ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

21 კვადრატული მეტრი | ნათია გვიანიშვილი

საქართველოდან 2017 წელს წავედი. სიმართლე გითხრათ, მთელი ეს წელი რას ვაკეთებდი, არ მახსოვს.

მახსოვს ბრაზი, რომელიც არ მთავრდებოდა,

თერაპია, რომელიც უკვე არსებითად არ მშველოდა და გრძნობა, რომ ბეტონის კედელი, რომელსაც, სხვა აქტივისტებთან ერთად, ათი წლის განმავლობაში ვახლიდი თავს, ადგილიდან დაძვრას არ აპირებდა. სტიპენდიაზე განაცხადი სრულ ბურუსში შევავსე. მხოლოდ ის მახსენდება, რომ როცა პასუხი მოვიდა, პეკინზე ფეხით მივდიოდი, თბილისის გაუთავებელ ხმაურსა და დახუთულობაში თავის ტკივილს ვებრძოდი და ვფიქრობდი, რომ, როგორც იქნა, სიჩუმე და ძილი მეღირსებოდა.

ასე წავედი მალმოში, შვედურ-დანიური სერიალი „ხიდი“ იქაა გადაღებული. სიმშვიდე რა იყო, პირველად დიდი ხნის განმავლობაში, მაშინ ვიგრძენი, როცა 21 კვადრატული მეტრის სტუდენტურ ოთახში ვიწექი და ვფიქრობდი, რომ არსად მეჩქარებოდა, არავინ მწერდა და არავინ მირეკავდა. უნივერსიტეტში პირველი ლექციაც საინტერესო იყო – წლების შემდეგ პირველად აღმოვჩნდი გარემოში, სადაც უბრალოდ, სტუდენტი ვიყავი, და არავის ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ ჩემი იდენტობა და გამოცდილებები უნდა განმესხეულებინა, დამეცვა და გამემართლებინა. ამ სივრცეში საკუთარი თავის განმტკიცება იმ პირობებით შემეძლო, რომელსაც მე ავარჩევდი – მეტი კონტროლი მქონდა.

შვედეთში ჩამოსულს, შორს მიმავალი გეგმა არ მქონია, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა ვაკანსია, რომელზეც მცირე ყოყმანის შემდეგ განაცხადი შევიტანე. ერთი მხრივ, საქართველოში დაბრუნება მინდოდა, მეორე მხრივ, საკუთარ თავს იმ სივრცეში ვეღარ ვხედავდი, რომელსაც სამშობლო მთავაზობდა. საბოლოოდ, სამსახურში ამიყვანეს და აქ დავრჩი. გამიმართლა.

სამი წელი გავიდა და პერიოდულად მეკითხებიან, საქართველოში დაბრუნება მინდა თუ არა, და ერთ კონკრეტულ პასუხს დღესაც ვერავის ვცემ.

მიუხედავად იმისა, რომ ახლა თავს გაცილებით უკეთ ვგრძნობ, ემიგრაციაში ზოგადად ბევრი სირთულეა. მე შედარებით პრივილეგირებული მიგრანტი ვარ – პოლიტიკური თავშესაფარი არ მომითხოვია და, შესაბამისად, აქაური მთავრობა, როგორც არასასურველ ბალასტს არ მეპყრობა, მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ბოლომდე ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე. ყველაზე მძიმე ალბათ იმის გაცნობიერებაა, რომ ქვეყანას, რომლის მომავალშიც ჩემი ადგილის გამოთლას წლები ვცდილობდი (და მჯეროდა, რომ ამას მოვახერხებდი), საერთოდ არ ვუნდივარ და არაფერში ვჭირდები. მე და ჩემნაირებს თუ ოჯახი და მშვიდად ცხოვრება გვინდა, სადღაც უნდა წავიდეთ, ან სიცოცხლის ბოლომდე ძალადობის, უმუშევრობის და უსახლკარობის შიშში ვიცხოვროთ.

კიდევ ერთი სირთულე დანაშაულის გრძნობაა. ჩვენი აქტივიზმი დიდწილადაა აწყობილი თავგანწირვისა და სიმამაცის ცნებებზე, ამიტომ, როცა ბრძოლას „თმობ“, თავს დამნაშავედ გრძნობ, რომ შენ გაგიმართლა, სხვებს კი არა, რომ შენ შედარებით მშვიდ გარემოში ცხოვრობ, სხვებს კი იმავე გამოწვევებთან უწევთ ყოველდღიურად შეჭიდება. ამას ისიც ახლავს თან, რომ წლების განმავლობაში აქტიური ჩართულობის და წინა ხაზზე დგომის შემდეგ, უბრალოდ გვერდზე უნდა გაიწიო, ყველაფერს გარედან შეხედო და გაცილებით უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდო სიტყვებს, რასაც ამბობ.

მეორე მხრივ, გვერდზე დგომამ და გარედან ყურებამ საკუთარი გამოცდილებების გაანალიზების საშუალებაც მომცა. გარემოში, სადაც დღეში 24 საათი თავდასხმების მოგერიება გიწევს, ძალიან რთულია, რეფლექსიისთვის დრო და რესურსი გამონახო და იმ მანკიერი წრეებიდან ამოხვიდე, რომელშიც უნებლიეთ ხვდები. ჩემთვის ერთი ასეთი მანკიერი წრე 17 მაისი იყო. 2012 წლიდან მოყოლებული, 17 მაისის დემონსტრაციებსა და მათი ჩატარების მცდელობებს, პირადად ჩემთვის ტკივილის, იმედგაცრუებისა და სასოწარკვეთის მეტი არაფერი მოუტანია. მიუხედავად ამისა, წლიდან წლამდე იმავე წრეზე ვტრიალებდი, ჯიუტად და დაჟინებით ალბათ უფრო იმიტომ, რომ როცა ვიღაცა წიხლით გდგება ზედ, მიწიდან ადგომა პრინციპისა და ღირსების საქმე უფროა, ვიდრე გათვლა, რომ კონკრეტულ შედეგს მოგიტანს. როცა საჯარო სივრცეში ადგილი, რომელიც ისედაც ცოტა გაქვს, ხელიდან ძალადობით გამოგგლიჯეს, რთულია გაჩერდე და ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანო.

არაა გასაკვირი, რომ 17 მაისისთვის ბრძოლას საკმაოდ ბევრი რამ შეეწირა. რესურსები, ურთიერთობები, ნდობა, რამაც ზოგად გადაღლილობასა და უძლურების განცდასთან ერთად, საკუთარი თემისგან შედარებით იზოლაციამდე მიმიყვანა ჯერ კიდევ მაშინ, სანამ საქართველოდან წავიდოდი. თემის დაკარგვის მთელი სიმძიმე, უკვე აქ ვიგრძენი გამოძინებულმა და შედარებით დასვენებულმა. ამას როცა ვამბობ, მპასუხობენ – მეგობრები ხომ გყავსო, მაგრამ თემი გაცილებით უფრო მეტია. ჩვენ ვართ ადამიანები, რომელთა უმეტესობასაც ოჯახსა და უახლოეს სოციალურ გარემოში მხარდაჭერა არ აქვს, უფრო მეტიც – ის, რაც სხვებისთვის მხარდაჭერის სისტემას წარმოადგენს, ჩვენთვის პირდაპირი ძალადობის წყაროა ხოლმე. თემი შეძენილი ოჯახივითაა, სადაც შეიძლება ყველას არ იცნობდე, მაგრამ მაინც იცი, რომ ეკუთვნი და უსაფრთხოდ ხარ.

ამ ყველაფერზე საუბარი ჯერ კიდევ მიჭირს, რაც ალბათ ამ ტექსტში საკმაოდ ფრაგმენტულ აზრებსაც ეტყობა, მაგრამ ჩემთვის საუბრის დაწყება, ენისა და სიტყვების ხელახლა პოვნა ძალიან მნიშვნელოვანია. მნიშვნელოვანია მადლიერების გამოხატვა თემის მიმართ, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში მასაზრდოებდა და მე ამას ბოლოს ვერც კი ვამჩნევდი. მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ მედიაში პოპულარული სისხლიანი ნარატივები, ჩვენი რეალობის მხოლოდ ერთი მხარეა. მეორე მხარე ჩვენი გამძლეობა და ძალაა, ერთმანეთის მხარდაჭერა და დახმარების აღმოჩენის მზაობა, რომელიც თავს გვატანინებს – ყველაზე მძიმე დროსაც კი.


ტექსტი: ნათია გვიანიშვილი
ფოტო: მანო სვანიძე