ზურაბ ნიჟარაძე | ნაცნობი მხატვრის უცნობი შემოქმედება
„ხელოვნება? - ის ყველასია და ყველას სჭირდება...“ - ამბობდა ერთ-ერთ ინტერვიუში ზურაბ ნიჟარაძე და მართლაც, ხელოვნებით ტკბობა, ხელოვნებით არსებობა თანამედროვე ადამიანის აფორიაქებულ, მუდამ გადაღლილ სულსა თუ გონებას აუცილებლად სჭირდება...
ზურაბ ნიჟარაძე (1928-2021), საქართველოს სახალხო მხატვარი, რუსთაველის პრემიისა და საქართველოს ეროვნული პრემიის ლაურეატი. ეგრეთწოდებული 50-იანელი მხატვრების წარმომადგენელი. მისი თითქმის 60-წლიანი მოღვაწეობა მოიცავს სხვადასხვა დარგს: დაზგურსა და მონუმენტურ ფერწერას, გრაფიკას, წიგნის ილუსტრაციებს, ანიმაციასა და თეატრალურ მხატვრობას.
თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის დასრულების შემდეგ მალევე, სტუდენტიდან პროფესორის, მასწავლებლის როლში აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში კი ამავე აკადემიის რექტორიც გახლდათ.
მისი მრავალი გამოფენა სწორედ იმას მოწმობს, რომ მისი ნამუშევრები ძალიან უყვარდათ და საზოგადოების მოხიბვლასა თუ გაოცებას მუდამ ახერხებდა. ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედება ინახება მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმში, იქნება ეს გერმანია, ბრაზილია თუ ვატიკანი. მისი შემოქმედების ნაწილი კერძო კოლექციათა სიაშიცაა, სხვადასხვა ქვეყანაში შენახული.
ხელოვანების შეფასებისას ყოველთვის საინტერესოა სხვათა აზრის მოსმენა, როგორ ხედავდნენ მისი თანამედროვენი მხატვარს, როგორ აღიქმებოდა ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედება, რა დეტალები, ერთი შეხედვით შეუმჩნეველი ფაქტები იყო მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი მის შემოქმედებაში... სწორედ ასეთი შეფასებების მოსმენა შემოქმედის უკეთ გაცნობის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა.
„ზურაბ ნიჟარაძე, უდიდესი ხელოვანი, რომელმაც ცხრა ათეულ წელს გადააბიჯა, მაგრამ ცხოვრების გემო, სამყაროს შეცნობის ინტერესი სრულიად არ განელებია. კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ სამყარო, მართლაც, უსასრულო და მოულოდნელობებით აღსავსე სუბსტანციაა. ეს მუდმივი აღმოჩენები უცვლელი ინტენსივობით აირეკლება მის ხელოვნებაში, რომელსაც თვითონ „პლასტიკის სამყაროს“ უწოდებს“ - ასე წერდა და აფასებდა ზურაბ ნიჟარაძეს მანანა კორძაია.
როდესაც 50-იანელ მხატვართა წრეს განეკუთვნები, თითქმის წარმოუდგენელია, არ გამოხატავდე შინაგან შფოთვას, არ ეხმიანებოდე არსებულ პოლიტიკურ-სოციალურ პრობლემებს. თავისუფლება, რომელიც ასე სწყუროდა ქართველ ერს, ყველასთვის სხვადასხვაგვარი ცნება იყო, სხვადასხვაგვარად აღქმული: „თვისება, რომელიც განსაკუთრებით მკვეთრად გამოარჩევს ზურაბ ნიჟარაძეს შემოქმედსა და მოაზროვნეს, შინაგანი პიროვნული თავისუფლებაა. ეს მისი გენეტიკური კოდია, რომელიც არ არის დამოკიდებული არც პოლიტიკურ, არც სოციალურ და არც ყოფით გარემოზე“ (მანანა კორძაია 2009 წ.).
ზურაბ ნიჟარაძის შემოქმედების შეფასებისას მნიშვნელოვანია მის ფერთა გამაზე, ჰარმონიულობასა და ფერწერულ ერთიანობაზე საუბარიც: „ის ჭეშმარიტი ფერმწერია... მის შემოქმედებაში ფერი სცილდება კოლორიტის ტრადიციულ გაგებას, - ტონალობათა ჰარმონიულ მთლიანობას და სათავეს მუსიკალურ ფერადოვნებაში იღებს... ყველგან სილამაზეს, მშვენიერებას ეძებს და პოულობს“ (ელგუჯა ამაშუკელი 2018 წ.).
რა თქმა უნდა, სხვათა შეფასებების გარდა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ყოველთვისაა თავად შემოქმედის საუბარი საკუთარი შემოქმედებითი თუ აზროვნების პროცესის შესახებ. სწორედ ასეთი ღრმა, მრავლისმთქმელი ინტერვიუს ჩაწერის შესაძლებლობა მიეცა 2010 წელს ზურაბ ნიჟარაძესთან სანქტ-პეტერბურგის გალერეა ‘’გრემის’’ დამფუძნებელ დიმიტრი ბერკუტოვს. ეს ვრცელი ინტერვიუ, შეიძლება ითქვას, რომ არსებითად არის დიდი ხელოვანის თეორიული მასტერკლასი სახვითი ხელოვნების ურთულეს გზაზე დამდგარი მხატვრებისათვის.
ნაწილ-ნაწილ აღწერა ერთია, ხოლო სახის, ხატის აღქმა - ეს არის ხელოვნების ენა და იმ მოვლენის დანახვის უნარი, რომელიც აინტერესებს ხელოვნებას.
„ეს ხშირად ერევათ და უმეტეს შემთხვევაში ცალკეულ ნაწილებად ხატავენ. შედეგად მიიღება საგნის აღწერა, რომელშიც სიმართლე, რასაკვირველია, მოცემულია, მაგრამ ეს არ გახლავთ ხელოვნების სიმართლე. ეს სინამდვილის სიმართლეა. ჩვენ ვიღებთ ცნობებს ამ საგანზე, მაგრამ არ იქმნება სახეობრიობა, არ იქმნება ხატი. სახე-ხატი იქმნება მხოლოდ მაშინ, როცა დეტალები მთავარს ექვემდებარება“ - აღნიშნავს ზურაბ ნიჟარაძე და მართლაც, მისი შემოქმედების გაცნობისას, გამოუცდელი თვალისთვისაც მარტივია იმის აღქმა, თუ რაოდენ ერთიანია მისი ტილო, დეტალები ქმნის მთელს და ეს მთელი აჯადოებს მნახველს.
- შეგიძლიათ ზედმეტი თავმდაბლობის გარეშე მითხრათ - თუ განგიცდიათ, თუნდაც წამიერად შეგრძნება იმისა, რომ სასურველი მიღწეულია?
- ჩემს ნამუშევართა უმეტესობა დაუსრულებელია. ზოგიერთი ფრაგმენტი შეიძლება აღინიშნოს, როგორც მეტ-ნაკლებად წარმატებული. რაც შეეხება სასურველის მიღწევას, ამაზე ლაპარაკი, როგორც იტყვიან, ზედმეტია “- აღნიშნავს ზურაბ ნიჟარაძე ვრცელი ინტერვიუს ბოლოს და მართლაც, ალბათ, თითოეული ადამიანი თავისებურად აფასებს შემოქმედებას, ზოგისთვის შედეგი მიღწეულია, სხვამ შეიძლება ფერწერულ ტილოზე ერთიანობა დაიწუნოს, ვიღაცისთვის კი სწორედ ასეთია სრულყოფილება.
გამოფენებზე წარმოდგენილი შემოქმედების გარდა საზოგადოებისთვის ჯერ კიდევ უცნობი იყო ზურაბ ნიჟარაძის ჩანახატები, ესკიზები, ქაღალდის ნაგლეჯებზე შესრულებული პატარა შედევრები. სწორედ ისინი წარმოადგენენ 2023 წელს ქარჩხაძის გამომცემლობის მიერ გამოცემული წიგნ-ალბომის ძირითად ბირთვს და იმ ძვირფას მასალას, რომელიც განვითარებას პოულობს მის უფრო დიდ და ცნობილ ნამუშევრებში. ეს წიგნი განსაკუთრებით საინტერესო იქნება ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ხელოვნებითაა დაინტერესებული.
მოამზადა ნინაკო ღლონტმა.