
ადამიანი სისტემის წინააღმდეგ
23.02.2016ჩვენი საუბრის ინსპირაცია სამი მოვლენა გახდა: ბექა წიქარიშვილის სასამართლო საქმე, საზოგადოების რეაქცია ლია უკლებას ნამუშევარზე და ისევ წამების ამსახველი კადრების გავრცელება. სამ მოვლენას ერთმანეთთან ერთი რამ აკავშირებს: ყველგან ჩანს, როგორ იბრძვიან ინდივიდები სისტემების წინააღმდეგ, თუნდაც ეს სისტემები სტრუქტურულად და შინაარსობრივად ერთმანეთისგან განსხვავებული იყოს.

ინდიგო: დავიწყოთ ბექადან. შეიძლება ბექას ისტორიას დავარქვათ „ადამიანის გამარჯვება სისტემაზე“?
ვახუშტი: ეს ბექას საქმეა, რომელიც მან შეიტანა სასამართლოში და თქვა: მე ვიქნები ის, ვინც იბრძოლებს არა მხოლოდ საკუთარი თავის დასაცავად, არამედ სახელმწიფოს რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ. სახელმწიფოსი, რომელიც ფიქრობს: მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივ საფრთხეს არ წარმოშობს მარიხუანის მოხმარება, მაინც რამდენადაც შემიძლია მკაცრად უნდა დავსაჯო კონკრეტული პიროვნება, ეს სხვების დასაშინებლად მჭირდება, მსურს, ე.წ. სანიმუშო სასჯელები გამოვიყენო.
ერთი მხრივ, ეს იყო პროცესი, სადაც კონკრეტული ადამიანის ბედი წყდებოდა და, ამავე დროს, ეს იყო დიდი ამბის, დიდი მოძრაობის, განსხვავებული არგუმენტების ხანგრძლივი დაპირისპირების კულმინაცია.
თამარ: მე მირჩევნია, რომ ბექას საქმეს შევხედოთ, როგორც მნიშვნელოვან ინდივიდუალურ გამარჯვებას. ვისურვებდი, არგუმენტი ის კი არ იყოს, რომ არანორმალური ნარკოპოლიტიკა, ე.წ. ჩატეხილი ფანჯრების პოლიტიკა (მკაცრად დასაჯე ადამიანი პატარა რაღაცისთვის, რომ თავიდან აირიდო მნიშვნელოვანი დანაშაული) არ ამართლებს, არამედ ის, რომ მე რასაც მინდა, იმას ვუზამ ჩემს სხეულს და სახელმწიფოს საქმე არ არის ჩემს ავტონომიურ სივრცეში ჩარევა. მე მინდა, რომ ამ გამარჯვებას შევხედოთ, როგორც ჩვენი ინდივიდუალური, ჩვენი პერსონალური ავტონომიის სახელით წარმოებული ომის ნაწილს.
ვახუშტი: ადამიანს ინდივიდუალურის გარდა, პოლიტიკური ღირებულებაც გააჩნია, და მეტიც, ადამიანის ინდივიდუალური ღირებულება მის პოლიტიკურ ღირებულებაში ვლინდება. ამიტომ, ინდივიდუალური განზომილების მიღმა, მნიშვნელოვანია ის პოლიტიკური შედეგებიც, ის საზოგადოებრივი სიკეთე, რომელიც ბექას საქმეს მოჰყვა.
თამარ: ამ ქვეყანაში ადამიანი იმდენად არის ღირებული, რამდენადაც ის რაღაც უსახო კოლექტივის კუთვნილებაა, ეს კუთვნილება განსაზღვრავს ყველაფერს. ეს არის ქვეყანა, სადაც კანონით ავტონომიურობა არ არის აღიარებული და მასში ჩარევა ლეგიტიმურია. ეს არის ქვეყანა, სადაც გადაწყვეტილებებს შენს პირად საკითხებზე სხვა იღებს და ეს კანონიერია. შესაბამისად, უაღრესად მნიშვნელოვანია, ასეთი პრეცედენტები ინდივიდუალური თავისუფლების გამარჯვებად განვიხილოთ. შესაძლოა, სულაც არ ვიყო ყველაზე რადიკალური ტიპი ამ ოთახში, მაგრამ მინდა, რომ დისკუსია ასე წავიდეს: მაქვს კი ის თავისუფლება, ისე მოვეპყრა ჩემს სხეულს, როგორც მინდა? მოვიქცე ცუდად, ვიფიქრო ცუდად, მინდა ამორალური ვიყო, მინდა – არა?! ასეთი კითხვები აღარ დაისმება, თუ ეს დისკუსია მოვაქციეთ ჩარჩოში და ვთქვით: საკონსტიტუციო სასამართლო დარწმუნდა – ლიბერალური ნარკოპოლიტიკა ამართლებს, ჩატეხილი ფანჯრების პოლიტიკას მეტი პრობლემა მოაქვს, ვიდრე სიკეთე და ა.შ.
ვახუშტი: პრინციპულად ვუპირისპირდები ამ ხედვას. ტოლერანტობის გზით კი არ უნდა წავიდეთ, თითქოს, მართალია, არ მოგვწონს, ვიღაც მარიხუანას რომ მოწევს, მაგრამ უნდა ავიტანოთ, არა! საჭიროა, დევიაციური ქცევის ლეგიტიმურობა პოლიტიკურ სივრცეში დავაბრუნოთ.
მგონია, რომ ინდივიდუალიზმის კრიზისი კი არ დგას, არამედ რაღაც ტიპის ინდივიდუალობებია გატანილი პოლიტიკური სივრციდან. ეს ძალაუფლების ძალიან ცნობილი ხრიკია და მისი შინაარსი ასეთია: ვიღაცები ასოციალური ელემენტები არიან, მათ კრიმინალისკენ აქვთ მისწრაფება და ამიტომ მათი ადამიანური ღირებულება ნაკლებია, ვიდრე სხვისი, ისინი პოლიტიკის სუბიექტებად არ განიხილებიან და მათზე ზემოქმედება არც კი ითვლება ზემოქმედებად. ვინც პოლიტიკის სუბიექტი არ არის, ის ვერც არის დაცული პოლიტიკური გარანტიებით, ასე რომ, რაც გინდა ის უქენი, ეს შიშველი სიცოცხლეა. თუ ჩვენ მთავარ პრობლემას დავინახავთ ინდივიდუალიზმთან დაპირისპირებაში, სიმართლე თითებს შორის გაგვიძვრება. გამოსავალი იმაშია, რომ პოლიტიკური სისტემა განვავრცოთ ისე, რომ ყველა მოიცვას საკუთარ თავში.

ინდიგო: რამ აიძულა სისტემა, დაეშვა ეს გამონაკლისი? როგორ გახდა შესაძლებელი, ასეთ კონსერვატიულ საკითხში პიროვნებას მოეგო სასამართლო სახელმწიფოს წინააღმდეგ?
თამარ: სასამართლოს ეს გადაწყვეტილება რომ არ მიეღო, ეს იქნებოდა ცხადის იგნორირება. ეს იყო საღი აზრის გამარჯვება. ზოგადად, სასამართლო კორპუსი საქართველოში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლო გამონაკლისია და ეს მის სხვა გადაწყვეტილებებშიც აისახა. მათ წინაშე ძალიან რთული ამოცანა იდგა. ნარკოტიკების მოხმარებასა და გასაღებას განსაკუთრებით დიდი ტაბუ ადევს. რეპრესიული სისხლის სამართალი და მკაცრი ნარკოპოლიტიკა ასახავს ამ სოციალურ შიშებს და ცრურწმენებს. როდესაც რაღაცის უკიდურესად გეშინია, შეიძლება არარაციონალური პასუხი გქონდეს, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან მნიშვნელოვანი რამ გააკეთა – ცოტათი ამ პოლიტიკის გადახედვა მოინდომა.
ვახუშტი: სასამართლო ძალიან პროფესიონალურად მიუდგა ამ საქმეს, არგუმენტების წონა ერთმანეთს შეუფარდა და თქვა: არაფერი ადასტურებს იმას, რომ მარიხუანა არის კარიბჭე უფრო მძიმე ნარკოტიკზე გადასასვლელად, სახელმწიფო ძალადობას მიმართავს და ტყუილს ასაღებს სიმართლედ, სასამართლოს გადაწყვეტილებამ ამ ტყუილს ფარდა ახადა. მისი განაჩენი იმ არგუმენტებს აბათილებს, რომლებსაც წლების განმავლობაში ვუყენებდით სახელმწიფოს, ის კი გვპასუხობდა, რომ ეს არგუმენტები არასერიოზული იყო და ჩვენ უბრალოდ გართობა გვინდოდა.
ინდიგო: სახელმწიფო სჯის ინდივიდს, რომ დაიცვას საზოგადოება. რა ხდება მაშინ, როდესაც საზოგადოება სჯის ადამიანს? ამ შემთხვევაში, სისტემაში, როგორც რეპრესიის წყაროში, სწორედ საზოგადოებას ვგულისხმობთ. გვაინტერესებს, აქ თუ გვაქვს პროგრესული ძვრები და წარმატების პრეცედენტები? რას გვეუბნება რეაქცია ლია უკლებას ნამუშევარზე?
თამარ: სახელმწიფო, რომელიც იცავს ინდივიდუალური თავისუფლების გამოვლინებას, კარგი სახელმწიფოა. და ცუდი სახელმწიფო ისაა, რომელიც თრგუნავს ინდივიდუალურ ამბოხს და უგორებს კოჭს საზოგადოებას. ჩვენი სახელმწიფო არის ცუდი სახელმწიფო: უმრავლესობის ვნებებს ძალიან დიდ ანგარიშს უწევს, მეტიც, მხოლოდ უმრავლესობას თვლის დაცვის ღირსად. ჩემი აზრით, ლია უკლებას საქმე უბრალოდ არ მივიდა იქამდე, რომ სახელმწიფოს ცეცხლზე ნავთი დაესხა, ლინჩის წესით გასამართლებაში ჩართულიყო. დარწმუნებული ვარ, ბოლომდე იზიარებდნენ საპატრიარქოს პოზიციას, ამას ადასტურებს 17 მაისის შემთხვევაც, ერთადერთი, რაც სახელმწიფომ ამ შემთხვევაში გააკეთა, დრო გაიყვანა, რეალურად კი არავინ დასაჯა, არ დადგა უმცირესობის მხარეს.
ვახუშტი: როდესაც ვამბობთ, რომ უნდა დავიცვათ ვინმე, მაგალითად, უმცირესობა, შესაძლოა გამოგვრჩეს ერთი მნიშვნელოვანი საკითხი. უმცირესობა მაინცდამაინც იმიტომ კი არ უნდა დაიცვა, რომ ის უმცირესობაა, არამედ იმიტომ, რომ ერთი – ძალადობას პოლიტიკურ სივრცეში ადგილი არ უნდა ჰქონდეს, და მეორე – მისი ხედვაა ღირებული. ლია უკლება უმრავლესობის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ თავისთავად მხოლოდ ამიტომ არ არის მისი აქტი ღირებული. ამგვარი აღქმა დააკნინებდა მის მნიშვნელობას. ეს აქტი ასეთივე ღირებული იქნებოდა, რომელიმე უმცირესობას რომ დაპირისპირებოდა. თუ აქ საფრთხეზეა საუბარი, იმაზე, რომ კონკრეტულმა ადამიანმა უმრავლესობასთან დაპირისპირებით საფრთხე შეუქმნა საკუთარ თავს, უმცირესობასთან დაპირისპირებამაც შეიძლება საფრთხე შეგიქმნას.
თამარ: ეს მშიშრების სტრატეგიაა. ამ შემთხვევაში არაფერიც არ იქნებოდა. ახლა უოლ სტრიტზე ხომ არ ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ საქართველოზე, სადაც კაპიტალს ფლობს ეკლესია და სახელმწიფო.

ინდიგო: ვახუშტი ამბობს, რომ სასამართლო ყველაზე კონსერვატორული სისტემაა და ბექას შემთხვევა გასხლტომას ჰგავდა. არსებობს ასეთი, გასხლტომის პრეცედენტები მაშინ, როდესაც კულტურა და საზოგადოება მოქმედებს, როგორც სისტემა ინდივიდის წინააღმდეგ?
თამარ: არტისტული გამოხატვა განსაკუთრებული ტიპის გამოხატვაა, ვერ ვიტყვით, რა არის კარგი და რა არის ცუდი. როდესაც მე, ჩემი არტისტული პროტესტით, ძალაუფლების მფლობელთან მარტო ვრჩები და ის მზად არის – გადამყლაპოს, მაშინ მჭირდება სახელმწიფო, როგორც ნეიტრალური მხარე, რომელიც იტყვის: არ ვიცი, რა არის სწორი და არასწორი ხელოვნება, არ ვიცი, რა არის კარგი და ცუდი ლიტერატურა, მაგრამ ავტოდაფეს არ დავუშვებ; არ დავუშვებ არტისტის ლინჩის წესით გასამართლებას! ამაშია საქმე, ამით განსხვავდება სახელმწიფო ეკლესიისგან, ან საზოგადოებისგან, რომელიც უმალ ჯვარზე გააკრავდა ლია უკლებას.
ვახუშტი: სახელმწიფოს ძალადობა წინასწარ განსაზღვრული რამაა, განსხვავებით ლინჩის წესისგან, რომელიც სპონტანურია. შენ იცი, რომ რაღაცას თუ არასწორად გააკეთებ, სახელმწიფო დაგსჯის. შენ შეგიძლია განჭვრიტო სახელმწიფოს პასუხი, განსხვავებით ნატურალური ძალადობისგან, რომელიც სიურპრიზია, არ იცი, სად და როგორ დაგატყდება თავს. თუკი სიჩქარეს გადააჭარბებ, იცი, რომ სახლში ჯარიმა მოგივა. იქ კი, შეიძლება ვიღაცამ შენს დანახვაზე გადააფურთხოს, ვიღაცამ შეიძლება ყელი გამოგჭრას. ეს სპონტანური ძალადობის სივრცეა. ამიტომ იმდენად ძალადობის არ მეშინია, რამდენადაც მოულოდნელი ძალადობის.
ჩემი აზრით, პრობლემა ისაა, რომ სახელმწიფომ დაკარგა ძალაუფლების მონოპოლია, არეები, რაც აძლევს სხვადასხვა ჯგუფს, მათ შორის – ეკლესიას, შესაძლებლობას, დაიკავოს პოლიტიკური სივრცე, მეტიც, მოიცვას და შემოიტანოს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ცნება. ეს არის პოლიტიკური ტერმინი, რომელშიც ეკლესია დებს სპეციფიკურ შინაარსს და ცდილობს ამ ტერმინის პრივატიზებას.
ინდიგო: რელიგიური ფაქტორი რომ ჩამოვაშოროთ, როგორ ფიქრობთ, გაქრებოდა ძალადობა? როგორი იქნებოდა რეაქცია, მაგალითად, ფეხმძიმე ქართლის დედა რომ დაეხატა?
თამარ: თანამედროვე, ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ხედვა კულტურულ ნორმებზე მაღლა სამართლებრივ ნორმებს აყენებს, იმიტომ რომ შემჩნეულია – კულტურული ნორმები რაღაც ცუდის გამართლებაში გამოიყენება. ლია უკლებას ნახატის უნივერსიტეტში გამოფენის გამო ჯერ საზოგადოებამ გამოხატა პროტესტი და მერე თქვა პატრიარქმა, რომ ეს ღვთისმშობლის დიდი შეურაცხყოფა იყო. ცხადია, რომ კულტურული ნორმებით შეიარაღებული ბრბო, რელიგიური ჯგუფებიც რომ არ უმაგრებდეს ზურგს, თვითონ გამოიტანს განაჩენს.
ინდიგო: ამ დროს, პოლიტიკა რას აკეთებს? ფაქტობრივად, ხაფანგი დაგვიგეს. წამების ამსახველი კადრების ყველა მაყურებელი უნებურად დანაშაულის თანამონაწილედ იქცა. აქ როგორ უნდა დავამარცხოთ პოლიტიკა?
თამარ: არ უნდა ვუყუროთ ამ ვიდეოებს, თუ გვინდა, რომ თანამონაწილეები არ გავხდეთ. ჩვენ რომ არ ვყოფილიყავით ჩართული მოწმეებად, ამ ვიდეოებს ცხადია ასეთი მნიშვნელობა არ ექნებოდა და ეს არის ის, რასაც ეძახიან წამების რიტორიკულ ასპექტს. ერთია, რომ აწამე, მეორეა, რომ ჩაიწერე, მესამე – აჩვენე, მეოთხე – არ აღკვეთე ეს ჩვენება და მეხუთე – ეს ვიდეოები გამოიყენე სიძულვილის გასაღვივებლად და ადამიანებს დანაშაულისკენ მოუწოდე, რაც პრემიერმა გააკეთა. როგორი კომპლექსური გახდა ეს წამება, რამდენი განზომილება შეიძინა, არა? ბუნებრივია, აქედან თავის მარტივად დაძვრენა ილუზიაა.
ვახუშტი: ცხადია, ახლა როგორც იყენებს ამ ვიდეოებს ხელისუფლება, ბინძური სპეკულაციაა. ეს შეურაცხყოფს კიდევ ერთხელ წამების მსხვერპლებს, ამავდროულად, შეურაცხყოფს სხვა მოქალაქეებსაც, რომლებსაც ფაქტობრივად ეუბნება: ეს ორი კადრიც გეყოფათ იმისათვის, რომ მხარი დამიჭიროთ. მე ვერაფერი შეგისრულეთ, საარჩევნო ნდობა გავფლანგე, შესაძლებლობები გავაცუდე, მაგრამ აბა, ამას რა მნიშვნელობა აქვს? მაინც ჩემთან წამოხვალთ, აბა, ამათთან ხომ არ დაბრუნდებით?
მიუხედავად ამისა, იმ მოსაზრებას მაინც შევეკამათები, რომ არ უნდა ვუყუროთ ამ ვიდეოებს. რაც უნდა მარტივად ჟღერდეს, ვიცოდით, რომ ეს ხდებოდა. ვკითხულობდით, გვიყვებოდნენ, რა ხდებოდა. ერთადერთი – ნანახი არ გვქონდა. სანამ ეს პირდაპირ ჩვენზე არ გადმოვიდა, სანამ საკუთარი თავი არ წარმოვიდგინეთ მსხვერპლის ადგილას, ვერ შევძელით რეაქცია. ეს ჩვენი მარცხი იყო, თავიდანვე რომ ვერ ჩავერიეთ. ამ ვიდეოების ტაბუირება, ჩემი აზრით, იქნება მეორე დიდი შეცდომა, რომელსაც დავუშვებთ. რადგან ამ ამბის დავიწყება იქნება წამების ორგანიზატორების პატიება.
თამარ: ვიდეოები, რომელზეც დანაშაულია ასახული, მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და ისინი ექსკლუზიურად სახელმწიფოს ხელში უნდა დარჩენილიყო. ამაზრზენი ისაა, რომ სახელმწიფომ ეს მასალები ლეგიტიმური მიზნით კი არა, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენა. წამების მსხვერპლი ცოცხალი ადამიანია და ყურებით შენ კიდევ ერთხელ ართმევ მას იმ ღირსებას, რომელიც წამებამ ერთხელ უკვე წაართვა. ეს მეორადი ვიდეოები ცალსახად დანაშაულის პროდუქტია, შესაბამისად, ჩემთვის ამის ყურებაც არის ცალსახად დანაშაული.
გარდა იმისა, რომ საშინლად, უნიკალურად მოკლე მეხსიერება გვაქვს და არაფერს ვკითხულობთ, მათ შორის, არც 1200 პატიმრის ისტორიას, რომლებშიც ადამიანების წამებაა აღწერილი, ახლა კიდევ ამ ადამიანების არსებობასაც ვივიწყებთ. გვგონია, რომ აი, ახლა, გულგრილი გამომეტყველებით რომ ვმსჯელობთ, არავითარი გავლენა აღარ აქვს იმ ნაწამებ, ღირსებააყრილ ადამიანებზე. მაოგნებს ის, რომ ახლაც არ ვაღიარებთ ამ ადამიანების არსებობას და მათ ღირსებას. წამება არის დანაშაული და გამამართლებელი გარემოება არ არსებობს!
ვახუშტი: მაგრამ ამ შემთხვევაში სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები უნდა გამოვყოთ და გავმიჯნოთ. სამართლებრივად ამას პასუხს გავცემთ: დავსჯით იმას, ვინც აწამებდა და ამაში მონაწილეობდა. მაგრამ რა ვუყოთ მათ, ვინც ამას ამართლებდა, მხარს უჭერდა და ვისაც სამართლებრივად პასუხს ვერ მოვთხოვთ?
თამარ: ხომ აიღეს პოლიტიკური პასუხისმგებლობა?
ვახუშტი: მგონია, რომ გვჭირდება მეტი, ვიდრე არჩევნებში ელექტორალური მხარდაჭერის გამოუცხადებლობაა, და ნაკლები, ვიდრე სამართლებრივი პასუხისმგებლობაა.
თამარ: ერთადერთი, რაც შეიძლება არა ინდივიდუალურ, არამედ საერთო გამარჯვებად ჩაითვალოს, სიმართლის დამდგენი კომისიის შექმნა იქნებოდა; კომისიის, რომელიც კომპლექსურად შეაფასებდა ამ მოვლენებს.
ინდიგო: რა გამოდის, იმარჯვებს ინდივიდი სისტემის წინააღმდეგ, თუ არა? 25 წელია, თავისუფლები ვართ, წინსვლას ხედავთ – ადამიანი, რომელიც საკუთარი ავტონომიისთვის იბრძვის, აღწევს მიზანს?
ვახუშტი: ჩემთვის დემოკრატია არის მომენტი, როდესაც პოლიტიკაში მონაწილეობა, პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა შეუძლია იმას, ვისაც ამის ყველაზე ნაკლები შანსი აქვს. დემოკრატია არის შემთხვევა, როდესაც მე აღმოვჩნდები იქ, სადაც ლოგიკურად არ უნდა ვყოფილიყავი. საზოგადოებრივი მოძრაობები, რომელიც 2 კაცისგან იწყება, ხანდახან მთელ პოლიტიკურ ისტებლიშმენტზე უფრო გავლენიანი აღმოჩნდება ხოლმე. ასეთი მოვლენების ინტენსივობა უნდა გაიზარდოს, ფორმალურად ძალაუფლების არმქონეებმა გაიმარჯვონ ფორმალურად ძალაუფლების მქონეებზე. დემოკრატია იძლევა იმის შანსს, ქმნის ისეთ თავისუფალ სივრცეებს, სადაც შენ შეგიძლია გაძვრე, აღმოჩნდე იქ, სადაც ლოგიკურად შენი ადგილი არ არის და მოახდინო გავლენა თავისუფლებისა და თანასწორობის სასარგებლოდ. ეს არ არის სკეპტიციზმი, ეს რადიკალური იმედია, რომ ადამიანს შეუძლია პოლიტიკის მეშვეობით დაუპირისპირდეს ძალაუფლებას.
თამარ: ის, რომ ინდივიდი თავს უძალოდ გრძნობს, არ სჯერა საკუთარი მნიშვნელობის და ტოტალური უნდობლობა აქვს ყველაფრის მიმართ, იმის ცხადი ნიშანია, რომ სახელმწიფო იყენებს მას.
ამ სამყაროში არაფერი არ შეცვლილა ისეთი ინდივიდების გარეშე, რომლებსაც აქვთ საკუთარი თავის რწმენა, უყვართ საკუთარი თავი და აცნობიერებენ საკუთარი ავტონომიის მნიშვნელობას.
ასეთი ადამიანების ბრძოლის შედეგის უამრავი მაგალითი არსებობს. და მე მჯერა ასეთი ბრძოლების. ეს ინდივიდები თავიანთი არსებობით ქმნიან პრეცედენტს და შთაგონებას სხვებს აძლევენ. ჩვენი პრობლემა ამ ქვეყანაში ისაა, რომ ასეთი ადამიანები რეალურად ვერ ახერხებენ საკუთარი თავის გამოვლენას და სხვების გამრავლებას. ასე რომ, ძალიან კრიტიკულად ვუყურებ ყველას, ვინც საზოგადოებრივ აზრს ქმნის.
თუკი შენ გარშემო ადამიანები საკუთარ თავში დაურწმუნებლები, მორჩილები, ძალაუფლების რიდითა და შიშით შეპყრობილები არიან, კარგად უნდა დაფიქრდე, ხარ თუ არა ის ინდივიდი, რომლის არსებობაზეც ვილაპარაკე? მაშ, რატომ ვერ ახერხებ გამრავლებას? ინფორმაციის ინტერპრეტაციის დროსაც კი, სახელმწიფოზე მეტად ინდივიდს დავუბრუნდებოდი, იმიტომ რომ მე ამ მხარეს ვარ.
ფოტო: ლევან მაისურაძე