ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ადამიანი-ავსულები საქართველოს შემზარავ ქალაქებში | თამთა ხალვაში, პოლ მენინგი



(მზადდება გამოსაცემად 2022). Human Devils: Affects and Specters of Alterity in Eerie Cities of Georgia. In: Martin Demant Frederiksen and Ida Harboe (ed.): Modern Folk Devils: Contemporary Constructions of Evil. Helsinki University Press. (ადაპტირებული ვერსია)


ელექტრობის შემოსვლისა და მოდერნული ეპოქის დადგომისთანავე ავსულებსა და მოჩვენებებს ნაადრევად მიაყარეს მიწა. მაგრამ ისინი ისევ გამოჩნდნენ – მას შემდეგ, რაც დერიდას „მარქსის აჩრდილებით“ (1994) შთაგონებულმა როჯერ ლაქჰერსტმა „აჩრდილთა დაბრუნება“ (2002) გვაუწყა; გამოჩნდნენ თეორეტიკოსთა ნაშრომებში, განსაკუთრებით კი ურბანულ კვლევებში. ტრადიციული მოჩვენებებისგან განსხვავებით, მათ, ჩვეულებრივ, მეტაფორულ სულებად განიხილავენ – რაღაც ისეთად, რაც ჰეგელიანურ სულთან (კაპიტალიზმის მსგავს) უხილავ ძალასთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ფოლკლორში შემორჩენილ არსებებთან, ბუნების ცხოველმყოფელ ძალას რომ განასახიერებენ. ამდენად, მათი ადევნება თუ მათთვის ჩვეული სხვა ქმედებები მეტად აბსტრაქტულია, განზოგადებული ხასიათისა – ყოველგვარი სახის საცხოვრებლის, არსებობის ან მასშტაბური ურბანული გეგმის არევ-დარევა რომ შეიძლება გამოიწვიონ. მოჩვენება, რომელიც ისედაც გაურკვეველი სახის ერთგვარ აჩრდილად გვევლინება, „აჩრდილებრივი მოდერნულობის“ (ლაქჰერსტი 2002, 528) დამზაფრავ ფიგურამდე დაიყვანება. აჩრდილებრივი მოდერნულობა კი იმ ხანას გულისხმობს, როცა „დროში რაღაც მოიშალა“ და განდევნილნი შემაშფოთებლად ბრუნდებიან, ბრუნდებიან და მოსვენებას გვიკარგავენ თავიანთი არსებობით და, ამავე დროს, არარსებობითაც. მათ შეიძლება ქალაქის ყოველ კუნჭულში გადავეყაროთ, ერთგვარი კავშირი დავინახოთ მათი ქმედებების თანმხლებ შემზარავ აფექტებსა და ცალკეულ ადგილებს შორის. ქალაქებში ავსულები და აჩრდილები თავიანთ ტრადიციულ და ფოლკლორულ ფორმებშიც გვევლინებიან. ისინი სოციალური თუ ფიზიკური სტრუქტურების ცვლილებისას გამოჩნდებიან ხოლმე და მღელვარებას, აწმყოთი დაეჭვებას იწვევენ.

ამიტომ საქართველოს ქალაქების მკვიდრი ავსულები, თავად ამ ქალაქების მსგავსად, პირდაპირი მნიშვნელობითაც გზარავენ, რადგან ისინი ერთდროულად კონკრეტულებიც არიან და მეტაფორულებიც. თუმცა, ეთნოგრაფიული კვლევებიდან ჩვენ ბევრი არაფერი ვიცით ფოლკლორიდან ცნობილ იმ ავსულებზე, რომლებიც ქალაქში გადმობარგდნენ და ადამიანური განსხვავებულობის გამომხატველ ფიგურებად მოგვევლინენ. როგორც ადამიანი-ავსულები, ისინიც საქართველოს ქალაქების მსგავს აფექტებს წარმოქმნიან, ქალაქებისა, რომელთაგან ზოგი ცარიელია, ზოგი ნახევრად აშენებული, ზოგიც სულაც ჩამონგრეული (ხალვაში 2019). მოჩვენებები, ჩვეულებრივ, ისინი არიან, ვინც ერთ დროს ადამიანები იყვნენ და მერე აჩრდილებად იქცნენ. თუმცა, ქართველი ავსულები არც არასდროს ყოფილან ადამიანები. ისინი თავიდანვე ავსულები იყვნენ, მაგრამ ურბანიზაციისა და მოდერნიზაციის პროცესში მათი აღმნიშვნელი სიტყვები ჟარგონებად იქცა და იმ უცნაურ ადამიანებს დაერქვა სახელად, რომლებიც მოულოდნელმა ურბანულმა ცვლილებებმა გააჩინა. ამ აზრით, ქართველი ავსულები სრულიად განსხვავდებიან დასავლელი მოჩვენებებისაგან – ერთ დღეს ისინი შეიძლება ადამიანებად მოგვევლინონ.

აჩრდილებრივი მოდერნულობის საფუძველი ის შემზარავი შეგრძნებებია, რომლებიც ცალკეულ ქალაქურ სივრცეებში ჩნდება. მარკ ფიშერის მიხედვით, თუ დამზაფრავი (uncanny) ის არის, რასაც „არასწორ ადგილას ვხედავთ“, შემზარავი (eerie) – თავად ადგილია (ფიშერი 2016). ეს განცდა ყოველთვის გარკვეულ ადგილებსა თუ ლანდშაფტებს უკავშირდება: „ცარიელი ლანდშაფტები, მიტოვებული ნაგებობები, ნანგრევები შემზარავია. რაღაც მოძრაობს ამ თვალსაჩინოდ დაცარიელებულ ადგილებში, რაც ადამიანისგან დამოუკიდებლად არსებობს – რაღაც ფარული და ბუნდოვანი“ (ლაქჰერსტი 2017). ამგვარად, სოფლური თავშესაფრებიდან ცარიელ, დაუმთავრებელ თუ დანგრეულ ურბანულ სივრცეებში გადმოსახლებული, ადამიანებად ქცეული ავსულები და ის ქალაქები, სადაც ისინი გვხვდებიან, შემზარავად, ბნელით მოცულად აღიქმებიან; იმას გვაჩვენებენ, რაც შემაშფოთებელია, რაც შეცვლილი, დანგრეული, უცხო, უცნაურ ადგილად გადაქცეული ურბანული სივრცეების მორალურ პირობებს უკავშირდება. ამდენად, ტრადიციული თქმულებების სულები სულაც არ არიან ყავლგასულნი მოდერნულ ეპოქაში. პირიქით, ისინი სრულიად ახლებურ, რასაკვირველია, მოდერნულ, ურბანულ შფოთს გამოხატავენ ნგრევისა თუ უბრალოდ უმოწყალო სოციალური და პოლიტიკური ცვლილებების მიმართ. 

ქართველი ავსულები ქალაქებში განსხვავებულობის თანამედროვე აჩრდილები არიან. ისინი ურბანული დასახლებების მუდმივი მკვიდრნი ხდებიან, ტყეების ბილიკებიდან ქალაქების ქუჩებში ინაცვლებენ და თავიანთი სხვაგვარობით გამოწვეულ ხანგრძლივი შფოთვის განცდას აჩენენ. ამიტომ ქართველი ავსულები, კალიფორნიელი აჩრდილებისგან, როგორიცაა ავტოსტოპით მოგზაური უჩინარი ქალი, განსხვავებით, მოხეტიალენი არ არიან – ისინი ურბანულ თუ ნახევრად ურბანულ დასახლებებში სამუდამოდ მკვიდრდებიან. ადამიანი-ავსულები თანამედროვე, თუმცა ხშირად დანგრეულ ინფრასტრუქტურას არჩევენ, მაგრამ მათი არსებობა განსაკუთრებით მძაფრად პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის დროს იგრძნობა.

ამ სტატიაში ჩვენ სამგვარი სახის ავსულებს განვიხილავთ: ქაჯებს, ერთგვარ რქიან დემონებს, რომლებიც ოდესღაც სოფლების სიახლოვეს, უდაბურ ადგილებში, ნანგრევებში მკვიდრობდნენ, ახლა კი იმ ქალაქების უცნობი, შემზარავი ასპექტების მეტაფორად იქცნენ, რომლებიც სწრაფად შეიცვალნენ სოციალიზმის დასრულებისთანავე; ასევე, დედჯალებსა და უჟმურებს – უფრო მეტად დასავლეთ საქართველოში მცხოვრებ, რუსული კოლონიალიზმისა და საბჭოთა მოდერნულობის პროექტებთან დაკავშირებულ ავსულებს, რომლებიც ცვალებად მოდერნულ ურბანულ დროებაში ჩნდებიან და გზარავენ.

ქაჯები აუშენებელ ქალაქში

შარშან ანაკლიაში ვიყავით, დასავლეთ საქართველოში, შავის ზღვის პირას მდებარე პატარა სოფელში, აფხაზეთის „საზღვართან“. ერთ დროს ანაკლია პატარა, მაგრამ კარგად გამაგრებული ნავსადგური და სავაჭრო ზონა იყო, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ხანაში კი მისი მნიშვნელობა აშკარად შემცირდა. არცთუ დიდი ხნის წინ სოფელი სახელმწიფოს ამბიციური გეგმის ნაწილი გახდა – აქ მსოფლიო მნიშვნელობის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება განიზრახეს, რომელსაც აზია და ევროპა ერთმანეთთან უნდა დაეკავშირებინა. 2011 წელს საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ახალი დიდი დასახლება, უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ჰაბი – ლაზიკა უნდა აშენებულიყო. ევროპასთან დაახლოებისკენ ამ სწრაფვას შედეგად ის მოჰყვებოდა, რომ რუსეთის მიერ გაკონტროლებულ აფხაზეთის „საზღვართან“ ანაკლია ერთგვარ პოსტმოდერნულ ურბანულ უტოპიად გადაიქცეოდა. 2012 წელს არჩევნებში სააკაშვილის პარტიის დამარცხების შემდეგ, ახალმა პრემიერ-მინისტრმა, ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა ეს პროექტი ჯერ შეაჩერა, შემდეგ კი მთავრობამ მსგავსი პროექტი წარმოადგინა, სახელწოდებით „ანაკლია“. შავი ზღვის სანაპიროზე მთელი სასოფლო დასახლება დაანგრიეს, რათა ადგილი გაეთავისუფლებინათ ღრმაწყლოვანი პორტისათვის, თუმცა პროექტი ისევ შეჩერებულია – ამჯერად ახალი პოლიტიკური ბრძოლებისა და გეოპოლიტიკურ ინტერესთა კონფლიქტის გამო. ამდენად, დღეს ანაკლია დამზაფრავი ადგილია, შენობები და პორტის ინფრასტრუქტურა ისევ ცარიელი ან დაუმთავრებელია. სოფლურ და ქალაქურ წესრიგს (უწესრიგობას), წარსულისა და მომავლის სურათებს შორის მოქცეული ანაკლია მართლაც გამორჩეული ადგილია აჩრდილების შესასწავლად.

ერთ-ერთ კაფეში სამოც წელს გადაცილებულმა მეგრელმა ქალმა გვითხრა, რომ ადამიანის სახიანი ქაჯები ხშირად ჩამოდიან აჭარიდან, სადაც ქვეყნის მუსლიმი მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს. შეშფოთებას ვერ მალავდა, როცა მათ აღგვიწერდა – ქაჯებს პატარა რქებითა და გრძელი წვერით, რომლებიც ანაკლიის „თურქულ უბანში“ პანაშვიდებს ატარებდნენ ლაზური წარმოშობის ადგილობრივ მუსლიმებში. აშკარა იყო, რომ ქაჯები დასავლეთ საქართველოს ფოლკლორიდან ცნობილ სულებსა თუ მოჩვენებებს კი არ წარმოადგენდნენ, არამედ ნამდვილ არსებებს, ადამიან-ავსულებს, რომლებიც მუსლიმები იყვნენ, უფრო სწორად – მუსლიმები თავად იყვნენ ქაჯები. ავსულის ნიშან-თვისებებით შემკობილი მუსლიმის სახე ანაკლიაში ადამიანურობის ნაკლებობაზე მიუთითებდა, რამდენადაც ადამიანურობა იმგვარ მორალურ პირობად ქცეულიყო, სადაც მუსლიმისთვის ადგილი აღარ რჩებოდა. ამგვარად, ის მხოლოდ მოჩვენებად თუ გამოეცხადებოდათ, ავსულის განსხეულებად, რაღაც ისეთად, რაც არასდროს არის ბოლომდე ადამიანური. ქალი მეტად დამწუხრებული ჩანდა, როცა მუსლიმებს ქაჯებად გვიხატავდა, რამაც გაგვახსენა, რომ შემზარავად ხშირად მოჩანს რაღაც ისეთი, რაც ადამიანებს მხოლოდ წარმოსახვითი ეგონათ და უცებ საკუთარი თვალით იხილეს. ამ ქალისთვისაც მითიური ქაჯები სოფლის წარმოსახვის ნაწილი იყო, ახლა კი ისინი ადამიანების სახით გამოეცხადნენ. ეშინოდა – წარმოდგენა არ ჰქონდა, რისი ნიშანი უნდა ყოფილიყო მათი გამოჩენა აუშენებელ ქალაქში. თანამედროვეობასა და ტრადიციას, ურბანულ და სოფლურ სივრცეებს შორის გამოკიდებული მუსლიმები, როგორც ქაჯები, შეშფოთების განცდას იწვევდნენ, რადგან ბოლომდე მოდერნულნი არ იყვნენ. 

ლეგენდარული ქაჯები ანთროპომორფული არსებები არიან, უმთავრესად რქიანი ავსულები, რომლებიც საქართველოს სოფლების სიახლოვეს ბინადრობენ სხვა ფანტასტიკურ არსებებთან, პაწაწინა ჭინკებსა და ნიმფისებრ ალებთან ერთად. ეს ლეგენდარული არსებები ადამიანური საზოგადოებების სქესისა და ასაკის ანტიმოდელია, მათი შემოტრიალებაა – ალი ახალგაზრდა ქალწულია; ჭინკა ბავშვია; ხოლო ქაჯები ყველა ასაკისა და სქესის შეიძლება იყვნენ. მაშინ, როცა ჭინკა და ალი უმთავრესად უსახლკარო სულები არიან (შეიძლება მოიშინაურო კიდეც), ქაჯების შემზარავი ადამიანურობა იმით გამოიხატება, რომ მათ სახლები და სოფლები აქვთ, გამოქვაბულებსა თუ ნანგრევებში ცხოვრობენ, მიტოვებულ ნასახლარებში და გზებზე. და რადგან ქაჯი თავს არიდებს ადამიანის საცხოვრებელ სივრცეს, მას ვერ მოიშინაურებ, თუნდაც დაჭერა მოახერხო.

ამდენად, ქაჯი, ალისა და ჭინკისგან განსხვავებით, სრულიად უცხო რჩება. ის რადიკალურად სხვაა. თუმცა, ის მაინც ყველაზე სოციალურია ავსულებს შორის, რადგან ქაჯს ადამიანის მსგავსად შეუძლია სექსუალური რეპროდუქცია და ცვლილება. პარადოქსულია, მაგრამ ქაჯები, რომლებიც სოციალურად ყველაზე დაშორებულები არიან ადამიანებს და პოტენციურად ყველაზე სასტიკები და აგრესიულებიც, ყველაზე მეტად ჰგვანან მათ. ამიტომ ლეგენდარული ქაჯი ნაკლებად გვხვდება ისეთ მონათხრობებში, სადაც მას გზაზე ან ტყეში შეიძლება გადაეყარო. მისგან განსხვავებით, „ჟარგონული ქაჯი“ ნამდვილ ადამიანად გვევლინება. ის ფანტასტიკური ანთროპომორფული არსება აღარ არის, არამედ უფრო ცხად ასოციაციებსაც აჩენს ადამიანობასთან, ვიდრე მისი მითოლოგიური ორეული. მას მხოლოდ ქალაქში თუ იპოვი – სოფლის სიახლოვეს აღარაფერი დარჩენია. ასეთ ქაჯებს ფოლკლორულ მონათხრობებში ცნობილ არსებათა ჩამონათვალშიც ვერ ნახავ – თავი უფრო ჟარგონის ლექსიკონში დაუმკვიდრებიათ (ბრეგაძე 2005). აქ კი, ქაჯის გვერდით სულ სხვაგვარი არსებები გვხვდებიან – გოიმები, რქიანები, ჯიხვები... „რქიანი ქაჯი“ – ასეც ხშირად ამბობენ ხოლმე. ამ დამამცირებელი აზრით, ქაჯს ურბანული ცივილიზებული ქცევის წესების არცოდნა განსაზღვრავს, ან მათი უგულებელყოფა. რასაკვირველია, მიღებული სოციალური ნორმების უპატივცემულობა თუ მათდამი ერთგვარი აგრესიაც კი, როგორც რეალურ, ისე მეტაფორულ ქაჯს ახასიათებს. ქაჯი ყოველთვის უადგილო ადგილასაა – ისაა, ვინც უმთავრესი სოციალური საზღვარი დაარღვია.

ქალაქში ორგვარი ქაჯები არიან. პირველი – ისაა, ვინც სოფლისა და ქალაქის გამყოფი საზღვარი ისე გადაკვეთა, რომ ქცევა შესაბამისად არ შეუცვლია. სოციალიზმი დიდხანს ზღუდავდა სოფლის მცხოვრებლების ქალაქში დასახლებას, ამ შეზღუდვების გაუქმებამ კი ის გამოიწვია, რომ სოფლის მოსახლეობა ერთიანად მიაწყდა ქალაქს. მათი რიცხვი საგანგაშოდ მოჩანდა, რადგან ქალაქის კულტურულ გარემოს ცვლიდა – „დიდ სოფლად აქცევდა“. მეორე ტიპის ქაჯი ახალი ელიტის წარმომადგენელია, ნუვორიში, რომლის მოძრაობაც სოციალურ სივრცეში ასევე სოციალიზმის დასასრულმა გახადა შესაძლებელი. ბოლო დროს ქაჯებად იმ უცხოელებსაც მოიხსენიებენ ხოლმე, თბილისს რომ შემოეჩვივნენ და უძრავ ქონებას ყიდულობენ. ანაკლიის ქაჯების მსგავსად, თურქებს, ირანელებსა და არაბული ქვეყნებიდან ჩამოსულებს სრულიად უცხოებად მიიჩნევენ. ქალაქისთვის უცნობი არსებები სოფლის ფოლკლორულ ქაჯებს იმით ჰგვანან, რომ მათი მოშინაურება შეუძლებელია უბრალოდ თმის შეჭრით, ფრჩხილების დაჭრითა თუ თავის დაბანით... ამგვარად, ქაჯი – პარადოქსულად, – ძალიან „მოდერნულია“. მოულოდნელი პოლიტიკური და ეკონომიკური ცვლილებებით გამოწვეულ ყოველ ახალ კრიზისთან ერთად ქალაქში ახლებური სახის ქაჯი იბადება.

მართალია, ქაჯები, როგორც გარიყულები, უმთავრესად ურბანული საქართველოს ყოველდღიურ მეტყველებასა და ნარატივებში ჩნდებიან, მაგრამ „იქ არ რჩებიან“ – ისინი მედიისა და პოლიტიკის ყურადღების არეში ხვდებიან. საქართველოს ახლანდელმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, წლების წინ, ოპოზიციის მიტინგზე გამოსვლისას თავის მომხრეებს ასე მიმართა: „ქაჯები არ მოდიან, ისინი მიდიან“. ის მმართველ პარტიას – „ნაციონალურ მოძრაობას“ გულისხმობდა, რომლის წევრებსაც ქართული პოლიტიკის ქაჯებად რაცხდა. მისი სიტყვები მედიამ აიტაცა და მას შემდეგ ქაჯებს უფრო ხშირად ახსენებენ პოლიტიკური ბრძოლებისა თუ ურბანული პროტესტების დროს. ამდენად, ქაჯები არა მხოლოდ მოდიან, არამედ დიდი რაოდენობით მოდიან. ასეთ დროს კი, მეტად მნიშვნელოვანია ეს განცდა – რომ ისინი მხოლოდ აგრესიულები კი არ არიან, არამედ ურიცხვნიც, რადგან მთელ ქალაქში მათი აუხსნელი ყოფნის გამოა, რომ ქალაქი უცნაურად, უცხოდ, უდაბურად და შემზარავად მოჩანს. 


(პოსტ)კოლონიურობის აჩრდილები

საქართველოში სულებთან დაკავშირებულ ტროპულ მეტყველებას დიდი ისტორია აქვს. არსებითია კავშირების დაძებნა ძველ და ახალ აჩრდილებს შორის, რათა იმ ადამიანების აჩრდილებთან დაკავშირებული წარმოსახვებიც ვიცოდეთ, რომელთაც მუსლიმ ქაჯებად მიიჩნევენ. თუ ანაკლიაში ქაჯები აჭარიდან ჩამოდიან, თავად აჭარა მრავალრიცხოვანი ადამიანი-ავსულების ხელშია. ისინი რეგიონში კოლონიური კონფიგურაციების მატერიალურობაზე მიგვითითებენ, ფარდას ხდიან წარსულის განგრძობადობას და მათ შედეგს გვიჩვენებენ. რა თქმა უნდა, აჭარაში სხვაგვარობა მჭიდროდ უკავშირდება აჩრდილებს, რომლებიც რუსეთისა და ოსმალეთის კოლონიურ ისტორიებში ჩამალულან. ამ აზრით, ქრისტიანების დემონურ მოჩვენებებად და თურქების ეშმაკებად შერაცხვას მოცემული ადგილის კოლონიური ისტორიების ახლებურად გადააზრება შეუძლია, მაშინაც კი, თუ სინამდვილე უკვე „პოსტკოლონიურად“ ხასიათდება. ამგვარად, ჩანს, რომ აჭარაში მოჩვენებებს არა მხოლოდ მორალურობა ახასიათებთ, არამედ პოლიტიკური მისწრაფებებიც, რაც მუდმივად გვახსენებს აჩრდილოვან ისტორიასა და მის კვალს აწმყოში (სტოლერი 2006).

დასავლეთ საქართველოში, როგორც რუსეთისა და ოსმალეთის კოლონიაში, სასაზღვრო ზოლების ცვლილებებმა დიდი დაღი დაასვა ადგილობრივ მუსლიმთა ცხოვრებას. რუსეთის იმპერია კოლონიური დასახლებებისა და ურბანული ინფრასტრუქტურის გასაძლიერებლად ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებისათვის გამოსადეგ მიწებს ართმევდა და ხალხს გარემოს კონტროლის საშუალებას არ აძლევდა. მუსლიმი გლეხები და თავადაზნაურობა წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის იმპერიულ ჩანაფიქრს – სივრცობრივ ტრანსფორმაციებსა და უსამართლო სოციალურ დაყოფას, რაც უფრო მეტი ავტონომიურობისკენ ლტოლვას აძლიერებდა (თურმანიძე 2009). ამ ისტორიებმა კვალი დედჯალის მითებისა და ლეგენდების სახით დატოვა მე-19 და მე-20 საუკუნეებისათვის დამახასიათებელ აზროვნებასა თუ წარმოსახვაში. თუ ქაჯები მუსლიმების სხვაგვარობის გამომხატველ ფიგურებად იქცნენ ანაკლიაში, ეს უკანასკნელნი, თავის მხრივ, ქრისტიანებს დედჯალებად რაცხდნენ – ერთგვარ დემონებად, რომლებსაც შეეძლოთ საფრთხე შეექმნათ მათი ცხოვრებისათვის. დედჯალი ვეება ურჩხულია, ხვეული წითელი თმითა და ფართო შუბლით, რომელიც ზღვის ფსკერზეა დაბმული (შიოშვილი 2010, მგელაძე 2010/2011). ასე რომ არ იყოს, ის სამყაროს გაანადგურებდა. ერთი გადმოცემის თანახმად, დედჯალი ქრისტიანია და შეუძლია, რომ ადამიანი თავის რწმენაზე მოაქციოს – დარწმუნებითა თუ მოტყუებით; თუ ვერ დაარწმუნებს, მაშინ ხმლით თავს გააგდებინებს (შიოშვილი 2010, 53). როგორც ქრისტიან დემონს, დედჯალს ძალა შესწევს, ცხოვრების ჩვეული მდინარება გააცამტვეროს და რწმენის შეცვლით ადამიანთა სულები დაამახინჯოს. ამგვარად, რუსეთის იმპერიის მხრიდან ახალი ცივილიზაციის გავრცელების მცდელობები არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ სულიერ დანაკარგადაც აღიქმებოდა.

დედჯალის მითოლოგიაში სულები მხოლოდ „ტრადიციული“ ფორმით არ არიან წარმოდგენილნი, რაც აჩრდილების სულების სამყაროსთან მიკუთვნებას გულისხმობს. დედჯალის აჩრდილოვანმა წარმოსახვებმა უფრო „თანამედროვე“ ფორმებიც მიიღეს, რადგანაც ისინი იმპერიის, ინფრასტრუქტურის, ქრისტიანობისა და ომის მნიშვნელობებთანაც გათანაბრდნენ. ამგვარად გაგებული დედჯალი იმპერიის სუბიექტების დემონური პოტენციალის ერთგვარი განსხეულებაა, რომელიც ყველა იმპერიულ სუბიექტს ახასიათებს. ამიტომ საფრთხე არა მხოლოდ რუსებისგან, არამედ ქართველი ქრისტიანებისგანაც მოდის, რომლებსაც მუსლიმები რუსული კოლონიური რეჟიმის განსახიერებად აღიქვამენ. დედჯალი იმპერიული განძარცვისა და მისგან გამოწვეული შიშის გამომხატველი არსებაა, რომელიც ცხადყოფს მუსლიმების გაუცხოებას რუსეთის იმპერიის ცივილიზაციური სამუშაოების მიმართ მათ ტერიტორიაზე. კოლონიური ცივილიზაციის დისკურსებმა და კოლონიური ინფრასტრუქტურის მატერიალურობამ ერთად განაპირობა ამგვარი სახის ხედვები და დაყოფები, ადამიანურისა და არაადამიანურის განმასხავავებელი ნიშნებით. 

ბათუმის თანამედროვე ავსულები იმ ძველი, კოლონიური ეპოქისათვის დამახასიათებელი განძარცვისა და სხვაგვარობის აჩრდილოვან ფორმებს ერწყმიან და მათნაირად მოქმედებენ. თუ დედჯალი ურჩხული იყო, რომელიც რუსული კოლონიალიზმით განპირობებულ შიშს გამოხატავდა, ახლა ეშმაკი იქცა იმ შფოთვის გამომხატველად, რომელსაც ქალაქში თურქეთის ეკონომიკური ძალაუფლების გაცნობიერება იწვევს. რასაკვირველია, თანამედროვე აჭარაში კოლონიალიზმს ისევ აქვს განძარცვისა და მითვისების სახე. პოსტსოციალისტური ნეოლიბერალური ცვლილებების ხანაში ჩამორთმევა ერთგვარ „პოლიტიკურ ლოგიკად“ გადაიქცა, სადაც კოლონიური და პოსტკოლონიური განძარცვის მეთოდები ერთმანეთშია გადახლართული და შფოთვების მთელი წყება ახლავს თან. მართლაც, მასობრივი უმუშევრობის ფონზე ფინანსური ინსტიტუტების ზრდამ შედეგად ის მოიტანა, რომ ბათუმში არაერთი მობინადრე გაასახლეს საკუთარი სახლიდან. ქონების დაკარგვამ კი ბუნებრივად შეუწყო ხელი ახალი ნარატივების გაჩენას, რომლებიც თავად ადამიანის სულიერების დაკარგვას დაუკავშირდა. მათთვის, ვინც ფული ისესხა თურქი მევახშეებისა თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისაგან, თურქები ეშმაკებად ან პირდაპირ არაადამიანებად იქცნენ. და მხოლოდ თურქები კი არ აღმოჩნდნენ ავსულები, არამედ მათი ქართველი პარტნიორებიც. ამ შემთხვევაში, კლასიკური დაყოფა – დამპყრობელი და დაპყრობილი, მოძალადე და მსხვერპლი, რომელიც კოლონიური გამოცდილების საფუძვლად გვევლინება, აღარ მოქმედებს. ავსულები იქაც არიან და აქაც, შიგნითაც და გარეთაც, რადგან ადამიანობისა აღარაფერი შერჩენიათ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადამიან-ავსულებში ადამიანის ნიშნები აღარ შეინიშნება.


უხასიათობის აჩრდილები

ამგვარად, საქართველოში ზოგიერთი ავსული და მოჩვენება არა მხოლოდ კოლონიური, არამედ პოსტკოლონიური მოდერნული პროექტების შუაგულშიც მოექცა. ამიტომაც სხვადასხვა მოდერნულ პროექტში ისინი ხშირად განდევნის ობიექტები ხდებიან – ხელი რომ არ შეუშალონ ისტორიულ გადასვლას რელიგიურიდან სეკულარულისაკენ, არარაციონალურიდან რაციონალურისაკენ, ან ტრადიციულიდან მოდერნულისაკენ. საქართველოში საბჭოთა და პოსტსაბჭოთა მოდერნული პროექტები სწორედ ამ მცდელობების გამომხატველია, რადგან ისინი ძირითადად დაკავებულნი არიან წარსულის მოჩვენებათა უმნიშვნელოდ ქცევით ან მათი გარიყვით. მიუხედავად ამისა, გამქრალი სულები მაინც ახერხებენ ხელახლა გამოჩენას, შემზარავი აჩრდილებისა თუ ნამდვილი ადამიანების, ისევე როგორც ნეგატიური განწყობების, ატმოსფეროებისა და აფექტების სახით (გორდონი 2008).   

სწორედ საბჭოთა მოდერნულობის სახელით მიმართავდნენ ყველაზე შემზღუდველ პოლიტიკას მოჩვენებების განსადევნად. მართლაც, ადგილობრივების წარმოჩენა გულუბრყვილო ცრუმორწმუნეებად – ისეთებად, მაგალითად, უჟმურის არსებობა რომ სჯერათ – მიუთითებს, რომ აჩრდილების განდევნა და გარიყვა არსებითი იყო საბჭოთა მოდერნული პროექტისათვის, რადგან ისინი ხელს უშლიდნენ საბჭოთა ცხოვრების სწორხაზოვან მდინარებას. ზოგიერთი გადმოცემით, უჟმურები ჭაობებში, ხიდების ქვეშ ან სამრეწველო ნანგრევებში ცხოვრობენ, ბოროტი სულები არიან და უმთავრესად ბავშვებსა და ორსულებს აედევნებიან ხოლმე. ჯინების მსგავსად, უხილავის სფეროს ეკუთვნიან, რადგან ადამიანის თვალისათვის შეუმჩნეველნი რჩებიან. მათ, ვისაც უჟმური აეკიდება, შეულოცავენ ხოლმე – ავი სულის განსადევნად. მართალია, სოფლური წარმოშობისა არიან, მაგრამ უჟმურები ურბანულ სივრცეებშიც ბინადრობენ. მათ შეიძლება ავადმყოფობა ან სულაც გამიზეზება გამოიწვიონ. ამიტომაც უწოდებენ ცუდი ხასიათის მქონე ადამიანებს უჟმურებს. ამგვარად, უჟმურები შეიძლება რეალური, ხორცშესხმული არსებებიც აღმოჩნდნენ.

ქართველი საბჭოთა ეთნოგრაფების მიერ აღწერილი უჟმურების ადევნება და მათგან განკურნება ნათლად გვიჩვენებს დაპირისპირებას იმ ეპოქისათვის დამახასიათებელ სეკულარულ და რელიგიურ მსოფლმხედველობებს შორის (ნოღაიდელი 1935). ამ სულებს წარსულის გადმონაშთად მიიჩნევდნენ, რომლის ფესვებიც მოძველებულ ტრადიციებსა და ცრურწმენაში ეგულებოდათ, რაც ძირს უთხრიდა საბჭოთა ცხოვრების წესს. ასეთმა შეხედულებებმა ფაქტობრივად განდევნა სულების რწმენა და ოკულტური ტრადიციები, და სირცხვილის განუწყვეტელ მიზეზადაც კი იქცა, რასაც საკუთარი სხვაგვარობის გაცნობიერება განაპირობებდა. ამდენად, გასაკვირი არ არის, რომ დღეს უკიდურესად განსხვავებული დამოკიდებულებები არსებობს ამგვარი ტრადიციების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ სულების შემზარაობის ჯერ კიდევ სჯერათ.

1934 წელს ქართველი რეჟისორის, ნუცა ღოღობერიძის მიერ გადაღებული ფილმი „უჟმური“ ერთგვარი მცდელობაა უჟმურთა შესახებ აჩრდილებრივი ნარატივის გადმოცემისა და ჩამორჩენილთა ცრურწმენასთან მისი დაკავშირებისა. სიუჟეტის მიხედვით, სამეგრელოში მდებარე უჟმურის დიდი ველი მწვანე დედოფალ გომბეშოს საცხოვრისია. საბჭოთა მთავრობა, ინდუსტრიალიზაციის სახელით, ველზე არხის გაყვანას გადაწყვეტს, რასაც სოფლელები ეწინააღმდეგებიან, ერთ-ერთი მიზეზი კი აქ დაბუდებული ავსულის რწმენაა. ფილმში მეგრელი გლეხები კომუნისტების მეტოქეები არიან; იმ წინააღმდეგობას განასახიერებენ, საბჭოთა მთავრობისათვის მიწის გადაცემას რომ ახლავს. გლეხები ირაციონალურ ფიგურებად და კლასობრივ მტრებად არიან დასახული, რომლებიც მოდერნიზაციის მარქსისტულ-ლენინისტურ პროექტს უპირისპირდებიან. ამიტომაც არად ჩააგდებენ კომუნისტები სოფლის მოსახლეობის სადარდებელს – უჟმურების ველიაო, შევლენ და კინაღამ ჭაობში დაიხრჩობიან, თუმცა მათ სხვა კომუნისტები გადაარჩენენ. ფილმმა მრავალი ცენზორის ხელში გაიარა, რეჟისორი კი მოგვიანებით რუსულ არქტიკაზე, საკონცენტრაციო ბანაკში მოხვდა. დამდგმელი მხატვარი პეტრე ოცხელი კი სტალინურ წმენდას შეეწირა. ასე რომ, საბჭოთა მთავრობამ ფილმის შემქმნელები სამეგრელოს ველებზე მობინადრე უჟმურებივით უჩინარ და იდუმალ არსებებად აქცია.

1990-იან წლებში სოციალიზმის მოულოდნელ ნგრევასთან ერთად, უჟმური, როგორც უხასიათობის ნიშანი, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. ადამიანები, რომლებსაც უჟმური აჰყვებოდათ ხოლმე, უცებ თავად იქცნენ უჟმურებად. თანამედროვე ურბანულ ჟარგონზე ეს სიტყვა ცრურწმენის ობიექტს კი აღარ აღწერს, არამედ ისეთ ადამიანს, ვინც უჟმურს ჰგავს და საკუთარი მომწამვლელი ხასიათით შეუძლია მოშხამოს გარემო და ურთიერთობები; ამდენად, ქაჯის მსგავსად, უჟმური მას მიემართება, ვისი ქცევაც შეუთავსებელია სოციალური და ურბანული ცხოვრების წესრიგისათვის. უჟმურის იდუმალი წარმოშობა ადვილად შეიძლება აიხსნას სოციო-ეკონომიკური დაღმასვლითა და ამით გამოწვეული საყოველთაო გაღიზიანებით. თუმცა დასავლეთ საქართველოში უჟმურებს სულაც არ უკავშირებდნენ სოციო-ეკონომიკური უთანასწორობის ზრდას, უმუშევრობასა თუ სიღარიბეს. მათი წარმოშობა იმ სახელდაუდებელი ძალების საქმე უფროა, რომლებიც ისეთ იდუმალ, პირქუშ და ახირებულ ფორმებს იძენდნენ, როგორიც ხშირად სწორედ პოსტსოციალისტურ პოლიტიკურ სამყაროს ახასიათებს. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ადამიანი უჟმურების უმეტესობას საქართველოში დიდწილად იუმორით უფრო ეკიდებიან, რადგან რომელიმე პიროვნების ცუდი ხასიათი არ განიხილება როგორც ადამიანის საკუთრება. პირიქით, უჟმური ადამიანები აღიქმებიან იმის გამომხატველებად, რაც მათ კონტროლს მიღმაა და მათგან დამოუკიდებლად არსებობს, როგორც გარე, აფექტური ძალა.

ორკები თუ ქაჯები?

„როგორ არ მომწონს ეს [ფესტივალი] ანაკლიაში, ქაჯი კი არა ვარ“, – უთხრა ერთმა ადგილობრივმა ქალმა ჟურნალისტს აუშენებელ საპორტო ქალაქ ანაკლიაში. 2014 წელს ჟურნალისტი იკვლევდა, როგორ აღიქვამდა ადგილობრივი მოსახლეობა ელექტრონული მუსიკის ფესტივალ „კაზანტიპს“. მსოფლიოში ელექტრონული მუსიკის ამ ერთ-ერთ უდიდეს ფესტივალს, რომლის რითმები მთელ შავ ზღვას მოედო, მკვეთრად დაუპირისპირდნენ მძლავრი ქართული მართლმადიდებელი ეკლესია და კონსერვატორი აქტივისტები. ისინი თბილისიდან ანაკლიისკენ დაირაზმნენ და საპროტესტო აქციები მოაწყვეს ფესტივალის ამორალურობის დასაგმობად. ადგილობრივები კი, რომლებიც უმთავრესად სოფლის მეურნეობით ახერხებენ თავის გატანას, იმედის თვალით შეჰყურებდნენ ტურისტების დიდი ნაკადის გამოჩენას. ერთ-ერთი მათგანი მერაბი იყო, რომელიც ამბობდა, ფესტივალს მოწინააღმდეგეები მხოლოდ სოფლის მიღმა, ქალაქში ჰყავსო. პარადოქსული რამ მოხდა – ქაჯები, რომლებიც, ჩვეულებრივ, სოფლიდან ჩადიოდნენ დედაქალაქში ან მუსლიმ ავსულებად აღიქმებოდნენ, ახლა დედაქალაქიდან ჩამოსული ქრისტიანი კონსერვატორები აღმოჩნდნენ.

ქაჯებმა მართლაც გადაინაცვლეს მარგინალური სივრციდან კონსერვატორულ მეინსტრიმში. თბილისელი ლიბერალებისთვის ისინი ტოლკინის „ბეჭდების მბრძანებლის“ ორკებსაც გაუთანაბრდნენ. ორკის იდენტობა დემონურია, მაგრამ ის ამასთანავე ქართული ლიბერალური ელიტისთვის ანტიდასავლურად განწყობილი კონსერვატორების აღმნიშვნელი ეპითეტია. ორკია, ვისაც საბჭოთა ხანა ენატრება, პრორუსულად განწყობილი და ულტრაკონსერვატორია. ამგვარად, ორკები, ქაჯების მსგავსად, შინაგან სიბნელეს განასახიერებენ; ორივე ნეგატიური პროექციაა, რომელიც უნდა განიდევნოს ეროვნული სხეულიდან. ქაჯების სიველურე ორკების ძირითად ძალად იქცევა, რამდენადაც ისინი პოლიტიკურად მოტივირებულ ნეოკონსერვატიულ ჯგუფებს ქმნიან და ისე იქცევიან, თითქოს ქალაქის ერთადერთი ნამდვილი მკვიდრნი იყვნენ.

2019 წლის ივნისში ახალი საპროტესტო ტალღა აგორდა, სახელწოდებით „სირცხვილია“ და მის დასაწყისშივე ისევ გამოჩნდნენ ქაჯებიც და ორკებიც, რომლებიც ერთმანეთსაც კი დაუპირისპირდნენ. საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც კომუნისტური პარტიის წევრი, რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი თბილისს ესტუმრა მართლმადიდებლურ საპარლამენტთაშორისო ასამბლეაზე და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში აღმოჩნდა. ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლების დროს საქართველოს მთავრობას მოღალატეს უწოდებდნენ, სისტემას კი ორკების მიერ მართულად აცხადებდნენ. ორკებსა და საქართველოს მთავრობას შორის კავშირი დასავლეთის უარყოფით ვლინდებოდა, რაც ულტრაკონსერვატორთა ჯგუფებს დასავლეთის წინააღმდეგ მიმართულ იარაღად აქცევდა. მეორე მხრივ, მთავრობის მომხრეები თუ ქალაქელი კონსერვატორები ქაჯებად მოიხსენიებდნენ ოპოზიციასა და მის მხარდამჭერებს, ვინც თბილისის მთავარი ქუჩები გადაკეტეს და საჯარო სივრციდან მათ განდევნას ითხოვდნენ. მათ მხოლოდ მთავრობის მიმართ გამოხატული მუქარა კი არ ადარდებდათ, არამედ თანამედროვე ურბანული წესრიგიც, რომელიც ოპოზიციის მიერ გაშლილი კარვებითა და კოცონებით დაირღვა. ცხარე კამათი თბილისის ქუჩებშიც იმართებოდა და ინტერნეტშიც. ინტერნეტი ნამდვილი და დემონური სულების ახალ სამფლობელოდ გადაიქცა. მეტიც, ორკებსაც და ქაჯებსაც თავიანთი ტროლები გამოუჩნდათ, რომლებიც ან მთავრობისთვის ირჯებოდნენ, ან ოპოზიციისთვის. სანამ ქუჩებში ადამიანი-ავსულები დაეხეტებოდნენ, ინტერნეტში ვირტუალური ავსულები დაძრწოდნენ.

ტრადიციული სულების ცვალებადი ფორმები გვიჩვენებს, რომ ავსულებს ახალ-ახალი სახეების მიღება შეუძლიათ. ისინი რაღაცას გვატყობინებენ სოციალური ცვლილებებით გამოწვეულ ემოციურ თუ აფექტურ მდგომარეობებზე. ადამიანის სახით გამოცხადებული მრავალი არაადამიანური არსება ერთვება საქართველოს ქალაქების ყოველდღიურ ცხოვრებაში და ძალასაც იკრებს. ისინი სოციალური, პოლიტიკური თუ ურბანული კრიზისების დროს გვეცხადებიან ხოლმე, რაც აჩრდილთა გავრცელების არეალის ანთროპოლოგიურ კვლევას მეტად მნიშვნელოვანს ხდის. როგორც ენტონი ვიდლერი ამბობს „არქიტექტურულ იდუმალებაში“, ქალაქები და შენობები, ადამიანების მსგავსად, შეიძლება „ავად გახდნენ“ და მოკვდნენ კიდეც. ვიდლერის განწყობა კარგად იგრძნობა საქართველოს ქალაქებში, სადაც მუდმივად ნადგურდება ინფრასტრუქტურა, შენობები, ქუჩები და ქალაქები ავადმყოფებს ემსგავსებიან. ამავე დროს, ეს ქალაქები ავსულებსაც ჰგვანან თავიანთი დაუმთავრებელი კონსტრუქციებით, ვერაშენებული უბნების ნანგრევებით. თუმცა დაუსრულებელი ურბანული ფორმები, ავსულების მსგავსად, რაღაც ისეთი კი არ არის, რაც ერთ დროს შინაურულად აღიქმებოდა და მერე ნელ-ნელა გაუცხოვდა. ისინი ქაჯებივით სრულიად უცხონი შემოიჭრებიან და ეს უცხოობა თავად სივრცის მახასიათებლად იქცევა. ამგვარად, დაუსრულებელი ქალაქ ანაკლიის ნანგრევები განსხვავდება ომგამოვლილი ქალაქებისა თუ არქეოლოგიური ნანგრევებისაგან, რადგან ის ადგილობრივი მოსახლეობისთვის არასდროს ყოფილა მშობლიური და ნაცნობი.

საქართველოში ურბანული ფორმები შემზარავია, რადგან თავად მოდერნულობის ჩანაფიქრია მატერიალურად დაუსრულებელი. ამრიგად, მომავალი ქალაქის, ანაკლიის ნანგრევები დამზაფრავ განცდებს აღძრავს, რადგან ეს ადგილი სინამდვილეში არასდროს გადაქცეულა ქალაქად და არც ნაცნობი პერსონაჟებით – ადამიანებით დასახლებულ სივრცედ. და მერე, როგორც ქართულ ანდაზაშია, უპატრონო ეკლესიას ეშმაკები ეპატრონებიან. ამიტომაცაა, რომ ადამიანი-ავსულების მსგავსად, რომლებსაც სისხლი და ხორცი აქვთ, მაგრამ ადამიანობისა არაფერი სცხიათ, დაუმთავრებელი ქალაქებიც, როგორიც ანაკლიაა, აჩრდილებრივი მოდერნულობის ნაწილად იქცევიან, რომელშიც თანამედროვე ურბანულობის ნასახიც არ ურევია. ცარიელი და დაუმთავრებელი შენობები თუ ინფრასტრუქტურები თავად ემსგავსებიან ავსულებს, რადგან ისინი ერთნაირად აღძრავენ რადიკალური სხვაგვარობისა და გაუცხოების განცდებს. ამიტომ საქართველოში ქალაქები და ავსულები არა მხოლოდ უბრალოდ განსხვავებულნი არიან მოდერნულობის თვალსაზრისით, არამედ ისინი შინაგანისა და გარეგანის, თანამედროვისა და არათანამედროვის, ადამიანურისა და არაადამიანურის ბნელ, შემზარავ და, შესაბამისად, სრულიად უცხო მიდამოებზე მიგვითითებენ.

Boell
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა