გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბებიაჩემი | ნუკრი ტაბიძე


ბებიაჩემი მთელი დღე ეკრანს უყურებს,

ადრიანო ჩელენტანოს ეპრანჭება.

ბებიაჩემს ხორცისფერი პომადა უყვარს,

ნეტა რას უყვება იტალიელ „მეგობარს“.

 

გამოგვიცხადა სახლში წამიყვანეთო, ოჩამჩირეში.

ბებიაჩემს ნელ-ნელა ავიწყდება სადაა.

ბაბუაჩემიც ავიწყდება,

ამიტომ ორი კბილი ნიორი უდევს ჯიბეში.

 

უკვე გამხმარი მოყავისფრო-ყვითელი,

გაქვავებული, ქერქი ნაყოფს შეზრდილი,

ორი კბილი ნიორი,

რომელიც მკვდარი ქმრის ჯიბეში იპოვა.

ამბობდა, მიცავსო გაციებისგან,

ახლა ბებიაჩემი ინახავს თილისმასავით.

მუსიკას უსმენს და კლავიატურაზე აბრახუნებს,

ხან თითებს, ხან ჯოხს.

ზოგჯერ მღერის,

კოვიდსაც უმღერა ბატონების სიმღერა:

„ჩარიდამაო დადიომა, ჩარირამაო დადაიომა,

მშვენიერ კოვიდ თაქ ზოჯუნსი, იაგუდი დო ლალები“.

არ ახსოვს სიტყვები, მაგრამ დარდს აყოლებს.

დარდიც ავიწყდებაო დედამ

და მერე მომიბრუნდა:

„ალბათ რა კარგია, არა?“

იტალიური მუსიკა მოსწონს.

ერთხელ ერთი იტალიელი ტურისტი გაიცნო ბორჯომში.

რუსულად ელაპარაკა ერთი საათი.

იმან რუსული არ იცოდა.

თავისი დიდი ჩანთა გახსნა.

ტკბილ-მწარე ჩანთა ქონდა, უზარმაზარი.

წამლები და სუნამო ედო.

იმოდიუმი მისცა.

მე არ ვიცოდი ფაღარათი ინგლისურად,

მაგრამ იმ სანატორიუმში მაინც ყველა იწამლებოდა.

წამლები უყვარსო ბებიაშენს,

ამბობდა დედა (და პრინციპში ძნელი მისახვედრიც არ იყო).

ვერ ვხვდებოდი, წამლები როგორ უნდა გყვარებოდა

ან რატომ?

მაგრამ მისი ჩანთიდან ამოღებული ნოშპა და რეგიდრონი

ნაკლებ მწკლარტე მეჩვენებოდა ბავშვობაში.

ვენას თვალდახუჭული პოულობსო, ამბობდნენ ბებიაჩემზე,

ექთნად უკვე აღარ მუშაობდა, ვერც ვენას იპოვიდა,

მაგრამ წამლები მაინც გემრიელი ქონდა.

ახლა უკვე უამრავი პატარა ცელოფნით დააქვს ერთი ოთახიდან მეორეში,

ძველ გაზეთებთან, ძაფებთან და ფურცლებთან ერთად.

იმ დღეს გაზეთიდან ვიღაც კაცის სურათი ამოჭრა

ვინ არის-მეთქი, ვკითხე,

ექიმიაო ხერხემლის, აქ დავაწვინეო.

თავის საყვარელ პლედზე „დაასვენა“

ვიღაც კაცის სურათი, ხატივით.

სულ რაღაც ტკიოდა, შეიძლება ამიტომ გიჟდებოდა ექიმებზე,

ან იქნებ ექთანი რომ იყო მაგიტომ.

როგორია სულ ვიღაცის ჩრდილში ხარ, ვინც ვერასდროს გახდები.

მაგის ტკივილის არავის სჯეროდა,

თვითონაც.

სანამ არ მოიკაკა და განახევრდა,

სანამ (შერჩევითად) არ დაივიწყა ყველა,

მანამდე იპოქონდრიკი გვეგონა.

მერე დაიწყო პანდემია და ყველამ იპოქონდრია დაიმართა,

არ ვიცი მაგიტომ აღარ წუწუნებდა,

მანამდე ყველა მისვლაზე მომაგებებდა:

ეს მხარი, ის მუხლი, ეს წელი,

ყველაფერი აწუხებდა.

და ყველაფერი ომის ბრალი იყო,

ან ზამთარში ენგურზე გადაპარვის.

დედა ასე ამბობდა,

მაგრამ ბებოს არასდროს უხსენებია ომი.

და არასდროს უწუწუნია ენგურის სიღრმეზე ან სიცივეზე.

ახალგაზრდა ძმისშვილი ხომ უნდა ეტირა?!

და მერე დის პანაშვიდს ხომ ვერ გამოტოვებდა?!

მისი ცხოვრება ჩემი მშობლებივით 1993 წელს არ დასრულებულა.

ან არ ვიცი რა ნახა ომში, რომ არასდროს უხსენებია,

ან არც ოჩამჩირე მონატრებია.

ზღვის ქარი, ეზო, აკაცია, ხვიარები -

ყველას რაღაც ახსენებდა სახლს,

შემოდგომაზე განსაკუთრებით,

ცრუ მოგონებებით ინაღმებოდა ქალაქი.

ბებიაჩემს არც ხვიარები უნდოდა და არც ბაღს ნატრობდა,

არც უკეთეს ცხოვრებას,

რა დარდიც ვერ დაიტია,

მისი ხვიარები და შემოდგომის ქარი,

მუხლის მენისკში, ხერხემლის თიაქარში,

ღვიძლის და თირკმლის კეთილთვისებიან სიმსივნეებში გამოტენა.

მუდმივად არასწორ ექიმთან, არასწორი დიაგნოზებით

მერე ამ არასწორ დიაგნოზებზე წუხილად აქცია.

ვინც დაკარგა, ყველა დაივიწყა,

ვინც გვერდით ყავდა, საკმარისი არასდროს იყო

უკვე მართლა როცა ტკივილით აღარ ეძინა,

წუხილიც შეწყვიტა.

დანარჩენებივით კი არ ჩამოეკიდა წარსულს,

ყოველდღიურ მოუსვენრობას,

დღეში სამჯერ წნევის ზომვას,

ყავის სმას და მერე აწეული წნევის დაგდებას,

ყველაფერს მოეშვა,

ახალი მეგობრები გაიჩინა,

სადღაც იუთუბზე,

ძველი ჟურნალის ნაფლეთებზე,

დედაჩემი იმ დღეს წყევლიდა, ძველი ლეპტოპი რომ ვაჩუქე.

ამან გააგიჟაო, თავიდან ასე ეგონა.

ბოლოს რო ვნახე, წუხდა,

კოვიდი არ გადავდოო ჩელენტანოს,

ლეპტოპი გამორთო, ნელ-ნელა ეპარებოდა,

მაგრამ მალე თვითონვე ჩაურთო,

ჩართვაც კი ასწავლა დედამ.

უკვე მკვდარია, რას გადადებო.

არ დაუჯერა.

მეთქი, აღარ ხარ გადამდები, კარგად ხარ-მეთქი უკვე.

არც მე დამიჯერა.

ცოტა ხანი ვილაპარაკეთ ასე,

ღომი და ყველი შევჭამეთ, მანდარინი გავუფცქვენი,

მერე დავიღალეო და იმ „ხატს“ მიუწვა.


ფოტო: მანო სვანიძე

hb
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა