უკრაინული პოეზია ომის კვალდაკვალ
უკრაინა-რუსეთის ომი სულ ახალი დაწყებული იყო, როდესაც “ინდიგოში” უკრაინელი პოეტების პუბლიკაცია გამოვაქვეყნე. მაშინ ის ლექსები მოვიძიე, სადაც ისინი ძირითადად იმ სამხედრო კონფლიქტზე წერდნენ, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინისგან დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების წართმევამ გამოიწვია. პუბლიკაციის წინასიტყვაობაში ვთქვი: “ტექსტები არაა იმ ომზე, რომელიც ახლა მიდის, წინა ამბებზეა. ამ ომის პოეტური აღწერა კი ჯერ კიდევ წინაა, ეს სტრიქონები ჯერ მათ გულებში იხარშება და ალბათ ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება. გამოცდილებას, რომელსაც ისინი ახლა გადიან, დარწმუნებული ვარ, მათი ნიჭი შემაძრწუნებელი შთამბეჭდაობით აირეკლავს.” მაშინ ვერც ვიფიქრებდი, რომ ეს “ცოტა მოგვიანებით” ასე მალე შეიძლებოდა დამდგარიყო. სულ რაღაც ერთი თვე საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ უკრაინელ პოეტებს მიმდინარე ომის ემოციური სურათები დაეხატათ. ფეისბუკზე რომ შევდივარ, ყოველდღე მათი ახალი ლექსები მხვდება, დაწერილი ასეთ ზღვრულ სიტუაციაში. და თითქმის მაშინვე ჩნდება თარგმანებიც. მეგობარ პოეტებს სხვადასხვა ქვეყნებიდან სასწრაფოდ გადააქვთ ეს სტრიქონები თავიანთ ენებზე საკუთარი მკითხველისათვის. და არ შეიძლება არ აღინიშნოს, რომ ხშირად რუს პოეტებსაც, იმათ, რომლებიც ამ უსამართლო ომში მთელი სულითა და გულით უკრაინის მხარეს დგანან. სწორედ ამ ოპერატიულმა თარგმანებმა მომცა საშუალება, იოლად დამენახა უკრაინული “ომის პოეზიის” დღევანდელი სახე და ქართული პუბლიკაციაც მომემზადებინა. საკმაოდ ბევრი სათარგმნად გადარჩეული ტექსტი დამრჩა კიდეც სამუშაო ფაილში, მაგრამ ეგ თანდათან იყოს, ჯერ კი აი, ეს ნახეთ, ამ ოთხი ავტორის შეგრძნებები, რეაქციები - სარკაზმიდან ტრაგიზმამდე…
ლესიკ პანასიუკი
დაიბადა 1991 წელს ჟიტომირში. პოეტი, მთარგმნელი, დიზაინერი, ილუსტრატორი, პერფორმერი. გაფორმებული აქვს ასზე მეტი უკრაინული წიგნი. ლაურეატია ფესტივალის “პოეტების ახალგაზრდა რესპუბლიკა” (2013) და “საერთაშორისო სლავური პოეტური პრემიის” (2018). ავტორია სამი პოეტური კრებულის. თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ, რუსულ და სხვა ენებზე.
პრომეთე
გუშინ მე ვნახე მკვდარი რუსი ჯარისკაცის ფოტო
ორი მოპარული ვიბრატორით ხელში
მას ისინი ეკავა როგორც ესტაფეტის ჯოხები
თუმცა ვცდები უფრო როგორც ორი ოლიმპიური ჩირაღდანი
ოღონდ ნაცვლად ცეცხლისა იქ გიზგიზებდა სიამოვნება
რომლის მიტანა მან საზღვრამდეც ვერ მოახერხა
ვერ აბრდღვიალდა ის მთელი ძალით
სადღაც მურმანსკში ან ვორკუტაში
თანამემამულეებს ჯარისკაცისა ვერ მოედო ეს სიმხურვალე
ვერ მოესწრნენ ასეთ გმირობას
ისე კი რუსი პრომეთეების ნაკლებობა არასოდეს არ იგრძნობოდა
უბრალოდ ადრე ისინი სულ იპარავდნენ
უკრაინულ ისტორიას
უკრაინულ ხელოვნებას
და ასე შემდეგ რაც კი არის ჩამონათვალში
ეს ყველაფერი თქვენ ისედაც მშვენივრად უწყით
და აი მიაღწიეს მათ უკრაინულ სიამოვნებამდეც
ნეტა გრძნობდა ეს ჯარისკაცი საკუთარი გმირობის სიდიადეს
ჰქონდა იმედი რომ მის საპატივცემულოდ აღმართავენ ძეგლს
რომ მის სახელს დაარქმევენ კანფეტებს
ან მორიგ რუსულ სარაკეტო კომპლექსს
ორი ვიბრატორი
აი რისთვის ღირს რომ იომო
აი რისთვის ღირს რომ მოკვდე
ალბათ ასე ფიქრობდა იგი
გაფანტული სახეები
I
რუსი ჯარისკაცები ჩვენი სახეების პარაშუტებით ეშვებიან
ჩვენი ტუჩების კუთხეებს ეჭიდებიან
ახლა ჩვენი სახეები სახეები კი არაა
არამედ მიმოფანტული პარაშუტები
და ერთმანეთის ცნობა კიდევ უფრო გართულდა
ისინი კი ეშვებიან და ეშვებიან
ჩვენი გაბერილი ჭუჭყიანი დაფლეთილი სახეები კი
ჩვენი ცხოვრების ნამსხვრევებით მოფენილ მიწაზე ყრია
II
რუსი ჯარისკაცები აყენებენ ტანკს ჩვენს ეზოში
შედიან ბინებში
კითხულობენ ჩვენს წიგნებს არაფერი ესმით უკრაინულად ინგლისურად
პოლონურად ბელარუსულად ჩეხურად ლატვიურად ლიტვურად რუმინულად
გერმანულად ფრანგულად ქართულად ხორვატიულად თურქულად ესპანურად
და რუსულადაც კი არა
თხოვენ რაიმეს ახსნას ჩვენს მეზობელ მამაკაცებს
სანამ მათ სიკვდილის პირამდე ცემენ
თხოვენ რაიმეს ახსნას ჩვენს მეზობელ ქალებს
სანამ გაუჩერებლად აუპატიურებენ მათ
თხოვენ რაიმეს ახსნას ბავშვებს რომლებსაც აშიმშილებენ სარდაფში
ჩვენ გვითხრეს რომ ის ერი ვართ
რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტს კითხულობს
მაგრამ მე არაფერი მესმის ყვირის ჯარისკაცი
საერთოდ არაფერი მესმის
ჩვენი სახეები კი ისე თრთის თითქოს
დაუბერა ძლიერმა ქარმა
III
რუსი ჯარისკაცები ამზადებენ საჭმელს
რომელიც გამოზიდეს ჩვენი საკუჭნაოებიდან და მაცივრებიდან.
ჩვენი წიგნებით გაჩაღებულ კოცონზე
წვავენ პირველი უკრაინელი 2020-იანელების გამოცემებს
შემდეგ 2010-იანელების 2000-იანელების 90-იანელების
80-იანელების 70-იანელების 60-იანელების
და ასე მთელ უკრაინულ ლიტერატურას
წვავენ ნათარგმნ წიგნებს
წვავენ მშობლიურ ენაზე დაწერილ წიგნებს
წვავენ თანამედროვეებს და კლასიკოსებს
იწვის ყველა ავტორი რომელმაც ჩვენზე გავლენა მოახდინა
იწვის ყველაფერი რისი ბოლომდე წაკითხვაც ვერ მოვასწარით
ყველაფერი რაც წავიკითხეთ და რის წაკითხვასაც ვაპირებდით
ჩვენი ლექსები იწვის
გამოქვეყნებული
გამოუქვეყნებელი
დაუწერელი
და ეს ლექსიც ჩვენს სახეებზე იწვის იმ ცეცხლში
რათა ბოლოს და ბოლოს გაძღნენ რუსი ჯარისკაცები
IV
რუსი ჯარისკაცები გადაწყვეტენ გაერთონ
და დაათვალიერონ ჩვენი ბავშვობისდროინდელი ფოტოალბომები
შეხედე ამ ბიჭს ბაჭიას კოსტუმში რა იდიოტური კოსტუმია
აი მე ტანკისტის კოსტუმი მქონდა
მე კიდევ მედესანტისა
მე მეზღვაური ვიყავი
ბაჭიები ჰმ რა სასაცილო ხალხია
ეს კიდევ სათამაშო ლეკვს ეხუტება გოგონასავით
მე კიდევ ხმალი მქონდა
მე პისტოლეტი
მე საერთოდაც ავტომატით ხელში დავრბოდი
ესენი კიდევ ლეკვებს ეხუტებიან რა სასაცილო სურათებია
ჰოდა ცეცხლმაც გაიცინოს თუ ასეა
და იწვის მთელი ჩვენი ბავშვობა და სკოლის წლები
მათი დანახშირებული ნაწილები ჰაერში მიფრინავს
და მიწაზე მიმოფანტულ ჩვენს სახეებზე ეცემა მერე
V
რუსი ჯარისკაცები ჭიებივით მოძვრებიან თავიანთი შავი რუსეთიდან
რათა უკრაინული ცრემლების გუბეებში ჩაიხოცონ
მოფრინავენ აქ თვითმფრინავებითა და ვერტმფრენებით
ეშვებიან აქ ჩვენი სახეების პარაშუტებით
მოცურავენ აქ სამხედრო ხომალდებით
მოდიან აქ სამხედრო მანქანებით ჩვენი სიცოცხლის ხაზების გაყოლებით
და კვდებიან ცაში
კვდებიან მიწაზე
კვდებიან წყალზე
კვდებიან და კვდებიან
მაგრამ აღარსადაა ღიმილი
რადგან ჩვენი სახეები დღემდე ასე მიწაზეა მიმოფანტული
ირინა შუვალოვა
დაიბადა კიევში, 1986 წელს. 2008 წელს დაამთავრა ფილოსოფიის ფაკულტეტი კიევის უნივერსიტეტში. ავტორია ოთხი პოეტური კრებულის. ლაურეატია ოლეს გონჩარის სახელობის უკრაინულ-გერმანული პრემიის (2012), პრემიის “მეტაფორა”თარგმანებისათვის, პრემიის The Joseph Brodsky/Stephen Spender Prize (2012, მეორე პრემია). იყო ფულბრაიტის სტიპენდიანტი 2014 წელს, 2016 წელს კი კემბრიჯის უნივერსიტეტის.
* * *
გახსოვს ოდესღაც წინა ცხოვრებაში
იღვიძებდი და ყურისმოკვრით
უსმენდი ახალ ამბებს
ახლა ეს დაუჯერებელი გეჩვენება როგორც ის რომ
ბუჩაზე ან ირპენზე ფიქრისას
წარმოიდგინო ფიჭვნარიანი პარკები
სანატორიუმებისა და ძველი ადგილ-მამულების ირგვლივ
და არა აფეთქებული ხიდები გამოფატრული სახლები და ქუჩები
სქლად მოფენილი ადამიანების სიცოცხლეთა ნამტვრევებით
განა ეს არაა ის რასაც არქეოლოგები
უწოდებენ კულტურულ ფენას?
ტყავს აძრობილს ცოცხალი ეპოქიდან და
მიწაზე დაგებულს სისხლიანი ნაგლეჯის სახით
სანამ ეს ეპოქა დადგებოდა
ჩვენ უგულისყუროდ ვუსმენდით ახალ ამბებს ვცხოვრობდით ქალაქებში
ფიჭვნარიანი პარკებით და დრამატული თეატრებით ჩვენ
ვიყავით გულუბრყვილოები და მშვენიერები არ გვიწევდა გაგვეხარა
ცარიელ სუპერმარკეტში ძლივს მიგნებული ერთი თავი კომბოსტოთი ჩვენ
ვიყავით ბავშვებივით და დილიდან კბილებს ვიხეხავდით
ვცნობდით ქალაქების სახელწოდებებს
ალეპო სან-მიქელე
ქალაქებს სადაც ეპოქა უკვე ტყავგაცლილი იკლაკნებოდა
სადაც მისი ტყავი ეგდო მიწაზე და სისხლისგან იცლებოდა
თავისი მომავალი არქეოლოგების მოლოდინში მაგრამ ჩვენ ხომ
მუდამ ვივიწყებდით ამ სახელწოდებებს
კბილების გახეხვის შემდეგ ვიცვამდით
მაღალყელიან კედებს ვყიდულობდით ჯიხურში ყავას
შევრბოდით მეტროში და არ ვედებოდით ტანზე
იმ ადამიანებს რომლებსაც ეძინათ პლატფორმებზე ჩვენ
სხვა ცომით ვიყავით მოზელილები
უფრო რბილით უფრო ვარდისფერით ჩვენ გვიწევდა
აგვეხსნა ბავშვებისთვის თუ რა არის ომი ისე როგორც უხსნიან
თუ რა არის ჩრდილოეთ პოლუსი ან პლანეტა მარსი და არა ისე
როცა უხსნიან რატომ არ შეიძლება თითის შტეფსელში შეყოფა ანდა
ღია ფანჯრის რაფაზე აძრომა ჩვენ
იმ წინა ცხოვრებაში
არც კი ვიცოდით
ფოლადის რამდენი სანტიმეტრი ტკივილის
დაუბრკოლებლად ჩარჭობა შეიძლებოდა
ჩვენს ვარდისფერ და რბილ სხეულებში
ოსტაპ სლივინსკი
დაიბადა 1978 წელს ლვოვში. პოეტი, მთარგმნელი, ლიტერატურათმცოდნე და ესეისტი. ლაურეატია ბ. ი. ანტონიჩის სახელობის პრემიის (2009) და ჰუბერტ ბურდას პრემიის აღმოსავლეთ ევროპის ახალგაზრდა პოეტებისთვის (2009). თარგმნილი აქვს ჩესლავ მილოშის, ოლგა ტოკარჩუკის, დერეკ უოლკოტის, და სხვათა ტექსტები. ასწავლის ლვოვის უნივერსიტეტში პოლონური ფილოლოგიის კათედრაზე. არის უკრაინის პენ-ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი.
* * *
“ახლა უფრო იოლია, რადგან ომი მაინც დაიწყო”
კატერინა კალიტკო, “ომის დაწყებამდე ერთ დღეზე უფრო ადრე”
ოდესღაც სიყვარულსა და სიძულვილს შორის
ტყეები და შენობები იყო.
ახლა ტყეები დაჩეხილია, შენობები კი დამწვარი.
სიყვარულსა და სიძულვილს შორის პირდაპირი გზით დავდივართ.
თვალშიმცემი სინათლე იმდენად მოულოდნელია, რომ
ყველა ვერც ასწრებს თვალების მოჭუტვას
და წვებიან დაბრმავებულები ბაღების განაპირას.
ხოლო ვინც გაუძლო ამ შუქს,
იმათ თითქოს თაფლითა აქვთ მიწებებული ტუჩები -
და მხოლოდ სიყვარულის და სიძულვილის სიტყვებს იმეორებენ.
ჰო,
ჩვენ ბრტყელი დედამიწის წარგზავნილები ვართ,
ჩვენი ერთადერთი ლექსიკონი - ეს ანტონიმების ლექსიკონია.
ბოდიში ყველას, ვინც ჩვენგან ნიუანსებს ელის, ვინც აქ
ფერადი ფოტოების გადასაღებად ჩამოვიდა.
ყველა თქვენი ძალისხმევა წყალში ჩაიყრება, როგორც წყალში ჩაიყარა
ჩვენი იმედების დაფნის გვირგვინები, ქვათა მოკრების წლები,
ტაბლებთან საუბრები მკაფიოდ განათებულ სცენებზე.
მოგვიტევეთ. აი, ჩვენი რენტგენის სურათი. მასზე -
ხორცი და ძვალია. აღარა გვაქვს სხვა არაფერი.
კატერინა კალიტკო
დაიბადა 1982 წელს ვინიცაში. პოეტი, პროზაიკოსი და მთარგმნელი. რამდენიმეგზის ლაურეატია პრემიისა “წლის ლიტაქცენტი”, აგრეთვე პრემიის “BBC-ის წლის წიგნი” (2017), ჯოზეფ კონრად-კოჟენოვსკის პრემიის (2017), მთარგმნელობითი მოღვაწეობისთვის კი პრემიისთვის “მეტაფორა” (2022). 2019 წელს დააჯილდოვეს პრემიით Women in Arts (2018). იკვლევს და თარგმნის ბოსნიისა და ჰერცეგოვინას თანამედროვე ლიტერატურას.
* * *
გიყვარდეს შუა ომისას -
ეს იგივეა, მიუხედავად ყველაფრისა, ატარო საყურეები
იმისთვის, რომ ნახვრეტები არ შეგიხორცდეს.
შენ მათ გასახვრეტად ბებიასთან ერთად იყავი წასული
ძველ სადალაქოში.
ბოშების ნემსი ცდილობს გააღწიოს
ბავშვის ვარდისფერ, ჯერაც
სრულიად არატრამვირებულ ხორცში.
ხმა, რომლითაც ის
ნელ-ნელა მიძვრება ბიბილოში,
მეტისმეტად ჩუმია საიმისოდ, რომ
ხრჭიალი ან ტკაცანი უწოდო,
მაგრამ ეს ხმა არსებობს მაინც.
- კი მაგრამ, რატომ არ ტირის? - უტრიალდება
პარიკმახერი ბებიას.
- ეგ არც იტირებს, -
დარწმუნებით ამბობს ბებია.
ფოტო: Lesyk Panasiuk