გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ამაღამ ძაღლებს დაგვიხოცავენ | თომა ჩაგელიშვილი


ჩემს მეგობარს, რომელთან საუბრებმაც განსხვავებულად შემახედა ტკვილს, სიყვარულსა და სიცოცხლეს

...

- ამაღამ ძაღლები უნდა დაგვიხოცონ... თოფებით, - თქვა ათი წლის ნიკომ.

12 წლის ვიყავი. მეზობელი კორპუსის ბავშვებმა ლეკვი გაზარდეს. მაწანწალა, როგორც მაშინ ვეძახდით უპატრონო ძაღლებს. მურა დაარქვეს. ნიკომ იპოვა სულ პატარა, თვალები ახალი გახელილი ჰქონდა. მურას მერე კორპუსის ეზოში სხვა ძაღლებიც გაჩნდნენ. რა თქმა უნდა, ბავშვებმა მოიყვანეს, უვლიდნენ, აჭმევდნენ, ეთამაშებოდნენ. ყველა მაწანწალა იყო. კიდე ერთი მახსოვს, რუხი ქოფაკი, ბოთო.

მათი შურით ჩვენც გავზარდეთ ერთი უპატრონო ლეკვი. ლედი დავარქვით. ახლაც მახსოვს, არდადეგებიდან დაბრუნებული ეზოში რომ შემოვედი, როგორ გამოიქცა და შემომახტა შავი თათებით. ჩემს ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა, ერთი თვის უნახავმა ლეკვმა მიცნო. მოკლედ, უბანში ძაღლების სიყვარულის შეჯიბრი გვქონდა, მაგრამ მეზობელი კორპუსის ბავშვებს სად შევედრებოდით. მათ მთელი ხროვა ჰყავდათ. ფეხბურთის თამაშისას ჩამოჯდებოდნენ და გვიყურებდნენ ეს ძაღლები. გელა ამბობდა, ბოთოს კარში ჩავაყენებთ, თუ მოვინდომებთო.  მურაზე აღარაფერს ვამბობ, ყველას განსაკუთრებით უყვარდა. გონიერი და მოსიყვარულე  იყო. არ მახსოვს ვინმე ამ ძაღლებისაგან დაკბენილი. 

რა იყო მიზეზი, არ ვიცი, მაგრამ ამ ბავშვების მამებმა და დედებმა გადაწყვიტეს ძაღლების მოშორება. იქნებ, ღამ-ღამობით მათი ყეფა აწუხებდათ. მე ყეფა და ღავ-ღავი არ მახსოვს. ბავშვის ღრმა ძილით მეძინა ყოველთვის და იქნებ ამიტომაც.

მეზობლების მშობლები უბრალო, მშრომელი ხალხი იყვნენ. ამ კორპუსში, ძირითადად, ფაბრიკაში დასაქმებული ხალხი ცხოვრობდა. დილის ექვს საათზე იწყებოდა მათი სამუშაო დღე.

მამებიდან რამდენიმე კარგი მონადირეც იყო.

- ამაღამ ძაღლები უნდა დაგვიხოცონ... თოფებით, - თქვა ათი წლის ნიკომ.

ახლაც ცხადად ვხედავ მის თვალებს, რაღაცნაირი უმწეო იყო. ბევრი ბავშვი ვიყავით შეკრებილი ეზოში. ვინ რა თქვა, არ მახსოვს. უშედეგოდ ვცდილობ, გავიხსენო, ეძებდნენ თუ არა გამოსავალს. ან ჩვენ ვურჩიეთ თუ არა რამე. ალბათ, გამოსავალი არც იყო. ცხოველები თავისუფლად გაზრდილები იყვნენ. სად დაამწყვდევდნენ ან რამდენი ხნით?  

დაღამდა. ყველა სახლებში ვიყავით. ზუსტად 12 საათზე დაიწყო. თოფების ჭექა და ბაშვების კივილი ყურებიდან ახლაც არ ამომდის. მახსოვს მამების სიცილი, გამარჯვებული სიცილი ყოველი გასროლის შემდეგ. მამები აივნებიდან ისროდნენ თოფებს, ეზოშიც კი არ ჩასულან მონადირეები, ძალიან მიმნდობები იყვნენ ცხოველები.

დილაც მახსოვს. ეზოში მაწანწალა ძაღლების უსულო სხეულები ეყარა. არც კი იფიქრეს წაღებაზე, დამარხვაზე. სამსახური დილის ექვს საათზე იწყებოდა ისედაც. ბავშვებმა დამარხეს.

ყველაზე მეტად მურას გლოვობდნენ, პირველ და ყველაზე დიდ სიყვარულს, ყველაზე გონიერ ძაღლს.

ერთი მაინც გადარჩა, ის რუხი ქოფაკი, ბოთო. ისევ ნიკო მახსოვს, როგორ ჩაიხუტა დაჭრილი ცხოველი. ბალახზე დაჯდა და ყელზე მოხვია ხელები ქოფაკს. მახსოვს დაჭრილი ძაღლის თვალები. მიამიტი და სევდიანი. ბავშვებისგან ეძებდა შველას.

ჩვენ კორპუსებიდან სადღაც 200 მეტრში დაუსახლებელ ადგილას ვიყავით, იქ გაქცეულიყო დაჭრილი ძაღლი.

მერე ბოთოც მოკვდა ჭრილობებით.

...

ამ გაზაფხულზე ვესტუმრე ჩემი ბავშვობის ქალაქს. საცხოვრებელი კორპუსები უფრო მუქი და ძველი გამხდარა,  ხალხის უმეტესობა - უცნობი. აქ აღარავის ახსოვს ძაღლების ამბავი, რომლებიც ბავშვებმა დაიმეგობრეს.


ავტორი: თომა ჩაგელიშვილი

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა