გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ანუკი ბურდული კუდიანები

ანუკი ბურდულის „კუდიანები“ | რეცენზია


ნაკლებად გრძნეულები, უფრო დაფარულები და
მეტად აღმოჩენილები


„კუდიანები“ ანუკი ბურდულის სადებიუტო რომანია, რომლის ცალკე დებიუტიც წიგნის მთავარი პერსონაჟისთვის მაშინ შედგა, როდესაც გზად შემხვედრი კუდიანები შემოიკრიბა, მათი ყველა ემოცია გაიზიარა, დააგროვა და 33 წლის ასაკში გადაწყვიტა, ჯადოქარი გამხდარიყო და დაიწყო კიდეც წერა. ეს არის რომანი, რომლის სიუჟეტური ხაზი ფურცლებზე დაბეჭდილი უსწორმასწორო წინადადებებივით ვითარდება. სწორედ ეს ქმნის იმ „ხელწერას, რომელიც სხვაში არავითარ შემთხვევაში არ აგერევათ.“

წიგნში მოთხრობილია ამბავი ქალისა, რომელსაც ოჯახის წევრების ტრაგედიამ უბიძგა, ადამიანებში ის ემოციები მოეძებნა, რომელსაც ძირითადად მალავენ არა გამიზნულად, არამედ იმიტომ, რომ ამ ემოციების მიმართ გულგრილები არიან, ეს ემოციები უმნიშვნელოდ მიაჩნიათ ან უბრალოდ ემოციაშეჩვეულებს ავიწყდებათ, რომ მათში კუდიანი ცხოვრობს, კუდიანი, რომელიც უეცრად გასცემს ხოლმე თავს და მეორე დილასვე ავიწყდება თავისი სხეულით ხარბად მოყოლილი ემოცია. წიგნში რამდენიმე მთავარი მოქმედი პირია და ცალკე მოქმედ პირად შეიძლება აღვიქვათ სხეულებიც, თავისი ჩანართებითა და ამბებით, რომელიც მთხრობელს ცალკე, თავისებურად უყვარს.

ოჯახი – შიზოფრენიით დაავადებული დედა, ძმა და მამა ნაწილია იმ ოჯახური ტრაგედიისა, რომელიც მთხრობელზე დიდ გავლენას ახდენს. განსაკუთრებით კი დედა, რომელსაც პერიოდულად ფსიქიატრიულში აკითხავდა. პირველი თავი იწყება წინადადებით - „იმ ღამით სადღაც, ვიღაცის სახლში გამეღვიძა“, მეცხრე თავი კი „იმ დილით ჩემს სახლში გამეღვიძა“ ფრაზით. სხვის სახლში გაღვიძებით მთხრობელი სხვა კუდიანებს გადააწყდება, თავის სახლში გაღვიძებით კი კუდიან მეზობლებს აღმოაჩენს. სწორედ ამ ადამიანებში ნაპოვნი ნიჭის გაგრძელებით მთხრობელი იწყებს თავისი ტრაგიკული ცხოვრების ნაწერებში განვითარებასა და სრულყოფას.

„კუდიანებმა,“ მე, როგორც მკითხველი, კუდიანების მნიშვნელობაზე დამაფიქრა. მითოლოგიური ენციკლოპედიის თანახმად, კუდიანი არის ადამიანი, უმეტესად ქალი, რომელსაც აქვს კუდი, არის ჯადოქარი და გრძნეული არსება და ის ხალხისგან დაფარულია. გვახსოვს ფრანცისკო გოიას კუდიანებიც, ის კუდიანებიც ხომ რქებითა და საშიში სახეებით არიან. ანუკის „კუდიანები“ აბსოლუტურად სხვა ხედვას გვთავაზობს. წიგნში კუდიანები მხოლოდ ქალები არ არიან. კუდიანია ხის კაციც, ტყის კაციც, მთხრობელიცა და მთხრობელის გზად შემხვედრი მთავარი პერსონაჟებიც. ეს კუდიანები ზემოთნახსენებ ერთ-ერთ განმარტებასაც მოიცავენ, ისინიც ხალხისგან დაფარულნი არიან, მაგრამ არ არიან გრძნეულები. ადამიანები არიან, რომლებიც ცდილობენ ემოციების გამზიარებლის მოძებნას. ეს არ წარმოადგენს კუდიანების თვითმიზანს, ეს ხდება ბუნებრივად და, ამავდროულად, ხდება გულგრილად. ანუკის წიგნის მიხედვით, კუდიანი შეიძლება განისაზღვროს შემდეგნაირად - ადამიანი, რომელიც შემთხვევების წყალობით აზიარებს თავის მძაფრ ემოციას და ადამიანი, რომელსაც უწევს გახდეს ამ ემოციის მოზიარე.

წიგნის კითხვისას აღმოაჩენთ, რომ ყველა მონაკვეთი საოცრად კინემატოგრაფიულია. ყველა წინადადება წარმოდგენადია. ერთ-ერთი გმირი მემონტაჟის ასისტენტად იწყებს მუშაობას, მონტაჟური ხედვა ამ წიგნის დამახასიათებელია და სწორედ განსხვავებული მონაკვეთებით გმირები ერთმანეთს უქმნიან საერთო სურათს, სადაც ჩუმად, კუდიანურად ცხოვრებას იწყებენ.

ყველაზე დასამახსოვრებელი ემოცია, რაც წიგნის კითხვისას მქონდა, მთავარი გმირის დამოკიდებულება იყო იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ცხოვრობენ ჩვენ გარშემო, მაგრამ ნაკლებად იწვევენ ჩვენს ინტერესს.

„არასოდეს დავინტერესებულვარ მისი ტრაგედიით... ჩემთვის სასიცოცხლო ძალის მომცემი მისი ინტერესდაკარგული არსებობა იყო.“

მთელი წიგნი ექსპერიმენტულია, ზღაპრულია და მძაფრია. მთავარი გმირი ადამიანია, რომლისთვისაც წიგნები მნიშვნელოვანია. წიგნებთან მისი დამოკიდებულებით ვხვდებით, რომ ავტორისთვისაც ლიტერატურას მის ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი უკავია. წიგნის კითხვისას რამდენიმე მწერალს ახსნებს ავტორი და ჩემთვის ყველა ამ ავტორის ხსენება ნიშანდობლივია. სელინი ეს სიძულვილის ემოციის ანატომიურად გაშლის ვირტუოზია, ბახი ახლობელია და ახლობელია კუდიანისთვისაც, ახლობელია წიგნის ყდაც. ნახსენებია ჰამსუნიც, რომელიც ყველა ადამიანურ ყოფით პრობლემას დიდი მოთმინებით აკვირდებოდა და ნაწერში გადმოჰქონდა. შეხვდებით ჩეხოვსაც, შეხვდებით ასტრიდსაც. ყველა ამ მწერლის ხსენება ჩემთვის ახლობელი იყო, რადგან კუდიანებში ემოციათა მრავალფეროვნებაა.

კუდიანებში არის ზღაპრის ელემენტი, მითოლოგიური ელემენტებიც და ყოფითობაც, როგორც ცალკე ამბავი. პირველად, როდესაც ეს წიგნი წავიკითხე, ვთქვი სკანდინავიური სულის წიგნია-მეთქი. არა იმიტომ, რომ ერთ-ერთი მთავარი გმირი საქართველოში შვედეთიდან, კერძოდ გოტენბორგიდან არის ჩამოსული, არამედ იმიტომ, რომ სკანდინავიური კინოცა და ლიტერატურაც მგონია, რომ ადამიანური სიბნელის განათების წარმატებული მცდელობაა.

ავტორის ერთ-ერთი ძლიერი მხარე იმ ეპითეტების გამოყენებაა, რომელიც წიგნში მოთხრობილ ყველა ამბავს ხელშესახებს ხდის იმგვარად, რომ ვიცით ამბის სურნელი, გემო და გემოსგან დატოვებული შეგრძნებაც.

ჩემთვის, პირადად ამ წიგნში ყველაზე მეტად იმ კუდიანების არსებობა მიყვარს, რომლებიც მოვლენების მიმართ ყველაზე გულგრილები არიან. ასევე, ის კუდიანები მიყვარს, რომელთაც არ ეზარებათ და დეტალურად უყვართ ადამიანების ყოფა. ამ კუდიანების მეზობლებიც მიყვარს, რომლებმაც მთავარ პერსონაჟს თავისი ოჯახური ტრაგედიის წაკითხვა და სრულყოფა ასწავლეს. ასე იწყება მთავარი გმირის წერის მიმართ სიყვარული, რომელიც „ყველა წაკითხულ წიგნს ალტერნატიულ ფინალს უწერდა.“

და აუცილებლად მინდა ვახსენო წიგნის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული პერსონაჟი – მამა, რომელმაც ჩემთვის კიდევ ერთი კუდიანის დამახასიათებელი შტრიხი დამანახა:

დღევანდელი კუდიანები ჯადოქრობას საკუთარი თავის უეცარი გაცემით სჩადიან. მეტიც, ის ადამიანიც კუდიანი იყო, მთხრობელი ავტობუსში რომ გადააწყდა, უეცრად რომ გარდაიცვალა და მისი ერთ-ერთი კუდიანობა მძღოლის ფრაზამ გასცა – „თვითმკვლელი არ უნახავთ ამ შობელძაღლებსო.“


ავტორი: ანა ფაცაცია

 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა