ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

2021 წლის რჩეული ქართული მუსიკალური ალბომები | ნიკა ხოჭოლავა

საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოში მძიმე და უცნაური წლები ერთმანეთს ანაცვლებენ. თუ 2020 წელი მკაცრი “ლოქდაუნებით”, საკარანტინო დეპრესიითა, თუ სხვადასხვა არასტანდარტულობით დავიმახსოვრეთ, 2021 ამ ყველაფერთან შეგუების და მასობრივი ფრუსტრაციის გაღვივების წლად შეგვიძლია მოვნათლოთ. ადამიანები უფრო და უფრო მეტ დროს ატარებენ საკუთარ ელექტრონულ მოწყობილობებთან, რასაც ცხადია ჯანსაღ ცხოვრების სტილთან კავშირი არ აქვს, თუმცა ქცევის ასეთი ცვლილება ხელოვნებისათვის, კონკრეტულად კი მუსიკისათვის ნამდვილად პროდუქტიული აღმოჩნდა.

წლის დასაწყისში გადავწყვიტე, რომ სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმებზე გამოსული ქართული ალბომები მომენიშნა და ბოლოს სია შემედგინა. შერჩევისას სამ მთავარ ფაქტორს ვითვალისწინებ: ავთენტურ ხასიათს, ორიგინალურობასა და მუსიკალურ ხარისხს. საბედნიეროდ წლევანდელი უამრავი მცირე, თუ სრულმეტრაჟიანი ალბომი აღმოჩნდა მსგავსი ინდიკატორის მქონე, რამაც გეგმა შემიცვალა, ამიტომ ათის ნაცვლად ოც საუკეთესო ქართულ მუსიკალურ გამოცემას გთავაზობთ:

20. Dionysus vs Tamada - Tamada

სიის საპატიო ბოლო ადგილს ლაშა ჩაპელის ცხრა კომპოზიციისაგან შემდგარი მუსიკალურად დახვეწილი, კარგად დამუშავებული და ქართულ მუსიკალურ ბაზარს მორგებული ალბომი იკავებს, რომლის ვრცელ რეცენზიასაც აქ შეგიძლიათ გაეცნოთ.

ფავორიტი კომპოზიციები - “Gamdis”; “Piramde”; “Umal”.


19.
სწრაფი სესხი - Nick Green

Nick Green დიდი ხანია რაც ქართულ Hip-Hop სცენაზე აქტიურობს.  მის დისკოგრაფიას, რომელიც ერთ EP-ს და მრავალ სინგლს იტევს, თებერვალში სადებიუტო ალბომიც შეემატა. ქართველ MC-ის სხვებისაგან მისი ხმის ტემბრი და სულ Trap-ში მოქცეული ჟღერადობა გამოარჩევს. Nick Green-ის შემოქმედება მეტწილად სოციალური თემატიკისაა, რასაც ამ ალბომშიც უტრიალებს. მართალია შედეგი მუსიკალური ხარისხითა, თუ ბითების ორიგინალურობით ვერ დაიკვეხნის, მაგრამ მაინც - აწმყოს აღწერის მისეული ვერსია უთუოდ იმსახურებს აღნიშვნას.

ფავორიტი კომპოზიციები - “რო დაიძრები”; “ხანდახან”; “შენ რა ღირხარ”.

18. ამ ენით ამენ - ერეკლე დეისაძე

ერეკლე დეისაძის სადებიუტო ალბომის გამოსვლის შემდეგ 6 წელი გავიდა. როგორც ჩანს გასულმა წლებმა ავტორს მუსიკალური ხასიათი შეუცვალა, რამაც სასიყვარულო ქარტეხილებიდან კვლავ ისეთი თემებისაკენ გადაისროლა, რასაც მისი მუსიკალური კარიერის დასაწყისში ვისმენდით. რიგით მეორე ალბომში ერეკლე  გამეფებულ უსამართლობას, უთანასწორობას და კლასობრივ სეგრეგაციას შესაშური ენთუზიაზმით უტევს. ამ საქმეში მას ქართული Hip-Hop სცენის ვეტერანი - ჯერონიმო, ახალი სკოლის წარმომადგენელი - Key G და Kayakata-ს Next Dilla უწევენ კომპანიონობას.

ფავორიტი კომპოზიცია - “Lovesong (Feat. Dilla & Kay G)”; “industriis Qaro ( Feat Jeronimo)”

17. FNR 001 Compilation by For No Reason Records

For No Reason ახლად შექმნილი ლეიბლია თბილისიდან, რომელზეც 5 თებერვალს გამოსული მუსიკალური კომპილაცია 16 ქართველ მუსიკოსს და 14 სხვადასხვა მუსიკალური ჟღერადობების მქონე კომპოზიციებს აერთიანებს. ელექტრონული მუსიკის ამ ნაკრებში როგორც უკვე დამკვიდრებული, ასევე ახალი მუსიკოსებიც იღებენ მონაწილეობას, რაც გამოცემას უფრო დიდ მნიშვნელობას მატებს. კომპოზიციები კარგად დამუშავებული, ორიგინალური და უცხოა, ამიტომ ვფიქრობ მსმენელი მოუთმენლად დაელოდება For No Reason Records-ის ახალ გამოცემას.

ფავორიტი კომპოზიციები - “Gacha Bakradze/Natalie Beridze -Arrival”; “Creams - Sleep On Me”; “David Datunashvili _36.6 (ft. Dato Kikabidze)”; “Tedi - Apology”

16. ninjasaga✨spliffmanama

Z თაობა. გიორგი ჩიკვაძემ ერთ დღესაც spliffmanama დაირქვა, მეგობარ Diginama-ს დაუძახა და ულამაზესი ჰიპ-ჰოპ ალბომი გამოაცხო. ორი ახალგაზრდა MC-ის მუსიკალური საგა პატარ-პატარა 28 მუსიკალური მინიატურისაგან შედგება. მიუხედავად იმისა, რომ “Ninjasaga” ინგლისურენოვანია, არცერთი MC არ გვაგრძნობინებს იმას, რომ მშობლიურ ენაზე არ მღერიან. ეს ალბომი მისი ხასიათით, სულისკვეთებითა, თუ თემატიკით მაქსიმე მაჩაიძის ერთ-ერთ პირველ ალბომს მოგვაგონებს კიდეც.

ფავორიტი კომპოზიციები: “Sani”; “Zumu”; “Dzmar”

15. Mapping Debris by Natalie Beridze

ხუთ წლიანი შესვენების შემდეგ ქართული ელექტრონული მუსიკის ერთ-ერთმა პიონერმა მომდევნო ალბომი გამოუშვა. დიდი ხანია, რაც ნატალია ბერიძე სხვადასხვა ფსევდონიმებით ადგილობრივ სცენას ორიგინალურობითა თუ უცნაური ემოციების უდიდესი პალიტრით ანებივრებს. “Mapping Debris” 10 კომპოზიციას აერთიანებს, სადაც მსმენელი ავტორის მდიდარ სონიკურ სამყაროში ერთი ამოსუნთქვით იმოგზაურებს.

ფავორიტი კომპოზიციები: “Vapor Of Prayer”; “Mapping Debris III (West Thumb)”; “Be Airborn”.

 
14. ბაჩო ჯიქიძე - მუდმივობის განცდა

უბრალოება, სატირა, სიმარტივე, აკუსტიკური გიტარა და ქართული სილაღე ის მოკლე ჩამონათვალია, რაც ბაჩო ჯიქიძის შემოქმედებაში საოცრად დამაჯერებლად ერწყმის ერთმანეთს. აქამდე ბაჩო მხოლოდ კუსტარულად ჩაწერილი მელანქოლიური სატირით ესაუბრებოდა მსმენელს ახლა კი ასეთი პროფესიონალურად დამუშავებული, ტექნიკურად გამართული 9 კომპოზიციისაგან შემდგარი სტუდიური ალბომი შემოგვთავაზა. 

ფავორიტი კომპოზიციები: “მუდმივობის განცდა”; “ჩვენ არასდროს ვიქნებით ასეთი ბედნიერები”; “სინათლის ათას შრეში”.

13. Vessel by HVL

გიგი ჯიქია იმ იშვიათ მუსიკალურ პროდიუსერებს შორისაა, რომლებიც შესაშური პროდუქტიულობით გამოირჩევიან. მისი შემოქმედება ხასიათდება მუსიკალური ხარისხისა და ორიგინალურობის სინთეზით, რომელიც ერთგვარი ავტორისეული ნიშაა, ამიტომ შემთხვევითი სულაც არაა, რომ ღამის კლუბ “ბასიანის” რეზიდენტი მუდამ ექცევა ყველასათვის კარგად ნაცნობი მუსიკალური გამოცემების ყურადღების ქვეშ.  ამ ალბომში უფრო მეტად კონკრეტული ანალოგური სინთეზატორის ხმა ჭარბობს, რითმები და გრუვი ერთდროულად მშვიდიცაა და ენერგიულიც.

ფავორიტი კომპოზიციები: “Lancet mxi”; “The o”; “Moliti St”; “Fauna”. “journey will go on”.

12. Obscure Languages by Gacha Bakradze

2012 წლის წარმატებული სადებიუტო მინი-ალბომის შემდეგ გაჩა ბაქრაძე ადგილობრივი და საერთაშორისო ელექტრონული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი გამორჩეული პროდიუსერია, რომლის არაერთი ფსევდონიმით გამოსულ გამოცემებს სტაბილურად უკავია ადგილი სხვადასხვა მუსიკალური პლატფორმების ჩარტებში. გამონაკლისი არც ესპანურ ლეიბლ “Lapsus Records”-ზე გამოსული მისი რიგით მეორე ალბომი  “Obscure Languages” არის.

ფავორიტი კომპოზიციები: “Endless Tool”; “Lift”; “Thank You for This Upload”

11. Zesknel - Moveal Ways

ზუკა ბაბუნაშვილს ორი სასცენო სახელი აქვს. iazikzazubami-ისგან Zeskel-ს უფრო მძიმე და მუქი ჟღერადობა გამოარჩევს. “Moveal Ways” ამ უკანასკნელი ფსევდონიმით გამოსული ალბომია, ან უფრო სხვადასხვა დროს შექმნილი კომპოზიციების კომპილაცია - ულეიბლო, Soundcloud-ზე დადებული. უნდა შევუქო ზუკას ასეთი უბრალოება, მითუმეტეს მაშინ, როცა თითოეული ტრეკი საოცრად დახვეწილი დრამატურგიისაა.

ფავორიტი კომპოზიციები: “pitch pipe”; “sundry”; “sound mouths”.

10. Vaqo - Live In Tbilisi II (Pirveli Kartveli kosmonavti) 

ვახტანგ ქანთარიამ 2021 წელის ორი მუსიკალური ალბომი გამოსცა. ის თავისი სიმდიდრით, თავისუფლებითა, თუ სტილით  შეიძლება დახასიათდეს, როგორც ბოლო წლების ერთ-ერთი საუკეთესო ქართველი მუსიკოსი. Vaqo მუსიკალურ იდენტობას მეოცე საუკუნის გიტარაზე ორიენტირებულ როკვაში პოულობს ოღონდ ძალიან ქართულად. თითოეული ნამუშევარი, რომელსაც ქანთარია მსმენელს სთავაზობს საოცრად ავთენტური, ენერგიით სავსე და თვითმყოფადია.

ფავორიტი კომპოზიციები: “Mbrdzanebeli Dimpitauri”; “Qaris motanils qari tsaigebs”; “Pirveli kartveli kosmonavti”

9. Sleepwalking by Hamatsuki

მამუკა ცხადაია უკვე რამდენიმე წელია თბილისის საკლუბო სცენის გამორჩეულად საინტერესო პროდიუსერად ითვლება. მისი მუსიკა გამოჩენიდან მალევე დამკვიდრდა ქართველი თუ უცხოელი ელექტრონული მუსიკის მოყვარული მსმენელის სიებში.  “Sleepwalking” ღამის კლუბ “ბასიანის” ოთახის - “ჰორუმის” რეზიდენტის  პირველი სრული სტუდიური ალბომია, რომელშიც ავტორი საკუთარ მუსიკალურ სტილს უფრო აღრმავებს და ნათლად გვაჩვენებს, რომ მელანქოლიური ნოტების გარდა სხვა ემოციების გადმოცემაც  უბადლოდ შეუძლია.

ფავორიტი კომპოზიციები: “Inbetweeners”; “Moisturized”; “Kinbed”

8. AMERIKULI by Quemmekh

“Amerikuli” 2015 წელს ჩამოყალიბებული თბილისური punk/metal/industrial ბენდის მეოთხე სტუდიური ალბომია. სანდრო ქერაულის, ნიკა მოსიაშვილის და დაჩი დოდაშვილის ბენდის მუსიკა ესთეთიკურად გამართული, ქართულენოვანი რეფლექსიაა მიმდინარე მოვლენებზე.

ფავორიტი კომპოზიციები: “DAUDGOMELI’; “I-D”; “CRISIS”.

7. Qotnis Musika by Sandro Tavartkiladze

ეროვნული სალაღობო ინდი გიტარა ხომ არ გესიამოვნებოდათ? სწორედ ასეთია სანდრო თავართქილაძის 2021 წლის მთავარი მუსიკალური ალბომი. რატომ მთავარი? იმიტომ, რომ ამ ალბომს წელს სანდრომ კიდევ ორი დაუმატა, მე კიდევ მხოლოდ ეს გამოვარჩიე. უდანაშაულო არის სიტყვა, რომელიც ყველაზე სწორად აღწერს მისი შემოქმედების სინატიფეს. მავანს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც, ეს კაცი როგორ ახერხებს ასეთი სიმშვიდე იპოვოს ქალაქ თბილისშიო. ვინ იცის?!

ფავორიტი კომპოზიციები: “Nichbisi; “Me ushenod”; “Gadatskveta”.

 

6. Anushka Chkheidze – Move 20-21

ადგილობრივ ელექტრონული მუსიკის სცენაზე სულ უფრო მეტ ქალ პროდიუსერს შემოაქვს სიახლე თავიანთი ორიგინალურობით და უშიშარი ექსპერიმენტებით. ანუშკამ ისე დაიწყო კარიერა, რომ ახალბედა შემოქმედის სახელმა თბილისის შემოვლაც ვერ მოასწრო, რომ უკვე ნამდვილ პროფესიონალად ჩამოყალიბდა. “Move 20-21” ცნობილი ბრიტანული ლეიბლის Warp-ის, ანდაც მთლიანად IDM ჟანრის ოქროს ხანის პერიოდში ჩაწერილ  ნამუშევარს მოგაგონებთ, რითაც უდავოდ ერთ-ერთი გამორჩეული მოვლენაა ბოლო წლების ქართულ მუსიკაში.

ფავორიტი კომპოზიციები: “Lazy, We are”; “Move, Move”; “20-21”

5. Mtirala by Ani Zakareishvili

მისტიკა ალბათ ის საორიენტაციო ხაზია, რომელიც ქართულ მუსიკალურ სცენაზე ყველაზე მეტადაა დანაკლისში. ანი ზაქარეიშვილის სადებიუტო ალბომი “Mtirala” სწორედ მსგავს დეფიციტს ავსებს, თან გადაჭარბებით. 8 კომპოზიცია, 8 ემოცია, 8 მისტიკა. მტირალას მთა. ანის მუსიკა.

ფავორიტი კომპოზიციები: “Opening”; “Dadga Kali” “Nanaskani”

4. AWWWARA by Giorgi Koberidze, Luka Nakashidze

გიორგი კობერიძემ (Cobert) და ლუკა ნაკაშიძემ წელს ახალი ლეიბლი დააფუძნეს. როგორც აღწერიდან ვიგებთ, “awwwara recordings”-ი  ქართულ და მთლიანად კავკასიურ ფოლკლორის დამორჩილებას აპირებს. პირველი გამოცემაც ამის დასტურია: ხუთ კომპოზიციაში დოლსა და დუდუკს სხვადასხვა ხმები უერთდებიან და საკმაოდ საინტერესო ექსპერიმენტიც გამოდის.

ფავორიტი კომპოზიციები: “AWWWARA”; “რაც შეგვრჩენია”; “Bass Dūdūk”

 

3. Turbulance by Turbulance

ქართულ-ბრიტანული სანახაობა. ბექა გოჩიაშვილი, მიშო ურუშაძე  და Kid Sublime ლეგენდარულ ლონდონურ ლეიბლზე  „Cooperation Records“. ჯაზიც, ფანკიც, Mellow Beats, ამ ალბომში მუსიკის და პროფესიონალიზმის ზეიმია. კიდევ რამე დავამატო?!

ფავორიტი კომპოზიციები: “Runnin'*”; “Splash Radar*” “Speak Easy Feat. Rasar Amani”

 

2. Funeral Garden by Levan Shanidze

“Funeral Garden” - შანიძის მეორე სრული ალბომია, რომელიც ახალგაზრდა ქართველი არტისტების საერთო პროექტის Blue Yogurt-ის მუსიკალურ ლეიბლზე გამოიცა. ლევანის ამავე ლეიბლზე გამოსული ადრინდელი ალბომისგან, თუ მისი სხვა ჩანაწერებისგან განსხვავებით, Funeral Garden როგორც მუსიკალურად ასევე კონცეპტუალურადაც სიახლეა მის დისკოგრაფიაში. ცხადია უცვლელია ექსპერიმენტი კლასიკური მუსიკის კომპოზიციასთან, სხვადასხვა მისითვე გამოყვანილი ელექტრონულ ხმების სიმრავლე, აუდიო გამოცდილების მწყობრი დრამატურგია, თუმცა ფორმა, შინაარსი და კონცეფცია შეცვლილია. ეს არის 14 კომპოზიციით გაფორმებული ინგლისურ ენაზე წარმოთქმული აუდიო სპექტაკლი.

ფავორიტი კომპოზიციები: “Fluffy Moppets”; “Users like you”; “Lunchtime Headphone Song”

 

1. MoonG – ცრის

სიის შედგენისას უკვე დანამდვილებით ვიცოდი, რომ ამ ალბომს სხვა ვერცერთი გაუწევდა კონკურენციას. არათუ წლის, მე მგონია, რომ კოლექტივ MoonG-ის გამოჩენა ქართულ სცენაზე  ბოლო ათწლეულის მთავარი მუსიკალური მოვლენაა. დასაწყისში ნახსენები კრიტერიუმებით თუ ვხელმძღვანელობ, მაშინ “ცრის” ნამდვილი ეტალონია ალბომების შეფასებისას. ეტალონი სინამდვილის, უბრალოების, მუსიკალური ხარისხისა თუ ორიგინალურობის. უფრო ვრცლად ამ ალბომზე შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

ფავორიტი კომპოზიციები: “ბარიგა ღორი”; “გოგია” “21 გრამი” “არ ირწმუნო”.