ვინ გაიმარჯვა ყარაბაღის ომში | ინტერვიუ არფი ბექარიანთან
13.11.2020 | 7 წუთიანი საკითხავიმაშინ, როცა აზერბაიჯანმა 90-იან წლებში, დაკარგული ხუთი რეგიონი ომით ისევ შეიერთა, სომხეთში გვამშვიდებდნენ, ნუ ნერვიულობთ, ჩვენ ამ რეგიონებს უკან დავიბრუნებთო. Სასაცილოდაც არ ჰყოფნიდათ, რომ შეიძლებოდა აზერბაიჯანს ქალაქი შუშა აეღო.
სომხეთში უმრავლესობას ორმოცი დღე ეგონა, რომ ომს მოვიგებდით. თუმცა, თავიდანვე ნათელი იყო, რომ არათანაბრი ბრძოლა მიდიოდა. Ხალხი ამბობდა, აზერბაიჯანს თურქეთი ეხმარება, ჩვენზე მეტს ხარჯავენ სამხედრო შეიარაღების გაუმჯობესებაშიო. პარალელურად, ხელისუფლება და თავად ფაშინიანი ნაციონალისტური ლოზუნგებით ხალხს აჯერებდა, რომ ეს ბრძოლა ჩვენი გამარჯვებით დასრულდებოდა. ისინი კი, ვინც საფრთხეს სერიოზულად აღიქვამდნენ და რეალობას თვალს უსწორებდნენ, ხმამაღლა ვერ ლაპარაკობდნენ, რადგან მაშინვე მოღალატეებად ირაცხებოდნენ. ეს დაემართა ფაშინიანსაც. Პირველად პოლიტიკაში რომ გამოჩნდა, ამბობდა, ამ კონფლიქტს მშვიდობიანად მოვაგვარებო. ალიევთან მოლაპარაკებებსაც გეგმავდა. თუმცა, მალევე მთავრობის ყოფილმა წევრებმა ის ღალატში დაადანაშაულეს, ეგ სომხეთის მიწებს ჰყიდისო. ბოლოს ისე მოხდა, რომ ფაშინიანიც იმავე ენით ალაპარაკდა. Ჩადიოდა ყარაბაღში და ამბობდა, რომ არცახი სომხეთი იყო. ალიევი სულ მის სიტყვებს იყენებდა საბაბად, ომი რომ დაეწყო.
პირველად, როცა ახალი შეთანხმების შესახებ გავიგე, თითქოს შვება ვიგრძენი. ომი დამთავრდა. ხალხი აღარ დაიხოცება. Მაგრამ ახლა ყველაზე საშინელება იმის გააზრებაა, რომ ეს ყველაფერი შეიძლებოდა თავიდან აგვეცილებინა.
Შეთანხმების გასაჯაროვებიდან, სადღაც თხუთმეტ წუთში ხალხი უკვე პარლამენტის წინ იდგა. აპროტესტებდნენ იმ შეთანხმებას, რომელზეც ჯერ არ იცოდნენ მოწერილი ჰქონდა თუ არა ფაშინიანს ხელი. ასეთ რეაქციას ველოდი, მაგრამ არ მეგონა ასე სწრაფად თუ მოხდებოდა.
ბევრ რამეს ჯერ ვერც მე ვიაზრებ. არ ვიცი რა იქნება მომავალში. ისევ რევოლუცია გვექნება, სამოქალაქო ომი, თუ მშვიდობიანად წავა ფაშინიანი.
არავინაა ახლა ქვეყანაში, ვისაც ხალხი ენდობა. Საზოგადოება დანაწევრებულია. ორ ადამიანსაც ვერ იპოვნით საერთო აზრზე. Გაურკვევლობას იწვევს ისიც, რომ დღემდე არ ვიცით შეთანხმების დეტალები. Მაგალითად, როგორ შეგვეძლება ისევ ყარაბაღთან ურთიერთობა, რა როლს ითამაშებს აზერბაიჯანი. Ხალხმა არ იცის უკან როგორ უნდა დაბრუნდეს, ან საერთოდ დაბრუნდებიან, თუ არა თავიანთ სახლებში. 100 ათასზე მეტ დევნილს უნდა იცოდეს რა ბედი ეწევათ, მაგრამ ამაზე ახლა არავინ ელაპარაკება.
საზოგადოების ნაწილმა დაიწყო იმის გააზრება, რომ თუკი სომხეთი 90-იან წლებში შემოერთებულ რეგიონებს დათმობდა, შესაძლოა ეს ყველაფერი თავიდან აეცილებინათ.
როცა სომხეთმა ეს ხუთი რეგიონი დაიკავა, მაშინ ამბობდნენ, რომ ისინი მოლაპარაკებების დროს გამოადგებოდათ. შემდეგ რიტორიკა შეიცვალა და ეს რეგიონები ბუფერულ ზონად გამოაცხადეს. Ბოლოს კი, მათ სომხეთის გათავისუფლებულ მიწებად მოიხსენიებდნენ და აზერბაიჯანული სახელები სომხურად გადააკეთეს.
ადამიანები ერთი თვის წინ ამბობდნენ, რომ სომხეთს სხვა არჩევანი არ ჰქონდა და ამ ომში უნდა ჩართულიყო. თუმცა, ფაქტია, რომ არჩევანი ჩვენ ყოველთვის გვქონდა, თუმცა ამ შესაძლებლობას არასდროს ვიყენებდით. Ფაშინიანმა ომის დაწყების პირველივე დღეებში თქვა, რომ ისინი ამ ომს მოიგებდნენ, თუკი ხუთ რეგიონს დათმობდნენ, Მაგრამ ეს არავის უნდოდა, ბოლომდე უნდოდათ ბრძოლა.
Სასაცილოა, მაგრამ სომხეთის პირველ პრეზიდენტს ლევონ ტერ-პეტროსიანს ახლა გმირად მოიხსენიებენ, მაშინ როცა აქამდე ის ქვეყნის მოღალატედ ითვლებოდა. 90-იან წლებში ის პირველი იყო, ვინც ამბობდა, რომ სომხეთს გამარჯვებულის პოზიცია უნდა გამოეყენებინა, ხუთი რეგიონი დაეთმო და კონფლიქტი მაშინვე დაესრულებინათ. ახლა ყველა მის სიტყვებს აზიარებს სოციალურ ქსელებში.
Როცა ხედავენ როგორ აღნიშნავს აზერბაიჯანელი ხალხი გამარჯვებას, სომხები თავს დამცირებულად გრძნობენ. გული მტკივა, აზერბაიჯანელებს ისიც არ აინტერესებთ რამდენი ადამიანი შეეწირა ამ ომსა და ზიზღს. ჩემი აზერბაიჯანელი მეგობრები კი მეუბნებიან, სისულელეა გამარჯვებაზე საუბარი, როცა რეგიონში რუსი მშვიდობისმყოფელები დგანანო. Აბსურდია, რომ ყარაბღის საგზაო კორიდორებს რუსები დაიცავენ.
ძალიან დამთრგუნველია, როცა ხედავ რომ სომხეთში დღემდე არიან ადამიანები, ვინც ისევ ძველ ლოზუნგებს იმეორებენ და ფიქრობენ, რომ დაკარგულ მიწებს ისევ ბრძოლით დაიბრუნებენ. ვერ ხვდებიან, რომ ეს ნაციონალისტური რიტორიკა კიდევ უფრო გვაშორებს მშვიდობას.
Პირველად, ეს საფრთხე ორი წლის წინ გავაცნობიერე, როცა საქართველოში, GIPA-ს ჟურნალისტიკის სკოლაში, ჩემი აზერბაიჯანელი ჯგუფელების ისტორიები მოვისმინე. Მაშინ ბევრი რამე მათი პერსპექტივიდან დავინახე და მივხვდი, რომ სრულიად განსხვავებულ რამეს ვისმენდი, ვიდრე ჩემი სკოლის წიგნებში წამეკითხა და მასწავლებლებისგან გამეგო. ეგ წიგნები რომ არა, იქნებ ეს კონფლიქტი დიდი ხნის წინაც მოგვეგვარებინა.