10 რეკომენდაცია თბილისის კინოფესტივალიდან | დათო ლობჟანიძე
თბილისი მორიგ, 22-ე საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს, რომელიც 5-12 დეკემბერს გაიმართება. შარშან ფესტივალი ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე მხოლოდ ონლაინ რეჟიმში ჩატარდა. წელს კი ღონისძიება პანდემიის მიუხედავად, მართალია გასაგები მიზეზების გამო სეანსებზე მაყურებლის შეზღუდული რაოდენობის ფონზე, მაგრამ მაინც თავის ჩვეულ ფორმატს დაუბრუნდება. როგორც ყოველთვის, ფესტივალზე ათეულობით ფილმია წარმოდგენილი, მათი დიდი ნაწილის ნახვა შეზღუდული დროის გამო გამორიცხულია.
ასეთ პირობებში მსურს გაგიზიაროთ ის სელექცია, რომელიც პროგრამის და ამ პროგრამაში წარმოდგენილ ყველა ფილმზე მოძიებული ინფორმაციის (და რიგ შემთხვევებში უშუალოდ ფილმების ყურების) შედეგად მივიღე. აქვე უნდა ითქვას, რომ ფილმების შერჩევის კრიტერიუმად შემდეგი მოცემულობა გავითვალისწინე; ფესტივალზე არაერთი საინტერესო პროგრამაა წარმოდგენილი, იქნება ეს დოკუმენტური ფილმების მიმართულებით, სადაც არაერთი საინტერესო ქართული ნამუშევარის ჩვენებაა დაგეგმილი, თუ რეტროსპექტივების მხრივ, სადაც მაყურებელს ანიეს ვარდას და ამავდროულად, ძველი ქართული მხატვრული ნამუშევრების ნახვის საშუალება ექნება. ამის მიუხედავად, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი მეტწილად მხატვრული ფილმების ფესტივალია, სადაც დატვირთვა ახალ ნამუშევრებზე და ავტორებზე მოდის. ამიტომ, ეს სიაც ფესტივალის სპეციფიკის თანმიმდევრული მინდოდა ყოფილიყო და აქედან გამომდინარე მხოლოდ ახალ მხატვრულ ნამუშევრებზე ფოკუსირდება. ახლა კი, უშუალოდ სელექციაზე შეგვიძლია გადავიდეთ
ბერგმანის კუნძული/ Bergman Island
რეჟისორი: მია ჰანსენ-ლიოვი
ქვეყანა: საფრანგეთი, ბელგია, გერმანია, შვედეთი, მექსიკა
ხანგრძლივობა: 112 წთ.
როდის: 10 დეკემბერი, 19:00; 11 დეკემბერი, 19:00
სად: ამირანი 1; ამირანი 3
ინგმარ ბერგმანმა თავისი ცხოვრების ბოლო წლები ბალტიის ზღვაში მდებარე კუნძულ ფიორეზე გაატარა, სადაც მისი არაერთი ფილმის მოქმედება ვითარდება. ამ კვალის გაყოლა გადაწყვიტა თავისი ახალი ფილმისთვის მია ჰანსენ-ლიოვმა. ნამუშევარში, რომელშიც მთავარ როლებს ტიმ როთი და ვიკი კრიფსი ასრულებენ ერთის მხრივ ძალიან მიმზიდველი უნდა იყოს ბერგმანის მოყვარულებისთვის, მაგრამ ამ ფაქტორისგან დამოუკიდებლადაც საინტერესო სანახაობას უნდა წარმოადგენდეს ზოგადად კინოს მოყვარულებისთვისაც, რადგან მია ჰანსენ-ლავმა უკვე დიდი ხანია დაიმკვიდრა ადგილი კინოაუდიტორიის გულებში
გოგონა და ობობა/The Girl and the Spider
რეჟისორი: რამონ ზიურქერი, სილვან ზიურქერი
ქვეყანა: შვეიცარია
ხანგრძლივობა: 99 წთ.
როდის: 10 დეკემბერი, 21:00
სად: ამირანი 2
რამონ ზიურქერის და სილვან ზიურქერის ეს ფილმი ამ ორი ავტორის ტრილოგიის მეორე ნაწილს წარმოადგენს. ეს ტრილოგია ადამიანებს შორის კავშირებს და ერთობას იკვლევს. „გოგონა და ობობას“ შემთხვევაში ცენტრალურ თემას ის ცვლილებები წარმოადგენს, რომელიც ყოველი ადამიანის ცხოვრებაში განუწყვეტლივ ხდება. იქნება ეს ურთიერთობების, თუ სხვა მოვლენების წარმავლობა რომელიც ყოფის განუყოფელი ნაწილია.
გუშაგები/The Watchers
რეჟისორი: სანდრო სულაძე
ქვეყანა: საქართველო
ხაგრძლივობა: 27 წთ.
როდის: 6 დეკემბერი, 16:00
სად: ამირანი 3
ამ სიაში ათი წარმოდგენილი ფილმიდან ეს ერთადერთი მოკლემეტრაჟიანი ნამუშევარია. სანდრო სულაძის „გუშაგები“ ერთ-ერთი გამორჩეული სურათია იმ ახალგაზრდა ქართველი ავტორების ნამუშევრებს შორის რომლის ნახვაც ფესტივალზე შეგეძლებათ. მოკლემეტრაჟიანების ჩვენებები ხუთ სხვადასხვა დღეზეა გაწერილი და აქ არაერთი საინტერესო ხედვის და მიდგომის მომსწრენი შეიძლება გახდეთ. გუშაგების შემთხვევაში ეს გამორჩეულობა კარგ თხრობაზე, მსახიობების დამაჯერებელ თამაშსა და რაც ალბათ ყველაზე თვალშისაცემია, ფილმის ვიზუალურ მხარეზე მოდის, რომელიც ერთის მხრივ სინემატიურ სამყაროს ქმნის და ამავდროულად ამ სამყაროში აღწერილ ამბავს ორგანულად ერწყმის.
მართე ჩემი მანქანა/Drive My Car
რეჟისორი: რიუსკე ჰამაგუჩი
ქვეყანა: იაპონია
როდის: 8 დეკემბერი, 21:00; 11 დეკემბერი, 21:00
სად: ამირანი 3; ამირანი 2
„მართე ჩემი მანქანა“ ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია ამ სიაში, ფილმის სხვადასხვა ფესტივალებზე აღიარებებს შორისაა საუკეთესო სცენარის ჯილდო წლევანდელ კანის კინოფესტივალზე. ნამუშევარი ჰარუკი მურაკამის ამავე სახელწოდების მოთხრობას ეფუძნება და აქვე უნდა ითქვას რომ მწერალმა სცენარის მუშაობაშიც მიიღო მონაწილეობა. ფილმის მოქმედება მანქანით მოგზაურობისას ვითარდება, აქ გზა, როგორც ეს ამ ჟანრის ფილმებს ხშირად ახასიათებთ, ერთდროულად მეტაფორად და საშუალებად გვევლინება სადაც ფილმის პერსონაჟებს საკუთარ განვლილ ცხოვრებასა და განცდებზე რეფლექსია შეუძლიათ.
მეხსიერება/Memoria
რეჟისორი: აპიტჩატპონგ ვირასეტაკული
ქვეყანა: კოლუმბია, ტაილანდი, საფრანგეთი, გერმანია, მექსიკა, ყატარი, გაერთიანებული სამეფო, ჩინეთი, შვეიცარია
ხანგრძლივობა: 136 წთ.
როდის: 10 დეკემბერი, 12:00
სად: ამირანი 3
აპიტჩატპონგ ვირასეტაკულის ამ ნამუშევარს, ალბათ ისევე როგორც მის ნებისმიერ ფილმს, ემოციური მზაობა სჭირდება. თუმცა, თუ არამხოლოდ კინოსთვის, და ამ მხრივ უნდა ითქვას რომ ფილმი დიდ ეკრანზე გამოსაცდელია, არამედ მედიტაციისთვის ხართ მზად „მეხსიერება“ ის სურათია, რომელსაც მაყურებლის ტრანსულ მდგომარეობაში ჩაგდების უნარი გააჩნია. საინტერესოა, რომ ამ ფილმის შემთხვევაში პირველად თავის კარიერაში რეჟისორმა თანამშრომლობა ტილდა სვინტონთან გადაწყვიტა, რაც ინტერესს შესაძლოა ერთიორად აღვივებდეს.
მთვრალი ჩიტები/Drunken Birds
რეჟისორი: ივან გრბოვიჩი
ქვეყანა: კანადა
ხანგრძლივობა: 105 წთ.
როდის: 7 დეკემბერი, 16:30; 9 დეკემბერი 14:30
სად: ამირანი 3; ამირანი 2
მიუხედავად იმისა რომ კანადა თბილისის კინოფესტივალზე ხშირ შემთხვევაში დომინანტურ როლს არ თამაშობს, ყოველწლიურად ამ ქვეყნიდან არაერთი განსხვავებულად საინტერესო ნამუშევრის ნახვა შეიძლება. წელს თბილისში ამ ქვეყნის მიერ ოსკარზე ნომინირებული ფილმის ნახვის საშუალება გვექნება. „მთვრალ ჩიტებს“ დამაინტრიგებელი სიუჟეტი აქვს - ნარკოკარტელის წევრი უილი საკუთარი სიყვარულის მოსაძებნად კვებეკში გაემგზავრება და ამ პროცესში სეზონურ სამუშაოებში მუშად ჩაერთვება. ამავდროულად ფილმი ერთმანეთს მაგიური რეალიზმს, სოციალურ კომენტარს და რომანტიკულ ჟანრს, გამორჩეული მუსიკალური გაფორმების და გამოსახულების ფონზე უთავსებს.
ორ განთიადს შორის/Between Two Dawns
რეჟისორი: სელმან ნაჯარი
ქვეყანა: თურქეთი
ხანგრძლივობა: 91 წთ.
როდის: 9 დეკემბერი, 14:00; 11 დეკემბერი, 16:14
სად: ამირანი 3
წელს, თბილისის კინოფესტივალის პროგრამაში სოციალური დრამა სულ რამდენიმე ფილმითაა წარმოდგენილი. ეს შესაძლოა კონტრასტს ქმნიდეს გასულ წლებთან შედარებით, რადგან ამ მიმართულებით ფესტივალი ყოველთვის გვამახსოვრებდა თავს. თუმცა, წელსაც ამ მხრივ გარკვეული ნამუშევრების გამორჩევა შეიძლება. ერთ-ერთ ასეთ ნამუშევრად სელმან ნაჯარის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი შეიძლება დავინახოთ. სიუჟეტის მიხედვით მუშა მძიმე ტრავმას იღებს საოჯახო საწარმოზე მუშაობისას. დილემა რომელსაც ფილმში ვხვდებით და რომელიც გადასაწყვეტია არა მუშის ან მისი ოჯახის, არამედ საწარმოს წარმომადგენლის პერსპექტივიდანაა ასახული.
რას ვხედავთ, როდესაც ცას ვუყურებთ?/What Do We See When We Look at the Sky?
რეჟისორი: ალექსანდრე კობერიძე
ქვეყანა: საქართველო, გერმანია
ხანგრძლივობა: 150 წთ
როდის: 6 დეკემბერი, 21:00; 7 დეკემბერი, 21:00
სად: ამირანი 1, ამირანი 3
ალექსანდრე კობერიძის რიგით მეორე სრულმეტრაჟიანი ფილმის დახურული ჩვენება რამდენიმე თვის წინ ბაკურიანის ქართული კინოს ფორუმის ფარგლებში გაიმართა. სწორედ ამ ფილმით დასრულდა 2021 წლის ფორუმი, ფილმის ფინალი კი ქართველი კინოკრიტიკოსების და კინოპროფესიონალების ოვაციებით აღინიშნა. დაახლოებით იგივე რეაქციის მომსწრენი შეიძლება ყოფილიყავით ბათუმის კინოფესტივალზე სადაც ქვეყანაში ფილმის პირველი ღია ჩვენება გაიმართა. 2021 წელი ზოგადად კარგი აღმოჩნდა ქართული კინოსთვის, წელს ჩვენ ერთის მხრივ ვხედავთ ბოლო წლებისთვის ფილმების უპრეცედენტო რაოდენობას და მეორეს მხრივ, რაც უფრო მნიშვნელოვანია, ერთიორად გაზრდილ ხარისხს. ამ მხრივ კობერიძის ფილმი განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ზედაპირზე ის ზღაპარია რომელიც გაჯერებულია სიყვარულით და სიკეთით, მაგრამ ამ ფენის მიღმა ჩვენი სამყაროს არაერთ მნიშვნელოვან და მძიმე თემაზე გვაფიქრებს.
სუვენირი. ნაწილი II/The Souvenir: Part II
რეჟისორი: ჯოანა ჰოგი
ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო
ხანგრძლივობა: 106 წთ.
როდის: 12 დეკემბერი, 21:00
სად: ამირანი 1
ჯოანა ჰოგი ფართო აუდიტორიამ 2019 წელს „სუვენირის“ პირველი ნაწილის შემდეგ გაიცნო. თუმცა უნდა ითქვას, რომ აღნიშნულ ფილმამდე მას უკვე ოთხი სრულმეტრაჟიანი ნამუშევარი ჰქონდა გადაღებული, სადაც მათი ბიუჯეტური სიმწირის მიუხედავად უკვე იგრძნობოდა ის განსაკუთრებული ხელწერა რომელიც რეჟისორმა 2019 წლის უფრო მასშტაბურ პროექტში გამოავლინა. აქვე აღსანიშნავია, რომ ჰოგმა დიდი ბრიტანეთის ეროვნული კინო და ტელესკოლა ჯერ კიდევ 1986 წელს დაამთავრა, თუმცა, ამ მომენტიდან მის პირველ სრულმეტრაჟიან ფილმამდე ოც წელზე მეტი გავიდა. „სუვენირის“ პირველი, ისევე როგორც მეორე ნაწილი ნახევრად ავტობიოგრაფიული ნაწარმოებებია, სადაც მოვლენები 80-იანი წლების ინგლისში ვითარდება. მიუხედავად იმისა, რომ ეს ორი ფილმი ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია და ეს სათაურებიდანვე ნათელია, ამ ორი ნაწარმოების ყურება ერთმანეთისგან დამოუკიდებლადაც შეიძლება.
ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე/The Worst Person In The World
რეჟისორი: იოაკიმ ტრიერი
ქვეყანა: ნორვეგია, შვედეთი, საფრანგეთი
ხანგრძლივობა: 121 წთ.
როდის: 8 დეკემბერი, 12:00; 9 დეკემბერი, 12:00
სად: ამირანი 1; ამირანი 2
მიუხედავად იმისა რომ იოკიმ ტრიერის პირველმა ორმა ნამუშევარმა ჯერ 2006-ში („რეპრიზა“) და შემდეგ 2011-ში („ოსლო, აგვისტო 31“) კინოკრიტიკოსების დიდი აღიარება მოიპოვა და ამის შემდეგ კიდევ სამი ფილმის ავტორად მოგვევლინა, ვფიქრობ მას საკუთარი პოტენციალი ჯერ კიდევ არ ამოუწურავს და მომავალში არაერთი მნიშვნელოვანი ფილმი შეიძლება შემოგვთავაზოს. მის უახლეს ნამუშევარში - „ყველაზე ცუდი ადამიანი დედამიწის ზურგზე“ პირველი ორი ფილმის მსგავსად მოვლენები ოსლოში ვითარდება, სადაც ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი ცდილობს გაერკვეს ერთი მხრივ თავის სასიყვარულო გრძნობებში და მეორე მხრივ, იპოვოს აზრი თანამედროვე ყოფაში.