
ველური პროცესები #2 - ინტერვიუ Moku T-სთან
ურბანულ სივრცეს არ შეუძლია ახალ ხმებთან წინააღმდეგობის გაწევა. ის, რაც გუშინ მისთვის არაბუნებრივი იყო, დღეს მის ხასიათსა და ჟღერადობას განსაზღვრავს. ასე გაითავისა თბილისმა მშენებლობისა თუ საცობებიდან წამოსული სიგნალის ხმები, ტრანსპორტისა თუ შენობებზე დამონტაჟებული კონდიციონერების ძრავების რახრახი. ეს ინდუსტრიული ხმაური ხშირად აუტანელია, თუმცა როდესაც ქალაქი ნებდება, ნებდება მისი მოსახლეობაც და ახალ ხმებთან ერთად იწყებს ცხოვრებას.
სიტყვა „ხმას“ ლექსიკონში ამდაგვარი განმარტებაც მოეპოვება: ცნობა, ამბავი, რომელიც გავრცელდა.
ხმა ამბავიცაა და მოყოლის ფორმაც. და რადგანაც ეს ფორმა ხშირად აბსტრაქტულია, ეს უწესრიგობა მუსიკოსს თავისუფლებას აძლევს, თავად განსაზღვროს, თუ რა აითვისოს მისგან. ეს სემპლინგის პრინციპია, როდესაც სხვის მიერ უკვე წარმოებული ბგერათა ერთობლიობიდან, შენთვის სასურველ მონაკვეთს იღებ და საკუთარი მუსიკალური კონტექსტის ნაწილად აქცევ და იმავე ფორმის, სრულიად ახალ ამბავს იღებ.
ინტერვიუების ამ ციკლში, კითხვებს თბილისში მცხოვრები, ოთხ განსხვავებულ ჟანრში მომუშავე მუსიკოსი პასუხობს.
ტატო რუსია (დ. 1994)
დუეტ MokuMoku-ს ერთ-ერთი დამაარსებელი
სასცენო სახელი:
Moku T.
მოკუმოკუ წლების განმავლობაში ჰიპ-ჰოპ დუეტიდან ფიუჟენ ბენდად ჩამოყალიბდა. აქვს 3 თვითგამოცემული სტუდიური ალბომი. დაუკრავთ ფესტივალებზე: Mad Cool Madrid, Sofar London, Batumi Jazz Festival, Tbilisi Open Air, Bristol Upfest და სხვა. ტატოს უცხოვრია ვლადიმერში, გალსა და თბილისში. ერთმანეთს ვხვდებით აღმაშენებლის გამზირზე, ბარში. ისმის საუბარი, კარის გაღების, გაჭრიალებისა და დახურვის ხმები, ასევე, სიმღერები Sonic Youth-ის ალბომიდან Sister.
ინდიგო: როგორ აღმოაჩინე ხმა, როგორც სამყაროს აღქმისა და მოყოლის ერთ-ერთი ფორმა?
ახლაც მკაფიოდ მახსოვს, ძლიერი ტკაცუნისებრი ხმა გავიგე, რომელსაც ძალიან ვრცელი სიხშირის ხმა მოჰყვა. სიგნალივით იყო და გაგრძელდა ძალიან დიდხანს. მახსოვს, დამეუფლა შეგრძნება, რომ აზროვნება დავიწყე. თითქოს, ამ ხმამ გამიხსნა მეხსიერების უცნობი არეალები. თავი ამტკივდა. მხოლოდ წლების შემდეგ გავაცნობიერე, რომ ეს თავის ტკივილი ძალიან ჩვეულებრივი მდგომარეობაა. ის ტკაცუნი ჩემი დიდი აფეთქება იყო.

რაც შეეხება მოყოლას, ამაზე საუბარი პოეზიის გავლით უნდა დავიწყო. ბავშვობაში ელვის პრესლის მუსიკას მასმენინებდნენ. მამიდაჩემი ინგლისურ ენას მასწავლიდა და მახსოვს, როგორ გავარტყამდი ხოლმე რაღაც სიტყვებს სიმღერებიდან და ბლოკნოტში ვიწერდი. 2004 წელს, როცა Jay-Z-მ და Linkin Park-მა გამოსცეს ალბომი Collision Course, ტექსტების ნახევარზე მეტი უკვე მესმოდა და ჩემს თავს ვუთხარი, თუ ჯეი-ზის შეუძლია სიმღერების ტექსტების წერა, მეც შემიძლია-მეთქი. დავიწყე წერა და რასაც ჩავიწერდი, მერე ჩემს ძმას ვუკითხავდი ხმამაღლა, ძალიან სწორ რაღაცებს მეუბნებოდა. ამან მომცა მოტივაცია, რომ 14-15 წლამდე მუდმივად მეწერა ტექსტები და მემუშავა რეჩიტატივზე.
ამის მერე მუსიკის დაწერაც დავიწყე. გადმოვწერე ყველაზე ოლდ-სქულ პროგრამა Virtual DJ, სადაც ერთ მხარეს შემყავდა ტრეკი, მეორე მხარეს კი ბრეიკ-ბიტს ვადებდი. ასე დაიბადა, მაგალითად, ნინო ქათამაძის სიმღერები, რომელსაც ბრეიკ-ბიტები აზის, თან ძალიან ზუსტად. მერე მივხვდი, რომ ეს ეტაპი გადავიარე, უკვე შემეძლო ბიტ-მეჩინგი და გადავწყვიტე, რაიმე უფრო სერიოზულით დავკავებულიყავი. ჯერ გადმოვწერე პროგრამა Hip Hop 5, მერე გადავინაცვლე FL Studio-ში და ასე – საბაზისო მუსიკალური თეორიის ცოდნით და სოფტებით მოვედი დღემდე.
MokuMoku - Fillip | Sofar Tbilisi
ინდიგო: როდის დაიწყე ამ სამყაროს მოსმენა, რას უსმენდი ხოლმე?
აფხაზეთში, ჩემს სახლში რომ ვრჩებოდი ხოლმე, ღამით მარტო ვიწექი და ვერ ვიძინებდი. შიშით ვერც საწოლს ვშორდებოდი და იძულებული ვიყავი, გარემოსთვის მესმინა. სახლი ისეთ ადგილას იდგა, რომ ხმების ძალიან ვრცელი და საინტერესო არეალი იშლებოდა – მარცხენა ყურში ინდუსტრიული ნაკადი შემოდიოდა – ახლოს იდგა გაეროს ბაზა და დიდი მანქანების ხმები მესმოდა, მარჯვენა ყურში კი – მდინარის ჩუხჩუხი, ძაღლების ყეფა, მამლების ყივილი, ყველაზე საოცარი იყო ბაყაყების გაუჩერებელი ყიყინი.
ინდიგო: როგორ ჟღერს შენთვის მნიშვნელოვანი ადგილები?
ჩემთვის მნიშვნელოვან ადგილებს თავად ჟღერადობა ქმნის. ახლა ორი განსაკუთრებული ადგილი მაქვს – სახლი და კონსერვატორია.
ჩემი სახლი მახათას მთაზეა, სადაც სრული, სტერილური სიჩუმეა, ეგეთი არსად არ მომისმენია და ძაან მისწორდება.
კონსერვატორია კი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ჟღერადობის ადგილია ჩემთვის, მუდმივად ცვალებადი – ვიღაც როიალზე უკრავს, იქით მესაყვირეები მეცადინეობენ, ზედა სართულიდან საოპერო მომღერლების ვარჯიშის ხმა ჩამოდის და ეს დროუნი, რომელიც იქ იჩითება, ხვდები, რომ მზის ამოსვლასავითაა: ამოდის დილით, შუადღით მაგრად დააჭერს და საღამოს ჩადის, ჩუმდება. რაც მთავარია, ამ ვრცელი ხმოვანებიდან, რომელიმე კონკრეტულს თუ გაყვები, რომელიმე კლასში თუ შეხვალ, ნახავ, რომ რაღაც ძალიან დალაგებულს უკრავენ და ხვდები, რომ ბევრი დალაგებული კომპოზიციის ერთობლიობა, საბოლოოდ, კონსერვატორიის დიდ ხმაურს წარმოშობს. ეს სრულიად საპირისპირო რამაა იმისგან, რაც სახლში მაქვს და ესეც ძალიან მომწონს.
ინდიგო: როგორ ფიქრობ, არის თუ არა რაიმე რეალური საზღვარი ინსტრუმენტულ და ბუნებრივ ხმებს შორის?
არა, ყველა ხმა ერთი ბიოსფეროს სხვადასხვა ელემენტია და მათ წარმოშობას ერთნაირი მიზეზი აქვს. ყველაფერი ერთი ემბიენსის ნაწილია. არ მგონია, რომ არსებობს ხელოვნურად წარმოშობილი ხმა, ბუნებრივია ყველა ხმოვანი ფორმა – საკრავის ხმაც და ძროხის ზმუილიც.
ინდიგო: როგორ მუშაობ ხმაზე, რომ მიიღო შენი მუსიკის განმსაზღვრელი ჟღერადობა?
მირჩევნია, ხმები რთულად მისაღწევი გზებიდან მივიღო. მაგალითად, კომპოზიცია „გამოდი გარეთ“, რომელშიც მინდოდა, რომ ძალიან თანამედროვე ჰიპ-ჰოპის ვაიბისთვის მიმეღწია, ჟღერს როგორც ელექტროგიტარის რიფი, მაგრამ სინამდვილეში ეს არის ის 808-იანი ბიტი, რომელზეც დაფუძნებულია ტრეპ-მუსიკა. შემეძლო თავიდანვე გიტარაზე ჩამეწერა, მაგრამ ასე ვერ მივიღებდი სასურველ ჟღერადობას, ამიტომაც ამ ბიტის დამუშავება დავიწყე და მოვახერხე, რომ მიმეცა მისთვის ელექტროგიტარის ჟღერადობა, ისეთი, როგორსაც ვეძებდი.
თუმცა, „გამოდი გარეთ“ ჩემი ერთადერთი ქართულენოვანი სიმღერაა, ძირითადად 1950-1990 წლების ჩანაწერებს ვუსმენ, ვსემპლავ და ასე ვიწყებ მუსიკის შექმნას. ვაგროვებ ხმებს, რომლებიც მგონია, რომ ჩაიკარგა ისტორიაში, არადა, ფანტასტიკური მუსიკაა. სამწუხაროა, რომ არ გარდაიქმნა კარგ კინომუსიკად, ან ამა თუ იმ მიზეზის გამო ჩვენამდე ვეღარ მოვიდა, როგორც აქტიური მუსიკალური პროდუქტი, არც მედიამ მიაქცია ყურადღება. ასეთ რაღაცებს ამოვთხრი და ვიყენებ სემპლებად. ტრეკის მთლიანობიდან რაღაც კონკრეტული მონაკვეთი ჩემთვის ემოციურად მნიშვნელოვანი ხდება და მერე ჩემი დავალებაც ისაა, რომ ამ მონაკვეთებს ხაზი გავუსვა, დავბუსტო, პარალელურად კი ცალკეც ავიღო და ჩემს კონტექსტში დავატრიალო – ბასის პარტიას გამოვუცვლი, იქ ჩემს დაწერილ მელოდიას დავამატებ, მოვირგებ და ხელახლა ჩავწერ. ძაან უცნაური შეგრძნებაა, როცა სხვის ემოციებს იღებ და ცდილობ, რა ემოციებსაც შენში აღძრავს, ისიც ზედ დაუმატო, გესმის, როგორ იცვლება ის არსი, რაც ავტორმა ჩადო და რაც უკვე აღარ ჩანს ხოლმე.
დანარჩენი უკვე ჩვეულებრივი ამბავია, მუსიკალური სტრუქტურა – ინტრო, ვერსი, კულმინაცია, ვერსი, კულმინაცია, ბრიჯი, აუტრო – მიყვარს კლასიკური სტრუქტურის სიმღერები, იმიტომ, რომ მუშაობს, ცოცხალია. კი, ვამბობ ზოჯგერ ამაზე უარს, მაგრამ ძირითადად მაინც ასე უფრო მომწონს მუშაობა. ეს სისტემაა, რომელსაც იყენებდნენ ბიტლზი, მეტალიკა, ვუთანგ კლანი და სხვა ბევრი გიგანტი არტისტი მუსიკაში. ეს უკვე სისტემატიზებული და გარანტირებული გზაა, განსხვავებით იმავე Aphex Twin-ის მუსიკისგან, რომელიც ასევე ძალიან მიყვარს. ყველანაირი მუშაობის პრინციპი ძალიან საინტერესოა, დაწყებული პროგრესივ როკ არტისტებიდან, დამთავრებული Squarepusher-ის მუსიკით, ან Goregrind-ით. მაგრამ ჩემს შემთხვევაში ის მიდგომა უფრო მუშაობს, როცა მარტივ სტრუქტურაში გიწევს ძრომიალი, მაგრამ იქიდან უფრო მეტის ამოქექვაა საჭირო.
ინდიგო: როგორ ფიქრობ, რატომ არის განმეორებითობა ასეთი მნიშვნელოვანი მექანიზმი იმისთვის, რომ ხმა აღიქვა მაქსიმალურად და რა ფუნქცია აქვთ მუსიკაში ერთჯერადად წარმოშობილ ხმებს – რომლებიც დალუპვის პროცესს მიღმა რჩება?
განმეორებითობა ზუსტად ისაა, რის გამოც ადამიანებს მუსიკის მოსმენა უყვართ, ასე მგონია. მუსიკა დროში გაწერილი ხელოვნების ფორმაა და სამ წამში ვერ მოუსმენ – დრო უნდა დაუთმო და ამ დროის შეგრძნებას აძლიერებს განმეორებითობა. მდინარესავითაა, გსიამოვნებს, იმიტომ, რომ იცი, რას ელი შემდეგ მუსიკალურ კვადრატში, დაცულად გრძნობ თავს, ტვინს არ უწევს ზედმეტი ფიქრი. იმ მცირემონაკვეთიან ფორმაში ყველა ნიუანსს შეგიძლია მიაქციო ყურადღება. აი, მაგალითდ, Aphex Twin-ის თვინის Rhuebarb-ში შეიძლება იყოს რამდენიმეწამიანი ლუპი, რომელიც გაოცებს და გამახსოვრდება იმიტომ, რომ ეს რამდენიმე წამი დიდხანს მეორდება, რამდენიმე წუთს გრძელდება და გიპყრობს. ერთჯერადად რომ ჩაევლო იმ რამდენიმეწამიან მონაკვეთს რომელიმე ტრეკში, ალბათ ვერც შეამჩნევდი, ემოციურად ვეღარ დაუკავშირდებოდი ამ მელოდიას ისე, რომ ის სულ შენთან არის და it got your back.
ხმები, რომელიც არ დაილუპა, მაგალითად, აი, ეს ხმა – [ქუდს იღებს და მაგიდაზე აგდებს] – უფრო მარტივად გვავიწყდება. რაღაც ფუნქცია კი აუცილებლად აქვთ მელოდიაში, მაგრამ გამეორების გარეშე მაინც მგონია, რომ დავიწყებისთვის ადვილად ვწირავთ. მერე სინანულისა და დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება გრჩება, – damn, რატომ გრძელდება ეს მხოლოდ 3 წამს და რატომ არ ტრიალებს, ვთქვათ, 8 წუთის განმავლობაში?!
MokuMoku - Library