გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
ეუარა აინე მერმე

რატომ არ შეიშალეთ, რამ შეგაგუათ? | „ეუარას“ წინასიტყვაობა


არსებობს ქალაქები და არსებობს ჯოჯოქალაქები. არსებობს სახელები და ამბები, სცენარი და ისტორია, სახეხატები – უამრავი, არქეტიპები, დამახსოვრებული კადრები, სიტყვათწყობები, კოსტიუმები, სხვადასხვა ფაქტურა, შიში და მოლოდინი, ღრენები და გაღიმებები, წინამდებარე წიგნში ერთმანეთს დაუსრულებლად რომ ენაცვლება – სწორედ ისე, როგორც ადამიანურ ცნობიერებაში.

არსებობს ადამიანური ცნობიერება – აღქმის, აზრებისა და გრძნობების ქონა, თუმცა ეს მხოლოდ მკვდარი სახელი თუ იქნებოდა იმისა, რაც ცოდნისა და ცოდნის წაბაძვის გრძელი დინასტიის ჯაჭვს მიღმაა – ჩვენში დროისა და სივრცის მიღმა, რაც უსქესო და უსახოა, უხმო და უწონადი, როგორც ჰაერში ასროლილი ფოთლები. ისინი ქრიან, მაგრამ ქვემოთ არ მოიწევენ; როგორც ძილი და სიზმარია – რაც მხოლოდ შორს შეგიძლია დაინახო, წინასწარ ან დაგვიანებით.

რადგან ყველაფერი, რაც იმწამისაა, სადავოა, ეჭვიანია, სანდო ან არასანდოა; საშიში ან მყუდროა, მომხიბლავია და შეიძლება ცრუ იყოს, როგორც ხაფანგი ან ბასრი და მჭრელი, როგორც სიმართლე, რომელიც ჯერ არ იცი ან დაგავიწყდა. არსებობს დღეები, რომლებიც უხასიათობის დღეებად გვაქვს დანიშნული. სიზმრებზე, ამ უჩვეულო გამოცხადებებზე კი  კვლავ არაფერი ვიცით. მოსაწყენი ნარკვევები, რომლებიც უკვე მკვდარი ბიოლოგიზმების ან მეტად მკვდარი ფსიქოანალიზის მცდელობათა კალკულაციაა, მხოლოდ დასტურია იმისა, რომ ჯერ ისევ ვერაფერი გაგვირკვევია.

გვეგონა ყოფა მოვათვინიერეთ, მაგრამ რაც ყოფას გაუნაპირებია, ყვირის და ღრიალებს. ეს ჩვენ ვართ ჩვენში, ყოფა კი ნამდვილად არის მტკივნეული გადაადგილება. არსებობს ის, რაც კეთილსა და ბოროტს მიღმაა, ჩვენი ყველაზე ღრმა ბირთვი, რომელიც არაფერზე დათანხმებულა და ამის გამო სამუდამოდ გულმოკლულია.

არ მინდოდა, რატომ დამმართეთ გაცნობიერება? არ მაინტერესებს, არ მითხოვია. ან თუ მითხოვია და არ მახსოვს – არ ჩაითვლება.

არსებობს დაბადებასთან ონტოლოგიური უთანხმოება, რომელსაც პირზე ხელი ავაფარეთ და გავგუდეთ; და მას ურჩევნია სძულდეთ, ვიდრე ვერ ამჩნევდნენ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ სიძულვილისთვის საკმარისი მიზეზი არსებობს – თუ ტვინის მუშაობა მუცლის ქვემოთ იმ ძაფების აშლაზეა მიბმული, რომელიც ყველაზე რთულად სამართავია. არსებობს ჩვენს შიგნით ფუნდამენტური უარყოფის ყველაზე ღრმა წერტილი, რომელიც ათასი დამცავი გარსის – ფიზიკური სხეულის ფარისა თუ ასხლეტის მენტალურ მცდელობათა მიუხედავად, პირველი იღებს დარტყმას; რასაც სტკივა თავდაპირველი უსამართლობა. ტკივილი კი ერთია ყოველთვის – ბავშვისთვის, რომელსაც თაფლივით ტკბილ ატმების ნაცვლად წყალწყალა სუპს დაუდგამენ თუ ზრდასრულისთვის, რომელიც სიკვდილის უსამართლო ხასიათისგან კიდევ ერთხელ გაოგნებული ვითომ ბუნებრივ, სინამდვილეში კი სრულიად არაჯანმრთელ ეტაპებს ხელახლა გაივლის. არსებობს საკუთარი არსებობით შეწუხება, მიწის დამძიმების დანაშაული, ჭამისა და ძილის გამო მობოდიშება და სასტიკი განაჩენის მოლოდინი – ყოფნისთვის.

კითხვას, რომელიც უსამართლობის ამ შეგრძნებას დაესმის, ცოდნის წაბაძვა ინფანტილურ ფაზას თუ დაარქმევს, მაგრამ ჩვენი ეს ნაწილი, რომელიც ზოგჯერ ყვირის და ღრიალებს, ზოგჯერ კი ასე ავისმომასწავებლად გაყუჩებულა, გაცილებით ახლოსაა დაუნაწევრებელ სინამდვილესთან, ვიდრე ისინი, ვინადაც ჩვენი ჩვენად ჩამოყალიბების ეტაპებზე ვიქეცით; სინამდვილესთან, რომელიც ჯერ ისევ ვერ გამოგვირკვევია. სინამდვილეა, რომ არსებობს ფერები, რომელთათვისაც სახელი კვლავ არ დაურქმევიათ, რადგან თითმტკივანი ბალღი  არასდროს გაყუჩებულა და ეს ფერები საერთოდ ვერ შეუმჩნევიათ. მოდერნიზაციის მოკლე ისტორია სხვა არაფერია, თუ არა მცდელობა დახარისხების: დაურეგისტრირებლის დარეგისტრირების, არაკლასიფიცირებადის კლასიფიკაციის. მეორე სახელით, ესაა გაუსაქონლებელთა გასაქონლება აღრიცხვის, აღწერის, ათვისების და დაგროვების მიზნით, მაგრამ თუ პალიტრაზე ფერები არ ამოიცნობა, უსახელოებს სახელი არ ერქმევა და სხვა ბევრი პრობლემური დანარჩენიც ცოდნის სისტემებში ვერაფრით ეწერება, საერთოდ ნუ დავინახავთო, – თქვეს კაცებმა.

მაგრამ ეს ისტორია უკვე სულს ღაფავს და ტანჯვის, ტკივილისა და ღნავილისთვის არათუ ვერაფერი მოუხერხებია, არამედ უფრო ხმამაღლა აუღრიალებია.

ვინ მოგვწყვიტა იმ ბალახებს, იმ ბუნებრივ ხალიჩებს, რომლებზეც უფრო დიდხანს ვწოლილვართ, ვიდრე ხელოვნური ხალიჩებია? 

თუ ადრე ღრიალებდა ადამიანი, უკვე ღრიალებს პლანეტა. თავიდან იბადება ბუნებისგან განუყოფლობის ახალი მტკიცებულება – კაციშვილის დაცემინება ერთია, სინამდვილის დაცემინება კი უკვე სტიქიაა. ამ სტიქიათა შუაგულში უნდა გვახსოვდეს, რომ ქალებმა ყოველთვის იცოდნენ: ჩვენთვის ართმეული მწიფე პანტა და მდინარის წვრილთევზეული უკვე იმ წამიდან მიეცათ სხვებს, როცა ახალფეხადგმულმა კაცისშვილებმა უკუღმა დაიწყეს სიარული. ამ უკუღმა სიარულში იმდენი რამ გავაკეთეთ და დავაგროვეთ, რომ ყველაფერს, რაც მიწაზეა, სულ მალე გრავიტაცია აღარ დააკავებს და შეიძლება მიწა ცად იქცეს და ცა მიწად. და თუ ხე მიწაზეა მიბმული და ბალახიც ამავე მიწას ასხია, ოკეანეები და წყლები კი ისედაც ორთქლდებიან ზემოთ, ჰაერში; ის, რაც მიწადქცეული ციდან ცვენას დაიწყებს, უკან გამოგვიდგება, თავში მოგვხვდება და დაგვლეწავს – სწორედ ეს ჩვენი ნაშრომ-დახარისხებული იქნება.

წიგნი, რომელიც ახლა თქვენ წინაშეა, სავსეა ერთდროული გაცნობიერების აფეთქებებით, რომლებსაც ცოდნის მტვრიანმა საცავებმა ვერა და ვერ შთაბერა სული. საუკუნეების განმავლობაში ჩვენ ვწერდით და ვიმოწმებდით ენას, ფილოსოფიას, მეცნიერებას, ფერწერას – ვიმოწმებდით მათემატიკას, ენციკლოპედიებს, ფრინველების ლათინურ დასახელებებს, სოკოებისა და მცენარეების აგებულებას, სხვა ლიტერატურას; მერე და მერე – უკეთესი სამყაროს შესახებ იდეებს, ბრძოლის პრაქტიკას, კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულების დამზაფვრელ სურათებს, ბოროტების სიშიშვლეს, ციფრულ ალგორითმებს. ცოდნას ერთმანეთს ვაყრდნობდით, აზროვნების ჯაჭვებს და წესებს ერთმანეთისას ვადარებდით, ვაპირისპირებდით ისტორიას და გეოგრაფიას, ქცევას და გრძნობას, ლაპარაკს და მდუმარებას, მაგრამ ვერა და ვერ გავარკვიეთ ეს საიდუმლო; რომ კი ვწერთ, რასაც ვფიქრობთ; ვხატავთ ან ვიღებთ, რასაც ვხედავთ და ვუკრავთ, ვუსმენთ ან გამოვთქვამთ, რაც გვესმის; მაგრამ ვერასდროს გაგვირკვევია, რა ხდება, როცა ეს ყველაფერი ერთად ხდება – მაინც რა შინაარსი აქვს ამათ ზუსტ თანადროულობას, რომელიც ამათი ცალ-ცალკე შინაარსის ჯამი არ არის და რა არის იმათი ნამდვილი სახელები, რისთვისაც სახელები ვერ დაგვირქმევია? რომელია ფერები, რომლებიც არ დაგვისახელებია? ამიტომ, როცა აინე მერმე ფიქრობს, ხედავს და ისმენს ერთდროულად, მის სიღრმეში პირზე ხელაფარებული მტკივნეული უთანხმოება საცეცებს იგრძელებს, რომ მოიხელთოს ეს ზუსტი უინტერვალობა, რა უნდა ვქნას შორის მოქცეული მთელი სამყარო, ფიქრის, ხედვისა და სმენის ნამდვილი თანმიმდევრობა დროის წრფივი თანმიმდევრულობის მიღმა, ანუ მიზეზშედეგობრიობა, რომელიც წრფივი სულაც არ არის და სწორედ აქ ითავისუფლებს თავს ჭეშმარიტი ლიტერატურა.

ყოვლისმომცველი დიალექტიკურობა, რომელიც ერთდროულად გადალახავს ცნობიერების ნაკადის, ლიტერატურული მონტაჟის, ვიზუალური თხრობისა და ხმოვანი გადმოცემის დაცალკევებულ ფორმებს; რელიგიის, ისტორიის, ფილოსოფიის, ფსიქოანალიზის პოსტმოდერნული ამბის თხრობისა თუ დიდი დედების მიერ შექმნილი ლიტერატურის მეთოდებს და გააცოცხლებს ენას, ერთი მხრივ, მის ყველაზე უნივერსალურ სუბსტანციაში – მუდმივქმნად ახალ სინტაქსში, მეორე მხრივ კი, მის ყველაზე ვიწრო, ეთნოგრაფიულ ფონდსა თუ ლოკალურ დიალექტებში – საუკეთესო განსაზღვრება იქნებოდა თანამედროვე კრიტიკული ლიტერატურისთვის, რომელიც, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ სხვა ზემოჩამოთვლილთა მსგავსად, მწვავე კრიზისშია. ტექსტისა და ლიტერატურის მიმდინარე კრიზისისთვის დამახასიათებელი აზრის მწვავე უკმარისობა, თანამედროვე ქართული ლიტერატურის პოტენციურ სხეულსაც ანაწევრებს, შიგნავს მას ენისა თუ წმინდა სინტაქსისგან, როგორც გათავისუფლებული აზრის ისტორიისგან და მხოლოდ კლასიფიცირებად ერთეულთა სიმრავლედ ასაწყობებს.

ის, რომ აინეს ამბავი კონკრეტულია, თუმცა გაურკვეველია დრო და ადგილი, ქალაქი და ჯოჯოქალაქი, ისტორიული რეალობა და ამბების ნამდვილობა/არანამდვილობა, დასტურია იმისა, რომ აინე მერმე ნებისმიერ სხვა დროსა და ქალაქში, სხვა სატრანსპორტო საშუალებებსა თუ ცოდნის წაბაძვის სხვა დიქტატურაშიც იგივე შიშებს ჩაღეჭავდა და იმავე ტკივილებით ივაჭრებდა, რადგან ჯერჯერობით ესაა არსებობის ზოგადი წესი, რომელიც კონკრეტული ქალაქებისა და დროის წესებს არ ითანხმებს. მაგრამ აინე ამჩნევს, ასევე, ამ კანონთა გადათეთრებას და გადამთეთრებლებს – სადღაც იბადება პატარა ცხოველების მომთვინიერებლების შესახებ ალუზია და მათთვის მხოლოდ ერთი რამის – პატრონის სახელისა და გვარის წკმუტუნის სწავლების შემზარაობა. ეს უნივერსალურია იმდენად, რამდენადაც ერთდროულად ამხელს ლიბერალური დემოკრატიის კრიზისსაც და უკვე ჩავლილი, არქაული რეჟიმების აქილევსის ქუსლსაც. მეორე მხრივ, აინეს ქალაქი ძალიან კონკრეტულია და მას ჯოჯოქალაქისგან გამოარჩევს არა სხვაგვარი სივრცითი მოწყობა, არამედ ის, თუ სად რის უფლებას აძლევენ თავს კაცისშვილები; აინე აქ აღმოაჩენს, რომ ჯოჯოქალაქები ყველასთვის ჯოჯოქალაქებია – მას შემდეგ, რაც გულქვაობა საცხოვრებელი ადგილისთვის დაუბრალებიათ და სადაც გულგრილობის ავი ღრუბელი დაჰყვება ყველას, საშინელი დასანახავი. მაგრამ მისი ქალაქი ნოსტალგიისაა, ის, რაც ჯოჯოქალაქად ჯერ არ/ბოლომდე/ვერ ქცეულა ან სწორედ მაშინ განიცდის ამ გარდაქმნას, როცა აინე უკან ბრუნდება და ახერხებს დაამტკიცოს, რომ დიდი ქალაქების სისასტიკე,  საუკუნეთა მსვლელობის მიუხედავად, ისევ ისე განიცდება კაცისშვილისთვის; რომ შეთქმულების შუაცენტრში მარტოობის საშინელება ისევ ისეთია, როგორც პირველად განიცადეს.

ლიტერატურა არის ის, რაც ყველას უფიქრია. აინე მერმეს ამბავი – ამბად მხოლოდ პირობითი ყალიბია, როგორებშიც ჩვენი არსებობა ჩაგვისხამს, რათა თითოეულს საბაზისო ისტორია ჰქონოდა. ყოფა ნამდვილად არის მტკივნეული გადაადგილება:

თუ დავაკვირდებით, ყოველდღიურობა უბრალო წადი-მოდისგან შედგება და ამ წადი-მოდიში იგულისხმება, არც მეტი, არც ნაკლები, სიარული.

ამიტომ, აინე მერმეს ამბავი წასვლა, წამოსვლა, ძებნა, სხვაგან მისვლა, სხვაგან შესვლა და გამოსვლაა – იმედგაცრუება, შემდეგ კი წასვლა საჭირო ადგილას საწყის წერტილთან დაბრუნება.

არსებობს იმედგაცრუება, როგორც სუფთადნათალი მახვილი ხიჭვი. იმედგაცრუებას, რომელმაც არ იცის თავდასხმა, რომელსაც ფრთხილად შემოპარვა უყვარს, მოჰყვება გარდაუვალი ციკლები გლოვის; შეუგუებლობის; ანალიზის; განაჩენის გამოტანისა და მისამძიმრების – ამ გამოცდილების საფუძველზე კი იდება ფიცი, როგორც ახალი პრინციპი, მოქმედების ახალი გეგმა. სწორედ აქ, ამ ციკლთა წრებრუნვაში იბადება სხვა მანიფესტი, რომელიც, მათ შორის, ქალთა გათავისუფლების კრიზისის გზაჯვარედინზე სრულიად ახალი ტიპის ფემინისტურ ლიტერატურას გვთავაზობს. პირველი დიდი დედის აზრის წმინდა სკრუპულოზურობის, მეორის გაშეშებისა და გახევებით ამბოხისა და მესამის სინამდვილის გაცნობიერებისადმი ერთგულებით ჯოჯოხეთამდე ჩასული ინტენსიური ცნობიერების ნაკადის სამართალმემკვიდრეობა ზრუნვისა და სიყვარულის განსაკუთრებულ ფილოსოფიას ეფუძნება. მაგრამ აინე მერმე ხვდება, რომ მზრუნველს თუ ზრუნვის ობიექტს მოაშორებ, ხელები მოსწყდება და ძირს დაუცვივდება. დიდი დედების საუკეთესო ტრადიციის გაგრძელებით, თუმცა, ამავდროულად, იმასთან პირისპირ შეჯახებით, რომ ეს ტრადიციაც იმავე მოდერნული, ანთროპოცენტრისტული, პატრიარქალური და რაციონალისტური სამყაროს წარმოებულია – აინე მერმე მიდის იქ, სად დაბრუნებაც დღეს გადარჩენის ერთადერთი გარდაუვალი გზაა.

უზომოდ ბედნიერი ვარ, რომ დღეს, ჩვენი ქვეყნის, პლანეტისა და მთელი კაცობრიობისთვის ამ უმძიმეს დროს, ხელს ვაწერ წინამდებარე წიგნის წინასიტყვაობას, ყოველივე ზემოთქმულის დასამოწმებლად კი ვიმეორებ მთავარ, პირველად და პასუხგაუცემელ კითხვას:

რატომ არ შეიშალეთ, რამ შეგაგუათ?


შეიძინე აინე მერმეს სადებიუტო რომანი – „ეუარა

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა