ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დიდი დიღმის ურბანული გამოწვევები | პირველი ნაწილი

დიდი დიღმის ურბანული გამოწვევები | მეორე ნაწილი

დედაქალაქის ჩრდილო-დასავლეთით გაფართოების იდეა თითქმის 90 წლის წინანდელია. ასეთი ხედვა 1930-იან წლებში გაჩნდა, როცა თბილისის განვითარებისა და რეკონსტრუქციის პირველი გენერალური გეგმა მიიღო ქალაქმა. [1] თუმცა გადაწყვეტილებამდე მისვლას დრო დასჭირდა – დიდი დიღმის გაშენება საბოლოოდ 1970 წლის გენერალური გეგმის მოქმედების პერიოდში გადაწყდა. 

ახალი უბანი თელეთის ქედის კალთებს, სოფელ დიღომს, მდინარე მტკვარსა და დღევანდელი ასი ათასი მოწამის ქუჩას შორის განვრცობილიყო. მას, დაახლოებით, 250 ათასი მაცხოვრებელი უნდა ჰყოლოდა. [2] 

დიდი დიღომი, მოშენების ესკიზი. შოთა ყავლაშვილის პირადი არქივი.



რაიონის გეგმარებითი სქემა საპროექტო ინსტიტუტ „თბილქალაქპროექტში“ შოთა ყავლაშვილისა და ბიძინა მამინაიშვილის ავტორობით დამუშავდა. სქემის მიხედვით, დღევანდელი მირიან მეფის ქუჩა დიდ დიღომს ორ ნაწილად გაჰყოფდა. მის გასწვრივ 7 საცხოვრებელი რაიონი, მათი ცენტრები და სამრეწველო არეალები მოიყრიდა თავს. რაიონები რამდენიმე მიკრორაიონს გააერთიანებდა და დიდწილად მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით მოეწყობოდა. დავით აღმაშენებლის ხეივანსა და მდინარე მტკვარს შორის მოქცეულ მონაკვეთში საავადმყოფოების კომპლექსი და სპორტული ზონები განვითარდებოდა.

დიდი დიღმის რაიონებისთვის ცალ-ცალკე დეტალური პროექტები 1980-იან წლებში მომზადდა. მშენებლობაც დაიწყო, თუმცა ჩანაფიქრის განხორციელებას ხელი საბჭოთა კავშირის რღვევამ შეუშალა. დამოუკიდებლობის მოპოვების პირველ წლებში ღრმა პოლიტიკურ და სოციო-ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ქვეყანას არათუ დაგეგმილი, დაწყებული საბინაო მშენებლობების დასრულების რესურსიც არ აღმოაჩნდა. დიდი დიღმის შვიდი საცხოვრებელი რაიონიდან მეტ-ნაკლებად დასრულებული სახით მხოლოდ პირველი აშენდა თავისი I და II მიკრორაიონებით. ხოლო მეორე რაიონი, რომელიც დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონს აერთიანებდა, მხოლოდ ნაწილობრივ განხორციელდა. მაგალითად, იქ ვერ მოესწრო საცხოვრებელი კორპუსების, ქუჩათა ქსელის, სპორტული და სოციალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა. ვერც წოწორას ხევის კეთილმოწყობის პროექტმა იხილა დღის სინათლე. ეს ხევი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მიემართება, შუაზე ყოფს დიდი დიღმის III  და IV მიკრორაიონებს და სერავს უბნის სამხრეთ არეალს. დღეს ხევის დიდი ნაწილი კოლექტორშია მოქცეული. წოწორას ხევის საბჭოთა დროინდელი გეგმა თანამედროვე გადმოსახედიდან, ურბანული დიზაინის კუთხით, კრიტიკულადაც შეიძლება შევაფასოთ, მაგრამ ფაქტია, რომ ადგილის ბუნებრივი პირობები ავტორებმა სწორად გაითვალისწინეს. მათ ის ორი მიკრორაიონის საერთო საჯარო სივრცედ გამოყვეს, რომელიც ამ არეალისა და, ზოგადად, დიდი დიღმისთვის მნიშვნელოვანი სარეკრეაციო რესურსი უნდა გამხდარიყო.

didi dighmis gegma

III და IV მიკრორაიონების დეტალური დაგეგმარების პროექტი. წოწორას ხევი (მარჯვენა ფოტო).
შოთა ყავლაშვილის პირადი არქივი.

შვიდი საცხოვრებელი რაიონიდან დანარჩენი ხუთი დაგეგმილი სახით საერთოდ ვერ განხორციელდა. მთელი ეს არეალი ქაოსურად აითვისეს. მიკრორაიონებისთვის მოაზრებული არეალები თითქმის მთლიანად უსისტემო და ინფრასტრუქტურით ცუდად უზრუნველყოფილმა განაშენიანებამ შეავსო.

 

ქაოსური ცვლილებები

დღეს დიდი დიღომი სწრაფად იზრდება. მოსახლეობის რაოდენობაც მატულობს და უსისტემო განაშენიანებით დაფარული არეალებიც. ეს პროცესი 2000-იანი წლებიდან გააქტიურდა, თუმცა მას წინ 1990-იანი წლების პირველ ხანებში დაწყებული მიწისა და საჯარო ინფრასტრუქტურის პრივატიზაცია უსწრებდა. ქაოსური ცვლილებები შეეხო ყველაფერს დაუსახლებელ არეალებსაც, მიკრორაიონების განაპირა ზოლებსაც და ღია სივრცეებს, რაც კვარტლებს შიგნით შემორჩა.

მაგალითად, დიდი დიღმის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილში მიკრორაიონებისთვის მოაზრებული არეალები თითქმის მთლიანად დაიფარა. I და II მიკრორაიონების გარშემო არეალი საცხოვრებელი და სხვა ფუნქციების მქონე მაღალსართულიანი შენობებით შეივსო. მშენებლობებისთვის აითვისეს ცარიელი ზონები, სადაც თავდაპირველი გეგმის მიხედვით, რაიონული ცენტრები და სხვა საზოგადოებრივი დანიშნულების არეალები უნდა მოწყობილიყო. არ შეინარჩუნეს არც გამწვანებული სივრცეები, რაც კვარტლებს შიგნით არსებობდა. ახლა მწვანე საფარის ადგილს იკავებს შეუსაბამო ფუნქციის შენობები.

დაუმთავრებელი ტერიტორიების უსისტემო და დაუგეგმავი ათვისება გრძელდება III და IV მიკრო-რაიონებში - როგორც კვარტლების განაპირას, ისე მათ შუაგულშიც. სანებართვო პროცედურები დაწყებულია წოწორას ხევის არეალშიც ანუ იმ ზემოთხსენებულ მიდამოში, რომელიც ბოლო დრომდე სარეკრეაციო სივრცედ მოიაზრებოდა.

დიდი დიღმის ასეთი ქაოსური და დაუგეგმავი განვითარება ქმნის გამოწვევებს, რაც შემდეგ ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს: ბაღებსა და სკოლებს სულ უფრო მეტად უჭირთ, გაუმკლავდნენ მზარდ მოთხოვნას, საფეხმავლო კავშირები უბნებს შორის მოუხერხებელი ხდება, იზრდება დატვირთვა საინჟინრო ინფრასტრუქტურასა და ტრანსპორტზე და ადამიანებს ხელი არც სარეკრეაციო სივრცეებზე მიუწვდებათ თანაბრად.

პრობლემასთან გამკლავებას დედაქალაქის მთავრობა რამდენჯერმე შეეცადა, თუმცა ეს მცდელობები ფრაგმენტული და უსისტემო იყო. შედეგად, მყარი პოლიტიკური ნების დეფიციტის ფონზე, საცხოვრებელი გარემო დეგრადაციას დღესაც განიცდის.


 

გეგმაზომიერი განვითარების წარუმატებელი მცდელობები

დიდი დიღმის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილების მოწესრიგებულად განვითარებისთვის პირველი ნაბიჯები 2009 წელს გადაიდგა. ამ წელს დამტკიცდა დედაქალაქის პოსტსაბჭოტა ისტორიაში პირველი პერსპექტიული განვითარების გენერალური გეგმაც. ამ დოკუმენტით რამდენიმე მსხვილი პრობლემური არეალი გამოიყო და მათ რიცხვში მოხვდა დიდი დიღომიც. გადაწყდა, რომ თითოეული ამ ადგილის გეგმაზომიერი განვითარებისთვის უფრო დეტალური გეგმები უნდა დამუშავებულიყო.

მართლაც, 2009 წელს, დიდი დიღმის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილისთვის მუნიციპალიტეტმა ჩარჩო-გეგმა დაამუშავა. ავტორებმა გაითვალისწინეს მეტ-ნაკლებად გამართული ქუჩათა ქსელის სისტემა,  გამოყვეს სარეკრეაციო დერეფნები, დააზუსტეს მიწის ნაკვეთზე შენობა-ნაგებობების განთავსების პირობები და საცხოვრებელი და საზოგადოებრივ-საქმიანი ზონების პარამეტრებიც. ეს ცვლილებები 2010 წელს გენერალურ გეგმაშიც აისახა.

თუმცა მომდევნო წლებში საგრძნობლად გაიზარდა მოთხოვნა ინდივიდუალურ განაშენიანებაზე და მუნიციპალიტეტმაც ამ მოთხოვნას უპასუხა ზონირება კვლავ შეცვალა და ტერიტორიის დიდ ნაწილზე კერძო და საშუალო ინტენსივობის მრავალბინიანი სახლების მშენებლობა ერთდროულად დაუშვა. ამას დაერთო პარამეტრების (კოეფიციენტების) გადამეტების მანკიერი პრაქტიკაც, რამაც სურათი კიდევ უფრო დაამძიმა.

დიდი დიღმის ტერიტორების გეგმაზომიერი განვითრაების საკითხი კიდევ ერთხელ 2019 წელს განახლებულ გენერალურ გეგმაშიც დასვეს. ახალ დოკუმენტში ხელახლა მოინიშნა დიდი დიღმის არეალი, რომლის შემდგომი განვითარების პირობები კვლევითი და გეგმარებითი პროექტებით უნდა დაზუსტებულიყო. სანამ ეს მოხდებოდა, ტერიტორიების განვითარება ნაწილობრივ შეიზღუდა. თანაც 2009 წლის გენერალური გეგმისაგან განსხვავებით, არეალმა დიდი დიღმის III და IV მიკრორაიონებიც მოიცვა. ამასთან, უბნის სამხრეთ ნაწილში წინა გენგეგმით განსაზღვრული კონკრეტული ფუნციური ზონები ზოგადი საცხოვრებელი ზონით შეიცვალა იმ პირობით, რომ ის ხელახლა დაზუსტებოდა.

თუმცა მუნიციპალიტეტმა შემზღუდავები მალევე მოხსნა ისე, რომ ტერიტორიების ურბანული განვითარების კონკრეტული ხედვა არ შეუმუშავებია და არც ზოგადი საცხოვრებელი ზონა დაუზუსტებია.

ამით ქალაქმა, ერთი მხრივ, III და IV მიკრო-რაიონებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების მეტ-ნაკლებად დაგეგმილ განვითარებაზე თქვა უარი, მეორე მხრივ კი, არეალის სამხრეთ ნაწილში ტერიტორიების მართვის იმაზე უფრო ბუნდოვანი პირობები დაამკვიდრა, ვიდრე წინა გენერალური გეგმების შემთხვევაში იყო: ზოგადი საცხოვრებელი ზონის საფუძველზე მშენებლობის ნებართვების გაცემისას სხვადასხვაგვარი, ერთმანეთთან შეუსაბამო განაშენიანების ჩამოყალიბების რისკი კიდევ უფრო მეტად იზრდება.

didi dighmis samkhret nawili

დიდი დიღმის სამხრეთი ნაწილი. ფოტო: ნანო ზაზანაშვილი

გეგმარებითი დოკუმენტების შემუშავება კომპლექსური, რთული და ხარჯიანი პროცესია. თუმცა მსგავსი გეგმების გარეშე მოწესრიგებული განაშენიანების შექმნა ძალიან რთულია. ურბანისტები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად, შეისწავლიან სხვადასხვა საკითხს: მიწათსარგებლობას, განაშენიანების და მოსახლეობის სიმჭიდროვეს, მიწის საკუთრებას, ტრანსპორტსა და მობილობას, საინჟინრო და სოციალურ ინფრასტრუქტურას, გამწვანებას და გარემოსდაცვით საკითხებს... დარგობრივი კვლევების შედეგების შეჯერებისა და მოსახლეობასთან კონსულტაციების საფუძველზე მგეგმარებლები გამოყოფენ კრიტიკულ გამოწვევებს და შეიმუშავებენ ეკონომიკურად დასაბუთებულ გადაწყვეტებს. ამგავრი გეგმების შემუშავება მოითხოვს სხვადასხვა ჯგუფების აქტიურ თანამონაწილეობას, სხვადასხვა ინტერესების შეჯერებას, რაც დაბალანსებული გადაწყვეტილებების მიღებას უწყობს ხელს. მუნიციპალიტეტი ამ პროცესის მთავარი ინიციატორი უნდა იყოს, თუმცა ის ათწლეულებია უარს ამბობს აქტიურ და თანმიმდევრულ ჩარევაზე. ეს განსკუთრებით გულდასაწყვეტია იმ ფონზე, როდესაც მუნიციპალიტეტს დაგეგმვის სწორი ინსტრუმენტების გამოყენებით ურბანული გამოწვევების მოგვარების ერთეული, თუმცა წარმატებული გამოცდილებაც აქვს.

 

დიდი პარკი დიდ დიღომს

ასეთი წარმატებული გამოცდილებაა დიდი დიღმის ახალი პარკის ისტორია. ეს იყო ქალაქგეგმარებითი ინსტრუმენტების გამოყენებით საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების იშვიათი შემთხვევა.

თეიმურაზ პირველისა და მირიან მეფის ქუჩების მიმდებარე ტერიტორია რამდენიმე საკადასტრო ერთეულს აერთიანებდა, მათ შორის სპორტულ მოედანს, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა სარეკრეაციო მიზნით იყენებდა და იქ პარკის მოწყობას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა. მიწის ნაკვეთების ნაწილს მუნიციპალიტეტი და კერძო მესაკუთრეები ფლობდნენ. მათ შორის, მოედნის ძირითადი ნაწილი კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულებს საბინაო უზრუნველყოფის მიზნით ჰქონდათ გადაცემული.

ამ ტერიტორიების განაშენიანების საკითხი 2019 წელს დაისვა, რასაც ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგობა მოჰყვა. მათ კამპანიაც წამოიწყეს სახელწოდებით „დიდი პარკი დიდ დიღომს“ და მუნიციპალიტეტთანაც დაამყარეს კომუნიკაცია.  

შედეგად, მუნიციპალიტეტის ჩართულობით, ნაკვეთების რეორგანიზების სქემა შემუშავდა - შესაძლებელი გახდა პარკის მოწყობაც და კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა და კერძო მესაკუთრეთა ინტერესების გათვალისწინებაც. პროცესის წარმატებით დასრულებას იმანაც შეუწყო ხელი, რომ ტერიტორიაზე საჯარო მიწის რესურსი არსებობდა. პარკის მოწყობა წელს დასრულდა და მოსახლეობა მას აქტიურად იყენებს.

didi dighmis akhali parki
დიდი დიღმის ახალი პარკი. ფოტო: თენგიზ ჯოხაძე



გამოყენებული წყაროები:

[1] 1930იანი წლების გენგეგმა, გვ.39.

[2] კვირკველია, მგალობლიშვილი; Архитектура Советской Грузии, 1986 წ. გვ.; 159

 

ტექსტი მომზადებულია ურბანული კვლევების ცენტრის (URC) პროექტის „ძლიერი სამეზობლოები სამართლიანი მწვანე პოლიტიკისთვის” ფარგლებში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისთან თანამშრომლობით. პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისის შეხედულებებს.


ავტორი: ნანო ზაზანაშვილი

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა