გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ზაალ გიგინეიშვილი

ზაალ გიგინეიშვილის რაგბული

პირველად იყო ლელო.

„მოლი არ იძვროდა, ჩვენს მორკინალებს მაგრად დაუხვდნენ იტალიელები. ღერძის მოთამაშემ, ვასკა ლობჟანიძემ ბურთი ფეხით შეაცურა ლელოშ, მას სანდრო თოდუა მიყვა და ზედ კიდის ხაზთან დაამიწა კიდეც! 5-0!

მეტყველება მარცვლავს აზროვნებას და ემოციებს ვერბალურ სახეს აძლევს, ცხადია, სპორტშიც. სპორტული გამარჯვების არსის, სპორტული ესთეტიკისა თუ ღირებულებების გაგება ნებისმიერ ენობრივ კოლექტივში შესაძლებელია მაშინ, როდესაც მათ ლექსიკურ მარაგში არსებობს შესაბამისი ცნებები. 2022 წლის 10 ივლისს საქართველოს რაგბის ნაკრების ისტორიულ გამარჯვებას ტიერ1-ის, ანუ უმაღლესი ეშელონის ნაკრებთან აღნიშნავდნენ ხმაურით. ცოტამ თუ იცის, რომ ამ სპორტში საგულშემატკივრო ფრაზები თუ ემოციების ვერბალური შესატყვისები - სარაგბო სახელდებათა მთელი ლექსიკონი გამოიგონა ერთმა ადამიანმა - პროფესიით მათემატიკოსმა, ცოტახნით მორაგბემ, ძირითადად კი სპორტულმა მიმომხილველმა, ზაალ გიგინეიშვილმა.

ქართული რაგბი

ქართული რაგბის ისტორია 1959 წლიდან იწყება. პირველ ეტაპზე ქართველებს მხოლოდ სლავებთან უწევდათ თამაში, რაგბის ლექსიკა კი მთლიანად ემყარებოდა რუსულ კალკსა და ჟარგონს. წარმოიდგინეთ, თამაშობთ თქვენთვის სრულიად უცხო თამაშს, არც ერთ წესს, სათამაშო როლსა თუ სივრცეს არ აქვს საკუთარი სახელი. ექსპრომტი და სტიქიური სახელდებები უშუალოდ თამაშის პროცესიდან ქმნიდა სარაგბო სიტყვებს, რომელთა ღერძსაც წარმოადგენდა ჟარგონი. ჟარგონს მედიის ენაში თვითცენზურა ანაცვლებდა, რუსული კალკირებული ფორმების სიმრავლე სიტყვებისა და ფრაზების ქაოსს ქმნიდა. ამ ქაოსში ზაალ გიგინეიშვილმა გადაწყვიტა ტერმინოლოგიათა დადგენის საკუთარი სისტემა შეექმნა და ოთხი მთავარი პრინციპი ჩამოაყალიბა:

1) ტერმინი უნდა იყოს სხარტი, მოკლე და ერთსიტყვიანი;
2) ტერმინი ზუსტად უნდა ასახავდეს ცნების არსს;
3) ტერმინი უნდა ეყრდნობოდეს ქართულ ენობრივ მასალას;
4) თუკი არ არსებობს ტერმინის ორგანული და ბუნებრივი შესატყვისი, დარჩეს და პირდაპირი გზით ითარგმნოს დედნისეული (ინგლისურენოვანი) ვარიანტი.

ასე შეიქმნა რაგბის ყველაზე მნიშვნელოვანი ქართული ტერმინი - ლელო. ინგლისურმა IN-GOAL AREA რუსულში დაამკვირდა ЗАЧЁТНОЕ ПОЛЕ, რაც ქართულში უნდა ყოფილიყო „ჩათვლის მოედანი“, თუმცა ენისთვის არაბუნებრივი ორსიტყვიანი ტერმინის მაგიერ, დავესესხეთ ეროვნულ სპორტს, ლელო-ბურთს. ლელო გურული სპორტის წესების მიხედვით, ზუსტად ის სივრცეა, სადაც ბურთის შეტანა გამარჯვებას ნიშნავს. ცნების არსი შესანიშნავად აისახა მოკლე და სხარტ ტერმინში. ერთგან ზაალ გიგინეიშვილი გაკვირვებული წერდა, 1989 წლამდე როგორ ვერავინ ვერ შენიშნა ეს შინაარსობრივი და ფორმობრივი აშკარა მსგავსება, თანაც 1977-79 წლებში „ლელო-რეგბის ფედერაცია“ ერთად თანაარსებობდაო.

სარაგბო ტერმინოლოგიაში დიდი მნიშვნელობა აქვს მოთამაშეთა პოზიციებს, ნუმერაციასა და როლს. მაგალითად, 10 ნომრის პოზიციას საბჭოთა „სტიქიური“ სახელდების მიხედვით, ერქვა „მოხეტიალე თავდამსხმელი“, ზოგჯერ „გარე ნახევარმცველსაც“ უწოდებდნენ. სინამდვილეში კი არც ერთი მათგანი არ გამოხატავს ამ სათამაშო როლის ფუნქციურ შინაარსს. 10 ნომერი, ფაქტობრივად,  გუნდის ცენტრალური ფიგურაა, 9 ნომერთან ერთად შეტევების გეზის მიმცემი, ანუ როგორც ზაალ გიგინეიშვილი იტყოდა - მგეზავი. ეს უკვე პოეზიაა. 2022 წლის 10 ივლისს, იმ ისტორიულ მატჩში ჩვენმა მგეზავმა, თედო აბჯანდაძემ შეძლო ორი ლელოს გატანა - ესეც პოეტური სტრიქონი.

საქართველოს ნაკრების ლელო

ოვალური ბურთის ფეხით მაღლა ატყორცნა ინგლისურად ჟღერს, როგორც UP AND UNDER - ანუ ბურთის ტრაექტორია დამრტყმელის მიერ ისეა გათვლილი, რომ თანაგუნდელებს მასზე თამაშის შესაძლებლობა ჰქონდეთ. ქართული ტერმინის შემთხვევაში, გვაქვს მოკლე, სხარტი - აბრაგანი. აბრაგანი სულხან-საბას ლექსიკონის მიხედვით, ჩოგან-ბურთში ბურთის მაღლა ატყორცნას ნიშნავს. ზაალმა სხვა სპორტიდან ისესხა ორგანული ცნება. ირონიულია, რომ თანამედროვე ჩოგბურთის კომენტირება ბარბარიზმებითა და კალკებით ხდება, ხოლო რაგბიში შემოგვრჩა აბრაგანი, ერთ დროს ჩოგბურთის, უფრო კი ჩოგან-ბურთის სპორტული ტერმინი.

ვფიქრობ, საუკეთესო „რაგბული“ ცნების მაგალითი უკავშირდება სპორტის წესს, როდესაც მეტოქის მიერ ფეხით დარტყმულ ბურთს მოთამაშე საკუთარი 22-მეტრიანი სივრცის საზღვრებში მიწაზე დაუცემლად დაიჭერს, მას „ჯილდოდ“ ერგება თავისუფალი დარტყმა. წესს ინგლისურად ჰქვია FAIR CATCH („სამართლიანი დაჭერა“), ქართულად ეს წესი ჟღერს, როგორც „ალალზე დაჭერა“ - ასე მოპოვებული ბურთი მოთამაშისთვის მართლაც ალალია. ორგანული თარგმანის სანიმუშო მაგალითი, როდესაც არც თუ ადვილი შინაარსი ერთსიტყვიანი სხარტი ფრაზითაა გადმოცემული.   

ენობრივი კოლექტივის თითოეული წევრი საკუთარ ენობრივ მეხსიერებას ფლობს. დროთა დინებასთან ერთად სარაგბო ტერმინოლოგია ბუნებით ენობრივ მეხსიერებად ჩამოგვიყალიბდა. ეროვნული სპორტის, ლელო-ბურთის რაგბისთან მწირი სპორტული მსგავსების მიუხედავად, ცნება „ლელო“ სწორედ ამგვარ კავშირებს აღვივებს, ენა ფორმისა და ემოციის ბმებს ქმნის. „რაგბი ჩვენი თამაშია“ დღეს იმდენად, რამდენადაც ზაალ გიგინეიშვილის რაგბული ენაა უნიკალური.

საქართველოს რაგბის ნაკრები


კალკის წინააღმდეგ:

DEAD BALL - არა „მკვდარი ბურთი“, არამედ „უქმი ბურთი“;

JERSEY/ SHIRT - არა „მაისური“, არამედ „კვართი“;

WATER CARRIER - არა „წყლის შემომტანი“, არამედ „თულუხჩი”;

ADVANTAGE - არა „უპირატესობა“, არამედ „ხეირი“;

PICK AND GO - არა „აიღე და მიდი“ - არამედ „აიღე და მიეძალე“;

...

სიტყვასიტყვით თარგმნილები:

CONVERSION - „გარდასახვა“;

TACKLE - „ბოჭვა“;

GROUNDING - „დამიწება“;

FETCHER - „მღლეტავი“;

PROP - „ბურჯი“;

...

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა