ახალი დრო, იდეები, ადამიანები.
EN
თეგები: #LGBTQ

გადარჩენილი სხეულების (წარმოსახვითი) მუზეუმი | დათა ჭიღოლაშვილი

„გადარჩენილი სხეულები წარმოსახვითი ექსპოზიციაა იმ მომავლიდან, სადაც ადამიანთა ცხოვრების ჩვენთვის ნაცნობი ფორმები შეიცვალა და მათ შესახებ ცოდნის გადმოცემის ფორმებიც გახუნდა. [სინამდვილეში, დიდი ხანია, რაც ისინი იცვლება]. ამგვარ მომავალში, როდესაც დიდი დრო უკვე გასულია, ცნობისმოყვარე ნოსტალგიურმა ადამიანმა მისთვის ხელმისაწვდომი ნარჩენები შეაგროვა და მათგან პატარა მუზეუმი გააკეთა. სინამდვილეში, ეს გამოფენა [არადიქოტომიურ] სხეულებზეა, ჩვენს სხეულებსა და საცხოვრებლებზე, იმ უსაფრთხო სივრცეებზე, რომელთაც ვეძებთ“.

ასეთი კონცეფცია შევქმენი გამოფენისთვის „ნარჩენები #2: გადარჩენილი სხეულები“,1 რომელიც 2019 წლის 18 მაისს გაიმართა. აბრეშუმის მუზეუმის შენობასთან წარმოდგენილი ექსპოზიცია ორი ხელოვანის ნამუშევრებს აერთიანებდა. თამარ ბოჭორიშვილის მცირე ზომის სკულპტურები ჯადოსნურ ქმნილებებს მოგვაგონებდა. სხვადასხვა ფორმით, მასალითა და ნაწილით აღდგენილ სხეულებს დასახიჩრების სიმძიმე და გადარჩენის სიძლიერე ეტყობოდათ. კატარინა შტადლერის ფოტოობიექტებში აპარატის უკან მყოფი სხეული, ხან ოთახიდან დანახულ ხედს გვთავაზობდა, ხან კი აივანზე გასვლას და გადახედვას ბედავდა. შიდა და გარე სივრცეების ზღვარზე მყოფი გვანახვებდა ქალაქის დიდ სხეულს. ფოტოები ბეტონის სიმტკიცეს ეკვროდა. გადარჩენილი სხეულები ერთმანეთს ეყრდნობოდნენ.

2021 წელს ამ გამოფენაზე ისევ ვფიქრობ. არა მხოლოდ იმიტომ, რომ გამოფენიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ, პანდემიის გამო იზოლაცია, ვისთვისაც ეს შესაძლებელი იყო, გადარჩენისთვის მნიშვნელოვანი გახდა. უფრო იმიტომაც, რომ სოციალური გარიყვა და საერთოდ, გადარჩენის სტრატეგიების ძიებით ცხოვრება ქვიარ ადამიანებისთვის უცხო არც მანამდე ყოფილა. მე კი, მაგალითებისა და ინტერპრეტაციის განვრცობით, ქვიარ საკითხებს სამუზეუმო და თანამედროვე ხელოვნების კონტექსტში ვეძებ. ამ ფიქრის პროცესში ჩნდება მეტაფორები, კავშირები შიდა და გარე სივრცეებთან, იკვეთება ვიზუალური კულტურის მიმართულებები და მასში ქვიარ თემების პოტენციალიც. აქ ქვიარი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ვრცელ აღმნიშვნელ ტერმინადაც გამოიყენება და ასევე – პერსპექტივადაც, რაც ეჭვქვეშ აყენებს, უპირისპირდება გაბატონებულ, ბინარულ ფორმებს. ეს ხედვა, როგორც თანასწორუფლებიანი ცხოვრების ხელშეწყობის ნაწილი, საშუალებას გვაძლევს, დავინახოთ დაჩაგრული, მიჩქმალული, ან ის, რაც პირდაპირ არ ჩანს.

საკუთარი იდენტობის დამალვა და შესაძლებლობების განვითარების შეზღუდვა, რაც დისკრიმინაციულ გარემოში ბევრ ლგბტქ+ ადამიანს უწევს, პეპლის მეტაფორასთანაც შეიძლება დავაკავშიროთ. თუმცა, ეს არ იქნება ის ნაცნობი ამბავი, როდესაც ჭია პარკს შემოიქსოვს, ჭუპრად გარდაიქმნება და პარკიდან ლამაზი პეპელა გამოფრინდება. ზოგჯერ ასეც ხდება. მაგრამ ჰომო/ბი/ტრანსფობიურმა კონტექსტმა, შეიძლება ისეთ გადატანით მნიშვნელობაზეც დაგვაფიქროს, როდესაც პარკში დარჩენილი ჭუპრი ვერ ახერხებს სრულ გარდასახვას სიცოცხლის შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. აბრეშუმის მუზეუმში მუშაობისას, ხშირად მიფიქრია ამ თუ სხვა საკითხების ჭიასთან და პარკთან სიმბოლურ კავშირზე.

„გადარჩენილი სხეულებიც“ კონცეპტუალურად დავაკავშირე აბრეშუმის მუზეუმის ერთ ექსპონატთან. თუთის აბრეშუმხვევიას ბიოლოგიის კოლექციაში, ერთ-ერთ სამუზეუმო ყუთში წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმის აბრეშუმის პარკები, რომელთაც ძველი ეტიკეტის მიხედვით „მახინჯი პარკი“ აწერია. ისინი ორმა (ან შეიძლება მეტმა) ჭიამ ერთად ამოახვია და ამას „დომფალი“ პარკიც შეიძლება ეწეროს. თუმცა, კლასიფიკაციის, წარმოების საჭიროებების თუ ვინმეს პირადი დამოკიდებულების გამო, მასობრივად მიღებულისგან განსხვავებული ეს ფორმები ერთ ყუთში უარყოფითი შეფასების ეტიკეტით მოთავსდა.

ნარჩენები

„ნარჩენები #2: გადარჩენილი სხეულები“, გამოფენის ღია ბარათი, 2019
დამუშავებულია აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატის ფოტო

პირდაპირი თუ ინტერპრეტაციული მიდგომით, ქვიარ თემები მრავალ სამუზეუმო ექსპონატში ვლინდება. შეიძლება ისინი წინა საუკუნეების, ან ამჟამინდელი დისკრიმინაციული მიდგომების გამო დახარისხდა, მიიჩქმალა, ანდა ამ რაკურსით ვერ გაანალიზდა. ამიტომ მსოფლიოში უკვე არაერთმა მუზეუმმა დაიწყო საკუთარ კოლექციებში არსებული ისეთი ობიექტების გადააზრება, რაც ლგბტქ+ საკითხებს წარმოაჩენს.2 ამ პროცესში ჩანს, რომ ქვიარ თემატიკა ახალი და ხელოვნურად გამოგონილი არ არის. ასეთი მოსაზრება კი ამ დროს შეიძლება ხშირად გავიგონოთ.

არსებობს არაერთი ისეთი მუზეუმიც, რომელიც თემატურად უშუალოდ ქვიარ საკითხებს შეეხება. ამის მაგალითია გლბტ ისტორიული საზოგადოების მუზეუმი,3 რომელიც სან-ფრანცისკოში, ცნობილ კასტროს უბანში მდებარეობს. აქ ტექსტების, საარქივო მასალისა და ობიექტების საშუალებით, ექსპოზიციაში წარსულის თანამედროვეობასთან დაკავშირებით, ლგბტქ+ ადამიანთა ჩაგვრის, თავისუფლებისთვის ბრძოლის, ქვიარ კულტურის, ხელოვნებისა და ყოველდღიურობის ისტორიას უბნისა და ქალაქის კონტექსტშივე გავეცანი. ასეთმა წარდგენამ კიდევ უფრო გასაგები გახადა ქვიარ ისტორიის ისეთი ნაწილები, როგორიცაა ჰარვი მილქის მოღვაწეობის მნიშვნელობა, თუ სახელოვნებო აქტივიზმი, რაც ცნობილი ცისარტყელას დროშის ავტორის, გილბერთ ბეიქერის მრავალფეროვანი ნამუშევრებით კარგად ვლინდება.

დისკრიმინაციის პირობებში ასეთი ადგილები საარსებოდ მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ სივრცეებს, სადაც ქვიარ ადამიანი დაინახავს, რომ მას აქვს ისტორია, თანამედროვეობა და მომავალი. ამგვარი ინიციატივებით, დაფარული თუ ნაცნობი ფრაგმენტები გროვდება, ამავდროულად, თემის წევრებისთვის კიდევ ერთი უსაფრთხო სივრცე იქმნება.

ასეთი მუზეუმი, ერთიანი კვლევითი და საგამოფენო სივრცის ფორმით საქართველოში არ არსებობს. თუმცა, სხვადასხვა დონეზე მიმდინარე კვლევები, ნამუშევრები თუ გამოფენები აღნიშნული თემატიკის დამუშავების ნაწილია. ეს შეიძლება მოიცავდეს პროექტებს, რომლებიც უშუალოდ ქვიარ პერსპექტივიდან, ანდა თემთან თანამშრომლობით იქმნება, ზოგჯერ კი ჩართულ მხარეს ლგბტქ+ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებიც წარმოადგენენ.

uta beqaia
ინსტალაცია „გრადაცია“, უტა ბექაია, 2019

ამის საინტერესო მაგალითია ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფთან (WISG) თანამშრომლობით, 2019 წლის ნოემბერში ტრანს ხსოვნის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები – ტრანს აუდიოგასეირნება „ტყის ვარდი“,4 ხელოვანი: მარაიკე ვენცელი; ინსტალაცია „გრადაცია“,5 ხელოვანი: უტა ბექაია. ორივე ნამუშევარი ტრანსგენდერ ადამიანებთან თანამშრომლობას ეფუძნება, მათგან მიღებული ინფორმაციისა და მათი ჩართულობით იქმნება, ყურადღებას ამახვილებს სივრცის საკითხზეც და განსხვავებული სახელოვნებო ფორმებით გვიყვება ერთ-ერთი ყველაზე მეტად გარიყული ჯგუფის შესახებ.

„მოდი, დაო!“ - ხშირად გაიგონებთ ტრანს აუდიოგასეირნებაში „ტყის ვარდი“, რომელსაც ხუთი გიდი ჰყავს. მსგავსი აუდიოტურები, ზოგადად, ადგილის სპეციფიკურია, საგამოფენო სივრცის მიღმა ხორციელდება და სტუმრის მონაწილეობას მოითხოვს. ინსტრუქციების, რუკისა და ტექნოლოგიის გამოყენებით, ამბები ადგილის გამოცდილებასთან მიმართებით გვესმის, უშუალოდ მთხრობელს კი ხშირად ვერ ვხედავთ. „ტყის ვარდის“ შემთხვევაში ამას დამატებითი მნიშვნელობაც აქვს – აუდიოგასეირნების გიდები ტრანსგენდერი ადამიანები არიან, რომელთაც მონაწილე ვერ ხედავს „...ისევე, როგორც ხშირად ჩვენთვის უხილავია მათი ცხოვრება და ბრძოლა“.6 ყოველ პუნქტთან მისვლისას, ჯგუფურად მოსიარულე სტუმრები, თითქოს, მარტო ვრჩებოდით საკუთარ თავთან, ადგილთან და ყურსასმენებში გიდების ხმასთან. გასეირნებისას ვიგებდით მათ პირად ისტორიებს, მოგონებებს, სიმღერებსა თუ ოცნებებს. გარე სივრცეებთან ადამიანის ინტიმური სამყაროს კავშირი ემოციურ გასეირნებას ქმნიდა. ეს სტუმარს ურბანული ყოველდღიურობის იმ შრეებზე აფიქრებდა, რაც სხვაგვარად მისთვის უჩინარიც შეიძლება იყოს, აჩვენებდა თბილისში რთულ ცხოვრებასაც, იზოლაციასაც და გადარჩენის ძლიერ სურვილსაც.

ტურის დასრულება „პროპაგანდის“ საგამოფენო სივრცეში მეორე ღონისძიებას ებმოდა. „გრადაცია“, სამი ძირითადი ნაწილისგან შემდგარი ინსტალაცია, ქალაქიდან ნელ-ნელა პირად სივრცეში გადადიოდა. „ქალაქის მზერა“ საგალერეო სივრცის შიგნით გვიჩვენებდა ურბანული გარემოს მაკონტროლებელი თვალის, სათვალთვალო კამერების ვიდეომასალას; ყოველდღიური საგნებით სავსე „საკუთარი ოთახი“ სტუმარს პირად სივრცეს ახსენებდა და ნელ-ნელა გარე ხმაურისგან ათავისუფლებდა; აქედან ინსტალაცია მიგვიძღვებოდა „ჩაბრუნებული მზერის“ სივრცეში, სადაც კედლების პროექციას ჯადოსნური მოცეკვავეები ავსებდნენ, სტუმარი კი მათი მზერის პირისპირ რჩებოდა. „აღარ აქვს მნიშვნელობა შენს არცერთ იდენტობას, რომელიც აქამდე გარე მზერისთვის შექმნილა, თუმცა შენ შეგიძლია გაიხსენო, რას ძერწავდა შენგან ეს მზერა წინა ოთახებში, ქალაქის ქუჩებში, კოლექტიური თვალისთვის“,7 – ვკითხულობთ აღწერის დასასრულს.

ორივე ნამუშევარში ყოველდღიურობა და წარმოსახვა ერთიანდებოდა, იქმნებოდა უსაფრთხო სივრცეები, სადაც ადამიანს შეეძლო საკუთარი ისტორიისა თუ მშვენიერების გამოვლენა, ან უბრალოდ, მომაჯადოებლად ცეკვა. სხვაგვარად, ქალაქის სწრაფ რიტმსა და ხმაურში შეიძლება ვერც კი შევამჩნიოთ სხვა და გარემო, მათთან ჩვენი მიმართება. თუ დავაკვირდებით, თვითონ თბილისიც მრავალფეროვანი და ერთი დიდი დასახიჩრებული, თუმცა, გადარჩენილი სხეულია.

წარმოსახვითისა და რეალურის ნაზავი იშვიათი არ არის თამარ ნადირაძის ნამუშევრებშიც. ის ხშირად წარმოგვიდგენს არადიქოტომიურ სხეულებს, გარდაქმნის პროცესს, შიდა და გარე სამყაროების ჭიდილსა თუ კავშირს, რაც იდენტობათა ინდივიდუალურობასა და მრავალფეროვნებას აჩენს.

საქართველოს კულტურისა და ხელოვნების სცენაზე უფრო აქტიურად ჩნდება ქვიარ მიდგომებით დაწყებული ინიციატივებიც. ამის მაგალითებია, სახელოვნებო ქვიარ ჯგუფი Fungus, ფემინისტური კოლექტივი „გორგონები“, ან გვანცა ჯიშკარიანის, დავით აფაქიძისა და ნატა სოფრომაძის თანამშრომლობითი პროექტი The Last Tarot. ამგვარი მრავალფეროვნება ხელოვნებაში განყენებული აღარ არის, კომპლექსურ ქსელს ქმნის და ცხოვრების სხვა ნაწილებთან კავშირსაც ავლენს.

სხვადასხვა არტეფაქტსა და ნამუშევარში ქვიარ თემების პირდაპირ თუ ინტერპრეტაციულ განხილვას, მიმალული ფრაგმენტების აღდგენის პოტენციალი აქვს. ამავდროულად, ეს ისტორიული და თანამედროვე კონტექსტების გაგების საშუალებასაც გვაძლევს.

ამასობაში, ეს ძიების პროცესი, რომელიც ერთი გამოფენის გახსენებით დავიწყე, ერთგვარი მუზეუმის წარმოსახვას დაემსგავსა. ასეთი ხედვით, ქვიარ თემატიკის ირგვლივ გაერთიანებული კვლევითი თუ საარქივო მასალა, ნამუშევრები და ობიექტები, ვფიქრობ, თავად იქცევიან გადარჩენილ სხეულებად და ცოდნის განვრცობის შესაძლებლობებს გვთავაზობენ. ისინი იმ ადამიანებისა და ისტორიების აღმნიშვნელი არტეფაქტებია, რომლებიც გაბატონებულმა, დისკრიმინაციულმა გარემომ, როგორც აქამდე ხდებოდა, შეიძლება სხვაგვარად წარმოაჩინოს, გააჩუმოს ან გააქროს.

tamar nadiradze

„თევზი“, თამარ ნადირაძე, 2016
აკვარელი ქაღალდზე



__________________________________________________________
1 ეს იყო ურბანარეს პროექტ „ნარჩენების“ ერთდღიანი გამოფენა და მუზეუმების საერთაშორისო დღისა და „ღამე მუზეუმში“-ს ფარგლებში აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის პროგრამის „ღამის ეფემერა“ გვერდითი პროექტი. ექსპოზიცია წარმოდგენილი იყო ლეილა მუსაიევას ნამუშევრის „აბრეშუმის პავილიონი“ სტრუქტურაში, რომელიც შეიქმნა ფესტივალისთვის „მეხსიერების ძაფები: მუზეუმი და სამეზობლო“ (2018).

2 ღონისძიება რამდენჯერმე განხორციელდა 2020 წელსაც. დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ქალთა ინიციატივების მხარდამჭერ ჯგუფს (WISG): media@wisg.org / https://www.facebook.com/WISG.org

3 2021 წლის მარტში ინსტალაცია წარმოდგენილი იყო ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცეში.

4 https://wisg.org/ka/events/detail/264/tqis-vardi-trans-audio-gaseirneba

5 https://wisg.org/ka/events/detail/263/gradatsia-instalatsia-trans-khsovnis-dghisatvis

ტექსტი: დათა ჭიღოლაშვილი

შენი დახმარებით კიდევ უფრო მეტი მაღალი ხარისხის მასალის შექმნას შევძლებთ გამოწერა