ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

უკანალის სონეტი | პოლ ვერლენი და არტურ რემბო

ბუნდოვანი და დაღარული, ძლიერ ვნებათა
ნოტიო ხავსში მიხაკივით რომ გადმოშლილა,
იგი დინებას დაღმართისკენ უშვებს მორჩილად,
დუნდულებიდან ბაგეების ნაპირებამდე.

თეთრი მდინარე, აკინძული ქარში მძივებად,
მიმოფანტულა და რძისფერი ცრემლების მსგავსი
მარგალიტებით შეუმკია წითური ხავსი
და ახლა, ნაზად, დაღმართისკენ მიედინება.

მან ბაგეს ჩემსას არაერთხელ მოჰგვარა ნერწყვი.
სულმა კი ჩემმა, ეჭვიანმა საგანთა შერწყმით,
მის ზედაპირზე დააყენა ცრემლის ღვარული.

იგი ვნებისგან მიბნედილი ზეთისხილია,
მილია, სადაც ნუშის კრემი არ დაილია:
ქანაანია, ქალურ ტენით შემორკალული!

სონეტი, რომელიც ორმა ხელმა დაწერა და რომლის ოთხტაეპედები ვერლენს ეკუთვნის, სამტაეპედები კი – რემბოს, გვთავაზობს რაფინირებული ენისა და ბრუტალურ-გროტესკული სცენის კონტრასტს. ლექსიკა, რომელსაც პოეტები იყენებენ, არაპირდაპირია, მეტიც – ლირიკული, სპირიტუალური და ელეგიურიც კი: ცრემლი, სული, ეჭვი… სოდომიისშემდგომი უკანალი წარმოდგენილია, როგორც მომხიბვლელი პეიზაჟი, ტენიან ველზე აღმოცენებული ყვავილი. სპერმის ამოფრქვევა შედარებულია ცრემლისღვრასთან, რაც ანატომიურ ასპექტში, საკმაოდ ავანგარდისტულია. პოეტები არ ერიდებიან არც ბიბლიურ რეფერანსს. ანუსი აღწერილია, როგორც აღთქმული ქვეყანა, ქანაანი, სადაც რძე და თაფლი მოედინება.

უფრო ზუსტად კი, ეს სონეტი არის ვერლენის და რემბოს თანამედროვის, პოეტ ალბერ მერას სტილის პასტიში. ალბერ მერას, ამ დროს, უკვე გამოცემული ჰქონდა პოეტური კრებული, რომელშიც შესული სონეტები აღწერს „ქალის სხეულის მშვენიერ ნაწილებს“: თვალებს, პირს, კბილებს, ცხვირს, შუბლს, თმას, ყურებს, კისერს, მკერდს, მკლავებს, ხელებს, მუცელს, ფეხებს, კეფას და მხრებს, რასაც ვერლენმა და რემბომ დაუმატეს უკანალი და ამით, შეიძლება ითქვას, კონტრმაგალითი აჩვენეს, აღწერენ რა გროტესკულს. ისტორიკოსთა თანახმად, ალბერ მერა, ვისაც ფაქტობრივად მიუძღვნეს ეს სონეტი ვერლენმა და რემბომ, უნდა ყოფილიყო ფანტენ-ლატურის ამ ტილოზე, მარჯვნივ, თაიგულის ადგილას, მაგრამ ვერლენსა და რემბოსთან უთანხმოების გამო, მან უარი თქვა პოზირებაზე. სონეტის წინამდებარე ქართული თარგმანი ქვეყნდება პირველად.

ფრანგულიდან თარგმნა ბაჩანა ჩაბრაძემ
ილუსტრაცია: დავით აფაქიძე