გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დე ნირო და უშუქობის ქართული პროტესტები | გიორგი ყორღანაშვილი

*
დენი რო მოვა,
დე ნირო მოვა.

90-იანების გრძელ და დაუსრულებელ უშუქობას ქართველმა პოეტმა, ტარიელ ჭანტურიამ ეს მინიატურული ლექსი, როგორც თავად არქმევს ხოლმე, ლექსპრომტი მიუძღვნა; კალამბური უშუქო ეპოქის დიაგნოზადაც გამოდგება - სინათლე, როგორც ყოფითი, ფიზიკური ყოფნისა და ცივილიზაციის, მარტივად და გაზვიადებულად რომ ვთქვათ, ფიზიკური და სულიერი გადარჩენის გაუთავებელი მოლოდინი. 

დროდადრო რობერტ დე ნიროს ხანგრძლივ გადაკარგვასა და ალაგ-ალაგ, შერჩევითად თუ გრაფიკით გამოჩენას გვარიანი პროტესტები მოჰყვებოდა ხოლმე საქართველოს ქალაქებსა და დედაქალაქში - 1998 წლის სექტემბერში ბორჯომში, ქალაქის მთავარ დღეობაზე, დედაქალაქიდან ჩასული სტუმრებისთვის ნადიმი გაიმართა, პარალელურად კი - ბორჯომის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი პროტესტი. ადგილობრივებმა ქალაქის შესასვლელ-გასასვლელები გადაკეტეს და შუქს ითხოვდნენ. გაზეთი „7 დღე“ წერდა, ბორჯომელებს მოთმინების ძაფი გაუწყდათო. პაწაწინა ქალაქი ვეება საცობმა და გამაყრუებელმა სიგნალებმა მოიცვა. ღამის ათზე მოვიდა შუქი - სიგნალებს სიხარულის ერთიანი ყიჟინა დაერთო, თითქოს გადაჭედილ სტადიონზე გოლი გავიდა, შუქი მოვიდა. და მერე როგორც ქართულ-ფრანგული პანკ-ჯგუფის იმ ცნობილ სიმღერაშია.

დედაქალაქში კი დიდი გამზირი და ქუჩა არ დარჩენილა, უშუქობის პროტესტს ზედ ღერძულა ხაზზე კოცონი რომ არ დაენთო - დიდი აქცია იყო ვაკეში 2000 წლის ნოემბერში, ჯერ ოცამდე ადამიანმა გადაკეტა ჭავჭავაძე, მერე მეტი ხალხი მოვიდა, სტუდენტებიც დაემატნენ. ვიღაცამ სახლიდან ძველი კარ-ფანჯრის ჩარჩოები წამოიღო და კოცონი გააჩაღა - იწვოდა ასე არხეინად ვიღაცის წარსული, რომ აწმყოში ყოფილიყო სინათლე, სითბო და ყურადღება.

- მინისტრი მოგიყვანეთ, პარლამენტის თავმჯდომარეც, ზოდელავაც აქ მოვა. მეტი რა ვქნა, შუქის მოცემა მე არ შემიძლია! - საწყლად და, ვინ იცის, გულწრფელად, იმართლებდა თავს გამგებელი. ხალხი მოდიოდა და მოდიოდა. სხვა უბნებიც გადაიკეტა, რუსთაველი, მელიქიშვილი, თამარაშვილი, ვაჟა-ფშაველა, მთელი ქალაქი კოცონსა და კვამლში გაეხვა. „თელასის“ თანამშრომლებიც სთხოვდნენ ხელისუფლებას, შუქი მოვიდეს, თორემ ჩვენზე იყრის ხალხი ჯავრსო. სოციალურ სიურრეალიზმს ჰგავდა ყოველი. გვალვაა, ჰესები ვერ მუშაობსო, მერე, როგორც ხდება ხოლმე, რაღაც კომისია შეიქმნა და პროტესტი მინელდა. და რაც სრულყოფილად, გამართულად და შეუცდომლად მუშაობდა უშუქო და ბნელ დედაქალაქში, იყო კორუფცია.

ვაკის პროტესტიდან 3 თვეში, 2001 წლის თებერვალში თამარ მეფის გამზირი გადაიკეტა იმავე სულისკვეთებით. გაზეთი „კვირის პალიტრა“ წერდა, ელექტროკრიზისმა პიკს მიაღწიაო; პროტესტის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შეტაკება მომხდარა და ზედახორაში სამართალდამცავებს უყოჩაღიათ. პროსპექტი გაიხსნა, კრიზისი დარჩა, შუქი არ მოვიდა. იმავე წლის ნოემბერში იმავე საპროტესტო მუხტით ჯერ დადიანის ქუჩა, მერე კი მთაწმინდა გადაიკეტა რამდენიმე საათით. იმ დროისთვის საქართველოს მოსახლეობის მთელი 60% ცხოვრობდა ელექტროენერგიის გარეშე, სახელმწიფოს კი „თელასის“ მიმართ 4,5 მილიონი ლარი დავალიანება ჰქონდა. მერე იყო მსჯელობა, პირობების წაყენება, მაგრამ კვლავ არ იყო შუქი.

რამდენიმე წლით ადრე, როცა საქართველოს მოსახლეობის კიდევ უფრო ცოტა პროცენტს ჰქონდა შუქი და ელექტროკრიზისი „საუკუთესო“ ნიშნულს აფიქსირებდა, ერთი აკა მორჩილაძის მოთხრობასავით ამბავიც მოხდა პლეხანოვზე. 1996 წლის მარტში მეფისუბნელები უშუქობამ ააბუნტა და რკინიგზელთა კულტურის სახლთან (ახლანდელ ვასო აბაშიძის თეატრთან) გადაკეტა გზა რკინის საწოლებით, ქვებით. მაინცდამაინც ბევრი ხალხი არ მისულა კარგად ორგანიზებულ პროტესტზე ძალიან მარტივი მანიპულაციური მიზეზის გამო: შუქი მოვიდა. და რას წერდა გაზეთი „დრონი“, სტილის აბსოლუტური დაცვით, გადაუხრელად და უცვლელად გთავაზობთ:

გაიგეს რა სადაც ჯერ არს, რომ მოსახლეობა გამოსვლას აპირებდა, დენი ჩართეს… ელექტროენერგიას მონატრებულმა ქალებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს, რეცხვასა და უთოობას მიჰყვეს ხელი, ვისღა ახსოვდა ქუჩაში გასვლა. 

1998 წლის დეკემბერში სმენადაქვეუთებულთა ინტერნატში შესახლებულმა დევნილებმა ვაჟა-ფშაველას გამზირის პიკეტი მოახდინეს, შუქი გვინდაო. როგორც მაშინდელი პრესა წერს, დევნილებს დღე-ღამეში სამიოდე საათით ჰქონდათ შუქი. მათ გამოსავალი თავადვე მოიფიქრეს, საქგაზტრანსმწევის შენობაზე გადაგვრთეთ, იქ 24-საათიანი ელექტროენერგია აქვთო. სამ საათში დაიშალნენ, „თელასის“ იმ დროის უფროსმა, ბეჟან ხუციშვილმა კარგი, ეგრე ვქნათო.

ახლო 2015 წელსაც გაუპროტესტებიათ უშუქობა - მარტვილის სოფელ ტალერში 40-მდე ადგილობრივი ითხოვდა სოფლისთვის შუქს სრული დატვირთვით. გამგებელმა მაშინაც კარგი, ეგრე იყოსო.

ხანგრძლივი უშუქობის მეთაური რეკვიზიტი სანთელი იყო, მბჟუტავი, მოკიაფე, მაგრამ მაინც შუქი, მარტოობის შუქი. და თითქოს ეს მარტოობის შუქების შერწყმა ქმნიდა ხოლმე ერთობის კოცონს ზედ ღერძულა ხაზებზე, როგორც ფიზიკური და სულიერი გადარჩენისთვის პირველყოფილური რეფლექსია.

მწვავე პოლიტიკური თუ სამხედრო პოლარიზაციის ფონზე, უშუქობის პროტესტებში უჩვეულო ერთობა იყო, პარტიული თუ იდეოლოგიური კუთვნილებების მიღმა ერთობა. როცა ბნელა და ცივა, მძლავრობს პოლიტიკური დალტონიზმი.

ასეა ხოლმე, როცა სიბნელისა და სიცივის ყველაზე დიდი გეოგრაფიული მეტაფორა და ალეგორია, ქართული პროზა და პოეზია რომ გადაავსო ადვილად გამოსაცნობი ჩანაფიქრებით, ემუქრება საქართველოს. ბიოლოგიური გადარჩენის ინერციაა, რომ გახვიდე გამზირზე, დაინახო თანამოაზრეები, იგრძნო ერთობა, სანთლებმა თუ მობილურის ფანრებმა დაანთონ კოცონი და მოითხოვო სიცოცხლის უფლება.

ესაა ჯანყის ფოტოტროპიზმი, ინსტინქტი, რომ გაექცე ჩრდილს და მიტრიალდე სინათლისკენ.

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა