უსასრულობის რეკვიემი | გუგა მგელაძე
ნეტავ კი შესაძლებელი ყოფილიყო ადამიანამდე დაბადება!
- ემილ ჩორანი
ირაკლი სამსონაძის „ნუციკოდან ნუციკომდე“, პრაქტიკულად, ქმნადობის პროცესშივე წავიკითხე, ფრაგმენტებად, ასე ვთქვათ, დიდ ყლუპებად, ხანდახან უკალაპოტო მდინარეს, ხან მარადმფრქვევ ვულკანს, ხან კოსმიურ რეკვიემს რომ მაგონებდა ანტიკური ტრაგედიისთვის ნიშანდობლივი ვნებების სიმძაფრის, მხოლოდ ირაკლი სამსონაძისთვის დამახასიათებელი მაცოცხლებელი სევდის, აპოკალიფსის კოშმარული ხახიდან ამოგანგაშებული შხამიანი კვამლის სულისშემხუთველი შეგრძნების, ბიბლიის სუნთქვის, მარტოობის ხორკლიანი საცეცების და დიდი პოეტური მუხტის, ასე ვთქვათ, პოეტური ნათების ჰარმონიით, სრულყოფილებით, სისავსით.
„ნუციკოდან ნუციკომდე“ (რომელიც დიდი ეპიკური მისტერიის მხოლოდ პირველი წიგნია), პირველ ყოვლისა, კაცობრიობის სულის ნერვიულ ცახცახს ასახავს. აქ ყოველი ფურცელი მარადისობის ნატეხებითაა მოკირწყლული, ოღონდ არამხოლოდ იმიტომ, რომ მწერალი სწორედ ბიბლიურ ატმოსფეროს, პერსონაჟებს სუნებს, ფერებს აცოცხლებს, არამედ ქმნის კიდეც ახალ მხატვრულ რეალობას, ახალ ენობრივ განზომილებას. სიახლის განცდა ირაკლი სამსონაძის ყოველი პიესის, რომანის თუ ნოველის უარსებითესი ასპექტია.
რომანის პირველ და მეორე ნაწილებს შორის „აჭრილ“, ერთმანეთში „შეჟონილ“ ჟანრთა სინთეზი ( საბავშვო, ნაივური თხრობის ტექნიკა თანდათან რომ მოახლოებული კატასტროფის, კოშმარის ფორმას იღებს!) განპირობებულია იმით, რომ მათში ასახულ ამბებს ცხედრის ცნობიერების მეშვეობით ვეცნობით. ცხედრის თვალით დანახული კაცობრიობის სულის ოდისეა წარმოსახვის არაერთ ჭიშკარს შეგვაღებინებს, ჭიშკრის მიღმა გზების აბლაბუდაა, რისი ეპიცენტრიც და დანიშნულების ადგილიც მარადისობაა.
***
„მე და ნინო ჩვენი შვილთაშვილის თვალებში ვცხოვრობთ.“ - ესეც ასე! რომანი პირველივე ფრაზით თამაშის სტრატეგია უკვე განსაზღვრულია, მკითხველის წარმოსახვა ფანქრის წვერივითაა წათლილი. წინ დიდი და შემზარავი გზაა. სახეტიალო კომპასად (სამაშველო რგოლადაც!) სწორედ რომანის პირველი ფრაზა უნდა ვაქციოთ, რადგან სულ მალე, ძალიან მალე, მეტაფიზიკური ლტოლვილების სამფლობელოში აღმოვჩნდებით. აპოკალიფსის ქარიშხალში... მანამდე კი... მანამდე აი, ამ, ქარვისფერი ჩაივით რბილი ფერებით, ტონალობებით უნდა დავტკბეთ:
„ცურვით რომ გული ვიჯერე, ზურგზე გავწექი, სხეული ზღვის მსუბუქ რწევას მივანდე და დედა გამახსენდა. ის მანანავებდა ასე სათუთად, ახლაც მანანავებს, დედა მანანავებს, მე დედაჩემი ნაწილი ვარ, მე ამ სამყაროს ნაწილი ვარ, კრიალა ცა დამცქერის მაღლიდან.“
ჰო, ეს დედის წიაღში გარინდების, გატრუნვის, ემბრიონული ფაზის მონატრების რიტუალია... ამ ეპიზოდზე ფიქრისას თამაზ ბაღაძუას ფრაზა მახსენდებოდა დღენიადაგ:
„წინ უსასრულო სინათლეა
და ახლაც გჯერა,
რომ შეიძლება იცხოვრო ასე:
წყალივით ჩუმად,
წყალივით მშვიდად.“
თანდათან, მკითხველის თვალწინ, სიმშვიდის ამ ნისლოვან ქსოვილს განგაშის პირველი ეკლიანი ბგერა ჩაფხრეწს, თხრობის უშფოთველ რიტმს კოშმარის ენერგეტიკა აამღვრევს, ააზვირთებს, ააბობოქრებს და მთხრობელთან ერთად ნუციკოს, ნინოს, სუქოს, წრიპას, ჩალხიას, დიომედეს, ზღვას, ბულვარს, სასულე ორკესტრს, სიურეალიზმის ავადმყოფური და შემზარავი ნათებით გააჩახჩახებს. ამ ჭახჭახა შუქიდან რადიაციასავით მომწამვლელი შეგრძნებები ჟონავს...ჩნდება განცდა, რომ კოსმოსი დაიბზარა, ნაპრალიდან კი მორგის სიცივე ჟონავს.
„ნუციკოდან ნუციკომდე“ უკიდურესობების წიგნია, სადაც ამბები დროისა და სივრცის გარეთაა გატანილი და უსასრულობის ორბიტაზე მოძრაობს.
უფრო მეტიც: ირაკლი სამსონაძემ ჟანრსმიღმიერი მისტერიის, ერთგვარი მარადისობის სიმფონიის წერა დაიწყო. ეს გზა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდება იმდენად, რამდენადაც პირველი წიგნი ხომ მომავალი, ჯერ კიდევ მეხსიერების წიაღში მთვლემარე მონუმენტური პოსტმოდერნისტული ეპოსის საწყისი საფეხურია, პირველი აღებული ნოტი- სიპირქუშის და სისაზარლის ენერგეტიკით.
***
„ზღვის თავზე, სანაპიროსთან ახლოს თოლიები ფრენაში დროდადრო მჭახე ხმაურით ეხლებოდნენ. თოლიები სანაპიროსაც შესეოდნენ და ქვებზე მიმოყრილ მოლუსკებს ხარბად კენკავდნენ. მზე არსად ჩანდა, მაგრამ ყველგან იყო და რჩებოდა შეგრძნება, რომ ცაც მზედ იქცა, მცხუნვარე მზედ, რომელიც ზღვიდან გამორიყულ წებოვან მედუზებს მწველი სიმხურვალით ალღობდა, ქვებზე უფორმო, გადღაბნილ ლაქებად აგლისავდა. ზღვიდან ცხელი, მლაშე ჰაერი მოდიოდა, ზღვა მზისგან წუხდა, ზღვა მუქი იყო, თეთრ ქაფად დუჟმომდგარი სანაპიროს ეხეთქებოდა.“ - როგორც ხედავთ საგნები თავიანთ მკაფიოობას, კონტურს კარგავენ და ჟელატინისებრ სუბსტანციას ემსგავსებიან. თითქოს, ცა გაიხა და ამოყირავებული ვულკანიდან ცხელი ლავა იფრქვევა... ეს რაღაც დიადის დასასრულის დასაწყისია - არქაული რიტუალის მანიშნებელი.
სიმშვიდის ფაზიდან საავადმყოფოს სტერილურ სიმარტოვეში ვინაცვლებთ. აქვე არიან საავადმყოფოს ეზოში, სკამის საზურგეზე შემომჯარი ჭილყვავებიც - მრისხანე ბედისწერის ელჩები, რომლებმაც რომანის წინა ნაწილიდან გადმოყოლილი უშფოთველობის უკანასკნელი მარცვლებიც უნდა აკენკონ და ყრანტალის ექოებით მიგვიყვანონ ცხედრის „ქვეცნობიერამდე“. ეს უკვე ლილისფრად შეფერადებული კოშმარია. სწორედ კოშმარის აძაგრულ, მითოლოგიური ურჩხულის კანივით ხორკლიან, ზედაპირს ვეხებით კითხვისას. საავადმყოფო იმ სივრცის სცენოგრაფიის უცვლელი ნაწილია, სადაც მომავალი, ბიბლიურ წიაღში შობილი ტრაგედია (და ჯერ კიდევ დაუწერელი წიგნების სიუჟეტები) უნდა გათამაშდეს.
ირაკლი სამსონაძის ახალი წიგნი ცოდვის ანატომიას, ფესვს, მისი, ასე ვთქვათ, დაშვების საფუძველს და შექცევად მეტასტაზებს იკვლევს. სწორედ, ამიტომაც ჩნდება ჯერ თხრობაში კაენური და აბელური მოტივები, ხოლო შემდეგ კი მთლიანად ონანის, ახალშეღერილი წითური ყმაწვილის, სამყაროში ვინაცვლებთ.
***
ბიბლიის სუნთქვა ტრაგედიისთვის შემამზადებელი ,,რეკვიზიტების’’ მთელ არსენალს მოიყოლებს: უპირველესად, დამანგრეველი ვნების სიმხურვალეს, სიბილწის ისეთ ესენციას, რაც ტაბუს მიღმაა, უკონტროლოა, ჯებირმორღვეულია, სტიქიურია. და მართლაც, ლაჰიმა (ონანის ძმის ცოლი): შექსპირული ქალებივით საბედისწერო და საშიში პერსონაჟია. შიშს აქ მის არსებაში შეკეტილი გამაბრუებელი, დამარეტიანებელი ვნების დემონი ბადებს. ლაჰიმას მონოლოგი (თავისი ჟრუანტელისმომგვრელი ზემოქმედების: კერძოდ, რიტმულობის და სიტყვის ემოციური ენერგიის გათვალისწინებით) მოლი ბლუმის ცნობიერების ნაკადს მაგონებს. ორივე მათგანი მსოფლიო პროზის შედევრია!
ჰო, წიგნის ეს ნაწილი შიშველი ტერფებით გავარვარებულ უდაბნოში ხეტიალს ჰგავს. აქ სულთან ერთად სხეულიც ეწვით, სხეულიც უხურთ. ონანი, ლაჰიმა, ელიშგუდი, ნოფათი, ცეფერი - ყოველი მათგანი ერთდროულად უაღრესად არქაული და თანამედროვეა (ფიზიკურად ეხები, გრძნობ მათი კანის სუნს!) თავიანთი ვნებების, ფიქრების, ქმედებების, კონფლიქტების, მრისხანების, მარტოობის, მოწყენილობის, ბრაზის, ზიზღის, ნიჰილიზმის, სიყვარულის, სიმკაცრის, გულჩათხრობილობის, ნაღვლიანობის, ვნების ჭინკების ჩათვლით.
***
ონანის ტრაგედიის არსი ცოდვადქცეული ვნებიდან (ძმის ცოლი შეუყვარდა, თანაც სიზმრად დაეუფლა მის სხეულს პირველად) ამოხეთქილი სნეული ცნობიერებაა, მსოფლმხედველობაა: „ლაჰიმას უიმედო სიყვარული რჯულად დაისახა და რაც უფრო მტკივნეული ეჩვენებოდა თავისი ხვედრი, თავის მარტოსულობასა და უიმედობაში რაც უფრო ხელდებოდა, მეტად ეჩვენებოდა, რომ თვითგვემიდან სუფთავდება, ტანჯვიდან მაღლდება, მარტოობიდან შუბლზე მესამე თვალი ესხმება და სამყაროს იქიდან ხედავს, იქიდან აფასებს ბედისწერის უშეღავათო მარწუხებს, რომელმაც ასეთი ხვედრი არგუნა, ასე შეუბრალებლად გასწირა, ყმაწვილი კაცი განდეგილობის, მარტოსულობისთვის გაიმეტა.“
ონანის მიერ დაარსებული რჯულის ტაძრად აბზინდას ბუჩქი იქცა. აბზინდას ბუჩქია მისთვის სამყაროს ცენტრი, ჰარმონიის გული, საქადაგებელი ამბიონი, სადაც სწორედ ისინი იკრიბებიან, ვინც სამყარომ ( საზოგადოებამ!) განიზიდა, ამოარწყია, მოაშთო, მარტოობით დასაჯა, კეთრიანივით მოიძულა. ონანის თქმით, „ახალი რჯულის მოთხოვნილება მაშინ ჩნდება, როცა ძველ რჯულს ბზარი უჩნდება. ახალ ადამიანზე ფიქრი სხვა არაფერია, თუ არა, ახალ ღმერთზე ფიქრი და რა მერე, იმ ღმერთს თუ ღმერთი აღარ ჰქვია სახელად, უღმერთობაც შეიძლება გააღმერთო, თუკი ახალ რჯულს შესაბამის სარჩულს გამოაკრავ.“
საბოლოოდ, ონანის ვნება აპოკალიფსის ნაშიერს შობს, რაც, საფუძველშივე დაწყევლილი სიყვარულის, შხამიანი ყლორტია, თუმცა ბედისწერა შექსპირული ტრაგედიისთვის დამახასიათებელ ისეთ ფინალურ აკორდს უმზადებს მათ, რამაც ახალი მითოსი უნდა შვას.
***
„ნუციკოდან ნუციკომდე“ თანამედროვე კლასიკაა, რომელიც აქ და ახლა, ჩვენ თვალწინ იწერება. როგორც წესი, ასეთი გრანდიოზული ტილოები მარადისობის ცხოველმყოფელ არტეფაქტებად გვევლინებიან ხოლმე. ამ მისტერიის პირველ წიგნში ასახული მოლივლივე, ტალღოვანი ცისფერი ზღაპრიდან ჩასრიალებულ ლილისფერ აპოკალიფსში კაცობრიობის სულის ოდისეას (და დროის ერთგვარ ქვეცნობიერს) ვეცნობით. მეორე წიგნი, ცხადია, კვლავაც გააგრძელებს კულტურათაშორისი „კოდებით“ და ინტერტექსტუალური დინებებით დანაღმული ცხედრის გონების „ხეტიალის“ ისტორიას - უკვე სხვა ამბებითა და სულ სხვა პერსონაჟებით.
ეს ხომ უსასრულობის რეკვიემია.