წრე ჩაიკეტა | ალისა იოფფე - რუსი ხელოვანი მოსკოვიდან
სახელოსნოში სიბნელეა, მხოლოდ კედელზე ანათებს უზარმაზარი, შავი სხეულებით სავსე ოთხკუთხედი. “ეს ბუჩაა” - მეუბნება თავადაც შავებში ჩაცმული ალისა იოფფე დარბაზის სიღრმიდან.
მისი “სახელოსნო” რადიო ფორტუნას შენობის ერთ-ერთი ცარიელი სივრცეა, სადაც ალისა ყოველ დღეს ატარებს. რუსი ხელოვანი მარტის დასაწყისში, დედასთან ერთად გამოიქცა მოსკოვიდან და მას მერე მხოლოდ საომარ თემატიკაზე მუშაობს. აიფონს უბის წიგნაკად ხმარობს, შავით თეთრზე გამოჰყავს ფიგურები, რომლებიც კედლებზე, პროექტორით გადმოდიან. სქელი შავი საღებავი მათ ნაპრალებად აქცევს, ომისა და ძალადობის მერე დარჩენილ ღრმულებად, სადაც ხელის შეყოფაც საშიშია. “არა ომს” ხუთ მეტრიანი პლაკატი ალისა იოფფემ საქართველოს პარლამენტის წინ პროტესტის ნიშნად გამოფინა. ახლა რუსული ჯარის ძალადობრივი კვალის “დოკუმენტს” ქმნის - ასე ეძახის თავის ნამუშევრებს. ამას რუსეთშიც აკეთებდა, მანამ, სანამ ცენზურამ და საფრთხემ არჩევანი ციხეში ყოფნასა და მუშაობის შეჩერებას შორის არ დააყენა. ალისამ გაქცევა არჩია. მომიყვა, როგორ ფართოვდებოდა რეჟიმის ძალაუფლება რუსეთში იქამდე, სანამ თავისუფალი არაფერი დარჩა. მთავარი კითხვა რომელიც მას და რუსეთიდან გამოქცეულ სხვა ხელოვანებს ახლა აწუხებთ - როგორ შეეძლოთ ამის შეჩერება?
…
ომი რომ დაიწყო, მე მოსკოვში ვიყავი და ვხატავდი. ნამუშევარი ჩემი სტუდიის სივრცეს ჩაკეტილ წრედ აქცევდა. კედლები სულ შავად მქონდა შეღებილი, შავი საღებავი ფანჯრებზეც და კარზეც გადავატარე. ერთადერთი ელემენტი, რომელიც ჩავხატე, გისოსებიანი კარი იყო, წინასწარი დაკავების იზოლატორივით, სადაც ყველა მიჰყავთ, ვინც აქციებზე გამოდის. ეს მოსკოვში ჩემი ბოლო ნამუშევარი იყო.
საერთოდ, მთელი 2021 წლის განმავლობაში კედლის მხატვრობით ვიყავი დაკავებული. ბოლო წლებში ცენზურა ძლიერდებოდა, არის ასეთი "ტრიადაც" - რა არ შეიძლება დახატო. პოლიტიკა, რელიგია და სექსი. მაგალითად ნებისმიერი, გენდერთან დაკავშირებული საკითხი უტოლდება ჰომოსექსუალიზმის ან პედოფილიის პროპაგანდას. თუ გინდა, გამოფენა მუზეუმში გქონდეს, გთხოვენ რომ პოლიტიკურ თემებს არ შეეხო. ამისთვის მუზეუმს შეიძლება დიდი ჯარიმა დაეკისროს, ასეთი შემთხვევები ყოფილა. ამიტომ ოპოზიციური თემები გამორიცხულია.
მე ვიფიქრე, რომ დამოუკიდებელი უნდა ვიყო, ამიტომ უარი ვთქვი გამოფენებზე და მხოლოდ ჩემ სტუდიაში დავიწყე ნამუშევრების ჩვენება. კედელზე ხატვა საშუალებას მაძლევდა, კვალი არ დამეტოვებინა - დავხატავ-წავშლი, დავხატავ-წავშლი. დიდხანს არაფერს ვტოვებდი, თუ რომელიმე კომისია მოვიდოდა შესამოწმებლად, ვერაფერს დააფიქსირებდნენ.
როცა ცნობილი გახდა რომ ომს ომი არ შეიძლება დაუძახო, ცენზურის ძალა უფრო მძიმედ ვიგრძენი. თითქოს აქამდე უბრალოდ გამაღიზიანებელი იყო, და მქონდა ილუზია რომ მაინც ყველაფრის გაკეთებას შევძლებდი. 24 თებერვლის მერე კი ხელისუფლება ძალიან გააქტიურდა. სამუშაო შეუძლებელი და საშიში გახდა.შენს მეგობრებს ერთმანეთის მიყოლებით იჭერენ, მათთან არ უშვებენ ადვოკატებს, ამას აკვირდები, ამავდროულად თვალს ადევნებ რუსული ჯარის მოქმედებებს, კითხულობ მუქარებს ყველას მიმართ, ვინც"დისიდენტია", ვინც მათ არ ეთანხმება.
ბევრი მეგობარი საზღვარგარეთიდან საპროტესტო აქციებზე გადიოდა და ჩვენ მოგვიწოდებდა, გამოვსულიყავით. მათთვისაც უნდა აგვეხსნა, როგორი სიტუაციაა. აქციებზე მეც დავდიოდი, და არ დამიჭირეს რადგან კიდეში ვიდექი და ნაკლებად შესამჩნევი ვიყავი, თუმცა ადრე დავუჭერივარ არაერთხელ. პოლიტიკის, ძალადობის თემატიკა ჩემთვის ახლოა, ძალიან მგრძნობიარე ვარ მის მიმართ. 2017 წელს მქონდა გამოფენა რომელიც ციხეში წამებას ეძღვნებოდა. ჩანს, რომ სახელმწიფო ორგანოებში მუშაობს ხალხი, რომელსაც ძალადობა სიამოვნებას ანიჭებს. მინდოდა ამის ჩვენება.
მეგობრები ყოველდღე ვსაუბრობთ იმაზე, რომ რაც მოხდა, ჩვენი ბრალიცაა. იმაზე, რომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ვერ შევძელით პოლიტიკურ სიტუაციასთან გამკლავება რუსეთში იქამდე, სანამ მოხდებოდა უბედურება. ყირიმის და დონბასის ოკუპაციიდან რვა წელი გავიდა. ახლა ვხვდები, რომ მაშინ, როცა გამოვდიოდით აქციებზე, როცა გვიჭერდნენ, ჩვენზე ცდიდნენ და აყალიბებდნენ მეთოდებს. წრეს სულ უფრო და უფრო ავიწროებდნენ და ახლა, რუსეთში არაფერი დარჩა თავისუფალი. ვხვდები რომ ვცხოვრობდი რაღაც ვაკუუმში, ვაკეთებდი ერთ გამოფენას, მეორეს, მესამეს.. თანამედროვე ხელოვნების სამყარო ძალიან შორს არის რეალობიდან და თუ ვმონაწილეობდით პოლიტიკურ პროტესტებში, ისინი უბრალოდ დაკავებით სრულდებოდა.
ადამიანები, ვინც ჩვენ გვაკავებდა აქვთ ბრძანება, მათ უხდიან. ისინი არ არიან მზად, მიატოვონ იპოთეკები, რომლებიც სახელმწიფო ორგანოების სპეციალური პირობებით აიღეს, მათ ჰყავთ ოჯახები. ისინი მიდიან და სცემენ მათ ვინც ხელისუფლების წინააღმდეგ გამოდის, თუნდაც ეს ხელისუფლება არ უყვარდეთ.
ახლა, თითქმის აღარავინ გამოდის აქციებზე, ძალიან ცოტა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ არ დაგაკავეს, კამერით დაფიქსირებული ხარ და სახლში გაკითხავენ. აკითხავენ მშობლებს. თუ გყავს უკრაინაში ნათესავები, მაგ შემთხვევაშიც მოვლენ. ძალიან აქტიურად მუშაობენ, აშინებენ, მოქმედებენ ხისტად.
ბევრი ამჯობინებს ჩუმად იყოს, რადგან ეჩვენებათ რომ ვერაფერს შეცვლიან. თვლიან რომ ხელისუფლება ცუდია, მაგრამ რაღაცნაირად, ცალკეა თავისთვის და არაფერი აქვთ მასთან საერთო. ხელისუფლება"ისინი" არიან და არავის არ აქვს შეგრძნება რომ ეს "ჩვენ" ვართ. "ჩვენობის" შეგრძნება გარკვეულწილად, ნავალნის მოძრაობითა და მისი ფილმებით გამოცოცხლდა, და მაშინ ბევრ ახალგაზრდას გაუჩნდა იმედი რომ რაღაცის შეცვლა შეიძლებოდა.
გვიჩნდება კითხვა - როგორ შეგვეძლო ამის შეჩერება? იქნებ უფრო მეტი აგიტაცია იყო საჭირო, მეტი ურთიერთობა ხალხთან. რუსეთში ძალიან ბევრს ტელევიზორი ფონად აქვს ჩართული და მთლიანად"ზომბდება". მეჩვენებოდა, რომ გამოფენებით ვაჩვენებდი, აი, არსებობს ასეთი უსამართლობა, აი, ციხეებში აწამებენ. იქნებ ამან დააფიქროს ვიღაც, ვიღაცას შეაცვლევინოს აზრი, უბიძგოს გულმოწყალეობისკენ. მაგრამ სინამდვილეში, აღმოჩნდა რომ ეს ხელოვნება იმდენად პატარა პროცენტს აინტერესებს, რომ საერთოდ შეუძლებელია კონკურენცია საზოგადოების დანარჩენ ნაწილთან.
ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა რუსეთიდან და შეგრძნება მაქვს, რომ ამ ქვეყანამ გადაგვაფურთხა.
ის სანქციები, რომლებიც ახლა რუსეთისთვის არის შემოღებული, ნაწილობრივ მოქმედებს, ქვეყანას ძალიან სუსტი ეკონომიკა აქვს და გაურკვეველია, რა ელის. იქ ძალიან ბევრს ჰგონია, რომ მთელი სამყარო მათ წინააღმდეგაა და ეს დასავლეთმა მოაწყო ასე, რომ საწყალი რუსები მაკდონალდსის გარეშე დარჩნენ. მკაცრი რეალობა - უფულობა, უმუშევრობა, ძალიან მალე დადგება და ადამიანები ამას საკუთარსხეულებში გაატარებენ.. რუსეთი ომს გარეთაც აწარმოებს და შიგნითაც, საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
ეს ომი რუსეთის კულტურას აუქმებს, იზოლირებს რუსეთს როგორც ქვეყანას, სადაც გაიმარჯვა ტრადიციონალიზმმა და პუტინის დიქტატორულმა რეჟიმმა. ეს "გაუქმება" აბსოლუტურად გასაგებია, რადგან ამ ენაზე [რუსულად] საუბრობენ და სჩადიან იმ საშინელ დანაშაულებს რომლებსაც ყველა ვხედავთ.
მაგრამ მე გავაგრძელებ რუსულად საუბარს, რადგან არ მინდა, ის პუტინს დარჩეს. რუსეთის ფედერაციას არ აქვს უფლება, ენა წამართვას და გამოიყენოს მხოლოდ პროპაგანდისა და ძალადობისთვის. მე ვფიქრობ, საჭიროა ენა მათ წინააღმდეგ გამოვიყენოთ, გამოვთქვათ ალტერნატიული აზრები. ენა ხომ ადამიანებია. საქმე იმაშია, რა იდეებს გადმოსცემენ ამ ენის მატარებლები.
ხელოვნებაში, ჩემთვის მნიშვნელოვანია მასშტაბი, მინდა რომ ნამუშევრის ნაწილად იგრძნო თავი, თითქოს ის მოგიცავს. ფაქტობრივად, ახლაც აი ამის მონაწილეები ვართ. ვიცი, რომ 2008 წლის მერე აქ დგას რუსეთის დანაყოფები, ამიტომ აი ამ წამსაც კი ისე ახლოს ვიმყოფებით საფრთხესთან, მითუმეტეს, როცა სრული სიგიჟე ხდება რუსულ პოლიტიკურ ელიტაში. ძალიან კარგად მესმის შიშების, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ყოფნამ შეიძლება ჯარების შეყვანა გამოიწვიოს. ამიტომ ჩვენ მონაწილეები ვართ, ჩვენ ყველა ვართ მოწმეები.
ვმუშაობ რადგან არ შემიძლია არ ვიმუშაო. ჩემთვის მნიშვნელოვანია, შევქმნა ამ დანაშაულების დამამტკიცებელი საბუთი. მე ომის წინააღმდეგი ვარ, როგორც ასეთის. არ მინდა, ქვეყნებს შორის მკაცრი საზღვრები არსებობდეს, მინდა რომ თავისუფლად გადავადგილდებოდეთ ყველა. ვფიქრობ რომ არმიები გასაუქმებელია და ადამიანმა ყველაფრის გადაწყვეტა დისკუსიით უნდა ისწავლოს. ამ ნამუშევარში ბევრი ხელია. ხელებს ადამიანი დასაბამიდანვე სხვადასხვანაირად იყენებდა, მინდა რომ სასხლეტის ჩამოსაშვების მაგივრად, ხელს ჩამოსართმევად ვაწვდიდეთ ერთმანეთს.
ფოტო: თამუნა ჩქარეული