ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #ბავშვები

ბაღი დიდი ცით

ილუსტრაცია: ანა ჯანელიძე

გამოყენებულია ნახატები და ფოტოები, რომლებიც საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა თვითონ გადაიღეს

 

„ო, რანაირი გულდაწყვეტით ბაღში მივდივარ!“

გალაკტიონი

 

თავიდან სურათებიანი წიგნის იდეა გაგვიჩნდა. 4 წლის პრინციპული პრინცი უარს ამბობს ბაღში წასვლაზე, რადგან ბაღი არ მოსწონს და მართალია, არც დედას მოსწონს თავისი სამსახური, მაგრამ დედას ხელფასს მაინც უხდიან. ჰოდა, პრინციპული პრინცი იწყებს ისეთი ბაღის აღწერას, სადაც სიამოვნებით ივლიდა – იქ სადაც არ იქნება ხმაური, სადაც იქნება ადგილი სატრიალოდ, საცეკვაოდ, გასაბერად, სახტუნაოდ, გასაწელად და საკოტრიალოდ, სადაც მასწავლებლები მუდამ დაღლილები არ იქნებიან, სადაც ეზოში ერთი პატარა გუბე მაინც იქნება გემების გასაშვებად, თითების ჩასაწობად და ბოტების დასასველებლად და ა.შ.

შემდეგ ვიფიქრეთ, რომ თუ მართლა გვინდოდა ასეთი წიგნის გაკეთება, მაშინ აუცილებლად უნდა გაგვეგო ბავშვების მოსაზრებები. ავდექით და წავედით ერთ ჩვეულებრივ ბაღში, სადაც ჯგუფში 40 ბავშვი და ორმოც ბავშვზე თვეში ფერადი ფანქრების ერთი ყუთი ჩვეულებრივი მოვლენაა. არადა, ბიუჯეტის მგეგმავ ჩინოვნიკს ერთხელ მაინც რომ ეკითხა ბავშვებისთვის, ისინი აუცილებლად აუხსნიდნენ, თუ რა კატასტროფული სისწრაფით ტყდება ფანქრებს წვერი და რომ ერთი წითელი ფანქარი ერთდროულად შეიძლება ორმოცივე ბავშვს მოუნდეს.

ბავშვების გამოკითხვა ნამდვილად არ არის მარტივი, რადგან ხშირად მათი პასუხები ხან მაღალი პილოტაჟის ავანგარდულ ლექსს მოგვაგონებს, ხანაც ჰაიკუს. თან ბავშვებს არ უყვართ პირდაპირ დასმული შეკითხვები. მართლაც, რატომ უნდა უპასუხო შეკითხვას, როცა დაკავებული ხარ სპილოს ხორთუმის გრეხვით ან ხტუნვით. ჩვენც კითხვების დასმით არ დაგვიწყია. პირველ დღეს მხოლოდ გავიცანით ერთმანეთი. თავი მოვაწონეთ ერთმანეთს: „იცი, მე ცხვირიდან სისხლი წამომივიდა“, ამბობს ერთ-ერთი ბიჭი და მეტლახზე სისხლის წვეთს მიჩვენებს, რომელსაც რამდენიმე ბავშვი აკვირდება და გულდასმით სწავლობს. „მე კი ჯერ მარჯვენა ხელში გამიკეთეს ნემსი, მერე კი მარცხენაში“. მე სამწუხაროდ ასეთი მძიმე განსაცდელი არ გამომივლია, ამიტომ მხოლოდ ჩემი გრიპის აცრის შესახებ მოვყევი ამბავს.

ბაღი



მერე ეზოში მატარებლით გავისეირნეთ. ბილეთები კენჭები იყო, ხოლო მარშრუტი გვქონდა ასეთი: მუხიანის გავლით მივდიოდით ბაკურიანში, ხოლო გზად საბერძნეთში სალის ბებიასაც შევუვლიდით.

განმეორებით რამდენიმე დღეში ვესტუმრეთ. კითხვების დასმა არც მეორე დღეს დაგვიწყია. უბრალოდ საბავშვო ბაღის დახატვა ვთხოვეთ. მართალია, ნიღბების გაკეთებას აპირებდნენ, მაგრამ თავაზიანად დაგვთანხმდნენ და ხატვას შეუდგნენ. დასასრულს კი სიამოვნებით აღგვიწერეს თავიანთი ნახატები. მართალია, ყველამ ბაღი არ დახატა, მაგრამ ნახატების მათეული აღწერებიდან ხშირად ბაღთან დამოკიდებულებაც ჩანდა.

„აი, დედა მოვიდა. აქეთ პეპლებია და აქეთ ფიფქები. არ დაიგვიანა დედამ“.

„ეს არის სახლი. ორი ბიჭი და პეპელა“. ოკ.

„მე ასოები დავწერე“, – წარმომიდგინა ახალი დამწერლობა ბიჭუნამ ლურჯ სპორტულ მოსაცმელში. ისეთი სიამაყით განაცხადა, რომ თვალწინ მესროპ მაშტოცის პორტრეტი დამიდგა.

„ეს მთვარეა“, – გვითხრა შავგვრემანმა, გამხდარმა გოგომ და ჩვენ ვიხილეთ ყველაზე საოცარი მთვარე სამყაროში. იისფერი, ყვითელი, მწვანე ხაზების დიდი ლაბირინთი, ქსელი, მთვრალი ობობას აბლაბუდა.

„მანქანა ძალიან ჩქარა მიდის და საჩუქრები იყრება მანქანიდან“.

„ამწეზე კაცი მიძვრება“

„მე ავაშენებდი ბაღს დიდი ცით“, – ეს ფრაზა რამდენიმე ბავშვმა გაიმეორა.

„ნახე, ცისარტყელა და შიგ გასაძრომია“.

„ჰო. სასრიალოა. ზედ სატრიალოებია. აი, აქედან არის ასაძრომი. აქედან ჩამოდიხარ. აქ გაძვრები. ძალიან ვიწრო გასაძრომი არ არის. მერე ჩასრიალდები და ბუმ, ბურთები სავსე აუზში“.

ბაღი

ხატვის შემდეგ რამდენიმე ბავშვს, ვინც სურვილი გამოთქვა და ვისი მშობლებიც ჩვენს პატარა კვლევაში თავიანთი შვილების მონაწილეობაზე წერილობით დაგვთანხმდნენ, მივეცით ფოტოაპარატი, ვასწავლეთ მისი გამოყენება და ვთხოვეთ, მოეწყოთ ჩვენთვის ექსკურსია ბაღში და ფოტო გადაეღოთ ადგილებისთვის, რომლებიც უყვართ და რომლებიც არ უყვართ. დავიწყეთ მათი ჯგუფიდან. გადაუღეს ფოტო სათამაშო კუთხეს, წიგნების კუთხეს, შემდეგ მაგიდაზე შეხტნენ და ერთმანეთს გადაუღეს ფოტოები. თუმცა შემდეგ გვთხოვეს, რომ ამ ფოტოებს მათი მასწავლებელი თუ ნახავდა, ალბათ არ გაუხარდებოდა. გადაუღეს თავიანთ დამზადებულ ნივთებს, საკუთარ ფოტოებს კარადებზე, გადაუღეს ნახატებს, კუბიკებს და გადაგვიღეს ჩვენ.

შემდეგ ჩავიცვით და ეზოში გავედით.

ეზოში გადაუღეს მატარებელს, რადგან ეს იყო ადგილი, სადაც მზე არ უჭყიტინებდათ. ხშირად ჩვენ არ გვახსოვს, რა მნიშვნელოვანია, გქონდეს ადგილი, სადაც მზე არ გიჭყიტინებს. მატარებელი დიდ ბავშვებს დაუზიანებიათ და ახლა ჩვენ ვუვლითო – გამოგვიცხადეს. როგორც ჩანდა, ძალიან ამაყობდნენ იმით, რომ ზრუნავდნენ და უვლიდნენ სათამაშო ადგილს.

გადაუღეს ფოტო პატარა კუნძს, პატარა ჩაღრმავებით, რომელშიც ქვიშა დაგროვებულიყო და კიდევ ერთი პატარა, ბნელი ფუღურო ჰქონდა ქვემოთ. ეს ბუნებრივად შექმნილი, უბრალო ხის პატარა კუნძი თითქმის ყველას საყვარელი გასართობი აღმოჩნდა. კუნძი იყო სამალავი, ქურა, სცენა, მაგიდა, უდაბნო და ხანდახან ალბათ უბრალოდ კუნძიც.

ბაღი


ფოთლებით ამოვსებულ პატარა ორმოსაც უღეს ფოტოები. მართლაც საუკეთესო სახტუნაო ადგილი აღმოჩნდა, ჩვენც ვცადეთ და დავრწმუნდით მათ სიმართლეში.

მერე გადაუღეს ფოტო მინის ნამსხვრევებით სავსე ყუთს ღობესთან, ადგილს, რომელიც განსაკუთრებით არ უყვარდათ. კიდევ ეზოს შორეული მხარე მოსწონდათ და თან არც მოსწონდათ, სადაც ხშირად არ უშვებდნენ და საიდანაც მათი ჯგუფის ცარიელი ფანჯარა ჩანდა.

კიდევ ცას გადაუღეს ფოტო, ისე გადაუღეს, დიდად რომ გამოჩენილიყო.

შემდეგ ერთმანეთს ძალიან, ძალიან თბილად დავემშვიდობეთ და გვთხოვეს, რომ კიდევ მივსულიყავით. კიდევ ათჯერ. ან მეტჯერ და შეგვეძლო ყოველდღეც გვევლო.

გზაში ვფიქრობდით, რომ რა მაგარი იქნება, რომ მართლა თუნდაც ერთი თვის განმავლობაში გვევლო და გვეკითხა მათთვის რჩევები, დაგვემახსოვრებინა და ჩაგვეწერა მათი იდეები. ორ დღეში თუ ამდენი გაგვიზიარეს და გვენდნენ სრულიად უცხო ადამიანებს, რამდენი რამის მოხერხება შეიძლება თუნდაც ერთ თვეში.

მართალია, ბავშვების ზოგიერთი სურვილის შესრულება რთული იქნება, მაგრამ რთულთან ერთად უბრალო და მარტივი სურვილებიც აქვთ. რა მაგარი იქნება, თუნდაც მათი იდეებით, მათივე დიზაინით გააკეთო და მოაწყო სივრცე. მოაწყო ეზო, ზუსტად ისე, როგორც მათ წარმოუდგენიათ. რა უნდა ისეთი ცისარტყელას დადგმას და შიგ გასაძრომის გაკეთებას? ხომ შეიძლება ისეთი სასრიალო დადგა, როგორიც ლილემ დაგვიხატა. მერე ადგე და მათვე შეაღებინო და მოახატვინო. ოჰ, როგორი ჟრიამული და მხიარულება იქნება. მერე წარმოვიდგინეთ, როგორ გაუხარდებათ ბაღში მისვლა, როგორ იამაყებენ მშობლებთან, ერთმანეთთან. ზოგიერთი სურვილი ჩვენთვის შეიძლება უცნაური და გაუგებარია, მაგრამ რატომაც არ შეიძლება, კარტოფილები შევღებოთ ლურჯად, თუკი ეს ბავშვებს უნდათ და გაამხიარულებთ?

და რატომ უნდოდა ყველას ეს დიდი ცა? – იმიტომ ხომ არა, რომ ბავშვები ყველაზე უკეთ ამჩნევენ, რომ თბილისში ცა თანდათან პატარავდება. იქნებ დარჩენილი ცის შენარჩუნების შანსი გვექნება, თუ აზრს ბავშვებს დავეკითხებით.

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა