
უკურნებელთა ქალაქი
ჩიპრიანი, ბელინი, კარპაჩო
მეოცე საუკუნის ოციანი წლების ბოლოს, ამერიკელი ჰარი პიკერინგი ალკოჰოლიზმისგან განსაკურნებლად დეიდასთან ერთად ვენეციაში ჩასულა და სასტუმრო Europa & Britannia-ში დაბინავებულა. ერთხელაც დეიდა-დისწულს სასტიკად უჩხუბია, ქალს ბარგი ჩაულაგებია და ჰარი უფულოდ და უპატრონოდ დაუგდია ვენეციაში. სასტუმროს ბარმენს, ჯუზეპე ჩიპრიანის, რომელიც ამ სცენას შესწრებია, შესცოდებია ჰარი და ამერიკაში დასაბრუნებლად ათი ათასი ლირაც უსესხებია მისთვის ყოველგვარი გარანტიის გარეშე. მაშინ ათი ათასი ლირა დიდი ფული იყო.
რამდენიმე წლის შემდეგ ჰარი ვენეციაში ჩასულა, ჯუზეპესთვის ვალი დაუბრუნებია და 30 ათასი ლირაც უჩუქებია. იმ ფულით გახსნა ჯუზეპე ჩიპრიანიმ „ჰარის ბარი“ 1931 წლის 13 მაისს.
„ჰარის ბარი“ არტურო ტოსკანინის, ტრუმენ კაპოტეს, ჩარლი ჩაპლინის, პეგი გუგენჰაიმის, სომერსეტ მოემის, ორსონ უელსის, ბარბარა ჰატონის, ჟორჟ ბრაკის, სინკლერ ლუისის საყვარელი ადგილი იყო ვენეციაში. ჰემინგუეის „ჰარისთან“ საკუთარი მაგიდა ჰქონდა.
ჯუზეპე ჩიპრიანის მარტო „ჰარის ბარი“ და მისი ამბავიც ეყოფოდა, ისტორიას რომ შემორჩენოდა, მაგრამ ჯუზეპე ვენეციელი იყო, მზარეული და თანაც ესთეტი. მისი შექმნილია შუშხუნა ღვინის – „პროსეკოსა“ და ვარდისფერი ატმის რბილობისგან დამზადებული კოქტეილი „ბელინი“, რომელიც დღეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იტალიური სასმელია მსოფლიოში. მაგრამ ყველაზე საინტერესო და ყველაზე ვენეციური მთელ ამ ამბავში ისაა, რომ ჩიპრიანიმ ვენეციური რენესანსის დიდოსტატის, ჯოვანი ბელინის გამო დაარქვა სასმელს ეს სახელი: ბელინის ერთ-ერთ ხატზე ზუსტად ამ ფერის სუდარაზე ასვენია მკვდარი იესო.
ჩიპრიანის გამოგონებაა „კარპაჩოც“. კარპაჩო დღეს ყველამ იცის, მისი ისტორია კი – ძალიან ცოტამ. თავის დროზე ჩიპრიანის უმი ხორცის თხელი ნაჭრები „კანდინსკის სტილში“ მოურთავს თავისივე რეცეპტით დამზადებული სოუსითა და „პარმიჯანოს“ ანათლებით, „კარპაჩო“ კი იმიტომ დაურქმევია, რომ უმი ხორცის ფერი კარპაჩოს ნახატების ალისფერს აგონებდა. ვისაც კარპაჩოს ტილოებზე წმინდანთა მოსასხამები უნახავს, მას არასოდეს დაავიწყდება ჯუზეპე ჩიპრიანი და მისი უცნაური თვალების ამბავი.
„ადამიანი ისაა, რასაც უყურებსო“, ვენეციაზე დაწერილ წიგნში ამბობდა ბროდსკი. ალბათ მხოლოდ ვენეციაში შეიძლება, უმი ხორცის კერძი კარპაჩოს ალისფერი მანტიების ფერი იყოს, ატმის კოქტეილი კი – ვნებული მაცხოვრის სუდარის ფერი ბელინის ხატზე.
„კასტელოს“ უბანში „წმინდა გიორგის დალმაციური სკოლის“ კოხტა, მეთხუთმეტე საუკუნის შენობა დგას. ვენეციაში ერთი-ორი დღით ჩასული ტურისტი იქ ვერ მოხვდება. ვინმემ საგანგებოდ უნდა წაგიყვანოს ან გზა აგებნეს, შემთხვევით აღმოჩნდე ამ შენობის კართან და ისე, სხვათა შორის შებოდიალდე შიგნით. კარპაჩოს პანოებით გარშემორტყმულს და დამუნჯებულს, არც გინდა, დაიჯერო, რომ შეიძლებოდა, ვენეციიდან ისე წასულიყავი, ეს არ გენახა.
„სამოთხე ჩემთვის აბსოლუტურად ვიზუალურია და კლოდ ლორენთან მეტი აქვს საერთო, ვიდრე რაღაც ვარაუდებით არსებულ რელიგიურ მოძღვრებასთან. მე არც მორალური არსება ვარ, არც ბრძენი და არც ფილოსოფოსი, ერთი ნერვიული, დაკვირვების მოყვარული კაცი ვარ და რასაც ვწერ, ყველაფერი თვალებს უკავშირდება. ჩემს კალამს თვალები უსწრებს. ეს კი თვალების ქალაქია. აქ სხვა არცერთ გრძნობას აღარ აქვს მნიშვნელობა“.
ლინო, ერლა, ივო
ლინო 79 წლისაა. „დორსოდუროზე“ დაიბადა – უნივერსიტეტის უბანში, ვენეციის გულში. მამამისი მეთევზე იყო, შვილი გონდოლიერი ჰყავს. სკოლა არ დაუმთავრებია, ბავშვობიდან მუშაობდა ლინო, მთელი ცხოვრება ნავში გაატარა. ნიჩბიან ნავებში, მოტორიანებში, სამგზავროებში, მეთევზის კაპარჭებში, გონდოლებსა და ვენეციურ „კაორლინებში“. ყველაფერი უტარებია, რასაც ნიჩბის მოსმა სჭირდება. 53 წლისა პენსიაზე გასულა და მას შემდეგ, თითქმის 40 წელია, „ვოგა ვენეტას“ – ვენეციურ ნიჩბოსნობას ასწავლის სამხედრო საზღვაო სასწავლებელში. ლინომ ერთადერთი ენა იცის ქვეყანაზე: ვენეციური დიალექტი. არასოდეს მოუვა აზრად, რომ ვინმეს, შეიძლება, არ ესმოდეს მისი ენა, არც დაგიმარცვლავს და არც იტალიურად გაგიმეორებს ნათქვამს. ლინოსთვის შექმნის დღიდან ვენეციურ დიალექტზე მეტყველებს სამყარო.
ერლა ამერიკელია. „National Geographic“-თან თანამშრომლობდა, მოგზაურობდა და წერდა: ქვეყნებზე, ერებზე, კულტურებზე, ქალაქებზე, ადამიანებზე, კერძებზე, ღვინოებზე. საქართველოო, რომ გაიგო, თვალები აუბრჭყვიალდა: რას არ მივცემდი, ოღონდ ახლა ტყემალი მაჭამაო! საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭული მოუვლია ოდესღაც და ჩვენზეც დაუწერია. 25 წლის წინ ვენეციაში ჩასულა მორიგი რეპორტაჟისთვის, ერთი თვე გაჩერებულა, ლინო გაუცნია, სამსახურისთვის თავი დაუნებებია, ვენეციაში გადასახლებულა და ლინოს გაჰყოლია ცოლად. ახლა ერთად უსვამენ წითელი „კაორლინას“ ნიჩბებს ვენეციის არხებში. „სან ფრანჩესკოს“ სანიჩბოსნო კლუბში მოხალისეობენ და ვენეციურ ნიჩბოსნობას ასწავლიან ჩემნაირებს. ერლა მკვეთრი ამერიკული აქცენტით ერეკება ვენეციურ დიალექტზე და ინგლისურზე მხოლოდ მაშინ გადადის, როცა ქმარს ეჩხუბება. ამ დროს ლინოს ვენეციური დიალექტი კიდევ უფრო დიალექტი და კიდევ უფრო ვენეციური ხდება. ლინო ნიჩაბს მიაგდებს და „კაორლინას“ წვერში წამომართული ერლა, „სან ფრანჩესკოს“ კლუბის წითელ მაისურში გამოწყობილი, მარტო უსვამს ნიჩაბს, ძალით, რომელსაც მხოლოდ ბრაზი აძლევს ადამიანს.
„კაორლინადან“ დანახული ვენეცია სულ სხვანაირია.
„უამრავნაირად შეგიძლია, ათვალიერო ვენეციის ფასადები, მაგრამ მხოლოდ გონდოლიდანაა ვენეციის ყურება ნამდვილი, ავთენტური, რაღაცნაირად პირველყოფილი. მხოლოდ გონდოლიდან ხედავ ვენეციის შენობებს ისე, როგორც წყალი უყურებს მათ“.
ასე აღწერს ბროდსკი გონდოლაში მჯდომი ადამიანის სიმაღლიდან ვენეციის თვალიერებას. „კაორლინა“ კი კიდევ უფრო ნამდვილი და კიდევ უფრო ვენეციურია იმიტომ, რომ „კაორლინათი“ ტურისტები არ დადიან, იმიტომ, რომ „კაორლინა“ ისეთ ადგილებშიც შედის, სადაც გონდოლიანი ტურისტები ვერ ხვდებიან, იმიტომ, რომ „კაორლინაზე“ მხოლოდ ვენეციელთან ერთად თუ მოხვდები და ეს ვენეციელი მხოლოდ მეგობარი შეიძლება, იყოს და არა სმარტფონიანი გონდოლიერი ან მისი პარტნიორი, „ო სოლე მიოს“ რომ მღერის მსუყე შაბაშების სანაცვლოდ. „კაორლინა“ ვენეციის ნამდვილი განზომილებაა, ისევე, როგორც საფოსტო, სატვირთო, სახანძრო, პოლიციისა და ნაგვის გამტანი ნავები და „კაორლინაში“ თუ აღმოჩნდი, ესე იგი, ვენეცია შენი ქალაქია, ესე იგი, მარტო თავად კი არ შემოვიდა და დასახლდა შენში, შენც გაურღვიე „არსენალის“ კედლები და იქ დაბინავდი, საიდანაც ვეღარავინ გამოგასახლებს.
„ეს ქალაქი წყლის სტიქიის ყველა ხილულ ხატს აერთიანებს. ჩუხჩუხა, რაკრაკა, წანწკარა, ლიცლიცა და კამკამა, იმდენი წელია, ზევით იყურება წყალი, რომ გასაკვირიც არაა, მისი ამ თვისებებიდან ზოგიერთი თავად რომ განსხეულდა, გამყარდა, მასა და ფორმა შეიძინა. და რატომ მოხდა ეს ყველაფერი მაინცდამაინც აქ, ამ ადგილზე, არ ვიცი. ალბათ იმიტომ, რომ წყლის სტიქიამ ერთხელ იტალიურ ლაპარაკს მოჰკრა ყური“.
„შენ, ალბათ, მიჩვეული ხარ ამ სილამაზეს“, – ვეუბნები ერლას, როცა „კაორლინას“ „რიალტოს“ თევზის ბაზართან „ვაპარკინგებთ“. ერლა მიყურებს. უცებ არ მპასუხობს. „იცი... სილამაზეს თვალს ვერ აჩვევ ადამიანი. არ იფიქრო, რომ შეეჩვევი... 25 წელია, ყოველდღე დავდივარ ამ არხებში და ყოველთვის, ყველა ჯერზე მიკვირს, რა ლამაზია...“ შორიდან ლინო გვეძახის. მიდიები უნახავს ბაზარში, ახალდაჭერილი, ცერა თითი აქვს ზევით აშვერილი, კმაყოფილია. მენიუ შეიცვალა, ბრინჯს აღარ გავაკეთებთო, გვიყვირის, დღეს პასტა გვექნება, შემდეგზე გავაკეთებ ბრინჯს, პრასითო!
ივო და მირელა 50 წელია, ვენეციაში ცხოვრობენ, თუმცა არცერთი არაა ვენეციელი. ივო ისტორიის პროფესორია ბოლონიის უნივერსიტეტში. საერთო მეგობარი გვყავს ფერარაში, მან გაგვაცნო ერთმანეთი. ივო პენსიაზეა, მაგრამ არ ისვენებს, ახლა ისტორიის სწავლების მეთოდებს ასწავლის, სულ სადღაც დადის, სულ გზაშია, სულ საქმეშია. შაბათს იმ ჩვენმა საერთო მეგობარმა ჩამომაკითხა ფერარადან და კვირა დილას ივოს და მირელას სანახავად გავდივართ, „სანტა მარინაზე“, საუკეთესო საკონდიტროში უნდა დავლიოთ ყავა. ასე ამბობს ივო. „ტონოლოც“ კარგია-მეთქი, ვეუბნები, უნივერსიტეტის უბანში. ივო იცინის: „დამიჯერე. გეუბნები“. ვიწრო ქუჩას მივუყვებით, რომელიც „სანტა მარია დეი მირაკოლიზე“ გადის. საურა ნამყოფი არაა ამ ადგილზე. „მოიცა, მოიცა!“ ყვირის ივო, საურას ეწევა და თვალებზე ხელებს აფარებს უკნიდან. ასე, თვალდახუჭულს გაატარებს ბოლო რამდენიმე ნაბიჯს, მოედანზე გაიყვანს და ხელს გაუშვებს: ულამაზესი მოედნის კუთხიდან ლამაზი გოგოსავით იჭყიტება კოპწია ტაძარი. საურა ხმას არ იღებს. უყურებს. „ხედავ, როგორია?..“ ჩუმად ამბობს ივო. ერლა მახსენდება, რომელიც ოცდახუთი წელია, სილამაზეს ვერ ეჩვევა. ასეა ივოც, ორმოცდაათი წელია, არ უნელდება ამ პაწაწინა მოედნის სილამაზით გამოწვეული სიხარული. ორმოცდაათი წელია, ივოც ისაა, რასაც უყურებს.

ვენეციელები
„მრავალი მთვარის წინ დედამიწა ბევრად უფრო მსუბუქი იყო, რადგან ზედ ორი მილიარდი სულით ნაკლები დააბიჯებდა“, წერს ბროდსკი. და სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, იქამდე, სანამ ადამიანები მასად იქცეოდნენ და მოგზაურები კი – ტურისტებად (ეს სიმენონის სიტყვებია), ვენეციაც უფრო მსუბუქი იყო, მაშინ, როცა მის ცენტრში ვენეციელები ცხოვრობდნენ. ჯერ ქალაქის კიდეებზე გაიხიზნენ ვენეციელები: „სანტა კროჩეზე“, „კანარეჯოზე“, „გარიბალდიზე“, „სანტა ელენაზე“. ბოლო ოც წელიწადში კი, ამ უბნებსაც გაექცნენ: მესტრეში, ლიდოზე ან კიდევ უფრო შორს წავიდნენ. მე „სანტა ელენაზე“ ვცხოვრობ და როცა გვიან ვბრუნდები სახლში, დაღლილ ვენეციელებს ვაკვირდები „ვაპორეტოში“. მზისგან სახედამწვარ ახალგაზრდა კაცებს ვუყურებ ხოლმე, დიდი, გაუხეშებული ხელებით. ლიდოზე ბრუნდებიან. „ნამდვილი ვენეციელები ლიდოზე ვართ გაძევებულები. ვენეცია ჩინელებმა და ტურისტებმა ჩაიგდეს ხელში!“ – მაგონდება კარლას ნათქვამი.
კარლა გამომცემლობაში მუშაობს. ისტორიკოსია, მემარცხენე, რუსოფილი. ჩინელებმა ბოლო წლებში სერიოზულ მსოფლმხედველობრივ კრიზისში ჩააგდეს. უნდა, მემარცხენე ინტელექტუალივით ილაპარაკოს, არადა, როცა ლაპარაკობს, თვალებდაჭუტული და მიგრაციულ ნაკადებზე გაკაპასებული, არც მემარცხენეს ჰგავს და არც ინტელექტუალს. ისევ დიდხელება ახალგაზრდა კაცს ვუყურებ. თავი შუშაზე მიუდვია და „ვაპორეტოს“ გუგუნში ეყვინთება. ასეთი ხელები კარგა ხანია, აღარ აქვთ იტალიელ ახალგაზრდებს. თუმცა, ვენეციაში მაინც ვხედავ ასეთებს, მხოლოდ ღამით და მხოლოდ ტრანსპორტში: მეთევზეებს ან პორტში მომუშავეებს. ტალღები საშინლად არყევენ „ვაპორეტოს“.
თავიდან მაგიჟებდა ეს რყევა. საწოლშიც თავბრუ მეხვეოდა. წიგნს გადავშლიდი თუ არა, გული მერეოდა. მერე მივეჩვიე და ის ცივი ქარიც მოშინაურდა, ამ ლაგუნის სუნიც, „ვაპორეტოს“ ხმაურიანი მიჯახებაც ბაქანზე, დაჭიმული თოკის ჭრიალიცა და გამყოლი ბიჭის ვენეციური აქცენტიც: „სანტა ელენა! ატტენციონე ალ პასსო! სანტა ელენა!“
„წყლით მგზავრობაში, რაც უნდა მცირე მანძილი გქონდეს გასავლელი, არის რაღაც ძველებური, რაღაც პირველყოფილი. ფეხები თითქოს დამატებით გრძნობის ორგანოდ გადაიქცევიან. წყალი თავდაყირა აყენებს ჰორიზონტალურობის პრინციპს, განსაკუთრებით ღამით, როცა მისი ზედაპირი ქვაფენილს ემსგავსება. წყალზე ყოველთვის უფრო ფრთხილად ხარ, მეტად აკონტროლებ საკუთარ სხეულს, წონასწორობას... წყალზე ყოფნისას სხეულის ასეთ უცნაურ, გამძაფრებულ აღქმაში თითქოს ჩვენი შორეული, ქორდიანი წინაპრების ექო ჩამესმის“.
ზამთარი. ბროდსკი.
იოსიფ ბროდსკი უკანასკნელი 17 წლის მანძილზე ყველა ზამთარს ვენეციაში ატარებდა. ვინც ზამთრის ვენეციას იცნობს, ჩუმს, ნაცრისფერს, ცარიელს, სიცივით მობუზულს, იმან კარგად იცის, რატომ.
„დამხატეო, გიყვირის ზამთრის შუქი, ალბათ კანალეტო ჰგონიხარ, კარპაჩო ან გუარდი, ან იმიტომ, რომ უბრალოდ არ გენდობა, დარწმუნებული არაა, რომ შენი თვალის ბადურასა და შენს ტვინს სრულად შეუძლიათ იმის აღქმა, რაც თვალწინ გეშლება. იქნებ ხელოვნება უბრალოდ რეაქციაა, რომლითაც ჩვენი ორგანიზმი პასუხობს აღქმის, სილამაზის მიღების ჩვენსავე შეზღუდულ უნარს? ...რით აიხსნება ზამთრის სინათლის ფერი ვენეციაში ან ის, თუ რატომ უყვარს ამ სინათლეს ასე ძალიან ეს პაწაწინა ურჩხულები და ქერუბინები? იქნებ ამ ქალაქში ქერუბინებიც ადამიანთა მოდგმას, ვენეციელთა რიგებს ეკუთვნიან?“
ვენეციაზე საკუთარ ამბებს თუ მოჰყვება ადამიანი, თორემ მას შემდეგ, რაც ბროდსკიმ მის აღწერას ასი გვერდი დაუთმო და ლექსივით, სიზმარივით წიგნი დაწერა ამ ქალაქზე, ყველანაირი აღწერა ზედმეტი გახდა.
„ზამთარი ყველაფერს ამკრთალებს, ფერებს აქრობს, იტალიაშიც კი, და სიცივისა და მოკლე დღეების კანონებს უმორჩილებს ყოველივეს. ამიტომაა, რომ თვალი უფრო აკვირდება გარე სამყაროს... დაბალ ტემპერატურაზე სილამაზე უბრალოდ სილამაზეა.
...ერთხელ ჩემმა გამომცემელმა მკითხა ნიუ იორკში, რატომ მოგწონს ვენეცია ზამთარშიო? საშინლად მომინდა, ვენეციურ წყალჭარბობაზე მომეყოლა, ნაცრისფრის იმ უამრავ ტონალობაზე, სასტუმროს ფანჯარაში რომ ლიცლიცებს საუზმისას; სიჩუმეზე, საქორწინო მოგზაურობაში მყოფი წყვილების სევდაზე; იმაზე, თუ როგორ უყვართ მტრედებს ბაროკოს ხუჭუჭა ორნამენტები; იმაზე, თუ როგორია ფრანჩესკო კუერინის ძეგლი თავისი ორი ძაღლით, იმ ისტრიული მარმარილოს ლივლივი, რომლითაც ეს ძეგლია ნაკვეთი და რომელიც, ალბათ, იმ ხილვას ჰგავდა, ფრანჩესკო რომ ხედავდა ჩრდილოეთ პოლუსზე, სანამ თვალებს დახუჭავდა; მომეყოლა, როგორ დგას ახლა საწყალი ფრანჩესკო ბაღში ვაგნერისა და კარდუჩის გვერდით და მარადმწვანე ფოთლების შრიალს აყურადებს; იმ თავხედ ბეღურაზეც, მოტივტივე გონდოლის ლითონის წვეტზე წამოსკუპებული რომ ქანაობს ხოლმე სიროკოთი აქოჩრილი, რუხი და სველი უსასრულობის ფონზე. მაგრამ მივხვდი, რომ ეს პასუხი არ გამოდგებოდა. „რა ვიცი, აბა... მობანავე გრეტა გარბოს ჰგავს“, – ვუთხარი“.
ლიდო
ლიდოს პლაჟზე ოქროსფერი ქვიშაა. 12-13 წლის ბიჭები ბურთს თამაშობენ. გამხდრები, აწოწილები, ფეხშიშველები, გარუჯულები, გრძელთმიანები, ხუჭუჭები. ყვირიან, დარბიან. უცებ ერთ-ერთი ბურთს იჭერს, ჩერდება და მეორე ბოლოში გასძახის რომელიღაცას: „შენ! გესმის? მიდი, მანდ დადექი, მაგ ორს შორის, და ხელები კარგად გაშალე, გესმის? გაშალე, ჯვარცმული იესოსავით!“ მეცინება. ჯუზეპე ჩიპრიანი მახსენდება. რაღაცნაირი, ესთეტიკურად ქრისტიანული ქვეყანაა იტალია. ჩიპრიანი 1900 წელს იყო დაბადებული, ეს ბავშვები – ორიათასიანებში. მაგრამ ესენიც ვენეციელები არიან და ამას ვერაფერს მოუხერხებ.
სიზმარი. დასასრული.
„ყველაფერი სიზმრების ბრალია. ეს ყველაფერი, ალბათ, ღამით თუ ეზმანა ვენეციელ ხუროთმოძღვრებს. სიზმრებში თუ ნახავდნენ ამას, რადგან ყოველდღიურობაში არაფერია ისეთი, რამაც აქაურობის შესაქმნელად შეიძლება შთააგონოს ადამიანი“.
სიზმარში ნანახითაა შთაგონებული, ალბათ, ჰერცოგის სასახლეც, ისიც, სიზმარივით, არ აღიარებს რეალობის წესებსა და საზღვრებს, არღვევს სიმძიმისა და სიმსუბუქის მონაცვლეობის, პროპორციის და ჰარმონიის ტრადიციულ ვიზუალურ ხატს, ისე, რომ უცებ ვერც ხვდები, რა არის უცნაური ამ სანახაობაში. დაფიქრება გჭირდება, თვალის დახუჭვა, მერე ისევ გახელა და დიდხანს ყურება, რომ დაინახო, როგორ ეყრდნობა მძიმე მსუბუქს, ქვის მასა – ჰაეროვან მაქმანებს. თვალი თითქოს ბეწვის ხიდზე მიაბიჯებს, იძაბება, ნერვიულობს და გრძნობს, რომ ეს უცნაური დისჰარმონია სინამდვილეში სილამაზისა და ჰარმონიის ახალ კარს გიღებს და გეუბნება, რომ ლამაზი მხოლოდ ის არაა, რაც აქამდე გეგონა, რომ სილამაზეს საზღვარი არ აქვს, ისევე, როგორც ვენეციის შემქმნელების – ადამიანების – მგრძნობელობასა და წარმოსახვას.
„ამ ქალაქთან თითოეული განშორება სამუდამოს ჰგავს. თვალი იმას უფრო ეკუთვნის, რასაც უყურებს, ვიდრე სხეულს, რომლის ნაწილიცაა. თვალისთვის განშორება განსაკუთრებული, სუფთად ოპტიკური პროცესია: ადამიანის სხეული კი არ შორდება ქალაქს, ქალაქი შორდება ადამიანის თვალებს. ზუსტად ასეთი ტკივილია საყვარელთან გამომშვიდობება, ეს ქალაქი კი თვალის სატრფოა.
... და დავიფიცე, რომ ვენეციაში წავიდოდი, სადმე, არხის პირას, პირველ სართულზე ვიქირავებდი ბინას, ჩემი ფანჯრის შუშებზე გონდოლებით ატყლაშუნებულ წყალს მოვუსმენდი, ელეგიებს დავწერდი, სიგარეტს იატაკის სველ ფილებზე ჩავაქრობდი, სასმელში და ხველაში ჩავიხრჩობოდი და როცა ფული შემომაკლდებოდა და მივხვდებოდი, რომ ბუნებრივი სიკვდილით ვერ მოვკვდებოდი ვენეციაში, ბოლო გროშებით ძველ „ბრაუნინგს“ ვიყიდდი სადმე და საკუთარი ხელით ვიკრავდი ტყვიას შუბლში“.
ციტატები აღებულია იოსიფ ბროდსკის წიგნიდან „უკურნებელთა საძირკველი“, 1989 (თარგმნა ხათუნა ცხადაძემ).