაში კი ჩაგვრა ორმხრივია - თეთრკანიანთა სამყაროს მხრიდანაც და პატრიარქალური სამყაროს მხრიდანაც. იგი იჩაგრება, როგორც შავკანიანი და იჩაგრება, აგრეთვე, როგორც ქალი. სწორედ ეს საერთო აქვს მას თეთრკანიან ქალებთან,. ტექსტის ერთ შთამბეჭდავ პასაჟშია ნაჩვენები: ტიტუბა აღსარების თქმაზე უარს ეუბნება თავის ბატონს, პასტორ სამუელ პარისს. პარისი მას გაარტყამს. პარისის ცოლი კი ტიტუბას გამოესარჩლება.

„მასაც გაარტყა. მასაც სისხლი წასკდა. ამ სისხლმა ჩვენს კავშირს ბეჭედი დაასვა.“ - გვიყვება ტიტუბა.

თან იმასაც ამჩნევს, რომ პარისის ქალიშვილი, ბეტსი, და მისი ცოლის დისშვილი, აბიგაილი, ზუსტად ისეთივე ბავშვობაწართმეული გოგონები არიან, როგორიც თავად:

„მე ბავშვობა არ მქონია. დედაჩემის ჩამოხრჩობის აჩრდილმა მთელი ის წლები დამიბნელა, რომლებიც უდარდელობასა და თამაშში უნდა გამეტარებინა. მივხვდი, რომ ჩემგან განსხვავებული მიზეზებით, ბეტსი პარისსა და აბიგაილ უილიამსსაც მოჰკლებოდათ ბავშვობა, სამუდამოდ ჩამორთმეოდათ სიმსუბუქისა და სინაზის ეს ხანა.“

ამან შეიძლება, გვაფიქრებინოს, რომ რომანში მარგინალობა ტრანსრასობრივი და უფრო მეტად გენდერული პრობლემაა. და კვლავაც - არა: მარგინალობა აქ გენდერულ საზღვრებსაც გადაკვეთს - ტექსტში შემოდის პერსონაჟი, რომელიც კაცია, მაგრამ ჩაგრულია, თეთრკანიანია, მაგრამ ჩაგრულია. მეტსაც გეტყვით, ჩაგვრა და დევნა არამხოლოდ პირადად მისი, არამედ მთლიანად მისი ერის გამოცდილებაა, რადგან იგი ებრაელია.

ამრიგად, „მე, ტიტუბა... შავკანიანი ალქაჯი სეილემიდან“ არის რომანი ყველაფერ იმაზე, რაც გვგონია, რომ ვიცით, მაგრამ წაკითხვისას აღმოჩნდება, რომ ამ ყველაფერზე მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენა გვქონდა და ამ ყველა ფენომენის მთელი კომპლექსურობა მხოლოდ ახლა გახდა ჩვენთვის ცხადი.

ამ კომპლექსურობის ნაწილია ქალის ლტოლვის ამბივალენტურობაც - იქნებ ქალს ჩაგრავს არა მამაკაცი, არამედ მამაკაცისადმი ლტოლვა? რადიკალური იდეაა, არა? აღარ აღგიწერთ, ტიტუბას ამბავში როგორაა გაშლილი - სასიამოვნო მოულოდნელობად დარჩეს, მაგრამ პაწია მინიშნებას მოგცემთ:

ტიტუბა საპყრობილეში შეხვდება თეთრკანიან ქალს, რომელიც ორსულადაა. ქალს ჰესთერი ჰქვია და ტიტუბას უყვება, რომ ბავშვი ღვთისმსახურის შვილია. გეცნოთ ამბავი? თუ გეცნოთ, აღარ განვაგრძობ. ხოლო თუ არა, გირჩევთ, წაიკითხოთ ნათანიელ ჰოთორნის „ალისფერი დამღა“, ქართულადაც არის უკვე თარგმნილი. ამ მოულოდნელ კავშირს კონდე გადაწყვეტასაც მოულოდნელს უძებნის - არათუ ტექსტობრივ, არამედ დროით საზღვრებს არღვევს და მეჩვიდმეტე საუკუნის ამბის გადმოცემისას ტექსტში ჩნდება სიტყვები: „ფემინიზმი“ და „რასიზმი“.

ახლა ორიოდე სიტყვა ფორმაზეც ვთქვათ: როგორაა დაწერილი მარის კონდეს ეს რომანი? საოცრად პოეტურად. ალბათ, სხვაგვარად ვერც გადმოსცემ სიყვარულისა და სიკეთის ამბებს, რომლებიც ტოტალური ბოროტების პირობებში ხდება. აი, მაგალითი:

„დედაჩემი ჩამოახრჩვეს.

დავინახე, როგორ ტრიალებდა მისი სხეული და როგორ ეხლებოდა სეიბას ქვედა ტოტებს.

უპატიებელი დანაშაული ჩაიდინა. თეთრკანიანს დაარტყა. არადა, არც კი მოუკლავს. გაცოფებულმა, რაღაც მოუხერხებელი მოძრაობით, მისთვის მხოლოდ მხრის გაკვრა მოასწრო.

დედაჩემი ჩამოახრჩვეს.

ყველა მონა მორეკეს და მისი სიკვდილით დასჯა აყურებინეს. როდესაც კისერგადამტვრეულმა სული განუტევა, თითოეულს აღშფოთებისა და რისხვის გმინვა აღმოხდა გულიდან, რაც მათრახების დაუნდობელი ტყლაშატყლუშით დაადუმეს ზედამხედვლებმა. ერთ-ერთი ქალის კაბის ქვეშ შემალულმა ვიგრძენი, როგორ გამიქვავდა გულის სიღრმეში რაღაც ლავასავით, რაღაც ძრწოლისა და გლოვის ნარევი, რაც აღარასდროს დამტოვებდა.

დედაჩემი ჩამოახრჩვეს.“

დააკვირდით რიტმს და განმეორებად ფრაზას, რომელიც ყოველი აბზაცის მერე ზარივით რეკს: „დედაჩემი ჩამოახრჩვეს.“

მე ჯერ ისე არ ვიცი ფრანგული, „ტიტუბა“ დედანში წამეკითხა, მაგრამ როცა ტექსტი თარგმანში ასე ამეტყველდება, თარგმანი უთუოდ კარგი უნდა იყოს, რაც პაატა ჯავახიშვილის ოსტატობის დამსახურებაა.

და ბოლოს, ალბათ, დაინტერესდებით, წერილს ეს სათაური რატომ დავარქვი - ცხადია, ფინალის გამო, რომელიც ისეთივე არაორდინალურია, როგორიც მთელი წიგნი. ფინალში ტიტუბა, უბრალოდ, პერსონაჟი კი აღარ არის, არამედ იდეა, რომელიც მარადიულია და რომელიც თითოეული ჩვენგანის გულში ცხოვრობს.

მე ვფიქრობ, თუ სადმე ჩანს მარის კონდეს დამოკიდებულება ლიტერატურისა და მისი ფუნქციისადმი, სწორედ ამ ფინალში ჩანს - რომანის ფინალი პირობითია და უფრო მინიშნებაა იმაზე, რომ ტიტუბას ამბის თხრობა შეიძლება, უსასრულოდ გაგრძელდეს. ტიტუბა აღარ არის მხოლოდ კონკრეტული პერსონაჟი, რომელსაც უამბოდ და უსახელოდ დარჩენა ემუქრებოდა, ტიტუბა უნივერსალიაა - ზუსტად ისეთივე უნივერსალია, როგორიც გმირი კაცები, ის ისტორიული პირები, რომელთა გამოცდილებაც სამაგალითოდ და მისაბაძად სახელდება.

...

ამ წერილის დასრულებიდან მეორე დღეს შევიტყე, რომ მარის კონდე გარდაიცვალა. შემეძლო, წერილი განმევრცო, მის აკადემიურ კარიერაზე მომეთხრო თქვენთვის, ამეხსნა, რომ ის არა მხოლოდ მწერალი, არამედ ლიტერატურის მკვლევარია, როგორც მისი თაობის მწერლების უდიდესი ნაწილი. თუმცა მის ბიოგრაფიაში არის ერთი დეტალი, რომელიც ყველა ამ მიღწევას მოიცავს და მეც მას დავჯერდები: 2023 წელს მარის კონდეს რომანი „ახალი სამყაროს სახარება“ („L'Évangile du nouveau monde“), რომელიც ფრანგულად 2021 წელს გამოიცა და ორი წლის შემდეგ ითარგმნა ინგლისურად, „საერთაშორისო ბუკერის“ მოკლე სიაში მოხვდა. კონდე ამ დროისთვის 89 წლისა იყო - ყველაზე ხანდაზმული „ბუკერის“ ნომინანტებს შორის…


ავტორი: ნანა აბულაძე

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა