გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

დავჯექი ცარიელ სახლში, ავტირდი | ელენე ხარაული, სოფელი ნედლათი

ელენე ხარაული, 78 წლის სოფელი ნედლათი, 1991 წლამდე ზნაურის რაიონი
ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

ციდან გავარდა ერთი ტყვია. ოსის ბავშვი მოკვდა. ვისი ტყვიით მოკვდა - ოსის თუ ქართველის - ეგ არავინ იცის. 4 წლის ბავშვი ბაღში მოკვდა. საპასუხოდ წამოვიდნენ ოსები და ჩვენს მეზობელ სოფელში, ახალშენი ქვია, დახოცეს მოხუცი ცოლ-ქმარი. პურსა ჭამდნენ ამ დროს. ერთიც ტყეში მოკლეს, ვასკა. მინდორში იყო, შეშაზე ან რაღაცაზე. მერე ნახეს მკვდარი.

ტყვიები თავზე გადაგვდიოდა, სულ წითელი იყო ცა. 89 წელი, ზამთრის თვე იყო - მაგ დროს დაიწყო. მახსოვს კარგად. 

31 კილომეტრია ცხინვალიდან ჩვენ სოფლამდე. ნელ-ნელა აღწევდა არეულობა. აგერ, ვთქვათ მოვიდა ოსი, ცხინვალიდან რაღაც პასუხი მოიტანა, ჩვენ რაღაცა ვუთხარით, ვერ მოვრიგდით. დაიწყო რეპლიკები, არა, შენ წახვალ, მე დავრჩები. ჯერ ვითომ ოსები უნდა წამოსულიყვნენ, წამოვიდნენ კიდეც ერთი პარტია და ჩვენ დავრჩით, ქართველები. მარა მერე ეს ოსები შემოვიდნენ და სიტუაცია ამათკენ გადაიხარა. ეხლა ჩვენ მოვედით და ვინ წავა, ვნახავთო, გვეუბნებოდნენ. მართლაც მასე იყო, ისინი მოვიდნენ და ჩვენ წამოვედით. თითქმის ნახევარზე მეტი წილი ჩამოსახლდნენ ოსები ჩრდილოეთიდან. 

ბოლოს იყო ისე, რომ ოსები ჯოხებით და კეტებით დადიოდნენ და ყარაულობდნენ, ქართველები არ დაგვესხან თავსო და ჩვენ ვიყავით შიშის ქვეშ. მოდიოდნენ და ამტვრევდნენ ყველაფერს, აგერ მეზობელთან მოდიოდნენ, ცეცხლი წაუკიდეს,  ჩვენ ვხედავდით და სადღაც პადვალში შევძვრებოდით. გვემუქრებოდნენ. აგერ ოსი აიყვანეს, ჩვენ ქართველები უნდა ავიყვანოთო, ამბობდნენ. ბაღებში გვეძინა, ვენახებში გვეძინა, ხან შესაშინებლად გვესროდნენ. სახლებს ნატყვიარები ჰქონდა, ეზოებს ნატყვიარები ჰქონდა. საქონელი წაიყვანეს, ფულსაც გვართმევდნენ, ავტომატები უნდა ვიყიდოთ და ისევ თქვენ, ქართველებს გესროლოთო. 

ზოგჯერ წაგვიყვანდნენ, გამოგვკითხავდნენ, ვის მხარეზე ხართო. ჩვენ არავის ვერჩით, ოსებთან დავიბადეთ, ოსებთან გავიზარდეთო, ვამბობდით და მართალიც იყო, მანამდე ძაან კარგად ვიყავით ერთმანეთთან. რომ არ არეულიყო, არაფერი არ გვიჭირდა, ოს-ქართველობა არ არსებობდა. 

მე ქმართან და ჩემს სამ შვილთან ერთად ვცხოვრობდი. ახალგაზრდა ბავშვმა ოჯახი ავაშენე, ყველაფერი ჩემი შეძენილი მქონდა. ოსებთან ვმუშაობდი 25 წელი, სამკერვალო ფაბრიკაში, ცხინვალის ფილიალში. კოზაევი, ფუხაევი, რა ვიცი, ვინც იყო, ყველასთან ჩვეულებრივ ვურთიერთობდით. არ ვარჩევდით, ერთად დავსხდებოდით. 

ჩემი ბიჭი ოსმა მონათლა, ჩემი ქმარი ძაან დამსახურებული მძღოლი იყო, ძაან კარგი სახელით სარგებლობდა. ისეთი კარგი დამოკიდებულება იყო, ამოვიდოდნენ ოსი ბიჭები სახლში, თვითონ გამოიღებდნენ მაცივრიდან, ჭამდნენ, მე სამუშაოზე ვიყავი. პოლიტიკაზე ლაპარაკი საერთოდ არ იყო. 

მერე უკვე, ვინც პიკეტებზე მხვდებოდა, ბევრს ვცნობდი, ზოგი ჩემი კლასელი იყო. ერთად დავამთავრეთ ოსებმა და ქართველებმა სკოლა, ერთი სკოლა იყო, ისინიც სწავლობდნენ და ჩვენცა. მაგრამ გაყიდეს ურთიერთობები, დადგნენ პოსტებზე. 

გაქანებული ზამთარი იყო, ძალიან დიდი თოვლი და ერთხელ, დასავლეთიდან, ქორწილიდან ვბრუნდებით. მანქანაში საჭმელი გვაქვს - პურმარილი გამოგვატანეს, გოჭები და რაღაცები. ჩვენ მეზობელ სოფელში იდგნენ პიკეტზე ოსები და გადავაწოდე, მიირთვით, ისიამოვნეთ-მეთქი. გამოგვიშვეს. 

ჯერ ჩვენი ეშინოდათ, ქართველებისა, მაგრამ მერე რომ მოვიდა ბრძანება და რუსი შემოვიდა, სულ ბეტეერებით დადიოდნენ. 

ერთი მეზობელი ქალი გვყავდა, მერიკო, ცოტა გრძელი ენა ჰქონდა, იმუქრებოდა, ერთი, ვინმე მოვიდეს აქა, ოსებს სულ თავებს გავუჭყლიტავო. მოკრეს ყური ამას, დაესხნენ თავს ღამე, აწივლეს და აკივლეს. სახლი მოშორებით ედგა, მაგრამ აქ მაინც მესმოდა. თან ამ მერიკოს ქმარი ჩვენთან იყო. იძახდა ის ქალი, გაიოზა, გაიოზაო - ქმარს უყვიროდა. ეს გაიოზა კიდე მოკუნტული იჯდა, ვერ მიდიოდა საშველად. მერე თქვა მერიკომ, გაზის ბალონი დამაჭირესო. არ ვიცი კიდევ, რა უქნეს. მერე რუსთავში წამოვიდა ეს ცოლ-ქმარი, გოგო ჰყავთ და იმასთან, მაგრამ მალევე დაიხოცნენ - ჯერ ასაკი, მერე ომი.

ხან ბაღებში გვეძინა მე და ჩემს ქმარსა, ხან პადვალში, ხან მეზობელთან.

ლამფას ავანთებდი მაღლა, სახლში, შუქს რომ დაინახავენ, იქნებ, მომერიდონ-მეთქი, ვფიქრობდი და მე თვითონ ნათესავთან გადავდიოდი დასაძინებლად.

დედაჩემის ბიძაშვილი ოსსა ჰყავდა ცოლად და აი, მათთან. ერთ ღამესაც, მათ სახლში რომ ვიწექი, ამ ჩემი ნათესავის ბიჭმა წაიღო ჩემი სტენკა. შენი ვეში წუხელი წავიდაო, მეორე დღეს მითხრეს. ყველაფერი გაზიდული იყო. სპალნებიღა დაეტოვებინათ. მე კიდე იმ ვეშის გულისთვის ვიყავი, ავეჯი რომ დამეცვა. მენანებოდა. ჩემი ბავშვური იმით მქონდა ყველაფერი გაკეთებული. სანამ ახალგაზრდა ვიყავი, ვაწყობდი და ვაწყობდი სახლსა. არ მემეტებოდა დასაკარგად. 

რაღა მინდოდა იქა. გოგოები გათხოვილნი იყვნენ, ბიჭი 18 წლის იყო, პიკეტზე იდგა, ქართველების. რომ გაიგეს ეს, უკვე შეგვეშინდა. თან იმ ხანებში ძმისშვილი მოუკლეს ჩემ ქმარს. 

21 მაისს, 91 წელს მოკლეს თემური. ბეტეერი  შევიდა კოდაში. იქ იყვნენ დაბანაკებული ქართველები, და რომ დაინახა ამ ბიჭმა, შემოდიოდნენ ოსები, გადაუდგა ავტომატით, ესროლეს და მოკლეს მინდორზე. მეორე დღესა ნახეს, ავტომატიც გვერდზე ეგდო. 

შეგვეშინდა, ძალიან შეგვეშინდა, შვილის გამო შეგვეშინდა, რახან ის ოსებისკენ ისროდა. 

მერე ჩემი ქმრის ნაცნობი ოსი მოვიდა, წამოდიო, ამაღამ მე შეგინახავ და დილაზე გაგაქცევო, თორემ მოგკლავენო. იმ ღამესვე წავედით, გამოვიპარეთ კალოშებით ღამე. აგარაში ჩამოვედით. 18 კილომეტრი ვიარეთ - აგარიდან ზნაურის გადასახვევია ჩვენამდე. ცარიელებმა, ფეხით, ტყე-ტყე, თითო-ოროლა ვიარეთ. აბა, პიკეტებზე ოსები იყვნენ ავტომატებით, ვინ დაგინდობდა. 

თბილისში რომ ჩამოვედით, ერთ თვეს ჩემს დასთან ვიცხოვრეთ. ერთოთახიანში ვეწექით მე და ჩემი ქმარი ფერხთით ჩემს დას. შვილები და რძალიც იმ სახლში ყავდა იმას და ჩვენც იქა. მერე აქ გადმოვედით, სიბინძურე იყო, ხის პატარა კოტეჯები, ჩემმა ბიჭმა გადააკეთა აქაურობა, ცოლი მოიყვანა, გაალამაზა.

ერთხანობას იქით შესვლა იყო და დავადე თავი, წავედი მარტოკა. კაციშვილი არავინ იყო გარშემო. სახლში აღარაფერი დამხვდა, გამოცარიელებული იქაურობა. დავჯექი და ვტირივარ. ვტირივარ ხმამაღლა, მწარედ ვტირივარ. მაგრამ მერე, რომ არავინ გამაჩერა, მე თვითონ გავჩერდი, ავდექი და წამოვედი. 

კიდევ მერე, ვითომ ჩაწყნარდაო და ჩემი რძალიც წავიყვანე, პირველ შვილზე იყო მაშინ ორსულად. მეთქი ჩვენი ხეობა ნახოს - ძაან კარგი იყო ჩვენი ხეობა. აღარაფერი აღარ იყო, აღარც დაბლა აღარც მაღლა, სულ ყველაფერი წაღებული იყო, შნურებიც ამოღებული. ნატყვიარები ყველგან. ჩვენ წინა ოსების სოფელია ერთი. ჰოდა, ეს ჩემი რძალი და მისი მეგობარი გოგო იდგნენ გარეთ, ჩამოიარეს იმ სოფლის ოსებმა მანქანით, ჩამოწიეს შუშები, თან იარაღებით ხელში, ჩაიხადეს და დაანახეს. ვერ აიტანა ჩემმა შვილმა, წამოვიდნენ. 

ჩვენს სახლთან იქა ახლა ტყეა, რაღა უნდა გავაკეთოთ. სოფელია მკვდარი, რომც შევბრუნდე, რა იქნება.

48 წლისა გამოვედი, ახლა 78-ის ვარ. გვეგონა დავბრუნდებოდით. ძალიან დიდი დრო გავიდა, დიდი დრო. 

ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: თამარ ბაბუაძე

ტრანსკრიპტზე მუშაობდა: მარიამ ურუშაძე
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ


loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა