გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ბლანკები | ფატიმა მარგიევა, ცხინვალი

ქართულ-ოსური კონფლიქტი. 1991-1992. 

მე საბჭოთა კავშირის დაშლის წინააღმდეგი ვიყავი. საშიში იყო. ის, რაც 1920 წელს მოხდა, ჯერ კიდევ ახსოვდა ხალხს. ჩვენი ბებიები და ბაბუები გვიყვებოდნენ როგორ გამოიარეს სასტიკი დევნა მაშინ. მთებში რომ ავდიოდით ხოლმე, ჩემს დებს და ძმებს აჩვენებდნენ, სად იყო მათი წინაპრების სახლები უწინ, რომელიც დაწვეს და გაანადგურეს. მერეც, 90-იანებამდე ის მოვლენები არასდროს შეფასებულა. 

ქართველებთან მეგობრულადაც ვცხოვრობდით, ენაც ვიცოდით, მაგრამ გვაშინებდა საბჭოთა კავშირის დაშლა და საქართველოს ცალკე სახელმწიფოდ ქცევა.

ვხვდებოდით, რომ რამე უნდა გვეღონა. საქართველოში პროდასავლური რიტორიკა ისმოდა, ჩვენ კიდევ ვხედავდით, რომ ჩრდილოეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში რჩებოდა. ქართველი ნაციონალისტების გამოსვლებში ცხადდებოდა, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა სხვა ხალხებს, ის სტატუსი ვერ ექნებოდა, რაც ძირძველ, ქართველ ხალხს ჰქონდა. 

ჩემი თაობის ხალხი, ერთმანეთის თანამოაზრეები ვიკრიბებოდით ხოლმე და ვფიქრობით რა გვექნა. ვისხედით, ვსახავდით ათასნაირი განვითარების გეგმებს. 80-იანების ბოლოს, მთელ დღეებს ასეთ საუბრებში ვატარებდით. რაც მერე მოხდა, ის ყველაზე ცუდი ვარიანტი იყო მათ შორის, რაც შეიძლებოდა წარმოგვედგინა. 

მაშინდელმა სამხრეთოსეთის ელიტამაც, ამ კომსომოლმა, კაგებემ და სხვებმა ძალიან ცუდი როლი ითამაშეს. ისინი ისეთ გზას დაადგნენ, რომ ძალაუნებურად დაშორდნენ ხალხს. მათ ყოველთვის ცალკე სანატორიუმები და მაღაზიები ჰქონდათ.  

სიტუაცია ისე რომ დაიძაბა, რომ თვალის დახუჭვა აღარ გამოდიოდა, შევიკრიბეთ 8 ადამიანი და ჩეხოევთან ავედით. მაშინ, ის ცხინვალის რაიკომის პირველი მდივანი იყო. ჩვენ: ალან ჩოჩიევი, კონსტანტინე კოჩიევი, იური ძიცოიტი, მირა ცხოვრებოვა, ნატაშა სანაკოევა, ვიაჩესლავ გობოზოვი, შეიძლება ყველა არც მახსოვდეს, ჩეხოევს ვუთხარით საბჭოთა კავშირი იშლება და რაღაც უნდა მოვიმოქმედოთ, ომი თავიდან უნდა ავიცილოთ-თქო. 

ჩეხოევს ვთავაზობდით, რაიკომს - ოფიციალურ მთავრობასა და არაოფიციალურ სახალხო ძალას - „ადამონ ნიხასს“ ერთმანეთთან ეთანამშრომლა. ორხელისუფლებიანობა რომ არ ყოფილიყო. 

ჩეხოევმა გვითხრა: „თქვენ გონიერი ხალხი ხართ. ნუთუ მართლა ფიქრობთ, რომ კაგებე საბჭოთა კავშირის დაშლას დაუშვებსო?“ მივხვდით, ამის იმედად ყოფნა არ შეიძლებოდა. ეს იყო რამდენიმე თვით ადრე საბჭოთა კავშირის დაშლამდე; 23 ნოემბერი უკვე მომხდარი იყო, 1991 შობაც დამდგარი. 

ჩემი ქმარი ექიმია. სამშობიაროში მუშაობდა მაშინ და სასწრაფო დახმარებაში. ბებიამისი ქართველი იყო და ქართული კარგად იცოდა.

იმ გაგანია გაუგებრობაშიც არ შეშინებია ქართულ სოფლებში გამოძახებებზე სიარული.

ერთხელაც ასეთი რამე შეემთხვა. კეხვიდან ავადმყოფი მოჰყავდათ სასწრაფო დახმარების მანქანით. თუ სწორად მახსოვს კოჩიშვილი. ისტორიის მასწავლებელი იყო. გზაში არაფორმალებმა გააჩერეს და ეს საცოდავი მანქანაშივე დახვრიტეს. ქალაქის ცენტრში რომ ჩამოიყვანეს, ხალხი შეიკრიბა. საღამოს, ჩემმა ქმარმა, მიშამ მითხრა: „იარაღის ყიდვა მოგვიწევსო.“ და იყიდა პისტოლეტი, მაგრამ არასდროს გაუსვრია. 

მთავარი იყო ეს საინფორმაციო ბლოკადა გაგვერღვია. მსოფლიოს უნდა გაეგო ჩვენს შესახებ. კოჩიევმა ზარემამ გენიალური რამე მოიფიქრა. მოდი, იმ ხალხის სია შევადგინოთ, ვისაც საზღვარგარეთ ლტოლვილებად უნდა ჩაბარებაო. მოსკოვიდან, სხვადასხვა საელჩოდან და საკონსულოდან ბლანკები ჩამოიტანეს და ხალხმა ამ ბლანკების შევსება დაიწყო. არა იმდენად წასასვლელად, არამედ ინფორმაციული ვაკუუმის გასარღვევად. რომ დაენახათ, რომ მთელი ხალხი ფაშიზმის შიშმა აყარა და სახლებიდან გააქცია. მე სამხრეთ აფრიკაში ჩავეწერე. მახსოვს ერთი კითხვა იყო: „გყავთ, თუ არა ნაცნობები სამხრეთ აფრიკაში?“ დავწერე: „რობერტ მუგაბე და ნელსონ მანდელა.“ ხუმრობა იქით იყოს და ზოგს დადებითი პასუხი მოუვიდა, მაგრამ როგორც ვიცი, არავინ წასულა. 


ციკლიდან „მეხსიერების გაცოცხლება - სამხრეთი ოსეთი 1991/2008“
ტექსტი: ზარინა სანაკოევა
ფოტო: ვლადიმირ სვარცევიჩი / ანასტასია სვარცევიჩის არქივიდან

თემაზე: #სამხრეთ ოსეთი #მეხსიერების გაცოცხლება, შექმნილია ინდიგოს დახურული ჯგუფი, რომელიც აერთიანებს ქართულ-ოსური კონფლიქტებით დაინტერესებულ ადამიანებს. ჯგუფში გაწევრიანებისთვის იხილეთ ბმული აქ
loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა