ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

„ძველი ჰემი“- საკულტო პაბი ხარკოვში, რომელიც განადგურდა

ის პოპულარული იყო ქალაქის ახალგაზრდებს შორის და მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად ითვლებოდა, თუმცა 24 თებერვლიდან, რაც რუსული არმია შეიჭრა უკრაინაში პაბმა მუშაობა შეწყვიტა და თავშესაფრად გადაიქცა. დღეს კი ჰემი ნანგრევებად არის ქცეული.

ზაფხულის ბოლო იყო, მზიანი და ცხელი დღე. ხარკოვის ცენტრი ასეთ დროს მტვერს და მზეს სუნთქავს. მე და ჩემი მეგობარი გამოვედით მწერალთა კავშირიდან და ლუდის ყიდვა გადავწყვიტეთ. ეს იყო ათი წლის წინ და არ იყო ადვილი შუა ქალაქში ლუდის პოვნა (როგორ სწრაფად შეიცვალა ყველაფერი, რამდენი პაბი, რესტორანი და კაფე გაიხსნა მას შემდეგ, რა მარტივად და ლამაზად განვითარდა ქალაქი)

აი, ლუდის საძებნელად გავედით მაშინდელ ივანოვას, ახლანდელ თავისუფლების ქუჩაზე და შევნიშნეთ ახალი დაწესებულება. აბრას ეწერა ძველი ჰემი. ცივი ლუდი, ცხელი ქალბატონები - იდეალური რეკლამაა. შიგნიდან რემონტი იყო. გვთხოვეს ორიოდე დღეში ვიხსნებით და  გვესტუმრეთო.

რამდენიმე დღეში მართლა შევედი. ასე დაიწყო ჩემი ურთიერთობა ძველი ჰემის პაბთან. ძალიან მომეწონა ეს ადგილი - ყოველთვის ცოცხალი და მხიარული ატმოსფერო იყო. 2014 წლის  ზამთარში ჩვენ რეალურად იქ გვქონდა მაიდანის შტაბ-ბინა. მახსოვს, ძაღლებთან (მუსიკალური ბენდი “ჟადანი და ძაღლები ) ერთად კონცერტი გავაკეთე იქ,  რადგან ხალხით იყო გადაჭედილი პაბი და ადგილი არ იყო, ჩვენი გიტარისტი სადღაც მაყურებლებს  შორის იდგა, ჩვენგან შორს და იქიდან უკრავდა, მხიარული ხმით.

ჰემის ქვეშ კი ჰემინგუეის ძეგლი იყო. მომწონდა მისი ჩვენება ხარკოვის სტუმრებისთვის.

ეს შენობა დღეს განადგურდა. არიან დაღუპულები, დაჭრილები, განსაკუთრებით აუტანელია დაღუპულთა შესახებ ამბები. იმიტომ, რომ ვეღარ დავაბრუნებთ მათ. მაგრამ ვფიქრობ, რომ ომის შემდეგ ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველა ჩვენს ძეგლს, შენობას. იმის გამო, რომ ეს არის ჩვენი მარკერები, მათ უკან ჩვენ ვაშენებთ ჩვენი ქალაქის ლანდშაფტს, ვადგენთ ჩვენს მარშრუტებს.  აქ არის ძველი ჰემინგუეის ძეგლი - და ის მაინც ლამაზია.



პირველად გამოქვეყნდა სერჯი ჟადანის ფეისბუქ გვერდზე.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა