ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

წაუკითხავი წიგნის რეცენზია

(დავიდ ფონკინოსის „დელიკატურობის“ შესახებ)

რამდენიმე წლის წინ წავიკითხე ნორვეგიელი მწერლის – კარლ კნაუსგარდის რეცენზია უელბეკის „მორჩილებაზე“. დახვეწილი რეცენზია იყო. ოღონდ ერთი მომენტი ჭრიდა თვალს – კნაუსგარდი თავიდანვე გამოტყდა, რომ მას უელბეკის არცერთი წიგნი არ წაუკითხავს. მეტიც, ის არც მომავალში აპირებს, წაიკითხოს. გადავწყვიტე, სწორედ კნაუსგარდის მეთოდით ვისარგებლო და დავწერო რეცენზიები იმ წიგნებზე, რომლებიც არ წამიკითხავს. ვფიქრობ, წიგნი კარგი თუა, არაა აუცილებელი მისი წაკითხვა. და თუ მცირე რეცენზიის დაწერასაც ფიქრობ, სარეცენზიე წიგნის წაკითხვა, საერთოდ, მავნებელიც კია – შესაძლოა ავტორის მიერ თავს მოხვეულმა ესთეტიკურმა კოდებმა მის სასარგებლოდ დაგაპროგრამოს. დავიდ ფონკინოსის „დელიკატურობა“ ჯერ არ წამიკითხავს, შესაბამისად, სრულიად დაზღვეული ვარ ასეთი ხაფანგისგან.

ქართველი მკითხველი დავიდ ფონკინოსის რამდენიმე რომანს უკვე იცნობს და, შესაბამისად, იცის, რომ ეს ავტორი დეტალების ოსტატია, უმცირეს ნიუანსებში შეუძლია გამოკეტოს პერსონაჟის ხასიათი და მაინც ბოლომდე დასრულებულად წარმოადგინოს გმირიც და მისი სამოქმედო არეალიც. თუმცა, ფონკინოსის, როგორც მწერლის, ნაკლია ის, რომ მას უჩრდილო პერსონაჟები ჰყავს, ერთგვარად სწორხაზოვანი აღტყინებით სავსენი, მაგრამ თხრობის გეზი და ფორმატების გადათამაშება ანეიტრალებს პერსონაჟების ამ ერთგვაროვან ხასიათებს.

რომანი „დელიკატურობა“ ფონკინოსის შემოქმედებაში განსხვავებულ ადგილს იკავებს. სახელწოდებამ შეიძლება საქმეში ჩაუხედავი მკითხველი დააბნიოს და აფიქრებინოს, რომ ფონკინოსიც აჰყვა კონიუნქტურას და პოლიტიკური კორექტულობის სრულიად არაპოლიტიკურ და არაკორექტულ ასპექტებზე სურს ყურადღების გამახვილება. სინამდვილეში, რომანი ლესბოსელი შეყვარებულების სასიყვარულო სამკუთხედზე მოგვითხრობს. პირველი ნაწილი დღიურის ფორმითაა წარმოდგენილი, შესაბამისად, ფონკინოსის ქალური ეგო „პირველი პირის ნაცვალსახელსაა ამოფარებული“. პირველი პირის გამოყენება ამ შემთხვევაში წაგებიანი აღმოჩნდა, რადგან ქალის ფსიქოლოგიისა და ბიოლოგიის ცოდნა ფონკინოსის (როგორც სხვა კაცი მწერლების) ძლიერი მხარე არაა, ეს კი პირველი პირისათვის საჭირო უშუალობას არბილებს, თუმცა ამ მოუხერხებელ პასაჟებს აშუალებს თვითირონია, რომელსაც ფონკინოსი ოსტატურად იყენებს. გარდა ამისა, თვითირონია ავტორს ეხმარება, დააბალანსოს სენტიმენტალური პასაჟები და გარკვეული დისტანცირება შეძლოს მისგან. სენტიმენტებს კი ვერ ავცდებით იქ, სადაც შეყვარებული წყვილია.

ლესბოსელი წყვილის ჰეტერონორმატიული ურთიერთობა შესაძლოა ფემინისტური კრიტიკის ობიექტი გახდეს და მას დამაჯერებლობა დაუწუნოს, თუმცა, ეს არ იქნება მართებული. ლიტერატურა არა არსებულს, არამედ შესაძლებელს და, ხშირ შემთხვევაში, შეუძლებელს აღწერს. დამაჯერებლობა კი გემოვნების საკითხი სულაც არაა, ის ჰერმენევტიკის ისეთივე ნაწილია, როგორც დელიკატურობა არის ეთიკის ნაწილი.

როგორც ფონკინოსის კოლეგა და თანამოქალაქე წერდა, სიამოვნება პოლიტიკაა. ეს კი ნიშნავს იმას, რომ ის (სიამოვნება) გარკვეული მიკროსტრუქტურის მქონეა და გარკვეული მეგასტრუქტურის ნაწილია. ამ მეგასტრუქტურას ჭკვიანი ადამიანები ცხოვრებას უწოდებენ, პოეტები კი სიყვარულს. თუმცა, ტერმინებს მნიშვნელობა ეცლება, როცა საქმე ეხება ორი ადამიანის რომანტიკულ ურთიერთობას. აქ ხომ ყველა კანონი უქმდება. მაგრამ არ უქმდება ერთი კანონი, რომელსაც სიკვდილი ეწოდება. მის გარეშე სრულყოფილი რომანი არც არსებობს. არც „დელიკატურობაა“ ამ მხრივ გამონაკლისი. სიკვდილი აქაც ისევე შეუმჩნევლად მოიპარება და პოტენციური მოსაკლავი პერსონაჟიც ისე გაოცებულია მისით, თითქოს მასზე არასოდეს გაეგოს რამე (აქ კიდევ ერთი ფრანგი მწერლის – კამიუს სიზიფეს მითის ალუზია შემოდის). თუმცა, ის არ არის ჩვეულებრივი სიკვდილი, სრულიად ხორციელია და, ნარატორს თუ ვენდობით, საკმაოდ ვნებიანიც. და რაკი ვნებიანია, ის, სავარაუდოდ, ქალიც უნდა იყოს, რადგან მთხრობელი ლესბოსელია და ჩვენ სწორედ მისი ეროსული წარმოსახვის ველში ვიმყოფებით (აქ უკვე სარამაგუს რემინისცენციასთან უნდა გვქონდეს საქმე).

აქ ჩნდება სასიყვარულო სამკუთხედის პირველი ნიშნები. ლესბოსელი მატილდა, მისი შეყვარებული სოფია და სიკვდილი. ერთი შეხედვით, ბანალურია, მაგრამ საქმე სხვა ფრონტზე ვითარდება. თავშივე ვახსენეთ, რომ ფონკინოსი კონიუნქტურას გაექცა, მაგრამ ნაწარმოების ფინალმა შესაძლოა საპირისპირო განცდა დაგვიტოვოს (თუმცა, ეს მხოლოდ ერთი შეხედვით). სიკვდილის შეფერხების იდეა ისაა, რომ მატილდა მოახერხებს ნეოლიბერალური ოცნების ასრულებას – ანუ სიკვდილის გადავადებას. 21-ე საუკუნის მთავარი ტენდენცია – პლასტიკური ქირურგიის, ფიტნესის და უზმოზე თაფლიანი წყლის სმის პრაქტიკა, სინამდვილეში, არა ბედნიერად ყოფნის იდეას, არამედ სიკვდილის მიჩქმალვას, მის გადავადებას ემსახურება. სიკვდილი აღარაა პოლიტკორექტული საქციელი, ის ევოლუციისადმი მიმართული დისკრიმინაციული ჟესტია. გარდა ამისა, ეკონომიკურ ფაბრიკაში ჩვენი სხეულები მონაწილეობენ, როგორც მუშა დანადგარები და მათი შრომის წრიდან გამოვარდნა სისტემის რენტაბელობას საფრთხეს უქმნის. ასეთ ეკონომიკურ მოცემულობაში ჩვენი სხეულები შრომის ისეთივე იარაღებია, როგორც გირაგი და სამკაუჭა, და მეტი არაფერი. შესაბამისად, კაპიტალიზმის მეგასტრუქტურა სიკვდილის, როგორც წაგებიანი ინვესტიციის, სამუდამოდ გაქრობას ცდილობს. მაგრამ რაკი ვერ აქრობს, ცდილობს, მას სანქციები დაუწესოს, იმიჯი შეულახოს და წარმოგვიდგინოს, როგორც უკიდურესად არადელიკატური საქციელი. შესაბამისად, დღეს შეუძლებელია, მოკვდეს ადამიანი და თან უხერხულობას არ გრძნობდეს, რომ ასეთ უზრდელურ საქციელს სჩადის.

ფონკინოსი ამ რომანში გვიჩვენებს, რომ სამომხმარებლო ნევროზის ყველაზე მძაფრი გამოვლინება არის არა მფლანგველობა ან კოლექციონერობა, არამედ სიკვდილზე უარის თქმა. ხოლო ფონკინოსის პერსონაჟი, რომელსაც ეს გააზრებული აქვს, იქცევა უკიდურესად, როგორ გითხრათ, დელიკატურად.

„დელიკატურობა“ ჟანრულად რთულად მოსახელთებელია. არც ტრაგედიაა, არც კომედია და ორივეა ამავდროულად. „დელიკატურობა“ იწყება იდილიით (ლესბოსური სამოთხით), მაგრამ მთავრდება დელიკატური კონვენციით (ჰეტერონორმატიული ჯოჯოხეთით).

ვფიქრობ, ფონკინოსს იმდენად შთამბეჭდავი რომანი გამოუვიდა, რომ წაკითხვის გარეშეც მოახდენს შთაბეჭდილებას. თუმცა, თუ მაინც წაიკითხავთ, მომწერეთ, რა წერია ამ მართლაც შესანიშნავ რომანში, შესაძლოა, რაღაცებში მართლაც დაემთხვა ჩემი წინასწარმკითხველება. 

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა