ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #პროზა

წიგნების მკვლელი – Books instead of bombs

ალექსეი ცვეტკოვი რუსული მემარცხენე კულტურის საკვანძო ფიგურაა. თუმცა, წმინდად რუსული მოვლენაც არ ეთქმის, რაკი, მისივე არაერთი კოლეგისგან განსხვავებით, ხელოვნებას მიზნად ძველი შინაარსების შეღვიძებას და ქაღალდის ჭურვების სროლას კი არ უსახავდა, კოლეგებს პრაქტიკულ ბრძოლაში ჩართვას სთავაზობდა. ამ მიზნით მან რამდენიმე რევოლუციური მოძრაობაც დააარსა და ძილს უფრთხობდა ობივატელური სიმშვიდის მოყვარულებს. მისი სამიზნე იყო ყველა – რუსული ნომენკლატურაც, რომელთან შეჯახებაც ხშირად წინასწარი დაკავების საკანში თავის ამოყოფით მთავრდებოდა და ზოგჯერ თავის გატეხითაც, და ამერიკული ლიბერალური ელიტაც – 1990-იანებში მან თეთრ სახლთან აქციაც გამართა. ალექსეი ცვეტკოვის საპროგრამო ტექსტი „პერმანენტული რევოლუციონერის ჩანაწერები“ პრაქტიკულად საკუთარი თავის დაშლის და გაუქმების მანიფესტად გამოდგება. სწორედ ეს აკლდათ პოლიტიკურ იოგაში გავარჯიშებულ მის კოლეგებს და სწორედ ეს არის, ჩემი ვარაუდით, ის მიზეზი, რის გამოც ცვეტკოვის ტექსტები საოცრად დინამიკური საკითხავია. 

პაატა შამუგია

 

შენ ერთი უქმე დღის მოწყობაზეც კი უარს ამბობ. დაე, ეს თავისით მოხდეს. უარს ამბობ მათთვის დღესასწაულის გამართვაზე.

გუბეებში, საკუთარ ანარეკლებზე, ისე, რომ არც კი უყურებენ მათ, დააბიჯებენ მკითხველები: მათგან ყოველ მეშვიდეს ეშინია უცხოპლანეტელების და გაუთვალისწინებელი პოლუციის იმედი აქვს. ყოველი მეთერთმეტე კონსერვებზეა განაწყენებული: ხელისუფლება ხურავს, ჩვენ კი უნდა გავხსნათ! – და ოცნებობს, სამი საუკუნით გაყინვის უფლება მოიგოს ლოტოში ან თუნდაც დაიმარხოს ყურსასმენებითა და პორტატული ტელევიზორით, კუბოში მწოლიარემ საყვარელი სერიალი რომ დაასრულოს. იმ ხუთიდან, ვინც მიიჩქარის, ორს ავტომატის წვენის გამო გულძმარვა აწუხებს: და იმედოვნებს, რომ მათი უნიტაზებიდან ოდესმე ვერცხლი ამოიფრქვევა. რვიდან სამი გულში ფიქრობს: ღმერთო, მეც ხომ შენი შვილი ვარ, მერე რა, რომ ქალის შვილიც ვარ, – და შურს კორპორაციის დირექტორის ფალიკური ავტომობილის. ცხრიდან ექვსი გაზეთებში შემოთავაზებული რებუსების ამოხსნაზე უარს აცხადებს, და არ ახსოვს, სად ცხოვრობენ ტომები, რომელთაც საერთოდ არაფერი ესიზმრებათ. ასე ცრუობდა შენ მიერ გუშინ მოკლული სოციოლოგიის ანბანი. ვალდებული არ ხარ, გუბეებში იხედებოდე. რად გინდა იმათი ანარეკლი, ვინც ასე ჩქარობს? განა არ არის აშკარა მათი ყოფიერების ჩალის ფასი? მკითხველები, და არა ადამიანები. პროთეზები, და არა ადამის შთამომავლები. თაროებზე ხარბი მზერით დაძრწი, შენ ხედავ გამოუთქმელს. შენ მიერ „არჩეული“ (აქ შენ ფარისევლობ) ამოცანის სიდიადით აღვსილი, ბუკინისტური საწყობების უკვდავი რევიზორი, ლიტერატურის სასახლის გალერეებისა და ქუჩის თავგადასავლების ბაზრის ინსპექტორი, სამკითხველო ქოხების მეთვალყურე და მაკულატურის აისბერგების სანიტარი, შენ – წიგნების მკვლელი ხარ. შენ ყოველთვის გიხმობენ და ყველა მოედანზე ძეგლს გიდგამენ. შენ წინაშე სამართლიანობის მოლოდინში ჩუმად და დაუცველად შეკრთდებიან ლოცვანნი და ეკონომიები, მოთხრობა და რომანი, კატალოგი და დეტექტივი, სროლის შესწავლა და კულინარიული რჩევები, ასტროლოგიური გზამკვლევი და უკანასკნელი ომის ფოტოქრონიკა. აღტაცებული აცნობიერებ, რომ ვერასდროს დაასრულებ სამუშაოს, ვერ გადალახავ ტიპოგრაფიული მასის უწყვეტ ზრდას. მსოფლიოს ყველა გამომცემლობა ფულს იმისთვის გიხდის, რომ სხვა არაფერი აკეთო. ყოველი ავტორი: ფაშისტი, ანარქისტი, გასტრონომი, სტრიპტიზიორი და ა.შ. – წინასწარ დებს კონტრაქტს, რომ ოდესმე მათ ბეჭდურ შვილებს გაანადგურებ. ბიბლიოთეკებში მიგეჩვივნენ. შენ – წიგნების მკვლელი ხარ. შინ მიგაქვს ისინი. ათასობით. ბეჭდვა ოფსეტურია. ფასი თავისუფალი. გარეკანები განიხილავენ, პირველი ვინ უნდა გადაეცეს სასამართლოს, მოთქვამენ გვერდები, იმანჭებიან სათაურები. შენს სახლში მხოლოდ წამებაა, აუცილებელი ჭეშმარიტების ძიებისა და კანონის აღსრულებისთვის. სხვადასხვა ზომის მაკრატლები ყდების დანაწევრებისთვის. სამმაგი ბასრი სამართებელი, რომლის საშუალებითაც თხრობას ბწკარებად ჭრი. პატარ-პატარა ჭიკარტები, რომელთაგან ცალკეული ასოები დამფრთხალნი გარბიან, სანამ ფეხზე გამოსდებ. ცბიერი ყულფები დამორჩილება-თხზვის ნიშნებისთვის, მცხოვრებნი შენს შხამიან განყენებულ ჭიქაში. სნეულების გამომწვევი ბრტყელტუჩები, რათა ქაღალდის ნაზი კანისქვეშიდან სქოლიოები გამოყო და მინიატურული პრესი, რომელიც ერთ დღეში აშრობს აბზაცს. იეროგლიფების მაპარალიზებელი და გრავიურების გამხსნელი მჟავები. განმბრჯენები, რომლებიც განსაკუთრებით თავშეკავებულ წინადადებებს ეხებიან, და ზედმეტად გავრცელებულთათვის განკუთვნილი ალმასის ქლიბები. ეპოპეათა ძველი ვეებერთელა დამნაკუწებელი ისე წუხს კაკუნით, თითქოს მატარებელი მიდიოდეს. ბურღების ნაკრები, თუ ნერვებამდე ჩაწვდომაა საჭირო. გილიოტინა, განსაკუთრებით მყარსამოსიანი ინკუნაბულებისთვის. ხმლები და სამეფო არაყი – შრიფტწაუშლელი რომანების სამკურნალოდ. ქაღალდის ქაოსი. შეგიძლია, თავით ფეხებამდე ჩაეფლო, იბანაო, გააჩაღო დიდი ხანძარი, ყველაზე დიადი ავტორი ნატურალური ზომებით გამოძერწო. სხვადასხვა ჯიშის დასახიჩრებულ ქაღალდებში მხრებამდე ჩაფლულს, სახლში სიარული გიმძიმს. ზოგჯერ, სანამ მოკლავდე, განსაკუთრებულ სისასტიკეს ავლენ – ათასი ძველი წიგნისგან კინძავ ერთ ახალს, თითოეულისგან – რამდენიმე სიტყვა, იყენებ განსაკუთრებულ დანადგარს – „გუტენბერგის კოშმარს“. შენ – მკვლელი ხარ. გულის რევის შემოტევებისას ნაწილებად ჩაკბეჩილ წიგნებს ჭამ. სხვა საკვები არც გჭირდება, ამიტომაც უარი თქვი ლიტერატურული ბირჟიდან პროცენტის მიღებაზე. აფსამ მათ, ანიავებ ქარში, ქოქავ ძალისხმევებისგან აკვნესებულ ფეხმოგრეხილ მექანიზმებს, შიშისგან გაოფლიანებულ ქილებში მჟავებს დაეძებ. სანსლავ მომდევნო ტომს: მუქი ლურჯი ტყავი, ქათქათა ხორცი, ხახას რომ გიწვავს. შენ იცი, რა თქმა უნდა, ჩემამდეც იცოდი, რომ შენ შესახებ დავწერდი. ამაყი ხარ, არც მას დაინდობ. სიტყვა „წერტილის“ შემდეგ ვსვამ წერტილს. 

ტექსტის ნეშტისგან მომდინარე ნაზ წყვდიადში თავით ეფლობი, გარს გეხვევიან, გიღიტინებენ, გაყვედრიან, გეთანხმებიან. შრიალი. ჩურჩული. სიზმარი. იმედების გამცრუებელი კიდევ ერთი სიზიფე ყველა ქვეყნის გაუპატიურებულ ქაღალდში იძირება. ასოები, ორნამენტის ნაგლეჯები, პაუზისა და აჩქარების ნიშნები თავიანთი მტანჯველის სხეულს ისრუტავენ. ერთ-ერთ წიგნში გამოთქმულია ვერსია, რომ თითქოს წინა ცხოვრებაში უაზროდ ბევრს ოცნებობდი.

მკვლელმა ზანტად გამოჭიმა შიშველი ფეხები და დაბნეული კუს მსგავსად, როგორღაც გამოხოხდა გაპრიალებულ გემბანზე. მიწებებული ქუთუთოები განაცალკევა.

ქვემოთ, ლიმონის თბილი წყალი ორი ან მეტრ-ნახევარი სიღრმის იქნებოდა. სინათლის აბლაბუდებში თვალს ადევნებდა ხალიჩის ზვიგენების ვნებიან სამხედრო თამაშს. აოცებდა ექვსკუთხა სხივები, რომელიც ამავდროულად მუსიკაცაა. არავითარი ნაპირი არ არსებობდა, რადგან შენ მოისურვე, რომ ისინი არ ყოფილიყო. მორჩა, ამიერიდან სამარადჟამოდ – ლიმონის მცირე ზღვა. მკვლელის თავი ოვალურ კაშკაშა ნაყოფს ემსგავსება. ტკბილად მკვნესარე, იქვე მცურავ ჭადრაკის ზვიგენს მაჯიდან მოხსნილ ამულეტს უკან მიაწევს. არაფერი გსურს. მზე მოძლიერდა, ფუტკარივით გგესლავს, მტკივნეულად გიშრობს კანს. ზღვას სწამს, რომ ის თაფლია. ზამშისა და ტყვიის ზვიგენები ღრმა ფსკერზე მუქ მცენარეებს შორის შეუმჩნევლად დაძრწიან. გაჭირვებით მოძრავი შიშველი მკვლელი ჩრდილში შეხოხდა, მოიკუნტა და აკრუსუნდა, მტკიცედ გადაწყვიტა, რომ აღარასდროს ადგება, აღარ დაუბრუნდება წიგნებს, აღარავის აჩუქებს მისთვის განკუთვნილ წერტილს. 

თარგმანი : ნორიკ ბადოიანი, გიორგი ფირცხალაიშვილი
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა