გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ზომბი

ზომბი | ჩაკ პალანიკი

გრიფინ ვილსონმა პირველმა შეიმუშავა დეევოლუციის თეორია. ის ჩემ უკან ორი თუ სამი მერხის იქით იჯდა ორგანულ ქიმიაზე, რაც თავად ბოროტი გენიის ზუსტი განმარტებაა. მან ასევე პირველმა განახორციელა „დიდი ნახტომი უკან“.

ეს ფაქტი ყველასთვის ცნობილია, რადგან იმ დროს ტრისია გედინგი მასთან ერთად იყო ექიმის კაბინეტში. ის ქაღალდის ფარდის უკან იწვა, ოღონდ სემინარი ფიქრები აღმოსავლურ ცივილიზაციაზე გაეცდინა და მოიგონა, რომ მენსტრუაცია ჰქონდა. როგორც ტრისია გედინგმა თქვა, ხმამაღალი სიგნალი კი გაიგონა – ბიიფ, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია. მერე, როცა მან და სკოლის ექთანმა გრიფინ ვილსონი იმავე კაბინეტში ქაღალდის ფარდაჩამოფარებულ სხვა საწოლზე ნახეს, ის თოჯინა ეგონათ, რომელზეც მოსწავლეები ხელოვნურ სუნთქვაში ვარჯიშობენ. ბიჭი ძლივს სუნთქავდა და განძრევის თავი არ ჰქონდა. თავიდან ხუმრობა ეგონათ, რადგან გრიფინ ვილსონს კბილებში საფულე ჰქონდა გაჩრილი, ხოლო შუბლის ორივე მხარეს მავთულები ეკიდა.

ხელებით ლექსიკონის ზომის ყუთი ეჭირა და უკვე პარალიზებული, ხელს ისევ და ისევ დიდ წითელ ღილაკს აჭერდა. ეს ყუთი, დეფიბრილატორი, სკოლაში კედელზე ეკიდა და ისე ხშირად ჰქონდა ყველას ნანახი, რომ ძლივს იცნეს. გადაუდებელ შემთხვევებში ელექტრონული იმპულსებით გულის ნორმალური მუშაობის აღმდგენი. გრიფინ ვილსონმა ალბათ კედლიდან ჩამოხსნა და ინსტრუქცია წაიკითხა. წებოიან ელექტროდებს გასანთლული ქაღალდი მოაშორა და საფეთქლებზე მიიკრა. არსებითად, ეს მოშორება-მიკრობის ლობოტომიაა. ისეთი მარტივი პროცედურა, რომ 16 წლისაც შეასრულებს.

მისის ჩენის გაკვეთილზე „ყოფნა-არყოფნა“ კი ვისწავლეთ, მაგრამ მათ შორის ვრცელი ნაცრისფერი შუალედია. შეიძლება, შექსპირის დროს ადამიანს მხოლოდ ორი არჩევანი ჰქონდა. გრიფინ ვილსონმა კარგად იცოდა, რომ SAT-ის გამოცდა ცხოვრებისეულ აბსურდში შესასვლელი ჭიშკარი იყო. იქ ქორწინება და კოლეჯი ელოდა. ასევე, გადასახადების გადახდა და შვილების ისე აღზრდა, რომ ერთ დღეს სკოლაში სხვა ბავშვები არ დაეხოცათ. და გრიფინ ვილსონმა ისიც იცოდა, რომ ნარკოტიკი მხოლოდ სალბუნი იყო ჭრილობაზე. ნარკოტიკის მერე აუცილებლად დაგჭირდება უფრო მეტი ნარკოტიკი. 

ზოგჯერ, ნიჭიერი და გონიერი ადამიანის პრობლემა ისაა, რომ მეტისმეტად ჭკვიანია. ბიძაჩემი ჰენრი ამბობს, რომ დილით ნოყიერი საუზმე აუცილებელია, რადგან ტვინი სულ იზრდება. თუმცა, არავინ ახსენებს, რომ შეიძლება ტვინი ზომაზე მეტად გაიზარდოს. 

არსებითად, ჩვენ დიდი ცხოველები ვართ, რომლებიც ისე განვითარდნენ, რომ ნიჟარებს ტეხენ და ხამანწკებს უმად ჭამენ, მაგრამ ახლა გვევალება, რომ თვალყური ვადევნოთ 300 და კარდაშიანსა და 800 ძმა ბოლდვინს. სერიოზულად ვამბობ, თუ კარდაშიანები და ბოლდვინები კვლავაც ასეთი სისწრაფით გამრავლდებიან, მაშინ ადამიანის სხვა სახეობები მალე გადაშენდებიან. დანარჩენები, მე და თქვენ, ევოლუციური თვალსაზრისით, უპერსპექტივო, ჩიხში მომწყვდეულ ეგზემპლარებს წარმოვადგენთ.

გრიფინ ვილსონი პასუხს ნებისმიერ შეკითხვას გასცემდა. აი, მაგალითად, ვინ მოაწერა ხელი გენტის ხელშეკრულებას. ის წამში იმ ანიმაციურ ჯადოქარს დაემსგავსებოდა, რომელიც ამბობს „ნახე, ახლა ქუდიდან ბაჭიას ამოვაძვრენ“. აბრაკადაბრა, და პასუხიც მზად ჰქონდა. ქიმიაში სიმების თეორიაზე სუნთქვაშეკრული ლაპარაკობდა, მაგრამ რაც რეალურად უნდოდა, ბედნიერება იყო. უბრალოდ არ მოეწყინა კი არა, არამედ თავისი ძაღლივით ბედნიერი ყოფილიყო. ასე მუდმივად ტოკვა არც კრუნჩხვებისგან სურდა, და არც გადასახადების ფედერალური კანონის აალებადი ცვლილებებისგან. არც სიკვდილი უნდოდა. მას ყოფნა და არყოფნა ერთდროულად სურდა. აი, ამიტომაც იყო ნამდვილი გენიოსი.

დირექტორმა ტრისია გედინგი დააფიცა, რომ ამის შესახებ არცერთ სულიერს არ ეტყოდა, მაგრამ კარგად მოგეხსენებათ, როგორც ხდება ხოლმე. სკოლას მიმბაძველების ეშინოდა. დღეს ის დეფიბრილატორები ყველა კედელზე კიდია.

ექიმის კაბინეტში იმ შემთხვევის შემდეგ, გრიფინ ვილსონი მოწყენილი არავის უნახავს. ის ყოველთვის ძალიან ხმამაღლა იცინის და ნიკაპზე დორბლს მკლავებით იწმენდს. სპეციალურად მოწვეული მასწავლებლები ტაშს უკრავენ და ქებით მხოლოდ იმისთვის ავსებენ, თუ მოიფიქრებს და ტუალეტში შევა. ორმაგი სტანდარტები. დანარჩენები კბილებით და ფრჩხილებით ვიბრძვით, ოღონდ მომავალში რაღაც ნაგავი კარიერა მაინც შევიქმნათ, გრიფინ ვილსონი კი მთელ ცხოვრებას ერთპენსიანი კანფეტის ლოღნასა და ფრეგლების კლდის ყურებაში ბედნიერად გაატარებს. აქამდე როგორ იყო? თუ ჭადრაკის ყველა ტურნირს არ მოიგებდა, თავს უბედურად თვლიდა. და ახლა რა ხდება? ზუსტად გუშინ იყო, სკოლის ავტობუსში პენისი რომ გამოყო და ანძრევდა. როცა ჩვენი მძღოლი, მისის რამირესი წამოხტა და მისთვის შარვლის შეკვრას შეეცადა, დაიყვირა: „ნახეთ, შარვლიდან ბაჭიას ამოვაძვრენ“ და მისი უნიფორმის პერანგის ღილებს წაეპოტინა. თან სულ იცინოდა.

მერე რა, რომ ლობოტომიზირებულია, თავისი თავის ფასი მაინც კარგად იცის. ნიშნებზე გაგიჟებული ერთი ჩვეულებრივი მოსწავლე კი არაა, ახლა მუდმივად ყურადღების ცენტრშია. 

ძაბვამ მუწუკებიც კი გაუქრო.

რთულია, ასეთ შედეგზე რამე ცუდი თქვა.

ერთი კვირაც არ იყო გასული, რაც ვილსონი ზომბად იქცა, რომ ტრისია გედინგი სპორტდარბაზში ზუმბაზე წავიდა და გოგოების გასახდელში კედლიდან დეფიბრილატორი ჩამოხსნა. ტუალეტში ჩატარებული მოშორება-მიკრობის პროცედურის შემდეგ, სულ ფეხებზე კიდია, როდის ექნება მენსტრუაცია. მისმა დაქალმა, ბრი ფილიპსმა, დეფიბრილატორი ჰოუმ დეპოში ტუალეტის გვერდით კედელზე ნახა და მას შემდეგ ქუჩაში, წვიმაა თუ მზეა, უშარვლოდ დადის. ვიღაცებზე არ ვლაპარაკობთ. ლაპარაკია კლასის პრეზიდენტსა და ფეხბურთის გუნდის მხარდამჭერთა ლიდერზე. ნიჭიერებსა და გამორჩეულებზე. საუკეთესო სპორტსმენებზე. აქედან კანადამდე უკვე ყველა დეფიბრილატორი გამოიყენეს და ფეხბურთში აღარავინ იცავს თამაშის წესებს. მაშინაც კი, როცა გოლს გაუშვებენ, უხარიათ და ერთმანეთს ხელებს უტყაპუნებენ.

ისინი ახალგაზრდები და სექსუალურები არიან და არ დარდობენ იმ დღეზე, როცა აღარ იქნებიან.

ეს სერიული თვითმკვლელობა არის კიდეც და არც არის. გაზეთები რეალურ რიცხვებს არ ახსენებენ. გაზეთებს არ აწყობთ. ტრისია გედინგის ფეისბუკგვერდს უფრო მეტი მკითხველი ჰყავს, ვიდრე ჩვენს დილის გაზეთს. მასმედია არა, ჩემი ფეხები. პირველ გვერდებზე უმუშევრობასა და ომზე წერენ და არ ფიქრობენ, ამას რა ეფექტი აქვს? ბიძაჩემი ჰენრი კონსტიტუციაში მოსალოდნელი ცვლილების შესახებ სტატიას მიკითხავს. ოფიციოზი გულის დეფიბრილატორების შეძენის თაობაზე განცხადების განხილვისთვის 10 დღის ვადის შემოღებას მოითხოვს. ასევე, აუცილებლად მიაჩნიათ მყიდველის ჯანმრთელობის სავალდებულო გამოკვლევა და ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმებაც. თუმცა, ეს კანონი არ არის, ჯერ არა.

ბიძაჩემი ჰენრი გაზეთის სტატიიდან თავს მაღლა სწევს და მიყურებს. სასტიკ მზერას მაპყრობს და მეკითხება „შენი მეგობრები კლდიდან რომ გადახტნენ, შენც გადაყვები?“

ბიძაჩემი ისაა, ვინც დედ-მამის მაგივრად მყავს. ის ვერ ხვდება, მაგრამ კლდის იქით ცხოვრება მშვენიერია. მაგალითად, პარკინგი უნარშეზღუდულთათვის. ბიძაჩემმა ჰენრიმ არ იცის, რომ ჩემი მეგობრები უკვე გადახტნენ.

შეიძლება „განსხვავებული შესაძლებლობები“ აქვთ, მაგრამ ჩემი მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით ისევ ხტებიან. რაც დრო გადის, სულ უფრო და უფრო მეტნი. მათ მხურვალე სხეული და პატარა ბავშვის ტვინი აქვთ. ორივე სამყაროდან საუკეთესო მიიღეს. ლეტიცია ჯეფერსონმა ხეზე ჭრის ხელოვნების გაკვეთილზე ჰანა ფაინერმანს ენა შეუყო, ბურღზე გადახრილი ჰანა კი კიოდა და იკლაკნებოდა. და ლაურა ლინ მარშალი? ინტერნაციონალური სამზარეულოს კაბინეტში ფრენკ რენდალს ყველას თვალწინ მოწოვა. ყველაფერი ისე შერჩათ, რომ არავის მოსვლია აზრად, ერთი ამბავი აეტეხა.

დეფიბრილატორის წითელი ღილაკის დაჭერას, რა თქმა უნდა, გარკვეული უარყოფითი შედეგი მოაქვს ადამიანისთვის, მაგრამ თავად ის ამას ვერ გრძნობს. რადგან წითელ ღილაკზე თითის დაჭერის ლობოტომია გავლილი აქვს, პასუხს მკვლელობისთვისაც კი ვერავინ მოსთხოვს.

ბორის დეკლენს ვკითხე, მტკივნეულია თუ არა. ის ბუფეტში იჯდა და შუბლზე ჯერ კიდევ ეტყობოდა წითელი ლაქები. შარვალი მუხლებამდე ჰქონდა ჩაჩაჩული. ვკითხე, ის ელექტროშოკი მტკივნეული იყო თუ არა. არ მიპასუხა, მაშინვე არა. ხელი ტრაკიდან გამოიღო და დაყნოსა. შარშან გამოსაშვების პრინცად აირჩიეს.

უამრავი თვალსაზრისით, ის ახლა ბევრად უფრო გაწონასწორებულია, ვიდრე ოდესმე. ბუფეტში შიშველი ტრაკით დგას, თავისი ხელის დაყნოსვას მთავაზობს და მე ვეუბნები „არა, გმადლობ“.

ამბობს, რომ არაფერი ახსოვს. დორის დეკლანი თავისი სენტიმენტალური, მშვიდი ღიმილით იღიმება. ბინძურ თითს შუბლზე ამომწვარ წერტილებზე იკაკუნებს. იმავე თითით მანიშნებს, რომ მეორე მხარეს გავიხედო. კედელზე, რომელზეც მიმანიშნებს, პოსტერია გაკრული – ფრთაგაშლილი თეთრი ჩიტები ცისფერი ცის ფონზე. ქვემოთ წერია სიტყვები – ნამდვილ ბედნიერებას ის შემთხვევა იწვევს, რომელიც სიზმრების წიგნშია ჩაბეჭდილი. სკოლამ ეს პოსტერი იმ ადგილას გააკრა, სადაც დეფიბრილატორი ეკიდა.

აშკარაა, რომ ბორის დეკლანი სიცოცხლის ბოლოს სადაც არ უნდა აღმოჩნდეს, ყველგან ბედნიერი იქნება. ის ახლა უკვე ტვინის ტრავმის ნირვანაში ცხოვრობს. სკოლა მართალი იყო, როცა მიმბაძველების ეშინოდა.

იესოს წყენინება არ მინდა, მაგრამ დედამიწა მოკრძალებულ ადამიანებს ნამდვილად არ დარჩებათ. თუ ტელეშოუებით ვიმსჯელებთ, ხელში ყველაფერს ის ჩაიგდებს, ვინც სხვებზე მეტს ყვირის. ჰოდა, მეც ვამბობ, იყვირონ. კარდაშიანები და ბოლდვინები სწორედ რომ დამპყრობელ სახეობებს წარმოადგენენ. როგორც ხვიარები ან მოლუსკები. ჰოდა, წავიდნენ, ამ დამპალი რეალური სამყაროს კონტროლისთვის იბრძოლონ.

დიდი ხნის განმავლობაში ვუსმენდი ბიძაჩემს და არ გადავმხტარვარ. ახლა უკვე აღარ ვიცი. გაზეთები გვაფრთხილებენ ციმბირის წყლულის ტერორისტული ბომბებისა და ახალი მფრინავი მენინგიტის შესახებ, მათი ერთადერთი სასიამოვნო შემოთავაზება კი დეზოდორზე 20-ცენტიანი ფასდაკლების კუპონია.

არც ნერვიულობა, არც სინანული საკმაოდ დიდი ცდუნებაა. ყველაზე მაგარმა ტიპებმა საკუთარი თავის ცოცხლად შეწვა აირჩიეს და სკოლაში მხოლოდ წყალწაღებულები დავრჩით. წყალწაღებულები და გამოთაყვანებულები. საქმე ისე მიდის, რომ მე ერთადერთი ვარ, ვინც გამოსაშვებ საღამოზე სიტყვის წარმოთქმას შეძლებს. აი, ამიტომ უნდა ბიძაჩემს, აქაურობას მომაშოროს. ფიქრობს, რომ თუ თვინ ფოლში გადამიყვანს, გარდაუვალ დასასრულს ამაცილებს.

ჰოდა, ახლა აეროპორტში ვსხედვართ, თვითმფრინავში ასვლას ველოდებით და მე ტუალეტში გასვლის ნებართვას ვითხოვ. იქ თავს ვაჩვენებ, ვითომ ხელებს ვიბან და სარკეში ვიყურები. ერთხელ ბიძაჩემმა მკითხა, სარკეში ასე ხშირად რატომ იყურებიო და მე ვუპასუხე, რომ საკუთარი თავი კი არ მომწონს, ნოსტალგია მაწუხებს. სარკე მიჩვენებს, რა ნამცეცები დარჩა ჩემი მშობლებისგან.

ვვარჯიშობ, რომ დედაჩემივით გავიღიმო. ადამიანები ღიმილში თითქმის არ ვარჯიშობენ. და მხოლოდ მაშინ ხვდებიან, რომ საჭიროა, როცა ნამდვილად უნდათ, ბედნიერად გამოიყურებოდნენ. მე ხშირად ვვარჯიშობ, რადგან ღიმილი სწრაფი კვების ინდუსტრიაში ჩემს ბედნიერ მომავალში შესასვლელი ბილეთია. რა თქმა უნდა, მსოფლიოში სახელგანთქმული არქიტექტორის ან გულის ქირურგის საცოდავ კარიერას იქ მუშაობა სჯობია.

სარკეში ირეკლება – უკან, ჩემს მხარს ზემოთ კარდიოლოგიური დეფიბრილატორი ლივლივებს. თითქოს კომიქსში თავზე ბუშტი მადგას, სადაც ჩემი ფიქრები წერია. ჩემ უკან კედელზე მინისკარიან რკინის გალიაშია გამომწყვდეული, კარს თუ გააღებ, განგაში და წითელი ნათურა ჩაირთვება. ყუთის ზემოთ AED წერია და ელვა ხატია, რომელიც წითელ გულს აპობს. ვალენტინობის გული. ჰოლივუდის ფილმებში სამეფო ძვირფასეულობა მუზეუმში ასეთ ყუთებშია გამოფენილი და თითის დაკარება არ შეიძლება.

მინის კარს ვაღებ, განგაში და ნათურა ავტომატურად ირთვება. სასწრაფოდ, ვიდრე რომელიმე გმირი მოირბენს, უნარშეზღუდულთა ტუალეტში შევრბივარ. უნიტაზზე ვჯდები. ინსტრუქცია ხუფზე ინგლისურად, ესპანურად და ფრანგულად აწერია და კომიქსივით ახატია. ისე, რომ უკანასკნელი დეგენერატისთვისაც კი ასე თუ ისე გასაგები უნდა იყოს. დიდხანს თუ გავწელავ, ასეთი შანსი აღარ მექნება, ისევ ჩაკეტავენ, და მერე მხოლოდ სამედიცინო პერსონალს ექნება მისი გამოყენების უფლება.

ახლა ხელში ჩემი მარადიული ბავშვობა მიჭირავს. ნეტარების პერსონალური მანქანა.

ჩემი ხელები ჩემზე ჭკვიანია. ჩემმა თითებმა იციან, როგორ მოაშორონ ელექტროდებს ქაღალდი და როგორ მიიდონ ისინი საფეთქლებზე. ჩემმა ყურებმა იციან, რომ უნდა დაელოდონ სიგნალს, რომელიც იმას ნიშნავს, რომ ეს ყუთი ბოლომდე დატენილია.

ჩემმა ცერა თითებმა იციან, რა ჯობია ჩემთვის. ორივე დიდ წითელ ღილაკს დასტრიალებს. თითქოს ვიდეოთამაშია. თითქოს პრეზიდენტმა სასხლეტს ხელი უნდა გამოკრას და ატომური ომი დაიწყოს. თითის ერთი დაჭერა და სამყარო, რომელსაც მე ვიცნობდი, დასრულდება. ახალი რეალობა დგება.

ყოფნა-არყოფნა. ღვთის წყალობა ცხოველებისთვის ისაა, რომ არჩევანი არ ეძლევათ.

ყოველთვის, როცა გაზეთს ვშლი, მინდა შორს მოვისროლო. კიდევ 10 წამი და კითხვა აღარ მეცოდინება. უკეთესი ისაა, რომ არც ვალდებული ვიქნები, ვიცოდე. აღარ მეცოდინება, რა არის გლობალური დათბობა, არც კიბო და გენოციდი, არც მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი, და არც რელიგიური კონფლიქტები.

მთელ აეროპორტში ჩემს სახელს აცხადებენ. მალე ჩემი სახელი არ მეცოდინება.

ვიდრე საკუთარ თავს წავშლი, თვალწინ ბიძაჩემი მიდგას, ხელში თვითმფრინავის ბილეთები უჭირავს. უკეთესს იმსახურებს. უნდა იცოდეს, რომ მისი ბრალი არ არის.

დეფიბრილატორი ტუალეტიდან გამომაქვს და ჩასხდომის დარბაზისკენ მივდივარ. შუბლზე ელექტროდები მაქვს მიკრული, დახვეული მავთულები საფეთქლებზე ღორის კუდებივით მკიდია. ხელებში აკუმულატორი ისე მიჭირავს, თითქოს თვითმკვლელი ტერორისტი ვიყო, რომელსაც საკუთარი IQ-ს აფეთქება გადაუწყვეტია.

თვალს მომკრავენ თუ არა, საქმიანი ადამიანები თავიანთ გორგოლაჭებიან ჩანთებს მაშინვე იქვე ყრიან.

ადამიანები, რომლებიც ოჯახთან ერთად დასასვენებლად მიდიან, ხელებს შლიან და ბავშვებს სხვა მხარეს ერეკებიან.

ვიღაც ბიჭს თავი გმირად მიაჩნია და მიყვირის, „ყველაფერი კარგად იქნება. ყველაფერი გაქვს იმისთვის, რომ ცხოვრება გააგრძელო“.

ორივემ ვიცით, რომ ტყუილია.

სახე ისე მიოფლიანდება, რომ შეიძლება, ელექტროდები ჩამომიცურდეს. აი, ახლა ბოლო შანსი მაქვს, ვთქვა, რაც ტვინში მაქვს და ამიტომ ყველას წინაშე ვაღიარებ: არ ვიცი, როგორია ბედნიერი დასასრული. და არ ვიცი, როგორ მოვაგვარო პრობლემები. კარი იღება და გვარდიის ჯარისკაცები შემორბიან. თავი ბუდისტი ბერი მგონია ტიბეტში თუ სადღაც ასეთ ქვეყანაში, რომელმაც ბენზინი მანამდე გადაისხა, ვიდრე შეამოწმებდა, სანთებელა ინთება თუ არა. რა სირცხვილია, როცა ბენზინში ბანაობ და ასანთს კი ვიღაც უცნობს სთხოვ, მით უმეტეს, როცა სულ უფრო ნაკლები ადამიანი ეწევა. მე აეროპორტის დარბაზში ვდგავარ, ბენზინის ნაცვლად ოფლი ჩამომდის, მაგრამ ჩემი ტვინი იმავენაირად მუშაობს.

ის მკლავზე მექაჩება, მე წითელ ღილაკს ვექაჩები. ვეუბნები, რომ დიდი ტრაგედია არაა. „სულ მეყვარები, ბიძია ჰენრი... უბრალოდ, არ მეცოდინება, ვინ ხარ“. ვეუბნები.

თავში ბოლო აზრი მომდის – ლოცვა. ვლოცულობ, რომ ეს ყუთი ბოლომდე იყოს დატენილი. რომ უკვე იმდენი ძაბვა ჰქონდეს მოგროვებული, რამდენიც იმ ფაქტის გასაქრობადაა საკმარისი, რომ სიტყვა სიყვარული ასობით ადამიანის წინაშე ვთქვი. უფრო უარესიც – ბიძაჩემს ვუთხარი. ამ ქალაქში ვეღარ ვიცხოვრებ.

ჩემ ირგვლივ, ადამიანების უმრავლესობა, ნაცვლად იმისა, რომ ჩემს გადასარჩენად რამე მოიფიქროს, ტელეფონით ვიდეოს იღებს. გადასაღებად ყველა საუკეთესო რაკურსს ეძებს. ეს რაღაცას მაგონებს. დაბადების დღეები და შობა მახსენდება. თავში უკანასკნელად მიხვავდება ათასობით მოგონება. ეს კი უკვე ისაა, რასაც არ ველოდი. არ ვდარდობ, თუ ცოდნას დავკარგავ. არ ვდარდობ, თუ საკუთარი სახელი დამავიწყდება. მაგრამ მე იმ პაწაწინა ნაწილსაც დავკარგავ, რომელსაც ჩემი მშობლები ახსოვს.

დედას თვალები და მამას ცხვირი და შუბლი ჩემს სახეზე აგრძელებენ სიცოცხლეს. და ის აზრი, რომ მათ ჩემს სახეზე ვეღარ ამოვიცნობ, გულს მტკენს. მერე მეგონება, რომ ჩემი ანარეკლი ჩემ გარდა სხვა არაფერია.

ბიძაჩემი ჰენრი მიმეორებს „საკუთარ თავს თუ რამეს დაუშავებ, მეც მეტკინება“.

მე ვამბობ „მაინც შენი ძმისშვილი ვიქნები, მაგრამ უბრალოდ, არ მეცოდინება“.

ვიღაც ქალი უმიზეზოდ მოიწევს წინ და ბიძაჩემ ჰენრის მკლავზე ეჭიდება. ეს ახალი ადამიანი, ეს ქალი ამბობს „საკუთარ თავს თუ რამეს დაუშავებ, მეც მეტკინება“. ვიღაც ამ ქალს მკლავზე ეჭიდება, იმ ვიღაცას კიდევ ვიღაც ეჭიდება და ეუბნება „საკუთარ თავს თუ რამეს დაუშავებ, მეც მეტკინება“.

უცნობები ერთმანეთს მკლავზე ეჭიდებიან და გრძელ ჯაჭვს ქმნიან, იტოტებიან, იქამდე გრძელდებიან, ვიდრე ყველანი ერთმანეთს არ ვებმით. თითქოს ორგანული ქიმიის ხსნარში დაკრისტალებული მოლეკულები ვიყოთ. ხელიხელჩაკიდებულები ვდგავართ, თითოეულს ვიღაცისთვის ჩაუკიდია ხელი, და ყველას ყველასთვის აქვს ხელი ჩაკიდებული, მათი ხმები კი ერთსა და იმავე წინადადებას იმეორებს „საკუთარ თავს თუ რამეს დაუშავებ, მეც მეტკინება... საკუთარ თავს თუ რამეს დაუშავებ, მეც მეტკინება“. 

ეს სიტყვები მდორე ტალღას ქმნის. როგორც ნელა მოძრავი ექო, ის სიტყვები ჩემგან იწყება, ჭერში ადის, იატაკზე ეშვება. თითოეული ადამიანი ნაბიჯს წინ დგამს, რომ იმ ადამიანს მოეჭიდოს მკლავზე, რომელიც იმ ადამიანს ეჭიდება, რომელიც ბიძაჩემს ეჭიდება, რომელიც მე მეჭიდება. ეს ყველაფერი მართლა ხდება. პათეტიკურად იმიტომ ჟღერს, რომ სიტყვები ნამდვილ ბგერებს პათეტიკურ ჟღერადობას აძლევს. იმიტომ, რომ სიტყვები ყოველთვის ამახინჯებენ იმას, რისი თქმაც გინდა.

უცხო ადამიანების ხმები შორეულ ადგილებში. უცხო ადამიანები, ტელეფონებში, ვიდეოების ნახვისას, ამბობენ „საკუთარ თავს თუ რამეს დაუშავებ, მეც მეტკინება“. ბავშვი, ვინერშნიცელში სალაროსთან რომ დგას, ეზოში გარბის, ვიღაც უცნობ კაცს მკლავზე ეჭიდება და ყვირის „საკუთარ თავს თუ რამეს დაუშავებ, მეც მეტკინება“. და ის ბავშვებიც, რომლებიც ტაკო ბელში ტაკოს აკეთებენ, და ისინიც, ვინც სტარბაქსში ნაღებს თქვეფენ, ყველანი მკლავზე ეჭიდებიან იმას, ვინც ერთიანი ჯაჭვით ჩემთანაა გადაბმული, და ერთსა და იმავე სიტყვებს იმეორებენ. და ზუსტად მაშინ, როცა უკვე მგონია, რომ ყველაფერი დასრულდა, აი, ეს ხალხი გაიფანტება და სხვა ქვეყნებში გაფრინდება, რადგან აქ ყველაფერი გაჩერდა და ადამიანები ხელიხელჩაკიდებული დგანან, ისინიც, ვინც მეტალის დეტექტორში გადიან და ისინიც, ვინც მაღლა ჩამოკიდებულ ტელევიზორებს მიშტერებიან, ზუსტად მაშინ, სი-ენ-ენის დიქტორი ყურზე ხელს იჭერს, რომ კარგად გაიგონოს რას კარნახობენ და ამბობს: აი, ახლა მატყობინებენ... დაბნეული ჩანს, ეტყობა, რაღაც გაურკვეველს კითხულობს და ბოლოს ამბობს „საკუთარ თავს თუ რამეს დაუშავებ, მეც მეტკინება“. და მის ხმას ფოქს ნიუსის პოლიტიკური მიმომხილველი და ი-ეს-პი-ენის კომენტატორი ფარავენ, და ისინიც იმავე სიტყვებს ამბობენ.

ტელევიზიები აჩვენებდნენ ადამიანებს, რომლებიც პარკინგებსა და მანქანების დასატვირთ მოედნებზე ხელიხელჩაკიდებულები დგანან. ჯაჭვი გრძელდება. ყველა ყველას ვიდეოს ტვირთავს, ადამიანები ჩემგან ათასობით მილის მოშორებით დგანან, მაგრამ მაინც ჩემთან არიან დაკავშირებული.

და რაციებში ისმის ეროვნული გვარდიის ჯარისკაცების ხმა „საკუთარ თავს თუ რამეს დაუშავებ, მეც მეტკინება. გაიმეორე“.

არ არსებობს სამყაროში დეფიბრილატორი, რომელიც ყველას ტვინს აგვირევს. და, რა თქმა უნდა, საბოლოოდ ყველანი უნდა გავიფანტოთ, მაგრამ უცებ აღმოჩნდა, რომ ვიღაცას ხელი ძლიერად აქვს ჩაჭიდებული და ცდილობს, ეს კავშირი სამუდამოდ გაგრძელდეს. და თუ ეს შეუძლებელი რამ შეიძლება მართლაც მოხდეს, მაშინ ვინ იცის, კიდევ რა შეიძლება მოხდეს? და გოგონა ბურგერ კინგში ყვირის „მეც მეშინია“. და ბიჭი სინაბონში ყვირის „მე სულ მეშინია“. და დანარჩენები თავს უქნევენ, მეც.

ამ ყველაფერს ფარავს ძლიერი ხმა „ყურადღება!“ სადღაც ზემოდან ის ამბობს „თუ შეიძლება, ყურადღება მომაქციეთ!“ ქალია. იმ ქალის ხმაა, ხალხს რომ იხმობს თვითმფრინავებთან. მთელი აეროპორტი ჩუმდება და უსმენს.

„არ ვიცი ვინ ხარ, მაგრამ უნდა იცოდე, რომ ...“ ამბობს ქალის ხმა. ყველა უსმენს, რადგან ყველას ჰგონია, რომ მხოლოდ მას ელაპარაკება. ათასობით ხმის გამაძლიერებელში ქალი სიმღერას იწყებს. იმ ხმით, ის ქალი იმ ხმით მღერის, ჩიტები რომ მღერიან. თუთიყუშის ხმით ან ედგარ ალან პოს ინგლისურად მოლაპარაკე ფრინველის ხმით არა. ამ რეგისტრში სიმღერა ალბათ მხოლოდ იადონს შეუძლია, ჩვეულებრივი ყელისთვის წარმოუდგენელია ამ ნოტების ზმნებთან და არსებით სახელებთან შერწყმა. მართალია, შინაარსი არ გვესმის, მაგრამ მაინც მოგვწონს. და შეგვიძლია ისე გვიყვარდეს, რომ მნიშვნელობა არ გვესმოდეს. ტელეფონებითა და ტელევიზიებით მსოფლიოში ყველა ადამიანს ესმის. ხმა ზემოდან ყველა ჩვენგანზე ჩამოედინება.

რაც ყველაზე კარგია... ხმა ყველა კუთხეს ავსებს, და შიშისთვის ადგილი აღარ რჩება. მისი სიმღერა ჩვენს ყურებს ერთ ყურად აქცევს.

ეს დასასრული არ არის. ყველა ტელევიზორში მე ვარ, ისე ვოფლიანდები, რომ ერთი საფეთქლიდან ელექტროდი ნელ-ნელა მიცურდება.

ეს ის ბედნიერი დასასრული არ არის, რომელიც თავიდან ჩავიფიქრე, მაგრამ თუ ამ ამბის დასაწყისს შევადარებთ – გრიფინ ვილსონის შემთხვევას ექიმის კაბინეტში, როცა კბილებში საფულე იარაღივით ჰქონდა გაჩრილი – არ ვიცი, იქნებ, სულაც არ არის ცუდი, ახალი ამბავი აქედან დაიწყოს.

 

 თარგმანი: დალილა გოგია

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა