გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
აფხაზეთი გაგრა სოხუმი ომი დევნილი

აფხაზეთიდან ვარ, თბილისში დაბადებული

26 წლის გოგო, აფხაზეთიდან. ამჟამად ცხოვრობს თბილისში 

იქაურობა საერთოდ არ მახსოვს. მე აქ დავიბადე-გავიზარდე. სურათებით ვიცი ომის ამბები, რო ზოგს იქით ახალაშენებული სახლი დარჩა, ზოგს მიცვალებული. 

რაც ცნობიერი მაქვს, ალბათ, მაქედან მახსოვს. რო ჩაირთვებიან აფხაზეთის ამბებზე, არ გაჩერდებიან, მთელი დღე შეუძლიათ ილაპარაკონ. დედაჩემს მამა გარდაეცვალა და ორმოცი არ იყო გასული, ომი რო დაიწყო. იმის მერე, 30 წელი გავიდა და ვერ ჩავიდა საფლავზე. ბიძაჩემი რო დაჯდება ხოლმე და ცრემლები მოადგება, ვიცი, რო მაგაზე ფიქრობს. აფხაზეთს რო უხსენებ, ეგრევე ტირილი უტყდება, არ მინდაო, ისე მოვკვდეო, რო მამაჩემის საფლავზე ვერ მივიდეო. 

უცხო რო მოვა ან სტუმარი, სულ უყვებიან. დედაჩემი 22 წლის იყო, 2 წლის ბავშვი ყავდა და მარტო ისე გადმოვიდა, ერთი ჩანგალიც არ წამოუღია. ქმარი ომში ყავდა. მამაჩემი ერთხელ  ჩემ პატარა შვილს  ეუბნება მე ვეღარ, მარა შენ ჩახვალ აფხაზეთში, აი, მე სადაც დავდიოდი, იქ გაივლი და იტყვი, ბაბუაჩემი აქედან იყოო. 

სკოლაში არასდროს არ ვსწავლობდი რუსულს. აგვისტოს ომის მერე რუსულის მასწავლებელსაც ვეღარ ვიტანდი. რა შუაში იყო რუსულის მასწავლებელი, მარა მაღიზიანებდა რუსულად ლაპარაკი. მამაჩემი ყვებოდა ხოლმე, ერთი მეგობარი ყავდა აფხაზი და რომ დაიწყო ომი და ესენი ტყვედ აიყვანეს, იარაღი მიუდიათ შუბლზე იმ აფხაზისთვის. მამაჩემი ამბობს, ოღონდ იმის სიკვდილი არ დამენახა და მაგის მოსახვედრ ტყვიას მე დავუხვდებოდიო. ჩვენმა ქართველმა  მეზობელმა ისროლა იმათკენ და გადაარჩინა ის  აფხაზი. 

მე დავბრუნდებოდი. რო ჩავიდე აფხაზეთში, ალბათ პირველი ემოცია ჩემი მშობლების იქნება, ჩემი არანაირი. მამაჩემი მაჩვენებს ხოლმე ფოტოზე ადგილს, სადაც დედაჩემი გაიცნო. 

ჩემი კლასელი დადის ხშირად აფხაზეთში და ამბობს, გირჩევნიათ არ წახვიდეთო. რაც გადმოცემით იცით, ჯობია ისე დარჩეს, ვიდრე გაგინულდეთო. მშობლებს რო კითხო აფხაზეთი სამოთხე იყო, ამიტომ ვერ დათმეს რუსებმა - სულ ეს მესმოდა. ბავშვობიდან ესე გვასწავლეს, რომ ვარ აფხაზეთიდან. მახსოვს, ბანაკებში დავდიოდით და ვეცნობოდით ერთმანეთს. სულ ვამბობდი, რომ აფხაზეთიდან ვარ, თბილისში დაბადებული.

დევნილები ოჯახივით ვართ. რამდენჯერ ყოფილა, აქ გაუჩერებია მანქანას, წამომყევითო და გავყვებოდით ხოლმე ქალები. და უი, თქვენ აფხაზეთიდან ხართ? მეც აფხაზეთიდან ვარ, ან ნათესავი მყავს იქიდან და რო ჩავირთვებით ხოლმე, თითქოს შენია მართლა. ახლა მამაჩემის სახლი დამწვარია, დედაჩემის სახლში რუსები ცხოვრობენ. თავისი ხელით ააშენა ბაბუაჩემმა. ერთი თვის აშენებული ჰქონდა სახლი ომი რო დაიწყო, მანდ ვიცხოვრებდი. 

ერთხელ გავიგე, ქალი დანით შეუვარდაო რუსებს, გამოდით ჩემი სახლიდანო. გადაპარულა აფხაზეთში აქედან, აქაური, გაუჭედია. ალბათ, დაიჭირეს, ღმერთმა იცის, მარა ეგრე რომ მოხდა უეჭველი ვიცი.

შენიშვნა: რესპოდენტის სახელი, მისივე თხოვნით შეცვლილია

ილუსტრაცია: ცირა ინანეიშვილი

დისქლეიმერი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა