გახსენით მობილურ აპლიკაციაში

ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN

ფიქრები ორლანდოზე | მედეა იმერლიშვილი

„ორლანდო“
ვირჯინია ვულფი
თარგმანი ლელა დუმბაძე
„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“

ვირჯინია ვულფის „ორლანდო“ ჩემთვის კითხვების წიგნია, თქვენთვის, არ ვიცი, იქნება და, პასუხებისაც იყოს. „ვაჟი  ვინაიდან მისი სქესი არანაირ ეჭვს არ ბადებდა, მიუხედავად იმჟამინდელი სამოსის თარგისა, რომელიც უდავოდ ქმნიდა ერთგვარ ორაზროვნებას  გამალებით უტევდა სატევრით ნივნივებიდან ჩამოკონწიალებული მავრის თავს“  ასე იწყება წიგნი, რომელსაც ბევრი ბიოგრაფიულ რომანსაც უწოდებს, და ორლანდოშიც, თითქოს ვირჯინია ვულფის მეგობარი ქალის, ვიტა სეკვილ-ვესტის ნიშნებს უნდა ამოვიკითხავდეთ, რომელსაც უძღვნის კიდეც ავტორი თავის თხზულებას, თუმცა კი ამგვარი ახსნა ამ წიგნისა, მე პირადად, ნაკლებად დამაჯერებელი მეჩვენება. თუკი მაინც მოვინდომებ „ორლანდოს“ ბიოგრაფიულ რომანად მოაზრებას, მხოლოდ თავისუფლების იდეით, სიყვარულის იდეით, საზღვრების მოშლის, ჰორიზონტის ხაზის უსასრულობამდე გადაწევის მცდელობით შეპყრობილი ყველა მწერლის, ყველა პოეტის და არა ერთი კონკრეტული ადამიანისას.

მკითხველს თითქოს არანაირი ეჭვი არც უნდა გასჩენოდა, რომ არა წიგნის ამგვარი დასაწყისი  ეჭვს არ ბადებდა, მიუხედავად იმჟამინდელი სამოსის თარგისა, რომელიც იწვევს ორაზროვნებას, რომ ყმაწვილი, ახალგაზრდა კაცი, რომელიც ნივნივებიდან ჩამოკონწიალებულ მავრის თავს გამალებით უტევდა სასახლის სხვენში, თექვსმეტი წლის ვაჟი იყოო. ორლანდოს მამებს ცხენებით გადაუსერავთ ასფოდელოების ველები, კლდოვანი ველები, მორწყული უცხო მდინარეებით, მრავალი ფერის თავი წარუკვეთავთ მრავალ მხარეში და სამშობლოში ჩამოუტანიათ სხვენის ნივნივებზე ჩამოსაკიდებლად. სახლი, რომელშიც ამ თავის ქალას დაუდეს ბინა, იმხელა იყო, გეგონებოდათ, ქარიც შიგ გამომწყვდეულაო და ქროდა ზამთარ-ზაფხულ და თავის ქალაც ქანქარებდა შეუჩერებლად. 

შეიძლება ჩემეული ახირებაც იყოს, როგორც აბეზარი მკითხველისა, რომ ახალგაზრდა კაცის შერკინება თავის ქალასთან, დამჭკნარი ტუჩებით რომ უღრეჯდა, ჰამლეტს მახსენებს, დანიის პრინცს, და მასთან ერთად, იორიკის თავის ქალას, ასფოდელოების ველები კი  ელისეს მინდვრებს, კურთხეულ კუნძულებს, სადაც გარდაცვლილთა აჩრდილები დაბორიალებენ. ორლანდოს ცხოვრებაც, ან მოგზაურობა საუკუნიდან საუკუნეში, სამყაროს ერთი მხარიდან მეორე მხარეში, გარდასახვა კაცისა ქალად, და შემდეგაც, მუდმივი გადადინება ერთი სქესიდან მეორეში, თითქოს შლიდეს ყველა საზღვარს, აუქმებდეს ყველა დროს, და რაღაც კანონზომიერებით, სრულიად ამოუხსნელი კანონზომიერებით, „დარღვეულ დროთა კავშირსაც“ თავადვე კრავდეს თავისივე „წყეული ბედით“. 

ვინ არის ორლანდო, მაძიებელი „სიცოცხლის და სატრფოსი?“ „მე ვიპოვე ჩემი მეწყვილე“  იტყვის მოგვიანებით  „ჩემი ჭაობი“, დიდგვაროვანი ვაჟი, რომლის სასახლეც 365 საძინებელს ითვლის, ახალგაზრდა კაცი, სევდანარევ ფიქრებში ჩაძირული, სასურველი საქმრო, მოტყუებული საყვარელი, დიდი ბრიტანეთის ელჩი კონსტანტინოპოლში, ყმაწვილი ქალი, ბოშების თანამგზავრი, პოეტი, მწერალი, მწერლების მოამაგე და მეგობარი, ვინ იყო ორლანდო  მოგზაური? უბეში დამალული ხელნაწერით, ამ საუცხოო პალიმფსესტით, რომელზეც სამასი წელიც იქნებოდა, მუშაობდა. ფიქრებით და მსჯელობებით კაცზე და ქალზე, ამ ორი სქესის განსხვავებაზე, მათ მსგავსებაზე, მათ ლტოლვაზე, შეერწყან ერთმანეთს, ან აირეკლონ ერთმანეთში, ან იქცნენ ერთად. ვინ იყვნენ მწერლები, რომლებიც აღაფრთოვანებენ ორლანდოს და იმედსაც უცრუებენ, ისინი გიჟდებოდნენ გამოქვაბულებზე და აგროვებდნენ ფერადი შუშის ნამსხვრევებს, და ყველას თავისი ეჭვი აწვალებდა. როგორც ცაზე ღრუბლები, მირბოდა დროც და იცვლებოდა ირგვლივ ყველაფერი  ქალაქები, ქუჩები, შენობები, ქცევის წესები, ტანისამოსი, იცვლებოდნენ ადამიანები. ვინ იყო ორლანდო, და ვინ იყო ვაჟი, უცხო მხედარი  მარმადიუკ ბორთროპ შელმერდინი, ესკვაირი, მისი ქმარი, მისი მიჯნური  თავისი ორმაგი სახელით ერთდროულად სიკვდილის და სიცოცხლის გამომხმობი? 

ცხოვრება და წიგნი, როგორც სიზმარი, როგორც ზმანება. „ნუთუ ეს არის? ნუთუ ეს არის ის, რასაც ადამიანები სიცოცხლეს უწოდებენ?“  კითხულობს ორლანდო და იკრებს ცხოვრების ნიშნებს, როგორც შემოდგომის ფერად ფოთლებს, როგორც ტაძარს, მზეზე აფერადებული ფოთლებით ნაგებს, როგორც ფანტასმაგორიას სხვადასხვა ფერის, შეგრძნების, სახის, პერსონაჟის, ხმის, პეიზაჟის, ის კი გაურბოდა. ამოვარდნილი ქარი აიტაცებდა შემოდგომის ფოთლებს, ააფრიალებდა წიგნის ფურცლებს, ქარბორბალასავით დაატრიალებდა მსახურთა ლოცვებს და გალობას, ჩიტის შესკდომას ფანჯრის მინაზე, ფერად ვიტრაჟებს, ბეჭდებს, ხელიდან ხელში გადასულებს, შორეულ ხომალდებს. ელვის შუქზე ამოიმართებოდა მხედარი, დიდებული საქმრო, იქვე გაკრთებოდა ქალი თხელ კაბაში, ჭექა-ქუხილი გაკვეთდა ოქროსფერ ბაღებს, „ორლანდო!“, „მარმადიუკ ბონთროპ შელმერდინ!“, სიკვდილამდე, სიცოცხლემდე  სიტყვები ველური ფრინველებივით გადაუფრენდნენ შორეულ სამრეკლოებს და მზის სხივებში, წვიმის თქეშში, მზეზე აბრწყინებულ წვეთებში შეასკდებოდნენ ერთმანეთს, აელვარდებოდნენ ათას სხივად, და ჩამოიქცეოდნენ მიწაზე.   


ილუსტრაცია: Helena Perez Garcia
 

loader
შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა