ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ძველი კაი ნაცნობი | ინალი ცხინვალიდან

ინალი, 57 წლის. ცხინვალი. 

ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1992-1992 წლები. სამხრეთი ოსეთი

მე სოფელი ოტრევიდან ვარ. 90-იანების დასაწყისში უკვე ცხინვალში ვცხოვრობდი. ჩემი მშობლები სოფელში იყვნენ. კარგად ცხოვრობდნენ, მუშაობდნენ, არაფერი აკლდათ. 

1991-ში, ახალი წლის მერე, სოფელში მშობლებთან მინდოდა ჩასვლა. მაგრამ გზა ქართულ სოფელზე, ერედვზე გადიოდა. აღარ იყო უკვე უსაფრთხო იქ გავლა. ყველა ცდილობდა საბჭოთა კავშირის შინაგან ჯარებთან ერთად წასულიყო. ჯერ კიდევ იყვნენ ეგენი ჩვენთან. მაგრამ ბოლომდე ვერც მათ ენდობოდი.  

ჩავედი სოფელში და ვხედავ მარტო ბებიაა დარჩენილი. ქართველები უკვე შემოდიოდნენ სოფელში. მშობლები ჯერ ახალგაზრდები იყვნენ, მამაჩემი 50 წლისაა. კაცების იქ დარჩენა ძალიან საშიში იყო, ამიტომ დედაჩემის სოფელში წავიდნენ, პატარა ლიახვის ხეობაში. 

სოფელი ცარიელი იყო. რამდენიმე სახლიც უკვე დაშლილი ჰქონდათ, ბლოკებად, სამშენებლო მასალებად მიჰქონდათ. ბაბუაჩემის და მისი ძმის საფლავის ქვებიც კი წაიღეს. 

რამდენიმე მოხუცი გამოვიყვანეთ სოფლიდან, მაგრამ ბებიაჩემი ვერ დავითანხმეთ. არაფერს დამიშავებენო. მართლა არავინ შეხებია პირადად, მაგრამ მთელი მისი ქონება გაიტანეს. სიტუაცია სერიოზულად რომ დაიძაბა, მერე ჩამოიყვანეს. 

სოფლიდან რომ მოვდიოდით, ქართველმა არაფორმალებმა გაგვაჩერეს ტეკზე, ცხინვალის შესასვლელთან. ოცამდე მანქანით ვიყავით, წინ და უკან სამხედრო მანქანები მოგვყვებოდა. რომ გაგვაჩერეს გავიხედე უკან და ბრონეტრანსპორტიორი ვეღარ დავინახე, სადღაც გაქრა. 

მანქანებიდან ყველა ჩამოსხეს. ვიღაცებმა გაქცევა მაინც მოახერხეს, ბუჩქებში გადახტნენ და გორაზე დაეშვნენ ქალაქისკენ. ვინც სატვირთოს კუზაოში ვიდექით, მანქანიდანაც არ გადმოგვიშვეს. ჩაგვკეტეს და მეღვრეკისისკენ წაგვიყვანეს. სატვირტო და ორი მსუბუქი მანქანა წამოიყვანეს თან.   

ხუთნი ჩამოგვსვეს სოფელში, მეღვრეკისის შტაბთან. ორსართულიანი შენობა იყო, მოწითალო ფერის. ყველა დასარტყმელად იწეოდა, ქალიც და კაციც. მაგრა გვცემეს, სულ ფეხებით შეგვდგნენ, არმატურას, ავტომატის კონდახებს გვირტყამდნენ. ჰოდა, მათ შორის ჩემი ნაცნობი აღმოვაჩინე. გურამი ერქვა, საავიაციო ქარხანაში მუშაობდა ჩემთან ერთად. თვალებში ვერ ვიყურებოდი ისეთი დასიებული მქონდა. გურამ, შენა ხარ-მეთქი? ვკითხე. მერე რაო? მიპასუხა. მეთქი, ექვსი წელი ერთად ვმუშაობდით, ხო მიცნობ, რომ ექსტრემისტი არ ვარ-მეთქი? ის დრო წავიდაო, მარტო ეს მითხრა. 

წაგვიყვანეს იქიდან, მანქანაში ჩაგვყარეს და ისევ ტეკთან დაგვაბრუნეს.

ორ მკვდარ ქართველზე უნდა გადაგცვალოთო.

მაგრამ არ გამოვიდა, არ ვიცი რატომ. უკან წაგვიყვანეს. მაგათი ლაპარაკიდან, მივხვდი, რომ მოსაკლავად მივყავართ. კუზაოს კარი როგორღაც გავაღე ქვემოდან და გამოვძვერი, იმ გაქანებული მანქანიდან ჩამოვხტი. დავეცი და გონება დავკარგე. ეს სადღაც ცხინვალსა და მეღვრეკისს შორის მოხდა. ღამის 12 საათი იქნებოდა. 

გონს მოვედი უკვე ტყვიავის საავადმყოფოში. ვერც მივხვდი სად ვიყავი, თავიდან ვიფიქრე მეღვრეკისის საავადმყოფოში ვარ-მეთქი. პალატაში სანიტარი შემოვიდა, მოხუცი ქალი. რომ დამინახა ტირილი დაიწყო, შევეცოდე. აქ როგორ მოვხვდი-მეთქი, ვკითხე. ნივით მოგიყვანესო, მითხრა. ვთხოვე, აქედან გაპარვაში დამეხმარე-მეთქი. ქალი რომ გავიდა, მთავარი ექიმი შემოვიდა, კაცი, ასე 60 წლის. მასთან ერთად ორი პრაქტიკანტი გოგო. ისინი უფრო მამცირებდნენ, დასარტყმელად იწეოდნენ, ერთმა შემაფურთხა. მთავარმა ექიმმა გააჩერა, მაგრამ ისიც უხეშად მექცეოდა. „ოდესმე გინახავს კურდღელი ვეფხვს ეჩხუბებოდესო? როგორ ბედავთ ჩვენთან ომსო?“ მერე ისევ შემოვიდა სანიტარი. გაუშვითო, სთხოვდა, ჩემზე, ასეთი ნაცემია, გადარჩება თუ არა, ისიც არ ვიცითო. დიდხანს ეხვეწებოდა, ბოლოს შეთანხმდნენ. 

დაწვრილებით

იმათაც მომაკითხეს, ვინც ნივით მომიყვანა. სამნი იყვნენ, არ ვიცი, ჩემი მოკვლა უნდოდათ, თუ კიდევ უნდა ვეცემე. იმათაც ის სანიტარი ქალი გადაუდგა, დაინდეთო, კაცო, ეს ბიჭი. ერთმა მაინც ჩამცხო კონდახი თავში. სანიტარმა უთხრა, თუ ასეთი მამაცები ხართ, ცხინვალში წადით, იქ იომეთო. 

ეს არაფორმალები რომ წავიდნენ, სასწრაფოს მანქანაში ჩამსვეს. მძღოლმა ტყვიავამდე ჩამიყვანა, სადაც გზა არცევთან უხვევდა. ჩამომსვა, იქით უკვე საშიშიაო. ორი მანეთი მომცა, ავტობუსი გამოივლის გორიდან და იმას გაჰყევიო. დღემდე მისი მადლობელი ვარ. იმ გზაჯვარედინზე ონკანი იყო, თავი შევუშვირე წყალს. ვერ დავდიოდი. ტვინის შერყევა მქონდა, ცემისგან. გაჩერებაზე ჩემი თანასოფლელები აღმოჩნდნენ. ისინი ფლავისმანი-გორის ავტობუსით კარალეთში მიდიოდნენ, შვილებთან. მაგრამ არაფორმალებმა შეამოწმეს ავტობუსი და ოსები გადმოსვეს იქიდან. ისინიც ტრანსპორტს ელოდებოდნენ, რომ უკან დაბრუნებულიყვნენ. რომ დამინახეს, მომვარდნენ, რა გჭირს, რა დაგემართაო. 

ჩვენდა ბედად ნაცნობმა ქართველმა ჩაიარა. მისი ცოლი ჩვენი სოფლიდან იყო, ცოლის ნათესავების სანახავად მიდიოდა. ჩამსვა მანქანაში, უფრო სწორად უკანა სავარძელზე დამაწვინა, ვერ ვიჯექი. ჩემი თანასოფლელები კიდევ ზემოდან დამასხდნენ, რომ დავეფარე პოსტებზე. ასე ჩაგვიყვანა ოტრევამდე. 

მერე გავიგე სხვებს რა ბედი ეწიათ, ვინც ჩემთან ერთად იყვნენ მანქანაში. მიყვებოდნენ, ერთხელ ჩვენც უნდა წავეყვანეთო. და ამ დროს მოვიდა ვილისი, ფორმიანი ტიპები ისხდნენ, პაგონებში. ან სამხედროები, ან მილიცია. ამ არაფორმალებს ეჩხუბებოდნენ, ეს ოსები ეხლავე იქ მიიყვანეთ, სადაც აიყვანეთო. ამბობდნენ: „ჩვენ ბოლო-ბოლო ხალხი ვართ, ცხოველები ხომ არ ვართო?“ არცევთან დატოვეს, იმავე მანქანით, რითიც აიყვანეს. 

უკვე გვეძებდნენ ცხინვალში რომ ჩავედით. ერთი თვე საავადმყოფოში ვიწექი. ფეხებმა მიმტყუნა. მერე სახლში ვმკურნალობდი. 

ერთ დღეს, ხის ძირას ვზივარ და ბიჭები მოვიდნენ, ის გურამი აიყვანესო, ჩემთან ერთად რო მუშაობდა და მერე მეღვრეკისში რო მცემდა. იცოდნენ ეს ამბავი. არ ეგონა იმას ცოცხალი რო ვიყავი, ხო მოსაკლავად გამიყვანეს. ცხინვალში ჩამოვიდა თავისი სახლისთვის რომ დაეხედა. ჩემმა მეგობრებმა რო დაინახეს, ჩასვეს მანქანაში და მომიყვანეს. 

დამინახა თუ არა, სახე შეეცვალა. ისეთი გამწარებული ვიყავი, მე არ გავუშვებდი. არადა, რამდენ ქართველს დავეხმარე. ჩვენ ხო ერთმანეთს ვიცნობდით, რომ ვიცი, ეს ადამიანი არაფერ შუაშია, ხომ დავეხმარები. მაგრამ ამის გაშვება არ მინდოდა, არაფრით არ დავეხმარებოდი. აქ თვენახევარი გაატარა ტყვეობაში, მერე გაცვალეს. რო გავიგე, რო გაუშვეს, გავბრაზდი. ვიცი, ღმერთის წინაშე ვცოდავ, მაგრამ არ მინდოდა ცოცხალი რო გაეშვათ. 

აღნიშნულ თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ

__________________________________________
ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ნინო ლომაძე
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან